ვისი და რამდენი ვალი აქვს საქართველოს?!
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 27.1 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკაში. ამავე მონაცემების მიხედვით, აქედან ყველაზე დიდი წილი საბანკო სექტორზე მოდის.
უფრო კონკრეტულად, სებ-ის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით 27.1 მლრდ აშშ დოლარი (73.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 68.7 პროცენტია. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 252.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 574.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილებების გამო 257.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვალი ფასის და სხვა ცვლილებების გამო ასევე შემცირდა შესაბამისად: 12.5 და 51.5 მლნ აშშ დოლარით.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.6 მლრდ აშშ დოლარი (31.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 29.4 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 9.1 მლრდ აშშ დოლარი (24.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 772.8 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.0 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 481.8 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.2 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.2 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 9.8 მლრდ აშშ დოლარი (26.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.0 მლრდ აშშ დოლარი (13.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 12.6 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.5 მლრდ აშშ დოლარი (6.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.2 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 85.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 12.5 მლრდ აშშ დოლარი (33.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ–ს 31.8 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.3 მლრდ აშშ დოლარია (14.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 13.4 პროცენტია.