“ბავშვი დამძიმდა, სასწრაფოდ ჩამოდითო“. - “კაბუს“ ყოფილი მეუღლე ეჭვობს, რომ მათი შვილი, რომელიც კლინიკაში გარდაცვლილად გამოაცხადეს, ცოცხალია
ცნობილი მომღერლისა და მსახიობის, კახა აბუაშვილის (კაბუს) ყოფილი მეუღლე, ანუკა გიორგელაშვილი პოდკასტ „ვეძებ“-ს სტუმრობდა, სადაც წლების წინ მომხდარ უმძიმეს ტრაგედიაზე და იმ საფუძვლიან ეჭვებზე ისაუბრა, რომელიც მას და კაბუს დღემდე მოსვენებას არ აძლევს.
1998 წლის 16 დეკემბერს, 17 წლის ანუკამ პირველი შვილი გააჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ახალშობილი სრულიად ჯანმრთელად გამოაცხადეს, რამდენიმე საათში დედას შვილის გარდაცვალება აცნობეს.წლების შემდეგ აღმოჩენილმა საეჭვო დოკუმენტებმა, შეცვლილმა სახელებმა, სამედიცინო ისტორიის შეუსაბამობებმა და უცნაურმა ხელწერებმა მშობლებს გაუჩინა მყარი ეჭვი: მათი პირველი შვილი მოიპარეს და გააშვილეს.
- ვიმშობიარე 1998 წელს, 16 დეკემბერს. გაჩნდა მარიამი, გოგო. ორსულობაც იყო ჩვეულებრივად, ნორმალურად მიმდინარეობდა ყველაფერი. მშობიარობაც ნორმალურად, გაჩნდა. მომილოცეს, რომ გამიჩნდა უჯანმრთელესი შვილი. გადამიყვანეს პალატაში, ვაჭამე. ექვსი საათი მე მყავდა, ხუთი-ექვსი საათი დაახლოებით მე მყავდა ბავშვი და პერიოდულად შემოდიოდა ექთანი. ნუ, სანამ არ გაიყვანეს, ვერ მოისვენეს: „გავიყვანთ, უნდა დაისვენო, გავიყვანთ, უნდა დაისვენო“. 17 წლის ვიყავი. გაიყვანეს ბავშვი, შენ დაისვენეო.
წინათგრძნობა მქონდა სასწაული, ბოლო პერიოდი მქონდა საოცარი შიში, ოღონდ რის მეშინოდა, მე თვითონ არ ვიცოდი და აი, რაღაცნაირად მინდოდა, რომ ბავშვი ჩემთან ყოფილიყო. კი ვიყავი ძალიან პატარა, რაღაცა, მაგრამ ეს ინსტინქტები მქონდა ალბათ. გავედი, რომ შევიხედე ოთახში, ბლოკში, სადაც ბავშვები იყვნენ, ვხედავ, რომ ჩემი შვილი აღარ არის იქ, სადაც აწერია გვარი, იქ აღარ წევს. დავიწყე კითხვა, რომ ბავშვი სად არის-მეთქი. არავინ არ იყო. გამოვიდა პედიატრი და მეუბნება ტექსტს, რომ: „შენს შვილს გაუჭირდა მუცლიდან გამოსვლა და გადავიყვანეთ რაღაც ბაროკამერაში, სადაც დედის ჟანგბადს ისუნთქებს რაღაც პერიოდი“. იქ არ შემიშვეს.
გამოვიდა პედიატრი, დამამშვიდა, არაფერიო სერიოზული პრობლემა არ არისო, ნუ გეშინიაო და დამიწყო გამოკითხვა. მთელი გენეტიკა გამოიკითხა, ვის რა პრობლემა ჰქონდა. და არავის არაფერი არ პრობლემა არ გვქონია, ვიყავით ჯანმრთელები. ანუ, გაიგეს ეს ყველაფერი, დააზუსტეს. კარგიო, არ ინერვიულოო, ყველაფერი კარგად იქნებაო და დამიდეს რაღაც ფურცლები, რაც დღემდე არ მასვენებს.
რაღაცებზე მაქვს ხელი მოწერილი ისე, რომ არც წამიკითხავს, იმიტომ რომ ვიჯექი, ვტიროდი, რაღაცა ბავშვურად, ეს ჩემი ემოციები იყო და მომაწერინეს რაღაცაზე ხელი. ვერ ვისვენებდი, გამოვდიოდი, მივდიოდი, გამოვდიოდი, მივდიოდი და აი ამ ნერვიულობის ფონზე, და რომ დაინახეს, რომ ძალიან ემოციებში ვიყავი, ერთ-ერთი ექიმი მოდის და მეუბნება ტექსტს, რომელიც ცხოვრებაში არ დამავიწყდება: „კაი, რა გატირებსო, პატარა ხარო, კიდევ მილიონ ბავშვს გააჩენო“, ნუ ეს ჩვეულებრივი ტექსტი, მათი სტანდარტული, დასამშვიდებელი. აი, მანდ ჩავიკეცე, იმიტომ რომ მივხვდი, რომ რაღაცა ხდებოდა. შემოდის ექთანი, მიკეთებს ნემსს: "დამამშვიდებელს გაგიკეთებო“. გავითიშე, მთელი ღამე მეძინა. დილით რომ გავიღვიძე, უკვე ამბები დამხვდა, მაგრამ მე მაინც არ ვიცოდი, რომ გარდაცვლილი იყო, ვითომ გარდაცვლილი.