“ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი თავზარდაცემული და შეშფოთებულია...“ - რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები „სინდისის პატიმრებზე“ და დღევანდელ საქართველოზე
საქართველოს ციხეებში, პოლიტიკური ნიშნით დაჭერილი არაერთი პატიმარი ზის. მათი უმრავლესობა პოლიციამ აქციებზე დააპატიმრა, თუმცა ბევრი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს. ამის გამო, მათ „სინდისის პატიმრები“ შეარქვეს. მზია ამაღლობელი, ანდრო ჭიჭინაძე, მათე დევიძე, ზვიად ცეცხლაძე, გიორგი გორგაძე და სხვები... ბოლო დღეებში, ამ ჩამონათვალს კიდევ რამდენიმე ადამიანი დაემატა. მათ შორისაა 72 წლის ექიმი - გიორგი ჩახუნაშვილი, რომელსაც 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. „აქციის დროს, ხელში მეჭირა ფიზიოლოგიური ხსნარი... 250 000 ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. მე მედიკოსი-მაშველი ვარ, ამას ვაკეთებ მთელი ცხოვრება და უკან რომ დამაბრუნონ, იმავეს გავაკეთებდი“-ო - თქვა მან სასამართლო სხდომაზე. ღვაწლმოსილი ექიმის თქმით, „ბოდიშს ვერ მოიხდის იმაზე, რაც არ გაუკეთებია“.
ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები ამ სიტუაციაზე:
ნიკა ხაჩიძე - ჟურნალისტი:

„არ შეიძლება შენი ქვეყნის მოქალაქეს მსგავსი მედოთებით დაუპირისპირდე“
- როგორც ყველა, ამ ადამიანების ბედზე მეც ვფიქრობ და მეც უარყოფითად ვაფასებ ყველაფერს, რაც ხდება. ადრე, როცა მესმოდა, რომ სხვა ქვეყნებში, თუნდაც რუსეთში, უცნაურ, წარმოუდგენელ კანონებს იღებდნენ და ხალხს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო იჭერდნენ, მიკვირდა. ახლა კი, ჩვენთანაც ასეთივე კანონები მოქმედებს. აღმოჩნდა, რომ ჩვენთან, აქციაზე გამოსული ადამიანი შეიძლება ტროტუარზე დგომის გამო დაიჭირონ, ან დააჯარიმონ. ასეთ დროს, სიტყვები არაფრისმთქმელია, რა შეიძლება უთხრა ადამიანს, რომელსაც ვერაფერს უმტკიცებენ, არაფერი დაუშავებია? თუნდაც, მცირე გადაცდომის გამო, მოქალაქეს ადმინისტრაციული სასჯელი, ან მცირე ჯარიმა უნდა დააკისრონ და არა 5-6-წლიანი პატიმრობა. ვინც დაჯარიმებულია, იმათაც სერიოზული პრობლემები აქვთ, რადგან უმრავლესობა უკიდეგანოდ დიდი თანხის გადახდა დააკისრეს. ჩემი აზრით, არ შეიძლება შენს თანამემამულეს, შენი ქვეყნის მოქალაქეს მსგავსი მედოთებით გაუსწორდე, რაც უნდა განსხვავებული აზრი და პოლიტიკური მრწამსი ჰქონდეს. სამწუხაროდ, ამგვარი მეთოდების გამოყენება ჩვენი ქვეყნისთვის უცხო არ არის: ოპონენტებს წინა ხელისუფლების დროსაც მკაცრად უსწორდებოდნენ, საუბედუროდ, მათი მეთოდები ამათაც გადმოიღეს: თუ საპირისპირო აზრი გაქვს, მათთვის მომენტალურად მიუღებელი ხდები და მტრად გაცხადებენ. ჩემი აზრით, დრო ყველაფერს გამოავლენს და ადრე თუ გვიან ცხადი გახდება, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ასეთი მეთოდების გამოყენება დიდი შეცდომა იყო.
ირმა სოხაძე - მომღერალი:

„ნაბიჯები, რომელსაც ეს ძალა დგამს, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აბსოლუტურად აუხსნელი და გაუგებარია.“
- ყველაზე ცუდი ისაა, რომ მე უკვე აღარაფერი მიკვირს. არანაირი აზრი არა აქვს, მოხუცია, ქალია, დამსახურებული ექიმია, ჟურნალისტი თუ მსახიობი, ყველას სჯიან, ვინც მათი ოპონენტია. ბევრ პატიმარს არ უმტკიცდება ის, რასაც აბრალებენ, მაგრამ იმის გამო, რომ სასამართლო დახურულია, ვერ ვიგებთ, რატომ სჯიან. როცა მომდევნო აბსურდის შესახებ ვკითხულობ, ან ვიგებ, გული მტკივა და ძალიან მწყინს! მწყინს იმ ხელისუფლების შეცდომები და გაუგებარი ნაბიჯები, რომელსაც არაერთხელ ნდობა გამოვუცხადე. ამ მოვლენების გამო, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი თავზარდაცემული და შეშფოთებულია. არ ვიცი, ვის უნდოდა, რომ ასეთი ხალხი და ქვეყანა ემართა? მმართველი ძალისთვის ბედნიერი, ლაღი და მშვიდი ხალხის მართვა არ ჯობია გაგიჟებული, შეურაცხყოფილი და შეშფოთებული საზოგადოების მართვას?! მე ამ ძალასთან და მასთან დაახლოებულ ადამიანებთნ ურთიერთობა გავწყვიტე და ვეღარ ვეკითხები, მაგრამ მინდა ტელევიზიის, ან პრესის საშუალებით კითხვა დავსვა: რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი? თეთრზე რატომ გვეუბნებიან, რომ შავია, ხოლო შავზე - თეთრიაო? თურმე, ბრიუსელი ომში გვითრევს და რუსეთი მშვიდობას გვპირდება?! ნაბიჯები, რომელსაც ეს ძალა დგამს, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აბსოლუტურად აუხსნელი და გაუგებარია. დავუშვათ, ოპონენტი არ მოგწონს და მისი ქმედებები გაღიზიანებს, აუცილებლად მტრად უნდა შერაცხო და ციხეში გამოამწყვდიო?! რა დააშავა ამ ხალხმა? - ყველას სურვილია, რომ ევროპული მომავალი, რომლისკენაც ამდენ ხანს მივისწრაფოდით, არ დავკარგოთ. ნუთუ, ის დავაშავეთ, რომ ჩვენი შვილებისა და შვილისშვილებისთვის უკეთესი მომავალი გვსურს? მინდა მშვიდი სიბერე მქონდეს ჩემს ქვეყანაში, მაგრამ ესეც რომ აღარ გვაქვს?! მე მაინტერესებს, ევროპული კურსის მომხრეები რატომ ვართ უსამშოლოები, აკაცუკები და გადასაყრელები, ისეთს რას ვთხოულობთ? - სრულიად ლეგიტიმურ გზას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული და რომელსაც ქართველი ერი 9 აპრილიდან დაწყებული, დღემდე ემსახურება. მანამდეც, რამდენი საუკუნე შეეწირა ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში შესვლის იდეას. ნუთუ, ვერ ვხედავთ, რომ საქართველო ძალიან გაღარიბდა მას შემდეგ, რაც დასავლეთმა ფინანსური დახმარება და დონაცია შეუწყვიტა?! გვიმტკიცებენ, ევროპა ომში ჩაგვითრევსო, არა ბატონო, ომში ჩაგვითრევს რუსეთი, ჯერ საქართველოს ძირძველ მხარეს - შიდა ქართლს შეიერთებს და იქიდან ბიჭებს ომში რომ წაიყვანს, მერე ვნახავთ, ომში ვინ გვითრევს. მინდა თქვენი პლატფორმით ვისარგებლო და ის 9 რეკომენდაცია გავიხსენო, რომლის შესრულებაც ევროკავშირმა დაგვავალა. არც ერთი მათგანი ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მომტანი არ იყო. მესამე რეკომენდაცია პოლარიზაციის დაძლევას ეხებოდა, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მგონი, ყველა ხვდება, რომ ამ დონის დაპირისპირება და პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ჩვენ ვცხოვრობთ სრულიად ანომალიურ, არანორმალურ სიტუაციაში, სადაც სტუდენტ გოგონებს ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ, სადაც 72 წლის დამსახურებულ ექიმს დაუსაბუთებელი ბრალდებით, ციხეში სვამენ. სასამართლო რომ გამჭვირვალე იყოს, დავინახავდით, ვინ რა დააშავა, მაგრამ ასე რომ არ არის? ზოგჯერ ვფიქრობ - ყველაფერს იმისთვის აკეთებენ, რომ ევროპასთან ურთიერთობა გაწყვიტონ და თქვან, ევროპა არ გვინდაო. მე არ ვამბობ, რომ ევროკავშირი იდეალური და უნაკლოა, მაგრამ დღეს, ჩვენს წინაშე არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე ჰუმანური და ნორმალურია. ევროკავშირზე უარის თქმა ძალაუნებურად, რუსეთისკენ სვლას და მის ხელში ჩავარდნას ნიშნავს. ამიტომ, სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში, უნდა გვიპასუხონ - რატომ გვექცევიან ასე? ხომ შეიძლება ევროპას არ აგინონ და ისეთი გაწონასწორებული პოლიტიკა აწარმოონ, რომელიც რამდენიმე წლის წინ გვქონდა? ვინ იტყვის, რომ ევროპას რუსეთი სჯობს - ქვეყანა, სადაც ადამიანის არც ერთი უფლება დაცული არ არის? ასეთ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა?! ასეთ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ ჩვენმა მომავალმა თაობებმა? - მგონი, არც ერთი მოაზროვნე ადამიანი ამ შეკითხვას დადებით პასუხს არ გასცემს!
რამაზ საყვარელიძე - პოლიტოლოგი:

„ჯერჯერობით, არ ჩანს პოლიტიკური ძალა, რომელიც ქართველ ხალხს ალტერნატიულ გზას შესთავაზებს“
- დასაწყისში, ერთი შეკითხვა უნდა დავსვა: ვინც ციხეშია, მხოლოდ იმიტომ ჩასვეს, რომ თავისი აზრი გამოთქვა? ჩემი დაკვირვებით, აქციის ზოგიერთი მონაწილის ქმედებები აზრის გამოთქმას სცილდებოდა, ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომელი მათგანი იმსახურებს სასჯელს და რომელი - არა. მე მათ საქმეებს არ ვიცნობ, რადგან ეს ჩემი სფერო არ არის. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს: თუ მმართველობა არ ვარგა, მაშინ ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობა ცდილობს, რომ სათავეში სხვა პოლიტიკური ძალა მოიყვანოს. ბუნებრივია, ეს არჩევნებით უნდა მოხდეს. ამიტომ, ქვეყანაში ახალი პარტიები უნდა შეიქმნას, რომ არსებულ ხელისუფლებას კონკურენცია გაუწიოს. ამისათვის ალტერნატიული ძალა აუცილებელია, მაგრამ თქვენ ხედავთ ასეთ ძალას დღევანდელ საქართველოში? ამგვარი საკითხების გადაწყვეტას წუწუნი და სენტიმენტები არ შველის. გახსოვთ, რას ამბობდა ილია ჭავჭავაძე? - „გულის ფხანა ქეცმა იცის, ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არ იქნება“-ო. ჩვენს უახლოეს ისტორიასაც შეგახსენებთ: 2012 წელს, ხალხმა ივანიშვილის ფიგურაზე გააკეთა არჩევანი და ძველი წყობაც შეიცვალა. შეიძლება მითხრათ, ასეთ ცვლილებას ფინანსები სჭირდებაო, - ვერ დაგეთანხმებით, რადგან ზვიად გამსახურდიას ფინანსები არ ჰქონდა და ხალხი მაინც მიჰყვებოდა. დავუშვათ, ის ზვიად გამსახურდია იყო... 2003 წელს, დიდი თანხა არც სააკაშვილს ჰქონია, მაგრამ ხალხი მაინც აიყოლია და ეს კორუფციის დამარცხების იდეით მოახერხა. დღეს თუ ხედავთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამას შეძლებს? ძალას, რომელიც ქართველ ხალხს ალტერნატიულ გზას შესთავაზებს? დიახ, ცვლილება აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ ახლანდელი პარტიები ამ საკითხზე თამამად ვერ საუბრობენ, რატომ? - კარგად იციან, რომ ხალხი მათ არ გაჰყვება - აი, რა არის ჩვენი საზოგადოების მთავარი დილემა! ამიტომ, ადამიანებო, შექმენით ალტერნატიული პოლიტიკური ძალები - წუწუნს და სასოწარკვეთას ისევ ეს გზა სჯობს...
ხათუნა ჩიგოგიძე
(სპეციალურად საიტისთვის)