"გამოუთქმელი წყევლა და ბრაზი, რომელსაც ადამიანები ვერ ამოთქვამენ, ბევრად უფრო საშიშია... ამან შეიძლება ქვეყანაში ისეთი ემოციური აფეთქება გამოიწვიოს, რომ..." - რას პროგნოზირებს ლელა ჯეჯელავა?! - კვირის პალიტრა

"გამოუთქმელი წყევლა და ბრაზი, რომელსაც ადამიანები ვერ ამოთქვამენ, ბევრად უფრო საშიშია... ამან შეიძლება ქვეყანაში ისეთი ემოციური აფეთქება გამოიწვიოს, რომ..." - რას პროგნოზირებს ლელა ჯეჯელავა?!

მიკვირს ბიძინა ივანიშვილი რომ ვერ ხვდება, გამოუთქმელი წყევლა და ბრაზი, რომელსაც ადამიანები ვერ ამოთქვამენ, ბევრად უფრო საშიში რომ არის - ამან შეიძლება ქვეყანაში ისეთი ემოციური აფეთქება გამოიწვიოს, რომ ადამიანებმა საკუთარი ბრაზის გაკონტროლება ვეღარ შეძლონ - ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ნამდვილად მოხდება! - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ექსპერტმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.

ჯეჯელავას შეფასებით, საჯარო სივრცეში ბრაზის გამოხატვაზე ჯარიმების დაწესება და ადამიანების დაპატიმრება შედეგად მოიტანს იმას, როცა ბრაზი სრულიად უკონტროლოდ შეიძლება ამოიფრქვას.

„წყევლა აზრის გამოთქმის ყველაზე უკეთესი ფორმა ალბათ არ არის, მაგრამ ადამიანის ემოციური მდგომარეობის გამოხატულებაა, როდესაც ცდილობ, იმას, ვინც ტკივილი მოგაყენა, რაღაც ფორმით ატკინო.

ბრაზის გამოსათქმელად ადამიანები არ იყენებენ სიტყვებს, რომელიც ყურს სიამოვნებს და გულს უხარია. როდესაც ეს იკრძალება, როდესაც ამის გამო ადამიანებს აჯარიმებენ და აპატიმრებენ, ბრაზს ბრაზი ემატება. მერე ხდება ის, როდესაც ემოციები ცნობიერების კონტროლიდან გადის და ბრაზი სრულიად უკონტროლოდ შეიძლება ამოიფრქვას, რაც არ მოიტანს იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს. ეს აუცილებლად მივა იქამდე, რაც მას ბევრად მეტ პრობლემებს შეუქმნის.

კაცობრიობის ისტორია გვეუბნება, რომ საკუთარ მოსახლეობასთან „ცივ ომში“ ძალაუფლების მანიით შეპყრობილი ავტორიტარები და დიქტატორები არიან. შემდეგ უმეტესწილად ეს „ცივი ომი“ ცხელ ომში გადადის, რაც დიქტატორების ძალიან ცუდი დასასრულით მთავრდება ხოლმე. ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლება, რომელიც საკუთარ შეცდომებს ვერ აცნობიერებს, რომლის არც ერთი ნაბიჯი ხალხის ინტერესების დაცვისკენ მიმართული არ არის, ვერ გამოდიან იმ სპირალიდან, რომელშიც შევიდნენ. ასეა - სპირალმა ჩათრევა იცის და ვეღარ გამოდიან“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

რაც შეეხება გასულ კვირას, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მომხდარ ჩხუბს, ანალიტიკოსის შეფასებით, აღნიშნულმა “ქართული ოცნების“ სისუსტე გამოაჩინა, მიუხედავად იმისა, რომ “კარგად იქნევდნენ მუშტებს“. მისი თქმით, ძალადობა “ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ ექსკლუზივად გამოაცხადა, როცა ძალადობს პოლიცია, ძალადობენ სპეცრაზმელები, ძალადობენ ხალხის რჩეულები, ხოლო სასამართლო დარბაზებში - მოსამართლეები, როცა ადამიანებს თავისუფლებას ცრუ მოწმის ჩვენების საფუძველზე აღუკვეთავენ.

“ქართული ოცნება“ ცდილობს გვითხრას, რომ ძალადობაზე ექსკლუზივი აქვს და სხვას ძალადობის უფლებას არ მისცემს. ასე ხდება იმიტომ, რომ მათ ზუსტად იციან, რომ ის, ვინც ძალადობს, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად გახდება. მათი ქვეცნობიერი ყოველწუთიერად ამაზე ლაპარაკობს და შიშის გამო უარესს სისულელეს სჩადიან. ჩემი მოგონილი არ არის, რომ „რომელ მახვილსაც აიღებ, იმავე მახვილით განიგმირები“. ეს არის საკაცობრიო სიბრძნე და ამ პრინციპზეა აგებული სამყაროში ბალანსი. ამიტომ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ რომელ მახვილსაც აიღებენ, იმით განიგმირებიან“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა