გამოიძიებს თუ არა პროკურატურა პარლამენტში მომხდარ ჩხუბს?! - გახარიას პარტიამ საჩივარი შეიტანა - კვირის პალიტრა

გამოიძიებს თუ არა პროკურატურა პარლამენტში მომხდარ ჩხუბს?! - გახარიას პარტიამ საჩივარი შეიტანა

ორგანიზებული დანაშაული ჩვენზე განხორციელდა მხოლოდ იმიტომ, რომ პრემიერ- მინისტრს და მის არაკომპეტენტურ სამთავრობო გუნდს არ ჰქონდა პასუხები არც ერთ იმ შეკითხვაზე, რომელიც ჩვენ დავსვით, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა პროკურატურასთან განაცხადა. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები უწყებას წერილობით მიმართავენ, რომ პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყოს.

მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, ხოლო თავდასხმას ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, გამოძიება კვლავაც არ დაწყებულა“.

„ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სადაც მოვიტანეთ განცხადება იმ სისტემურ დანაშაულსა და იმ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც ყველამ ვიხილეთ ტელეეკრანებიდან 26 ივნისს, საქართველოს პარლამენტში, როდესაც ორგანიზებულად, წინასწარ დაგეგმილი აქტით განხორციელდა ჩვენს ფრაქციაზე ძალის გამოყენება. არამარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, ყველამ ნახა ეს კადრები. ეს იყო წინასწარ ორგანიზებული დანაშაული, ის მოძალადეები კი, რომელთა სახეებიც ყველამ ძალიან კარგად, პირდაპირ ეთერში დაინახა, დღემდე არ არიან იდენტიფიცირებულები. არ არის შესაბამისი სამართლებრივი პასუხი გაცემული ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდით ოთხი დღის განმავლობაში, თუმცა საქართველოს პროკურატურა დუმს, მაშინ, როდესაც ეს ძალადობა განხორციელდა შინაგან საქმეთა მინისტრის, ასევე, ძალოვანი სტრუქტურების სხვა წარმომადგენლების თანდასწრებით, მაშინ, როდესაც მზია ამაღლობელი ციხეშია გამოკეტილი იმისთვის, რომ მოძალადე პოლიციელს სილა გააწნა, მაშინ, როდესაც ოთხი შვილის დედა არის ფლომასტრით წინასაარჩევნო ბანერის გაფერადებისთვის ციხეში გამოკეტილი. „ოცნება“ დაემსგავსა ძალადობრივ რეჟიმს. პირველ რიგში, სამართალს იმ ადამიანების სახელით ვითხოვთ, რომელიც წლების განმავლობაში სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ ჩვენ ქვეყანაში და პასუხების გაცემას ყველა ძალადობრივ ქმედებაზე, რომელსაც ახორციელებს „ოცნება“ და მისი წევრები ამ ადამიანებზე“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ასევე, ხვედელიანმა აღნიშნა, რომ გამოძიების დაწყების თაობაზე მოლოდინი მცირეა, თუმცა ისინი აპირებენ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და იბრძოლონ იმ ხალხის სახელით, „რომლებზეც წლებია ძალადობს „ქართული ოცნება“.

„რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავთ ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს? ვხედავთ ადამიანის უფლებების უმწვავეს დარღვევებს, რომელიც საქართველოშია და ამაზე მთელი მსოფლიო საკუთარ მწვავე განცხადებებს აკეთებს, თუმცა ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დავიცვათ იმ ადამიანების ღირსება და უფლებები, რომელთა უფლებებსაც არღვევს დღეს „ქართული ოცნება“ და ძალადობს მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ორგანიზებული დანაშაული ჩვენზე განხორციელდა მხოლოდ იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრს და მის არაკომპეტენტურ სამთავრობო გუნდს არ ჰქონდა პასუხები არც ერთ იმ შეკითხვაზე, რომელიც ჩვენ დავსვით. ჩვენი შეკითხვები ეხებოდა ანექსიის პროცესებს, ეკონომიკურ მდგომარეობას, სიდუხჭირეს და ყველა იმ მწვავე საკითხს, რომელიც დღესდღეობით ჩვენ მოქალაქეებს აწუხებთ, ამიტომ ჩვენ განცხადებას შემოვიტანეთ და ველოდებით რეაგირებას“, - განაცხადა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, 26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა