ამხანაგი ალიენდე გამორჩეულია! - კვირის პალიტრა

ამხანაგი ალიენდე გამორჩეულია!

1973 წლის 11 სექტემბერს სამხედრო გადატრიალების შედეგად დაემხო ჩილეს სოციალუსტური მთავრობა. ოფიციალური ცნობით, ჩილეს პრეზიდენტმა სალვადორ ალიენდემ თავი მოიკლა.

2011 წელს, ალიენდეს ოჯახის წევრთა თანხმობით, მოხდა სანტიაგოს სასაფლაოზე დაკრძალული პრეზიდენტის საფლავის ექსგუმაცია. ცნობილმა ბრიტანელმა ბალისტიკის ექსპერტმა დევიდ პრიერმა პრეზიდენტის ნეშტის დათვალიერების შედეგად დაადგინა, რომ ალიენდეს ორი ტყვია ჰქონდა თავში მოხვედრილი, სავარაუდოდ, ავტომატიდან მოკლე ჯერის გასროლის შედეგად. ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა ვერსია, რომ პრეზიდენტი ლა-მონედას სასახლეში შეცვენილმა სამხედროებმა მოკლეს. სავარაუდოდ, მან მართლაც თავი მოიკლა, როდესაც მოწინააღმდეგესთან ბრძოლის ყველანაირი რესურსი ამოეწურა, ხოლო მის სხეულზე ნანახი მრავლობითი ჭრილობები, სიკვდილის შემდგომ იქნა მიყენებული.

სალვადორ ალიენდემ ჩილეს პრეზიდენტის პოსტზე სამი წელი დაჰყო. არა სენიორ, არამედ ამხანაგი ალიენდეს (თავად ისურვა, რომ ასე მიემართათ) ინიციატივით ჩილეში განხორციელდა უცხოური მონოპოლიების, უდიდესი სამრეწველო და სავაჭრო კომპანიების, ასევე, კერძო ბანკების ნაციონალიზაცია. გაიზარდა ხელფასები, შემოღებულ იქნა უფასო სამედიცინო მომსახურება, დაიშალა სისასტიკით გამორჩეული კარაბინერთა რაზმები. სახელმწიფო საწარმოებში შეიქმნა საბჭოები, რომელთაც უფლება ჰქონდათ, ეკონომიკური დაგეგმარების საკითხებში ჩარეულიყვნენ.

ეს ყველაფერი, სოციალისტური უტოპია თუ არა, ძლიერ ნაადრევი მაინც იყო (აღსანიშნავია, რომ 2006 წელს ჩილეს სათავეში კვლავ სოციალისტები მოვიდნენ, თუმცა, ისინი საკუთარ თავს "ამხანაგებს" არ უწოდებენ). შედეგმა არ დააყოვნა – ქვეყანა კრიზისმა მოიცვა, რაც სამხედრო ხუნტის მიერ ლა-მონედას საპრეზიდენტო სასახლის შტურმით დასრულდა. 11 სექტემბერს, დილის 9 საათზე პრეზიდენტის სასახლეში გადამდგარმა გენერალმა ავგუსტო პინოჩეტმა დარეკა და პრეზიდენტს გადადგომა და უცხოეთის ნებისმიერ ქვეყანაში გამგზავრება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. 12 საათზე სასახლე გამანადგურებლებმა დაბომბეს.

ალიენდემ რადიოსადგურ "მაგალიანესის" ეთერით ჩილელ ხალხს უკანასკნელად მიმართა. 13 საათსა და 30 წუთზე კი ლა-მონედას ჭიშკარი ტანკებმა შელეწეს. სამხედროებსა და სასახლის მეორე სართულზე გამაგრებულ პრეზიდენტის 40-მდე მომხრეს შორის ბრძოლამ კიდევ ორ საათს გასტანა. როდესაც წინააღმდეგობის გაწევის ყველა საშუალება ამოიწურა, ალიენდე თანამებრძოლებს სათითაოდ დაემშვიდობა და დანებება უბრძანა. თავად ფიდელ კასტროს მიერ ნაჩუქარი კალაშნიკოვის ტიპის ავტომატით კაბინეტში განმარტოვდა. ყველაფერი დასრულდა…

"თანამემამულენო! ალბათ ეს უკანასკნელი შანსია ჩემთვის, მოგმართოთ თქვენ: სამხედრო-საჰაერო ძალები რადიოსადგურებს ბომბავენ. ჩემს სიტყვებში არა ნაღველი, არამედ იმედგაცრუებაა და ის იქნება მორალური სასჯელი იმათთვის, ვინც ფიცი დაარღვია; ადმირალი მორინო, რომელმაც საკუთარი თავი ფლოტის სარდლად დანიშნა, ბატონი მენდესი, გენერალი-ნაძირალა, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ, ერთგულებას ეფიცებოდა მთავრობას, ახლა კი საკუთარი თავი კარაბინერთა კორპუსის გენერალურ დირექტორად გამოაცხადა.  მიმდინარე მოვლენების პირისპირ მდგომს, ერთი რამ მინდა ვუთხრა მშრომელებს – არ გადავდგები.ისტორიის ამ გზაჯვარედინზე, მზად ვარ, ხალხის ნდობისთვის სისხლი გავიღო. დარწმუნებული ვარ, რომ თესლი, რომელიც ათასობით ჩილელის შეგნებაში დავთესეთ, არასდროს განადგურდება. მათ მხარესაა ძალა და შეუძლიათ თქვენი ჩახშობა, მაგრამ სოციალურ პროცესს ვერ შეაჩერებ: ვერც – ძალით, ვერც - ბოროტმოქმედებით.

ისტორია ჩვენ გვეკუთვნის და მას ხალხი ქმნის.

ჩემი ქვეყნის მშრომელებო!

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ნდობისთვის, რომელსაც ყოველთვის ავლენდით იმ ადამიანის მიმართ, რომელიც სამართლიანი მისწრაფებების გამომხატველი იყო და ფიცი, რომ პატივს სცემდა კონსტიტუციას და კანონს, არ დაურღვევია. მინდა, რომ ეს წუთები თქვენთვის ჭკუის სასწავლებელი გამოდგეს. უცხოურმა კაპიტალმა, იმპერიალიზმმა ადგილობრივ რეაქციონერებთან კავშირში შექმნა პირობები, რომლის დროსაც შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს ის ტრადიცია, რომლის ერთგულებას მათ გენერალი შნაიდერი და მაიორი არაია ასწავლიდნენ. ორივე მათგანი იმ სოციალური ფენების მსხვერპლნი შეიქმნენ, რომლებიც სახლებში შემალულნი სხვისი ხელებით ცდილობენ დაიბრუნონ ხელისუფლება, ფული და პრივილეგიები. მივმართავ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის რიგით ქალბატონებს, რომელთაც სჯეროდათ ჩვენი და სწამდათ, რომ ვზრუნავდით მათ შვილებზე. მივმართავ სპეციალისტებს, სპეციალისტ-პატრიოტებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში შრომობდნენ და ცდილობდნენ შეთქმულების ჩაშლას, მაშინ, როდესაც სპეციალისტთა პროფესიული კავშირები ეხმარებოდნენ შეთქმულებს, რათა დაეცვათ თავიანთი უპირატესობა. მივმართავ ახალგაზრდობას, რომელიც თავისი სიმღერებით ჩვენს ბრძოლას ძალას მატებდა.

მივმართავ ჩილეს მოქალაქეებს – მუშებს, გლეხებს, ინტელიგენტებს, ყველას, ვისი დევნაც დაიწყება, რადგან ჩვენს ქვეყანაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმებითა და აფეთქებებით, დიდი ხანია იგრძნობოდა ფაშიზმის მოახლოება. ეს ხდებოდა მათი ჩუმი თანხმობით, ვისაც ისტორია განსჯის.

ალბათ, რადიოსადგურს აიძულებენ დადუმდეს და თქვენამდე ვეღარ მოაღწევს ჩემი მტკიცე და მშვიდი ხმა. ეს არ არის მნიშვნელოვანი. გამიხსენებენ, როგორც ღირსეულ ადამიანს, რომელმაც მშრომელთა ერთგულებას, ერთგულებით უპასუხა.

ჩემი სამშობლოს მშრომელებო!

მჯერა ჩილესი და მისი ბედისწერის. ბნელი და მწარე დღეები წარსულს ჩაბარდება. სხვა ჩილელები მოესწრებიან დროს, როდესაც კვლავ გამოჩნდება გზა, რომელზეც ღირსეული ადამიანი გაივლის უკეთესი საზოგადოების ასაშენებლად.

გაუმარჯოს ჩილეს! გაუმარჯოს ხალხს! გაუმარჯოს მშრომელებს! – ეს არის ჩემი ბოლო სიტყვები.

დარწმუნებული ვარ, ჩემი დაღუპვა ტყუილად არ ჩაივლის და ვერაგობის, სიმხდალისა და მოღალატეობისთვის მორალური გაკვეთილი და სასჯელი იქნება".

სალვადორ ალიენდეს ამ უკანასკნელ მიმართვაში ყველაფერია - პათეტიკა, სენტიმენტალიზმი, მოღალატეთა და შეთქმულთა წყევლა, სურვილი იმისა, რომ სიკვდილის შემდეგ გაიხსენონ, როგორც ღირსეული ადამიანი… არ არის მხოლოდ ის, რასაც ასეთ დროს, პოლიტიკოსები წარმოთქვამენ: "დაიცავით ხელისუფლება!"

ამ მხრივ, ამხანაგი ალიენდე გამორჩეულია.

დავით შალიკაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)