“ორსულთა ნახევარზე მეტი სუროგატია... იმაზეც მიხვდებით, რომ ეს ქალები ხშირად ქართველები არ არიან" - ინტერვიუ ქართველ რეჟისორთან, რომელმაც სუროგაციის თემაზე იმუშავა - კვირის პალიტრა

“ორსულთა ნახევარზე მეტი სუროგატია... იმაზეც მიხვდებით, რომ ეს ქალები ხშირად ქართველები არ არიან" - ინტერვიუ ქართველ რეჟისორთან, რომელმაც სუროგაციის თემაზე იმუშავა

სუროგაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში წლებია, აქტიური განხილვის თემაა, თუმცა ამ პროცესის მიღმა მყოფი ქალების რეალური ყოველდღიურობა, მათი უფლებრივი თუ სოციალური მდგომარეობა საზოგადოებისთვის ხშირად უხილავი რჩება. სწორედ ამ რთულ, სტიგმატიზებულ და სისტემურ პრობლემებს ააშკარავებს რეჟისორ ქეთევან ვაშაგაშვილის დოკუმენტური ფილმი "ცხრათვიანი კონტრაქტი", რომლის საერთაშორისო პრემიერაც კოპენჰაგენში შედგა და უკვე არაერთი პრიზი მოიპოვა.

ფილმი, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა, ერთი კონკრეტული გმირის, ჟანას ისტორიის მაგალითზე გვიჩვენებს, თუ როგორ იქცა სუროგაცია მოწყვლადი ჯგუფების გადარჩენის ერთადერთ გზად და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული კანონმდებლობა. რა ხდება მაშინ, როდესაც კომერციული ინტერესები ადამიანის ჯანმრთელობასა და უფლებებზე მაღლა დგება, ვინ არიან სუროგაციის ინდუსტრიის მთავარი დამკვეთები და რატომ არის აუცილებელი სფეროს მკაცრი რეგულირება - ამ და სხვა საკითხებზე რეჟისორ ქეთევან ვაშაგაშვილს ვესაუბრეთ.

- ფილმზე მუშაობა ძალიან დიდხანს მომიწია, რადგან თავდაპირველად ყველაფერი მთავარი გმირის გაცნობით დაიწყო. მასზე სატელევიზიო ფილმი გადავიღე, თუმცა ის სუროგაციის თემატიკას არ ეხებოდა. ფილმის გმირი, ჟანა, ბავშვთა სახლიდანაა და თავის შვილთან ერთად ქუჩაში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ოჯახი არასდროს ჰყოლია და ამბობს, რომ დედა არც ახსოვს, შვილის მიმართ მისი დამოკიდებულება ჩემთვის საოცარი იყო. ჩანდა, რომ ამ ადამიანს საკუთარი შვილისთვის მყუდრო ოჯახის შექმნა ძალიან უნდოდა და ეს მისთვის უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენდა.

2012 წელს, ამ ფილმის "მეცხრე არხზე" გასვლის შემდეგ, ჟანასთვის ბინის ქირაობა და მისი მცირედით დახმარება მოვახერხეთ. მოგვიანებით სოციალური დახმარებაც დაენიშნა. აღმოჩნდა, რომ იგი ცხინვალიდან დევნილიც იყო და დევნილის სტატუსიც მიიღო. თითქოს, სისტემამ იგი მხოლოდ ამის შემდეგ შეამჩნია, მანამდე კი ვერ ხედავდა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა სახლში დიდხანს ცხოვრობდა და მისი მდგომარეობის დანახვა, წესით, ძალიან მარტივი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით მას ბავშვთან დაკავშირებით სოციალურმა აგენტმაც მიაკითხა.

pilmi-cxratviani-kontrakti-3-1782969670-1782992668.jpg

რაც შეეხება სუროგაციის თემაზე გადართვას, ეს სფერო მანამდეც მაინტერესებდა. მეტროში პირველად რომ დავინახე განცხადება, სადაც ქალებს სუროგაციაში მონაწილეობას სთავაზობდნენ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა "ტელებლოგში" ვმუშაობდი და ვიფიქრე, რომ ამ თემაზე სიუჟეტს მოვამზადებდი. ქალები ვეძებე, რამდენიმეს შევხვდი კიდეც. თავიდან დამთანხმდნენ, თუმცა მერე გადაიფიქრეს. მაშინ მივხვდი, რომ ეს იმდენად სტიგმატიზებული თემაა და ადამიანები ამას ისე მალავენ, იმ ეტაპზე მუშაობის გაგრძელება ძალიან რთული იყო.

განაგრძეთ კითხვა