"მიხარია, რომ გერმანიის ელჩი მშვიდობით წავიდა და ისიც ნაცემი და ძალადობის მსხვერპლი არ გახდა" - თამარ კეკენაძე - კვირის პალიტრა

"მიხარია, რომ გერმანიის ელჩი მშვიდობით წავიდა და ისიც ნაცემი და ძალადობის მსხვერპლი არ გახდა" - თამარ კეკენაძე

მიხარია, რომ გერმანიის ელჩი მშვიდობით წავიდა და ისიც ნაცემი და ძალადობის მსხვერპლი არ გახდა ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა თამარ კეკენაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომლითაც ის ქართველ ხალხს ემშვიდობება.

ის, ამასთან, გამოეხმაურა ცენტრალური და შუა აზიის მიმართულებით საქართველოს საგარეო პოლიტიკის გააქტიურებას, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტს ყაზახეთში და ამ ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებას. როგორც კეკენაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას საგარეო პოლიტიკა არ აქვს, ეს უკანასკნელი კი არის პოზირება „თითქოს მათ ვიღაც ელაპარაკება“.

„ქართულ ოცნებას“ არანაირი საგარეო პოლიტიკა არ აქვს. „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა არის ივანიშვილის პირადი საგარეო პოლიტიკა. კობახიძის ვიზიტი არის უბრალოდ მცდელობა იმისი, განცდა შექმნას, რომ ვიღაც მაინც ესაუბრება. თავისთავად ყაზახეთთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩვენს მეზობლებთან უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ანა-ბანა საგარეო ურთიერთობის და ნებისმიერი ქვეყნის ინტერესი. აქ მთავარი არის ის, რა არის ჩვენი ეგზისტენციალური ინტერესი იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დაბრუნება, ეს ყველაფერი კი დაკავშირებულია ევროკავშირში ინტეგრაციასთან და სწორედ ეს გააჩერა კობახიძემ. ამის საპირწონედ, რაც არ უნდა გააკეთოს, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არ დარდება. ჩინეთთანაც უნდა გვქონდეს ეკონომიკური ურთიერთობა, ცენტრალურ აზიასთანაც, მაგრამ ახლა რასაც აკეთებს კობახიძე, ეს არის პოზიორობა, მათ შორის, ჩვენი ყოფილი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით. ის, რომ შუა კორიდორი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პროექტი არა მარტო აშშ-ისთვის, არამედ ევროკავშირისთვის და ხვალ და ზეგ ევროკომისიის პრეზიდენტი ჩადის სომხეთში და ჩადის აზერბაიჯანში, მაგრამ არ ჩამოდის საქართველოში, ამის გადაფარვას ცდილობს კობახიძე, მაგრამ მე მგონი, საქართველოს მოქალაქეები ისეთი გათვითცნობიერებულები არიან, რომ არავისი ახსნა არ სჭირდებათ, რომ კობახიძე არის პრემიერი, რომლის დროსაც გაჩერდა ევროპული ინტეგრაცია, ის არის პრემიერი, რომლის დროსაც დასანქცირდნენ ამ ქვეყანაში, მათ შორის, ივანიშვილი, ის არის პრემიერი, რომლის დროსაც გაღარიბდნენ საქართველოს მოქალაქეები. ამას არაფერი შეცვლის. რა თქმა უნდა, ექნებათ მცდელობა, რომ გადაფარონ ის ძალადობა, რაც მოხდა წინა კვირაში, გადაფარონ ის, რომ პენსიები არ იზრდება, უმუშევრობა იზრდება, ეს არის მათი მხრიდან საკუთარი ამომრჩევლის წინაშე იმის დამტკიცება, რომ ვიღაც ელაპარაკება მათ“,- განაცხადა კეკენაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა