რატომ არ ვითარდება მებოცვრეობა საქართველოში
არც ისე დიდი ხნის წინ, შეიძლება ითქვას, საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პიკი იყო: არაერთ სოფელში ნახავდით ბოცვრის პატარა ფერმას, თუმცა დღეს ასე აღარ არის. სამაგიეროდ, მებოცვრეობაში დარჩა ის, ვინც ამ დარგის განვითარებას გულდასმით მისდევს, შინაური ცხოველის საგულდაგულოდ მოვლაც შეუძლია და სიამოვნებასაც იღებს ამ დარგისგან. მათ შორის არის თერჯოლელი ტატო ცქიფურიშვილი - ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ბოცვრის მოვლა-პატრონობაც იცის და იმის ფასიც, რომ ოჯახისთვის მებოცვრეობის მცირე მეურნეობის დახმარება ზოგჯერ ძალიანაც დიდი საქმეა. მებოცვრეობასთან დაკავშირებულ სხვა თემებზე სწორედ მას ვესაუბრეთ.
ტატო ცქიფურიშვილი:
- იყო პერიოდი, როდესაც მებოცვრეობის ფართოდ გავრცელება ოჯახებს თავის რჩენაში ეხმარებოდა. თუმცა ბოცვრების მოშენება უკვე შემცირებულია სხვადასხვა მიზეზის გამო, თქვენ კი დაიტოვეთ, რატომ?
- მებოცვრეობის, ისევე როგორც სხვა შინაური ცხოველის თუ პირუტყვის მოშენება იმიტომ არის შემცირებული, რომ სხვა შემოსავლები გაჩნდა. ჩვენთვის, სამწუხაროდ, ეს შემოსავლები დაკავშირებულია უცხოეთში შრომასთან, სადაც, ჩვენგან განსხვავებით, სტაბილური შემოსავალია. თუმცა მე ეს გზა ძალიან არ მომწონს. ამიტომ ვარჩიე, რომ ჩემს არც ისე მაღალშემოსავლიან სამსახურს მებოცვრეობითაც დავხმარებოდი და ის დამატებითი შემოსავალი მქონოდა, რომელიც ხანდახან ოქროზე მეტად ფასობს.
მცირე მეურნეობა მაქვს დაახლოებით 100 ბოცვრით, რომელთაგან საშუალო შემოსავალი დაახლოებით 2.000 ლარია. ეს თანხა ყოველთვის მაქვს, რადგან ეს მეურნეობა ჩემს ხელშია, თან ბოცვერს სამსახურიდან მოსული ვუვლი. სხვათა შორის, ბოცვერი ღამის ცხოველია, უფრო ღამით უყვარს ჭამა.
- ეს, ალბათ, "ნათესავ" კურდღელთან საერთო თვისებაა, ისიც ბუნებაში ღამით გამოდის სოროდან.
- ასეა, როდესაც მოაშინაურეს და ბოცვრის ახალი ჯიშები გამოიყვანეს. ისე კი კურდღელი და ბოცვერი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მეხორცულ ბოცვერს, კურდღლისგან განსხვავებით, 3-4-ჯერ მეტი წონის ხორცი აქვს. თუმცა თვით ახალი ჯიშების ბოცვრებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ხორცის სხვადასხვა ხარისხი აქვთ. მაგალითად, საუკეთესო გემოვანი თვისებები აქვს კალიფორნიული ბორცვის ხორცს. ამ დროს სხვა სახეობები აღემატებიან მას წონით ან გამრავლებით, ზოგიც მაკეობის სიჩქარით. მაგალითად, საშუალო სიდიდის ბოცვერს შეუძლია 3 თვის ასაკშიც შეჯვარდეს. თუმცა ისევე როგორც მსხვილფეხა პირუტყვის შემთხვევაში, მისი მაკეობა მეპატრონემ არ უნდა დააჩქაროს 6 თვემდე მაინც. დაჩქარებულ მაკეობას ნაშიერის სისუსტე მოსდევს, ეს კი საზარალოა. მართალია, კურდღელი ადვილი მოსავლელია, სამაგიეროდ, თუ დაავადება ერთს დაეწყო, ძალიან სწრაფად გადაეცემათ დანარჩენებს. და კიდევ, კურდღლის პატრონებს საკვებად ნედლი ბალახის მიწოდებას არ ვურჩევ, კუჭი აეშლებათ და ძალიან სწრაფად დაიკლებენ წონაში. ბოცვრებისთვის ხმელ ბალახს, თივას ალტერნატივა არა აქვს. სხვა რაც გნებავთ, დაუყარეთ, მათ შორის მარცვლეულიც. ვისაც შინ სიმინდი მოჰყავს, ეს მისთვის შვებაა, რადგან ბოცვრისთვის სპეციალური საკვების მიცემა აღარ სჭირდება და ხორციც ძალიან გემრიელი ექნება.
მსოფლიოში ბოცვრის სახორცე, საბეწვე და დეკორატიული მიმართულების 100-მდე ჯიშია გამოყვანილი და საქართველოში ამ ჯიშებიდან არაერთი შემოვიდა, მათ შორის თეთრი გოლიათი, კალიფორნიული, ახალზელანდიური თეთრი, ნაცრისფერი გოლიათი და სხვა. თუმცა ჯიშები ჩამოჰყავთ მათ, ვისაც დიდი ფერმა აქვს. პატარა ფერმებს გვირჩევნია კარგი ჯიშები ამ ხალხისგან შევიძინოთ და მერე თავადაც გავამრავლოთ. წლებია ასე ვაკეთებ და კმაყოფილი ვარ - მებოცვრეობაში გამოცდილ კაცს ბოცვრის ბაჭიების გაზრდა არ ეშლება და მეც ასე ვარ. ამაზე უფრო რთული რეალიზაციაა. შედარებით დიდ ფერმებს მუდმივი კლიენტი ჰყავთ. მცირე ფერმები, ძირითადად, ინტერნეტის საშუალებით ვყიდით ჩვენს ნაშრომს. ფასი ცუდი ნამდვილად არ აქვს, - 1 კგ ბოცვრის ხორცი 30 ლარია.
- ანუ ცოტა მეტი, ვიდრე საქონლის.
- დიახ, ასეა. ამიტომ მიკვირს ხოლმე, როდესაც ადამიანს შინ ბოცვრისთვის ფართობი აქვს, ან ფრინველისთვის საქათმე, და მაინც არ უნდა ამ საქმის წამოწყება.
- როგორც ცნობილია, ბოცვრის ან კურდღლის ხორცზე არანაკლები მნიშვნელობის მისი ბეწვია, რომლის გამოყენება სამოსის ინდუსტრიაში შეიძლება. თქვენ თუ იყენებთ მას?
- მებოცვრეობაში გაწაფულ ადამიანს მართლაც შეუძლია ბოცვრის ტყავი გააშროს, ხოლო მეკრავს შეუძლია შეკეროს, მაგრამ ამას მასობრივი სახე არა აქვს. ძირითადად, ბოცვრის ბეწვს ყრიან ან წვავენ და მისგან ვერაფერსაც ვერ აკეთებენ. არადა, როდესაც მებოცვრეობას მისდევს ადამიანი, ცხადია, მას ტყავიც ბლომად რჩება. და კიდევ ერთი: მეცხოველეობას საქართველოში კანონებით Gდარეგულირება სჭირდება. საქმე ის არის, რომ ისედაც გაჭირვებულ ფერმერებს ახლა არასწორი იდეოლოგია დაატყდა თავს. ბაჭიების გასხვისება ზოგმა ცხოველთა დამცველმა გააპროტესტა, ბაჭიებს გასართობად ყიდულობენ ბავშვებისთვის და მერე აღარ უვლიანო, და რამდენჯერმე გასაყიდად გამოყვანილი ბაჭიების პატრონებს შეუტიეს. ამ დალოცვილებმა ის მაინც როგორ არ იციან, რომ ევროპაში თხასა და ცხვარს ყიდულობს ხალხი შინ გასაზრდელად და ბაჭიის ყიდვა რატომ უნდა იყოს გამონაკლისი! არადა, დეკორატიული ბაჭიების ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე ზრდასრული ცხოველის ხორცის. დეკორატიული ბოცვერი ან კურდღელი ისეთი ლამაზია, თავად მებოცვრეობის ფერმერები ყიდულობენ და ფერმაში განსაკუთრებულ მდგომარეობაში ჰყავთ. ასე რომ, სასურველია, შრომა დაგვაცალონ, სახელმწიფომ კი ამ დარგს უნდა შეუწყოს ხელი. თუკი შესაბამისი პროგრამები და დაფინანსება იქნება, შესაძლოა ეს დარგი უფრო განვითარდეს და ტრადიციულადაც იქცეს. ბოცვრისა თუ კურდღლის ხორცის სარგებლიანობის შესახებ კი, ალბათ, ყველამ იცის.