21 დეკემბერი დიდი დღეა... - კვირის პალიტრა

21 დეკემბერი დიდი დღეა...

მიშა! სახელები: რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი არაფერს გეუბნება?!

გამარჯობა. სულმოუთქმელად ველოდები 21 დეკემბერს (გულახდილად გითხრათ, მაიას ტომის ქურუმების წინასწარმეტყველება დედამიწის დაღუპვის შესახებ სრულებით არ მანაღვლებს), მაინტერესებს, კომუნისტები უფრო პომპეზურად აღნიშნავენ სტალინის დაბადების დღეს, თუ ნაციონალები -  სააკაშვილისას. დარწმუნებული ვარ, ვერც ერთ იუბილეზე ვერ მოვხვდები, ამიტომ გადავწყვიტე, თვითონ დავპატიჟო იუბილარი. სამწუხაროდ, სოსომ გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ მოვალო, რაღა მექნა და ისევ სააკაშვილზე შევაჩერე არჩევანი.

გემახსოვრებათ, ჩვენი პრეზიდენტი ერთხელ უკვე მყავდა სტუმრად, ამიტომაც უფრო შინაურულად დაველაპარაკები და, შესაბამისად, უფრო მკაცრიც ვიქნები მასთან.

მოკლედ, პოლონეთში, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში, დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ ჩვენმა პრეზიდენტმა განაცხადა: "როდესაც საქმე ებრაელებსა და ისრაელს ეხება, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთო".

მიშა! სახელები: რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი არაფერს გეუბნება?! ზემოთქმულ სიტყვებს რომ ამბობდი, ოდნავადაც არ შეგრცხვა?! რადგან რეზიდენციაში გარე განათება გამორთე, იქნებ გგონია, რომ ხალხშიც ბნელა?!

დავიჯერო, მართლა დაგავიწყდა ებრაელი ბიზნესმენების”საქმე, თუ მაშინ ისრაელი და ებრაელი ხალხი ჩვენთვის არ იყვნენ მნიშვნელოვანი?! პოლიტიკის დიდად ცოდნაზე არ ვდებ თავს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ პოლიტიკოსი მოქნილი უნდა იყოს. თუმცა, ეს მოქნილობა კი არა, ზღვარგადასული ცინიზმია სწორედ ისრაელის და ებრაელი ხალხის მიმართ!!!

თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს პრეზიდენტო, დავიჯერო, ახალმა ხელისუფლებამ ისე შეგიმცირა დაფინანსება, რომ ამერიკელების ნაჩუქარი ტანსაცმლის იმედად დარჩი, თუ რას შეიძლება დავაბრალოთ, რომ იმავე აუშვიცში ამერიკული საზღვაო ძალების ქურთუკით წარსდექი საზოგადოების წინაშე. მიხეილ, ალბათ გეცოდინება, რომ უცხოეთში ჩვენი ქვეყნის სახე ხარ და მაქსიმალურად უნდა შეეცადო ყველაფერი ქართულის პოპულარიზაციას. შე დალოცვილო, ამ 9 წლის მანძილზე, ერთხელ ჩოხაც რომ მოგერგო, ვითომ ურიგო იქნებოდა? თორემ ამერიკელ სამხედროებს შენ გარეშეც არ აკლიათ პოპულარობა. არა, ვაღიარებ, რომ გიხდებოდა და საერთოდაც ხომ არ ცდიდი ბედს ამერიკულ ჯარში?! სისწრაფეში ნორმატივის ჩაბარება არ გაგიჭირდება, შეიძლება ცოტა ბარიერების გადალახვაში შეგექმნას პრობლემა, მაგრამ დიმა შაშკინი ხომ იქაა და  ხელს წაგაშველებს. დაფიქრდი, არაა ცუდი წინადადება. ბილეთის ფულზე შენ არ იდარდო, მე ავიღებ ჩემს თავზე ფულის შოვნას.

2013 წელი კარსაა მომდგარი, ანუ ერთ წელზე ნაკლები ვადა დაგრჩა პრეზიდენტად ყოფნის. მერე, შენი 9-წლიანი მოღვაწეობა ისტორიის კუთვნილება გახდება. ოდესმე დაფიქრებულხარ, რა განაჩენს გამოგიტანს ისტორია (მხოლოდ სიმონ მასხარაშვილის იმედად ყოფნას არ გირჩევ)? სურვილი არ გაქვს, ამ ცოტა ხანში მაინც გააკეთო რამე ისეთი, რისთვისაც ხალხი გულწრფელ მადლობას გადაგიხდის?!.

მოსვლაზე ბევრად რთული სწორად წასვლა რომ არის, მე არ დამიმტკიცებია, ისტორიამ დაამტკიცა და ამაზეც თუ იფიქრებ (მით უფრო, რომ შენს რეზიდენციაში საღამოს შუქს აქრობ და ფიქრისთვის ბევრი დრო გექნება) ურიგო არ იქნება.

P.S. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 21 დეკემბერს მაიას ტომის ქურუმებმა სამყაროს დასასრული იწინასწარმეტყველეს. ერთი იდეა მომივიდა: 21-ში დილით ჯერ გორში, სტალინის ძეგლთან მოვიგონოთ სოსო, შემდეგ თბილისში მიშასთან ვიქეიფოთ და, დღის ბოლოს, დაველოდოთ დედამიწის დაღუპვას, ხოლო თუ გადავრჩით, ყველამ ერთად სურათი გადავიღოთ.

ბედნიერ კვირას გისურვებთ თქვენი ლახუნდარელი.

ლახუნდარელის და

მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას დაესწრო ლადო გოგოლაძე