რა მნიშვნელოვანი რეგულაციები ამოქმედდა საქართველოში 1-ელი ივლისიდან?!
2026 წლის ივლისიდან, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, მთელი რიგი ცვლილებების ამოქმედებაა დაგეგმილი.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას იმ სიახლეების შესახებ, რომელთა ამოქმედებაც დღეიდან, 1-ლი ივლისიდან არის დაგეგმილი.
საქართველოში აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება
სოფლის განვითარების სააგენტო 2026 წლის 1-ელი ივლისიდან „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის” განხორციელებას იწყებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მომზადებული ახალ პროგრამა მხარდაჭერის ერთიანი მექანიზმია, რომელიც მოიცავს როგორც პირველადი წარმოების, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების მიმართულებებს.
უცხოურ ვალუტაში სესხის აღება კიდევ იზღუდება
უცხოურ ვალუტაში სესხის აღება კიდევ იზღუდება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ცვლილება 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.
უფრო კონკრეტულად, დღეიდან სესხის გამცემი ორგანიზაციები 1 000 000 ლარამდე მოცულობის საბანკო კრედიტებს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, ლარში გასცემენ.
შესაბამისად, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 1 მლნ ლარამდე სესხს უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებენ.
კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიწოდება აიკრძალება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიწოდება აიკრძალება. დღეიდან პლასტმასის ბოთლით სასმელს ვეღარც საცხობებსა და საშაურმეებშიც ვეღარ შეიძენთ.
თბილისში შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდება
დღეიდან თბილისში შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესების დარღვევებზე ჯარიმები ამოქმედდება. თბილისში საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, კატებსა და ძაღლებს 4 სტატუსიდან ერთ-ერთი მიენიჭება: პატრონიანი, მიკედლებული, უმეთვალყურეო და უპატრონო. ცხოველის მეპატრონეს ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე 5-ზე მეტი ცხოველის (გარდა ამ ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს) ყოლა ეკრძალება იმ შემთხვევაში, თუ ეს ტერიტორია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველთა თავშესაფრის მინიმალურ სტანდარტებს.
მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის მეპატრონედ შესაძლოა, მხოლოდ 16 წელს მიღწეული პირი დარეგისტრირდეს. ამასთანავე, პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის მეპატრონედ რეგისტრაციისთვის, სავალდებულოა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა.
შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობის წესების დარღვევისთვის დღეიდან ასამოქმედებელი ჯარიმების მოცულობა ასეთია:
მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დარღვევა - 500 ლარისაზოგადოებრივ ტრანსპორტში შინაურ ცხოველთან ერთად მგზავრობა საბლის ან ალიკაპის გარეშე, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში − საბლის ან ალიკაპის ან ხელში აყვანის ან/და სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე − 150 ლარიამასთან, დღეიდან შინაური ბინადარი ცხოველების შემგროვებლობა გამოიწვევს ცხოველების კონფისკაციას.
ტბებსა და მდინარეებზე არასერტიფიცირებული კატარღებით ცურაობაზე ჯარიმები წესდება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ტბებზე, მდინარეებსა და წყალსაცავებზე კატარღების, იახტების, ჰიდროციკლების და სხვა ძრავიანი მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო ხდება. ამის მიზანია შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების სტანდარტებისა და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე შემთხვევების პრევენციაა.
რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა კი გამოიწვევს დაჯარიმებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი − 2 000 ლარის ოდენობით