“9 დღის წინ საფრანგეთმა მაღიარა და მომცა 10 წლიანი უმნიშვნელოვანესი საბუთი" - რას წერს ნიკა ქავთარაძე
მსახიობი, იუმორისტი ნიკა ქავთარაძე ემიგრაციაში წავიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ საფრანგეთისგან უკვე მიიღო საბუთი, რომლითაც მას ქვეყანაში ყოფნის და მუშაობის უფლება ექნება. იუმორისტი საქართველოდან წასვლის მიზეზებზეც საუბრობს:
"სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის/მოქალაქის მტრად გამოცხადება, მისთვის პრობლემების შექმნა, მისი დევნა, დისკრედიტაცია, უსამართლოდ დაჭერა, ცემა და სხვა უამრავი ასეთი რაღაც, თითქოს რეალობის გაბუქებაა და თითქოს არაფერი ისეთი არაა, რასაც ვერ გაუძლებ - ეს დამოკიდებულება მიგვრძნია ახლობლებისგან, ბავშვობის მეგობრებისგან, ნათესავებისგან, თანამშრომლებისგან სხვადასხვა კომპანიებში - ძალიან განვიცდიდი ამას, წლების განმავლობაში.
იმაზე არაფერს ვამბობ, რა აქვს მოწყობილი ჩემთვის პროპაგანდას - არა ერთხელ, ორჯერ, ან ათჯერ.ვამბობდი, ვწერდი, ვყვიროდი. მაგრამ… რაც დამოუკიდებელი გავხდი, მას შემდეგ არ გავჩერებულვარ. რადიოთი, გაზეთით, ტელევიზორით, ვცდილობდი უკეთესი ქვეყანა და ბედნიერი საზოგადოება გვქონოდა. ათასობით და ათიათასობით ოჯახი გამიცინებია. სიცილის გარდა, ბედნიერება, აღტაცება, იმედი და გულმხურვალე მხარდაჭერა გამიჩენია, უიმედო, მოწყენილი ადამიანებისთვის.სულ მჯეროდა, რომ ესაა ჩემი “მისია” - ადამიანების სიყვარული, სიცილი და სიკეთე გამეასმაგებინა ხალხის, თაობების გონებასა გულებში.
რადგან სიგიჟემდე მიყვარს ხალხი, ხალხი, ვისაც ყველაზე კარგად ესმის ქართული ზუსტად ამ მიზეზების გამო, არასდროს მიფიქრია ემიგრაციაზე, არცერთი მიზეზით. სანამ ერთ საღამოსაც წამმზომი არ ჩამირთო სახელმწიფომ - 10 დღე ქვეყნის დასატოვებლად, პირადი და ოჯახის წევრების თავისუფლების და უსაფრთხოების სანაცვლოდ.ამ ღამეზე როდისმე შვილიშვილებს მოვუყვები, აუცილებლად…
ასე დავტოვე სამშობლო 2025 წლის 14 ივნისს. წარმოდგენა არ მქონდა, რა თავგადასავალი მელოდა წინ. ჩამოსვლიდან დაახლოებით 2 კვირაში მოვახერხე, მივსულიყავი ორგანიზაციაში, სადაც განვაცხადე, რომ თავშესაფარს ვითხოვდი.ამ დღიდან ზუსტად 3 თვეში, მქონდა მთავარი “ინტერვიუ”, რომლის დროსაც მოვყევი ჩემი ცხოვრების ბოლო 14 წლის შესახებ. მოვყევი ამბები, რომლებიც ყველა ჩემიანმა იცოდა, უამრავმა ადამიანმა იცოდა, რადგან ვამბობდი, ვწერდი, ვყვიროდი. მაგრამ… თან ყველაფერი, ყველა დეტალი ეწერა ინტერნეტში - ქართული მედიის ციფრულ არქივებში.ერთი სიტყვა არ დამიმატებია.ასეთი ინტერვიუების (OFPRA-ს რანდე ვუ) შემდეგ წლები გაურკვევლობაში არიან ადამიანები. ან არადამაჯერებლობის გამო, უარს (ნეგატივი) იღებენ და მერე ასაჩივრებენ და ისევ გაურკვევლობა და ლოდინი იწყება და წლები გრძელდება.