40 დღე რუსეთის იძულებისთვის! -  ზელენსკის ულტიმატუმი პუტინს - კვირის პალიტრა

40 დღე რუსეთის იძულებისთვის! -  ზელენსკის ულტიმატუმი პუტინს

გახსოვთ, 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე დღეები და კრემლის ცინიკური განცხადება-ეს არის საქართველოს იძულება მშვიდობისკენო?!

ჰოდა, ახლა უკვე თავად კრემლს, არანაკლებ ცინიკურად, 40 დღიან ვადას აძლევს უკრაინა რუსეთის მშვიდობისკენ იძულებისთვის!

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაამტკიცა მოქმედების გეგმა სახელწოდებით -„40 დღიანი ზემოქმედების ოპერაცია“, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურს და მის სპეციალური ოპერაციების ცენტრ „ალფას“ ავალებს, 40 დღე-ღამის განმავლობაში გააძლიერონ მოქმედებები იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციას იძულებით „უბიძგონ“ ომის შესაწყვეტად და სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად.

რა კონკრეტული ქმედებები უნდა განახორციელოს ამისთვის უკრაინის უშიშრობის სამსახურმა და მისმა „ალფამ“, რა თქმა უნდა, არ კონკრეტდება, თუმცა ამის მიხვედრა არცთუ ძალიან ძნელია.

ყოველ შემთხვევაში, თავად რუსეთში ამ საფრთხეს შემდეგნაირად ხედავენ - ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სრული იზოლირება, საჰაერო დარტყმების გაძლიერება რუსეთის ენრგეტიკულ და ნავთობგამამუშავებლ ობიექტებზე და რუსეთის საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური სადგურებისა და საზენიტო-სარაკეტო სისტემების მასობრივად მწყობრიდან გამოყვანა იმისთვის, რომ უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა მოსკოვის ცენტრისკენ უფრო ადვილად შეაღწიონ...

უკრაინის სპეცსამსახურებს სხვა საიდუმლო გეგმებიც ექნებათ აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ ,მაგალითად „აბლაბუდა-2“-ის გამეორება(პირველი „აბლაბუდის“ სპეცოპერაციის ფარგლებში, 2025 წლის 1 ივნისს 117-მა უკრაინულმა კვადროკოპტერის კონსტრუქციის კამიკაძე-დრონმა ერთმანეთისგან ათასობით კმ-ით დაშორებულ ოთხ რუსულ სამხედრო აეროდრომს ერთდროულად შეუტია იქვე გაჩერებული სატვირთო ავტომობილების ძარებიდან და დააზიანა ბირთვული იარაღის გადამტანი 41 ერთეული რუსული სტრატეგიული და შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი, რომელთაგან 13 სრულიად განადგურდა), ყირიმის ხიდის მეოთხედ აფეთქება და საბოლოოდ მწყობრიდან გამოყვანა, ანექსირებულ ყირიმისკენ ყველა სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო დერეფნის გადაკეტვა და ა.შ.

1-izu-1782814559.png
მოსკოვში მდებარე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს მონუმენტური ნაგებობა უკრაინული „აბლაბუდა-2“ სპეცოპერაციის მთავარი სამიზნე შეიძლება გახდეს და მას ვერც სახურავზე დაყენებული (მონიშნულია წითელი რგოლით) საზენიტო „პანცირი“ დაიცავს…

თუმცა, ასევე მოსალოდნელია, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა ყველაზე მძიმე დარტყმები აგრესორ რუსეთს მის „გულში“- მოსკოვში მიაყენონ, ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებზე დემონსტრაციული შეტევების სახით...

აქ არ იგულისხმება მაინცდამაინც კრემლზე საჰაერო შეტევის გამეორება, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა 2023 წლის 3 მაისის გამთენიისას ორი დრონის შესრულებით. მოსკოვში განთავსებულია რამდენიმე უმნიშვნელოვანესი შენობა, რომლებზეც უკრაინული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულმა საჩვენებელმა თავდასხმებმა შეიძლება განსაკუთრებულად მძიმე შედეგი მოუტანოს პუტინის რეჟიმის ავტორიტეტს, როგორც ათეულობით მილიონი რუსეთის მოქალაქის, ისე საერთაშორისო საზოგადოების თვალში...

მოსკოვში ასეთ მნიშვნელოვან ობიექტებს წარმოადგენენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, „ეფ-ეს-ბე“-ს (ყოფილი „კე-გე-ბე“-ს), საგარეო დაზვერვისა („ეს-ვე-ერ“-ის) და სამხედრო დაზვერვის (ყოფილი „გე-ერ-უ“) მონუმენტური ნაგებობები, რომლებიც უზარმაზარი სამიზნეებია. მათ დასაზიანებლად სულაც არ არის საჭირო კამიკაძე-დრონების გაშვება უშუალოდ უკრაინის ტერიტორიიდან, რომ მათ 500 კმ-მდე იფრინონ უშუალოდ რუსეთის საჰაერო სივრცეში, მიზნებამდე მისაღწევად.

ისევე, როგორც „აბლაბუდას“ სპეცოპერაციის დროს, უკრაინული კამიკაძე-დრონების სტარტის განხორციელება შეიძლება უშუალოდ მოსკოვის ქუჩებში მოძრავი სატვირთო ავტომობილებისა თუ მიკროავტობუსების ძარებიდან, რის შემდეგაც, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმით მოქმედ ამ დრონებს, ადამიანი-ოპერატორების ჩარევის გარეშეც არ გაუჭირდებათ იმის ამორჩევა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უზარმაზარი შენობის რომელ კონკრეტულ ფანჯარას „მიუკაკუნონ“...

რუსეთის „პენტაგონის“ შენობის თავზე სპეციალურად განთავსებული „პანცირის“ საზენიტო-სარაკეტო-საქვემეხო დანადგარი ასეთ შემთხვევაში უძლური გახდება, რადგან კვადროკოპტერის კონსტრუქციის კამიკაძე-დრონები ქვემოდან ზემოთ შეუტევენ, რის გამოც „პანცირის“ რადიოლოკატორი მათ დროულ დაფიქსირებას უბრალოდ ვერ მოასწრებს და „პანცირმა“ კიდეც რომ გაუშვას საზენიტო რაკეტები, ეს ახლომაცხოვრებელი მოსკოველებისთვის დამატებით კოშმარად გადაიქცევა, რადგან ეს რაკეტები მათ კორპუსებს მოხვდება...

„მშვიდობისათვის იძულებას“- მოგონილს კრემლის მიერ 18 წლის წინ აგვისტოს ომის დროს საქართველოს წინააღმდეგ, ახლა უკრაინა უკან „უბრუნებს“ აგრესორ რუსეთს...