"აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლების და მათი პროპაგანდისტების მხრიდან მიმდინარეობს ორგანიზებული იერიში შსს-ს წინააღმდეგ და..." - რა თქვა ბრიფინგზე მამუკა მდინარაძე
ბოლო დღეების განმავლობაში, კონკრეტული მედია საშუალებების, ასევე აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლების და მათი პროპაგანდისტების მხრიდან მიმდინარეობს ორგანიზებული იერიში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ - უფრო კონკრეტულად, საუბარია ახლად შექმნილ სამმართველოზე, რომლის მიზანი და ამოცანა საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხყოფის წინააღმდეგ ბრძოლაა, - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სამმართველოს შექმნის შემდეგ, შეუიარაღებელი თვალით, მარტივი მონიტორინგითაც დასტურდება, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები, მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შს სამინისტროს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ეფექტიანად მუშაობს.
მისი თქმით, საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები აკანონებდნენ შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად.
„რაც შეეხება მიზანმიმართულ კამპანიას სამინისტროს და კონკრეტული სამმართველოს წინააღმდეგ - აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები მთავარ არგუმენტად იყენებენ იმას, რომ შეურაცხყოფის ობიექტებს არ აქვთ პრეტენზია, თავად კი ხაზგასმით აცხადებენ, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მათთვის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება."
"ინტერპრესნიუსი"