როგორ გავზარდოთ მცენარე ნიადაგის გარეშე, მხოლოდ წყლით
ჩვენს ქვეყანაში შესაძლოა არცთუ ბევრს გაუგია, რა არის ჰიდროპონიკა, რომელიც, შეიძლება ითქვას, მომავლის სოფლის მეურნეობაა - პირუტყვისთვის არა ქიმიური, არამედ ჯანსაღი ბალახოვანი საკვების მიღება შინ, ნაგებობაში და თანაც, უკიდურესად შემჭიდროებულ ფართობში იაფად შეიძლება. ჩვენში ჰიდროპონიკის "პირველი მერცხალი" დაახლოებით 10 წლის წინ გამოჩნდა. შემდეგ პროცესი გაჭიანურდა. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მაინც დაძრულია. ჩვენს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უკვე მოქმედებს ჰიდროპონიკური მეურნეობა, რის შედეგსაც, სავარაუდოდ, მალე ვიხილავთ. ამ თემაზე შალვა ლაღაძეს ვესაუბრებით. სწორედ ის გახლდათ ჰიდროპონიკურ მეურნეობაში პირველი ნაბიჯების ერთ-ერთი ავტორი და შესაბამისად, პირუტყვის ფერმების მეპატრონეებიც დააფიქრა ნედლი, იაფი და ყუათიანი საკვების წარმოების შესახებ. დღეს ის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მეურნეებს ეხმარება ჰიდროპონიკური საწარმოების დანერგვაში.
შალვა ლაღაძე:
- ბატონო შალვა, უპირველესად მოკლედ უნდა გვიამბოთ ჰიდროპონიკური მეურნეობის შესახებ. რატომ უნდა იყოს ეს არატრადიციული მეთოდი ასეთი ეფექტური პირუტყვის გამოკვების საქმეში?
- იმიტომ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი, იაფი მეურნეობაა, რომლის დახმარებითაც შესაძლოა ბევრად უფრო ყუათიანი საკვები მიაწოდო პირუტყვს, ვიდრე ძვირად ღირებული პრესებია, რომელშიც მეურნეები დიდ ფულს იხდიან. ჰიდროპონიკა მხოლოდ მეცხოველეობის დარგი როდია. ის თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგალითად, მებოსტნეობაში. განსაზღვრული მწვანილეულობის დასათესად და ნატურალური და ჯანსაღი საკვების მისაღებად.

სიტყვა "ჰიდროპონიკა" ნიშნავს მცენარის ზრდას ნიადაგის გარეშე, მხოლოდ წყლით. ამაში შეიძლება "ჩავაბათ" ნებისმიერი მარცვლეულის თესლი, რომელიც დათესვამდე უნდა დავალბოთ, შემდეგ კი დამბალი მოვაყაროთ რამე საგნის ზედაპირს, რომელზეც ის ზრდას შეძლებს, მაგალითად, თუნუქზე. პარალელურად კი შევუქმნათ ვენტილაციის და განათების პირობები იმ რეჟიმით, როგორიც ბუნებაშია. ამის შემდეგ თესლი რეგულარულად მოვრწყოთ და ზუსტად ექვს დღეში მოგვცემს ჯანსაღ ჯეჯილს, რომლის კვებითი ღირებულებები უმაღლესი იქნება, რადგან ის ჯანსაღი, ქიმიური სასუქის გარეშე მოწეული პროდუქციაა.
- მცენარე ისე იზრდება, რომ ნიადაგი და სასუქი არ სჭირდება?
- არ სჭირდება. ამის საილუსტრაციოდ, ყველას გვინახავს ბამბაზე "დათესილი" ხორბლის ჯეჯილი, რომელსაც ნიადაგი არ გააჩნია და მაინც შესანიშნავ მწვანე მასას გვაძლევს. ამ შემთხვევაშიც დაახლოებით ასეთივე ტექნოლოგიაა. ოღონდ ჰიდროპონიკური ჯეჯილის მოსაყვანად ბამბაც არ არის საჭირო. საჭიროა სამი რამ: იმ რეჟიმით განათება, რომლითაც მცენარე ბუნებაში ხარობს (8-საათიანი ღამე უშუქოდ და 16-საათიანი დღე განათებით), ვენტილაცია, რათა ჯეჯილი არ დაობდეს და ასევე, მორწყვის რეჟიმი. როდესაც ეს სამი რამ სწორად წარიმართება, ჯეჯილი ამოვა, ფესვებით ერთმანეთში გადაიხლართება და ჩავთვალოთ, რომ ექვს დღეში ცხოველთა უმდიდრესი საკვები გვექნება. მისი რაოდენობა იმით განისაზღვრება, თუ რა ფართობზე "ვთესავთ".

ეს ტექნოლოგია ფინანსური შეღავათებით გამოირჩევა - ყველა ხარჯის გათვლით 1 კგ ჰიდროპონიკური ჯეჯილის მოყვანას მხოლოდ 30 თეთრამდე სჭირდება, ერთი პირუტყვის გამოკვებისთვის კი დღეში დაახლოებით 10-15 კგ ჯეჯილია საჭირო, პირუტყვის ზომის მიხედვით. საკვების მოსამარაგებლად არც საწვავია საჭირო და არც სხვა ხარჯი. მწვანე ჯეჯილი, განსაკუთრებით ქერი, მართლაც უნიკალურია პირუტყვისთვის, მხოლოდ წველადობას მინიმუმ 30%-მდე ზრდის, ხოლო როდესაც ხედავ, რომ კონკრეტული ფერმერის პირუტყვმა ჰიდროპონიკური ჯეჯილით წველადობა 30%-ით მოიმატა, შეუძლებელია არ გაგიხარდეს.
მოსავალს ყოველ ექვს დღეში რომ ვიღებთ, იქვე შეგვიძლია ახალი მოსავლის სხვა რიგი დავთესოთ და ასე, შემდგომშიც, რიგი ავიღოთ და რიგი ვთესოთ. ეს განუწყვეტელი პროცესია. ამ პროცესში ერთ კვმ-ზე 10 კგ ჯეჯილი მოდის. მხოლოდ 30 კვმ-ზეც რომ დავთესოთ, შინ, უბრალოდ, თაროებზე, ჩავთვალოთ, რომ 300 კგ ჯეჯილს მივიღებთ. თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ განსაზღვრულ ზომამდე გაზრდის შემდეგ ჰიდროპონიკური მოსავალი ზრდაში ვეღარ წავა და დროულად აღებაა საჭირო.
- საოცარია ბუნება. როდესაც ნიადაგი ვერ კვებავს, სხვა რა ძალა ზრდის ჯეჯილს იმ კონდიციამდე?
- თესლში არსებული რესურსები ზრდის. მთავარია, თესლი არ გამოშრეს და წყალი - მორწყვა ჰქონდეს, რომ ამ რესურსებმა იმუშაოს, ჩვენ კი თესლს სწორედ იმ ზომამდე ვზრდით, რომ მასში არსებული რესურსები მოსავლის მიღებას ეყოს და მეტი ენერგია აღარ დასჭირდეს.
- კარგია, რომ ამ ტექნოლოგიის შესახებ სხვა ფერმერებმაც გაიგეს, პროგრესი გაითვალისწინეს და ჰიდროპონიკურ საწარმოებს მართავენ. როგორც ამ ტექნოლოგიაში გამოცდილი სპეციალისტი, ალბათ, თქვენც უწევთ დახმარებას.
- რა თქმა უნდა. ვცდილობ ჰიდროპონიკური ნაგებობები იმ დონემდე გავამართვინო, რომ მოსავლის დანესტიანებისა და დაობების თემა არ გაჩნდეს. ჰიდროპონიკურ საწარმოებში სწორედ ნესტის მოხსნაა ერთ-ერთი გამოწვევა, თუმცა სპეციალისტის დახმარებით პრობლემის მოგვარება ძალიან ადვილად შეიძლება. პარალელურად, ჩემთვისაც სასიამოვნოა, როდესაც ვხედავ, რომ ადამიანი სიახლით კმაყოფილია და რომ ის ადეკვატურ შედეგს იღებს. როდესაც პირუტყვის საკვები ამდენად ძვირია, რატომ არ უნდა ისარგებლო უფრო იაფი და ჯანსაღი ტექნოლოგიით, რომელიც პირუტყვს, ყველაფერთან ერთად, ჯანმრთელობასაც უმყარებს.
ჰიდროპონიკა მხოლოდ პირუტყვისთვის კი არა, შინაური ფრინველისთვისაც შეუცვლელი სიკეთეა. პირადად მაქვს დაგემოვნებული ჰიდროპონიკური ჯეჯილით ნაკვები ქათმის კვერცხი და შემიძლია გითხრათ, რომ მასთან გემოვანი თვისებებით ჩვენს ბაზარზე არსებული ვერანაირი კვერცხი ვერ მივა.