ფერმერობა „დასვენების დღეებში“ - კვირის პალიტრა

ფერმერობა „დასვენების დღეებში“

ვიქტორია მიდელაური სოფლის მეურნეობაში თავის გამოცდილებას სოციალურ ქსელში აუდიტორიას თავისი გვერდით უზიარებს და თავს "უქმე დღეების ფერმერს" უწოდებს. "შეწუხებული მეზობლებისა და მეგობრების რჩევები, რომ ვენახს დავღუპავდი, მაშინებდა, მაგრამ ღირებულებაზე, რითაც დავიწყე, გარემოზე ზრუნვისა და ეკოლოგიის მოფრთხილების სურვილზე, უკვე მეხუთე წელიწადია, ხელი მაინც არ ავიღე და ჩემი ვენახი წლიდან წლამდე ძლიერდება და მთავარი ეს არის", - ამბობს ვიქტორია და გვიამბობს, როგორ ახერხებს ქალაქიდან სოფლად ვენახის მოვლასა და ღვინის დაყენებას.

- კახეთში დავიბადე. სარჩო რომ ყველა ოჯახს უნდა მოეწია, ეს დაუწერელი კანონი იყო. ამაზე დედა ზრუნავდა. ჯერ კიდევ ყინვიან ამინდებში იწყებოდა მზადება და გვიან შემოდგომამდე სულ რაღაცას აკეთებდა. პერიოდულად ვეხმარებოდი, მაგრამ არ მქონია შეგრძნება, რომ მეც სოფლის მეურნეობას მივყოფდი ხელს, თუმცა ის ცოდნა, როგორც ჩანს, ჩემში დაილექა.

ჩემი მოვალეობა, ძირითადად, სწავლა და პატარა და-ძმების მოვლა იყო. 13 წლისა ქალაქში აღმოვჩნდი და დიდხანს აღარც გამიხედავს სოფლისკენ. თბილისში, პატარა ეზოიანი სახლი ვიყიდე და ეზო გავაშენე. "კოვიდამდე" ასე გრძელდებოდა, მერე ჩავიკეტეთ და რაღაცამ დამიძახა სოფლისკენ. 200 კვადრატულ ეზოში ვეღარ ჩავეტიე და ჩემი წილი მიწის ძებნა დავიწყე. კვლავაც კახეთი მიხმობდა, მაგრამ უკვე ბავშვები თბილისის სკოლაში იყვნენ, სამსახურიც აქეთ მეწეოდა, გადასახლებაზე ვერც ვფიქრობდით. ამიტომ მიწა სახლთან რაც შეიძლება ახლოს უნდა ყოფილიყო და ჩემი ფერმერობაცა და მასთან დაკავშირებული ოცნებებიც უქმეებში ჩატეულიყო.

screenshot-2026-06-21-144254-1783015845.jpg

ორთვიანი ძებნის შემდეგ მე და ჩემმა ძმამ მანავი შევარჩიეთ. ცარიელ მიწას ვეძებდით და უცებ წავაწყდით ვენახებსა და ვენახის შუაგულში ჩამდგარ ძველ სახლს. უკარფანჯრებოს, ცარიელს. იდგა და აშკარად გველოდა. ავაღორძინეთ-მეთქი, ხმამაღალი ნათქვამია. უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა, ფინანსურადაც და ფიზიკურადაც. ამას წინათ პოსტი დავდე, 5 წელია ამ სახლს სული ვერ ჩავბერე, ვერც დიდად მოვლა დავატყვე-მეთქი და უამრავმა ადამიანმა მომწერა, ჩვენც ასე ვართ, არ დანებდეო. ჰოდა, არ ვნებდები.

ამასობაში ვენახი ფეხზე დავაყენე. იმთავითვე ვიცოდი, რომ ჩემი არჩევანი ბიომეურნეობა იქნებოდა. ისიც ვიცოდი, რომ სასწავლიც ბევრი მექნებოდა. ვენახს პირველად მაშინ შევეხე, როცა ვიყიდე. გასხვლას საჭიროებდა. დავურეკე ადგილობრივ გასხვლის გუნდს და ვთხოვე, თან გამისხალით და თან მასწავლეთ-მეთქი. რანაირად გასწავლოთ ამ პატარა გოგოს, შენ რა გამოგივაო, მაგრამ თან ვერც უარი მითხრეს. მართლაც ვერაფერი გავიგე, ვითომ გავიგებდი, მაგრამ ვაზთან მისვლისას ბრინჯივით ვიბნეოდი. რა მომეჭრა, რა დამეტოვებინა, ვერ გამეგო... აქ ბიოს ვერ მოიყვანო, მაგრამ მაინც არ ავიღე ხელი ამ საქმეზე.

ღვინის დაყენება კი ცალკე გამოწვევა იყო. ამ პროცესმა ახალი მეგობრები შემძინა. კითხვა-კითხვით და სწავლა-სწავლით, ღვინოც დაყენდა. ჯერ ყურძენს ვყიდდი. მერე მეღვინე მეგობარმა, ნოდარ ლატიბაშვილმა, კოლაბორაცია შემომთავაზა. მის მარანში, მის ქვევრებში დავაყენეთ ღვინო 3 წლის წინ და ისეთი საოცრება გამოვიდა, გასაყიდად დაგვენანა. დღემდე ოჯახსა და მეგობრებში ძვირფას საჩუქრად ვიყენებთ. გაყიდვებში არ ჩამიშვია. ჯერ ისევ სწავლის პროცესში ვარ და ამასობაში ჩემი მარანიც მოვაწყვე. 10-ტონიანი ქვევრები ჩავყარე, თუმცა ეს ორი წელია ზედიზედ სეტყვა გვაზარალებს და პატარა მოსავალი გვქონდა. ვნახოთ, იმედია, წლეულს სრულად ავიღებთ მოსავალს და ყურძენს უკვე საკუთარ ქვევრებში დავწურავთ. ნოდარის მეთოდმა - 6 თვე ჭაჭაზე - აჯობა ყველა სხვა ცდებს - ქვევრში დადუღებასა და გადაღებას, ანდა ევროპულად მხოლოდ წვენზე დადუღებას.

ვენახის მოვლაზე გარდამტეხი გავლენა მოახდინა FAO-ს საერთაშორისო ექსპერტის ხულიო პრიეტო დიასის ტრენინგებმა. ვენახის გასხვლას, მწვანე ოპერაციებისა და მოვლის ტრენინგებს ისე ატარებს, ზედმიწევნით გაჩვენებს ვენახში დაშვებულ შეცდომებსა და მათ გრძელვადიან გავლენას. ამის შემდეგ პრაქტიკულად გაჩვენებს, როგორ გამოასწორო შეცდომები და სწორი მეთოდებით მართო ვენახი, ისე, რომ დიდხანს პროდუქტიული და რენტაბელური იყოს შენი ინვესტიცია. შარშან ამ მეთოდით მივუდექი და წლეულს უკვე ვხედავ, ვაზის სიჯანსაღე და მსხმოიარობაც როგორ შეიცვალა. ყველა მევენახეს, მათ შორის იმათაც, ვისაც მამა-პაპისგან ერგოთ მემკვიდრეობით ეს ცოდნა-უნარები, ვურჩევ ამ ტრენინგის გავლას, თანაც უფასოა.