რას ამბობს ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე, რომელსაც უფლებამოსილება ამოეწურა?!
პეტერ ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ პირიქით, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის - იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ვადის გასვლას.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო მადლიერია გერმანიის წლების განმავლობაში „ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამო“.
„ტრადიციულად საქართველოსა და გერმანიას შორის იყო ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობები. დიდი როლი შეასრულა გერმანიამ, განსაკუთრებით 90-იანი წლების დასაწყისში, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო და მაშინ გერმანია გვერდით ედგა ჩვენს ქვეყანას. ასე გრძელდებოდა ურთიერთობები წლების განმავლობაში. პეტერ ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვისა, არამედ პირიქით, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შემობრუნდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ მადლიერი ვართ გერმანიის წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამო. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ აღდგეს მეგობრული ურთიერთობები, რასაც ვიყავით მანამდე მიჩვეული. სამწუხაროდ, ბატონმა ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა ამ ურთიერთობებს. იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოში მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა.
"ინტერპრესნიუსი"