"ერთი კონსტანტინე არსაკიძის მარჯვენაა საყოველთაოდ ცნობილი და ახლა ჩემიც ხდება ნელ-ნელა" - რას ამბობს ნიკა გვარამია
ცოტა კონსტანტინე არსაკიძეობაც კი მომწონს, რაღაცნაირად. ერთი მისი მარჯვენაა საყოველთაოდ ცნობილი და ახლა ჩემიც ხდება ნელ-ნელა, - ასე ეხმაურება ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსი, „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სასამართლოში პოლიციელების მიერ მიცემულ ჩვენებას.
როგორც გვარამია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, მოწმის სტატუსის მქონე სამართალდამცავები სასამართლოში ჩვენების მიცემისას მის „მარჯვენა ხელს“ ახსენებენ, თუ როგორ აწია ის გვარამიამ და „ხალხმაც როგორ იხუვლა“.
„საბოტაჟის საქმეზე კიდევ ორმა მოწმემ მახსენა. უფრო სწორად, ჩემი მარჯვენა ხელი ახსენა. მარტო ეგ ახსოვთ, როგორც წინა მოწმეებს: აწევდა თუ არა მარჯვენა ხელს, ხალხი იხუვლებდა და პარლამენტისკენ იძვროდაო. არაფერი არ ახსოვთ მეტი - არც სიტყვები, არც სახის გამომეტყველება, არც სად ვიდექი, რა მეცვა, რას ვაკეთებდი, არც მარცხენა ხელი, მარტო მარჯვენა ხელი და მისი აწევ-დაწევა. დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი. ტოსკანინი, ფონ კარაიანი, ბარენბოიმი და მე. ცოტა კონსტანტინე არსაკიძეობაც კი მომწონს, რაღაცნაირად. ერთი მისი მარჯვენაა საყოველთაოდ ცნობილი და ახლა ჩემიც ხდება ნელ-ნელა“, - წერს გვარამია.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.
"ინტერპრესნიუსი"