ნათელა პატარკაციშვილი: "როგორც ჩემს შვილს ვენდობოდი, ისევე ვენდობი ბატონ ბიძინასაც"
მალე ხუთი წელი შესრულდება ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან... უკიდურესად რთული წლების მიუხედავად, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებმა მაინც ღირსეულად გაუძლეს უამრავ შეურაცხყოფას... ბადრი პატარკაციშვილის დედა - ქალბატონი ნათელა ინტერვიუზე დაგვთანხმდა და ჩვენს რამდენიმე შეკითხვას უპასუხა:
- ყველამ იცის, ვინ იყო ბადრი პატარკაციშვილი, მაგრამ ბოლოს ისეთი განაჩენი გამოუტანეს, თითქოს იგი საქართველოს გადამტრიალებელი ყოფილიყო. ეს ყოველგვარ სიმართლეს მოკლებულია და ალბათ საქართველოს არცერთი მკვიდრი არ ეთანხმება ამას. სამწუხაროდ, ასე მოხდა, მაგრამ ამისთვის არავის განვსჯი და არავის ვედავები.
- საქართველოში დიდი ცვლილებებია, სულ ახლახან სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა.
- არ დავმალავ, ძალიან გამიხარდა ხელისუფლებაში ბატონი ბიძინა ივანიშვილის მობრძანება. ეს პროცესები ჩემი შვილის მიერ იყო დაწყებული, ბადრის სურდა, ყველაფერი ასე ყოფილიყო, მაგრამ საუბედუროდ ამ დღემდე ვერ მიაღწია. ბატონ ბიძინას ვუსურვებ წარმატებებს, კარგად ყოფნას და რისი სურვილიც აქვს, ყველაფერი პირნათლად შეესრულებინოს. ამის გულწრფელად მჯერა. მის თვალებს რომ შეხედავ, ნდობა გიჩნდება. როგორც ჩემს შვილს ვენდობოდი, რასაც იტყოდა, ზუსტად ისე რომ შეასრულებდა, ასეთი შეხედულება მაქვს ბატონ ბიძინაზეც. ბატონი ბიძინას დედას ვუსურვებ, მშვიდობა ჰქონდეს და დიდხანს ეცოცხლოს. რაც მე ვნახე, მას კი არა, დედამიწაზე არცერთ დედას არ გამოეცადოს.
- პირადად იცნობთ ბატონ ბიძინას?
- ბიძინა ივანიშვილს ნონა გაფრინდაშვილის 50 წლის იუბილეზე შევხვდი. როდესაც ჩემზე ჰკითხეს, ამ ქალბატონს თუ იცნობთო, სიტყვა არც დაამთავრებინა და განაცხადა – ვიცნობ, ბატონი ბადრი პატარკაციშვილის დედა ბრძანდებაო... შემდეგ სინაგოგაში შევხვდი ბატონ ბიძინას და იქაც მხოლოდ სალმით. ნონა გაფრინდაშვილის იუბილეზე პირადად გავიცანი ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძეც. გახარებულმა მითხრა, დღეს კარგი დღეა, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის საიუბილეო საღამოა და თან თქვენი ტელეკომპანია - "იმედი" დაგიბრუნდათო... ვაკოცე და მადლობა გადავუხადე.
- ალბათ თქვენთვის დიდი სიხარულია ტელეკომპანია "იმედის" დაბრუნება?
- რა თქმა უნდა... თუმცა ეს "იმედი", რომელიც ჩვენ ჩაგვბარდა, ის "იმედი" აღარ არის. ასე თქვა გიორგი თარგამაძემაც. ჩემს შვილს ისეთი აპარატურა ჰქონდა ჩამოტანილი, რომლის მსგავსიც არცერთ ტელევიზიას არ ჰქონდა. ჩვენთვის დღემდე უცნობია, სად გაქრა ეს აპარატურა. არც ვეძებთ, მაინც ვერ ვიპოვით და აზრი არ აქვს. ტელეკომპანია რომ დაგვიბრუნეს, ეს ძალიან კარგია და ამისთვის ბატონ ბიძინას დიდ მადლობას ვუხდი.
- ამას ბიძინა ივანიშვილის დამსახურებად მიიჩნევთ?
- დიახ, ბატონმა ბიძინამ ხელისუფლებაში მოსვლამდე განაცხადა, მე რომ მოვალ, ყველა ადამიანს თავის კუთვნილს დავუბრუნებო. ჩვენ არ გვქონდა განცხადება შეტანილი... ძალიან მოულოდნელი იყო, როდესაც "რუსთავი 2"-მა "იმედთან" დაკავშირებით გადმოსცა. სხვა არხებმაც რომ გადმოსცეს, ჩემს რძალს დავურეკე და ვკითხე, რა ხდება-მეთქი... 6 საათზე ტელევიზიებმა გამოაცხადეს და 9 სააათზე საინფორმაციო გამოშვებებში ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ ფაქტმა ძალიან გაგვახარა.
- იმედი გაქვთ, რომ ეს ტელევიზია ისევ დაიბრუნებს ხალხის ნდობას?
- ტელევიზიაში მუშაობა დაიწყეს, "ქრონიკა" უკვე გავიდა და ვეცდებით, ყველაფერი კარგად იყოს. ჩემმა რძალმა ბადრის სიტყვები გაიმეორა - "იმედი" ეკუთვნის ქართველ ხალხსო"... როგორც ბადრი იმსახურებდა, ისევ ისეთი ტელევიზია უნდა იყოს. დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდება. ალბათ ყველა დამეთანხმება რომ ბადრის ბევრი სიკეთე ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ზოგჯერ ბევრ სიკეთეს ცუდიც მოსდევს. მარტო ჩემი ბადრის თავს არ მომხდარა ასე. მგონი, არ არსებობს ადამიანი, ვისზეც ცუდი არ უთქვამთ. 13 თებერვალს 5 წელი გადის ბადრის გარდაცვალებიდან და უკვე შეგუებული ვარ, ამა თუ იმ პიროვნებაზე ცუდს რომ იტყვიან, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი კარგით იცვლება.
- ბოლო წლებში ბადრი პატარკაციშვილი მთლიანად საქართველოსთან იყო დაკავშირებული?
- ბადრის შეეძლო, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში თავის ოჯახთან ერთად ბედნიერად ეცხოვრა, მაგრამ ლამის ერთი დღეც არ შეეძლო საქართველოს გარეშე... ბადრის გარდაცვალებამდე ლონდონში ორთვენახევარი ვიყავი და პირველ თებერვალს წამოსვლა გადვწყვიტე. ბადრი რომ მოვიდა, იკითხა, - დედა, ვისია ეს ჩემოდნები, ვინმე სტუმრად მოვიდაო? ვუპასუხე, - არა, მე მივდივარ თბილისში-მეთქი. ხელები გაშალა და შემეხვეწა, არ წახვიდე, შენს თავს გეფიცები, ორ კვირაში მეც მოვდივარო. უარზე დავდექი, რადგან ჩემს შვილიშვილს – სანდროს სახლის რემონტი ჰქონდა გასაკეთებელი და მინდოდა, ბადრის ჩამოსვლამდე სარემონტო სამუშაოები დასრულებულიყო... ბადრის ცრემლები წამოცვივდა, რაც ძალიან გამიკვირდა. სულ გზაში იყო, ხან საქართველოში მოდიოდა, ხან - ლონდონში, მოსკოვში, ტოლიატიში... მეც შეჩვეული ვიყავი ამ მდგომარეობას, რომ ბადრი ხშირად გვცილდებოდა... ორმა სიძემ გამომაცილა, ორი მძღოლი გამომყვა და ორი დაცვა. ბადრის ეზოში დავემშვიდობე, ცრემლები ჩამოსდიოდა და არ გამომყვა... შემდეგ უწმიდესმა და უნეტარესმა დაგვიბარა და რომ მოვუყევი, ასე იყო-მეთქი, მითხრა, უკვე გრძნობდა, რომ ვეღარ გნახავდათო... ზუსტად ასე მოხდა – ბადრი ვეღარ ვნახე, დამშვიდობების შემდეგ ნაწყენი შევიდა სახლში... ჩემს რძალს 15 თებერვალს დავურეკე და ვკითხე, რატომ არ მელაპარაკები-მეთქი, ტირილი აუტყდა - დედა ორი კვირის წინ ასეთი შვილი დამიტოვე, ვაჟკაცი, ასე კარგად იყო, მე მკვდარს გახვედრებ და როგორ დაგენახვოო... 16 თებერვალს წავედით, ბადრი უკვე ექსპერტიზაზე იყო გადასვენებული. 18 თებერვალს თბილისში ჩამოვასვენეთ. ძალიან მადლობელი ვარ ხალხის, ბადრი რომ ასე დააფასეს. ორმა ერმა ერთად დაასაფლავა... მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ძალიან კარგი რძალი დამრჩა. არ მაგრძნობინებს, ბადრი რომ აღარ მყავს. ძალიან კარგი შვილიშვილები მყავს, რომლებსაც ასევე კარგი მეუღლეები ჰყავთ. ჩემ ირგვლივ ყველა კარგი ადამიანია და ყველა მოწადინებულია, მე დიდხანს ვიცოცხლო.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)