ბუსია, ტუსია და ვასიკო ოთარაანთკარიდან
"ფერმერი ნანა გოგუა გახლავართ და მეუღლესთან ერთად თხების ფერმას ვუძღვები. ცხრა წელიწადია, გომბორის მხარეს, სოფელ ოთარაანთკარში დავსახლდით და ამ საქმეს მოვკიდეთ ხელი", - გვეუბნება ქალი, რომელსაც თავისი საქმე, სიმძიმის მიუხედავად, ძალიან უყვარს. ის არის მწყემსიც, მწველავიც, მომვლელიც, თხის რძისგან პროდუქტების დამამზადებელიც და რეალიზატორიც...
ნანა გოგუა:
- რატომ გადაწყვიტეთ ოთარაანთკარში გადმოსვლა და მეთხევეობისთვის ხელის მოკიდება?
- მთავარი მიზეზი ჩვენი შვილიშვილი იყო. მას ძალიან უნდოდა, რომ ბევრი თხა გვყოლოდა და საკუთარი ფერმა გვქონოდა. ორთაჭალაში ვცხოვრობდით და იქ ამის პირობები არ იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ აქ გადმოსვლა. პატარა ეზო-კარი შევიძინეთ, მოკრძალებული ფერმა მოვაწყვეთ და დღეს უკვე 40-მდე თხა გვყავს. თავიდან ხუთი-ექვსი თხა გვყავდა. ბავშვი უკვე დიდია, თუმცა ეს ცხოველები დღესაც უყვარს, უბრალოდ, ასაკის მატებასთან ერთად, ამ საქმეს ფიზიკურად ვეღარ უთავსებს დროს.

- ბავშვს უნდოდა და მოიყვანეთ, მაგრამ მხოლოდ მოყვანა ხომ არ არის, ამ საქმეს ცოდნა და გამოცდილება სჭირდება.
- ადრე ორთაჭალაში სამი წლის განმავლობაში გვყავდა რამდენიმე თხა და მათთან ურთიერთობამ ბევრი რამ გვასწავლა. თხის მოვლა სულაც არ არის ისეთი ადვილი, როგორიც ხალხს ჰგონია - გაიყვან, იბალახებს და მორჩა. თხას დიდი მოვლა სჭირდება: აცრები, ჩლიქების დამუშავება, გაკრეჭა, ტილებისა და პარაზიტების საწინააღმდეგო წამლობა... რაოდენობის მატებასთან ერთად, შრომაც ძალიან დამძიმდა, თუმცა ამ 39 სულ თხას ორნი როგორღაც მაინც ვუძღვებით.
ჩვენ ლესელიძიდან ვართ, მდინარე ფსოუსთან, საზღვართან ახლოს ვცხოვრობდით. ჩემს ბავშვობაში იქაც გვყავდა ოჯახში თხები, თუმცა მაშინდელი გამოცდილება დიდი არაფერი იყო, უბრალოდ, ამ ცხოველების სიყვარული სწორედ იქიდან მომყვება. მაშინ უფრო სახორცედ გვყავდა, ყველის ამოყვანა და ასეთი რამ არ ვიცოდით. ომი ახალი დაწყებული იყო, აგვისტოში იქიდან რომ წამოვედით. შვილები მაშინ პატარები მყავდა.

- ზოგი პროცედურა, ალბათ, ყოველდღიურად არ არის აუცილებელი. რა სიხშირით გიწევთ მათი ჩატარება და რა არის ყოველდღიური, გარდაუვალი?
- ყოველდღიური და გარდაუვალი საქმეა მოწველა, რძის გადამუშავება, ყველის ამოყვანა და ნადუღის მომზადება. ეს პროცედურა დღეში ორჯერ - დილას და საღამოს გვიწევს. რაც შეეხება დანარჩენ პროცედურებს, მაგალითად, ჩლიქების, პარაზიტებზე დამუშავება ორ-სამ თვეში ერთხელ მაინც არის საჭირო. თხას თუ კარგად მოუვლი, მაძღარია და კმაყოფილი, ძალიან მშვიდია. როგორც ხალხში იტყვიან, სულაც არ არის გიჟი ცხოველი. მთავარია, სათანადო კვება ჰქონდეს, რომ მორჩილი იყოს. ჩვენს ფერმაში ოცდაცხრამეტივე თხას თავისი სახელი ჰქვია. ისინი ხომ ეტაპობრივად გაჩნდნენ და ჩვენ თვალწინ გაიზარდნენ. ნელ-ნელა ყველას მივეჩვიეთ და ვცნობთ. აი, როგორც დედა არჩევს ტყუპ შვილებს ერთმანეთისგან, ისე ვარჩევთ ჩვენც.
- რამდენიმე სახელი მითხარით, რა ჰქვიათ?
- პირველი ფაცია გამახსენდა, თავიდან მოფერებით ვეძახდით და შერჩა. გვყავს ცუცუნა, ცუციკუნა, ელისა, ჯესიკა... ტყუპი - მათ ტაპი და ტუპი დავარქვით, ბუსია, ტუსია... სულ გოგოები არიან, მხოლოდ ერთი ბიჭი გვყავს - ვასიკო.
- რა ჯიშის თხები არიან?
- გვყავს უკრაინული და ალპური ჯიშები, ასევე მათი ნაჯვარები. ძალიან კარგი მეწველები არიან, გემრიელ და კარგ რძეს გვაძლევენ, დღეში სადღაც 90-დან 100 ლიტრამდე. მე და ჩემი მეუღლე სპეციალური აპარატით ვწველით. რაც შეეხება ფერმას, თხები ოთხ შენობაში გვყავს განაწილებული. ერთი დიდი, თანამედროვე ფერმერული კომპლექსი არა გვაქვს, სოფლებში ბოსელს რომ ეძახიან, ისეთი ტიპის ნაგებობებია. თუმცა შიგნით იდეალური სისუფთავეა. თხები ფიცრებზე წვანან, ყოველდღე ვუგვით და ვუსუფთავებთ.

- სად აბალახებთ, სად გაგყავთ ხოლმე?
- ივრის ხეობაში, ტყეში, მინდვრებსა და გორებზე ბალახობენ.
- თავად დაჰყვებით? მწყემსი ქალი - ძალიან შთამბეჭდავია!
- დიახ, ნახევარ დღეს მეუღლე მიჰყვება, ნახევარ დღეს - მე.
- როგორც ვხვდები, ახლა, ძირითადად, მერძეულ მიმართულებას მისდევთ, ყიდით რძეს და ამზადებთ პროდუქტებს.
- ვამზადებთ ყველს, ნადუღს და ასევე ვყიდით ნედლ რძეს. თელავის ცენტრალური მაგისტრალის პირას ვცხოვრობთ, სადაც დიდი მოძრაობაა. გზის პირას რეკლამები და აბრები გვაქვს გამოკრული და მგზავრები ხშირად ყიდულობენ. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ, შაბათობით, პროდუქტები თბილისში ჩამაქვს და წინასწარ მიღებულ შეკვეთებს ვარიგებ.

- რა ღირს 1 კილოგრამი თხის ყველი და რა ტექნოლოგიით ამზადებთ?
- თხის ყველის ფასი 40 ლარია, რძის - 10 ლარი, ხოლო ნადუღის - 18 ლარი. ვამზადებთ ჩვეულებრივი იმერული ყველის ტექნოლოგიით და მარილიან წყალში (წათხში) ვინახავთ. ზაფხულში ახალი ყველი იყიდება, ხოლო ზამთრისთვის მაისში ვინახავთ ყველს წათხში და ზამთარში ვყიდით. ყველი კი დღეში ორჯერ - დილასა და საღამოს ამოგვყავს. დილის 4-დან ღამის 11 საათამდე თითქმის არ ვსხდებით.
თხის რძე ბევრად ადვილი მოსანელებელია და შემადგენლობით ძალიან ახლოს დგას დედის რძესთან, ამიტომ ბავშვებისთვის საუკეთესოა. ძროხის რძე უფრო ცხიმიანი და რთულად მოსანელებელია. თხის რძის სიკეთე იქიდანაც მოდის, რომ თხა საოცრად ბევრნაირ მცენარეს ჭამს - ფოთლებს, ბუჩქებს, ათასგვარ ბალახს. მცენარეების სახეობებს ვერც დათვლით. მისი რძე უქოლესტერინოა და ავადმყოფისთვისაც კი უკუჩვენება არ გააჩნია... თხის ქონზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა მისი სამკურნალო თვისებების გამო.
ერთი თხა საშუალოდ 3-4 ლიტრს იწველის - ეს არის მისი დღიური ნორმა.
- თხების მწყემსვისას რაიმე სახიფათო ისტორია ხომ არ გადაგხდენიათ, რასაც ხშირად იხსენებთ ხოლმე?
- სამჯერ მგელი დაგვესხა თავს. ერთხელ დავინახეთ, ორჯერ კი თავდასხმა მსხვერპლით დასრულდა. მგელი წამიერად ეცემა თხას ყელში, ფაქტობრივად, კლავს და გარბის. ძაღლები კი დაედევნნენ, მაგრამ თხა უკვე მკვდარი იყო. ეს ჩვენთვის მატერიალური ზარალიც არის და ფსიქოლოგიურადაც მძიმეა, ძალიან გეცოდება ცხოველი, რომელსაც უვლი. ჩვენს თხებს სამი ძაღლი იცავს, მაგრამ ხანდახან მაინც ხდება ასეთი ფაქტები.
- მათთვის, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია და ფიქრობს, ღირს თუ არა თხების მოშენება, რა იქნება თქვენი მთავარი რჩევა?
- ერთი რამ უნდა იცოდნენ: თუ თხის ყოლას გადაწყვეტენ, უნდა ჩათვალონ, რომ მათთვის გარე სამყარო აღარ იარსებებს. ჩვენ ვერც შვილიშვილის ქორწილში წავედით, ვერც შვილთაშვილის დაბადებაზე. ჩვენთვის დღესასწაული და დასვენების დღე არ არსებობს. მთელი წელიწადი მუდმივ შრომაში ვართ. შვილებსაც თავისი სამსახურები აქვთ, ვერ შეგვენაცვლებიან. ფერმის მიტოვება გამორიცხულია, მხოლოდ გვიან შემოდგომაზე და ზამთარში, როცა თხები შრებიან და მაკედ არიან, მაშინ შეიძლება ერთი დღით სადმე გახვიდე. თებერვლიდან, როცა დოლი იწყება, ნოემბერ-დეკემბრამდე ვერსად გადიხარ.
- როდის იწველებიან ყველაზე მეტს?
- დაბადებიდან პირველ და მეორე თვეს თიკნები დედის რძეს იღებენ. ამ დროს ხდება თხების გეგმური აცრები და ჭიაზე დამუშავება. შემდეგ თიკნებს ვყიდით საჯიშედ და ეტაპობრივად ვიწყებთ დედების მოწველას. მთელი ზაფხული აქტიური წველის პერიოდია, შემოდგომისკენ რძე იკლებს და ნოემბერ-დეკემბერში თხები შრებიან. დეკემბერი, იანვარი და თებერვლის დასაწყისი ცოტა შესვენების პერიოდია - ამ დროს მხოლოდ ბალახობა და შინ მოყვანაა საჭირო.
- როგორ ფიქრობთ, ქალისთვის ძალიან მძიმე არ არის ეს შრომა?
- ძალიან მძიმე და რთულია. თხების სულადობა ამ ზომამდე არ უნდა აიყვანო. როცა ფერმაში მხოლოდ ორი კაცია, 25-30 თხაზე მეტი უკვე გადამეტებული ფიზიკური ტვირთია. ერთიც არის, ისე შევეჩვიეთ ყველას, რომ გაყიდვა გვიჭირს, თუმცა ძალიან გადავიღალეთ და, ალბათ, ნაწილს მაინც გავყიდით. გვინდა მომავალში მხოლოდ 20-25 თხა დავიტოვოთ.