„თვითონ იმდენად შოკშია. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ფსიქოლოგიურად... მე ამ ცოდვით როგორ ვიცხოვრო მთელი ცხოვრებაო" - რას ჰყვება ავარიის საქმეზე დაკავებული რუსეთის მოქალაქის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

„თვითონ იმდენად შოკშია. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ფსიქოლოგიურად... მე ამ ცოდვით როგორ ვიცხოვრო მთელი ცხოვრებაო" - რას ჰყვება ავარიის საქმეზე დაკავებული რუსეთის მოქალაქის ადვოკატი?

"ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ფსიქოლოგიურად. ჩემთან თქვა - ყველაფერი გაივლის, მაგრამ მე ამ ცოდვით როგორ ვიცხოვრო მთელი ცხოვრებაო. ძალიან ნანობს ამ ყველაფერს", - ამის შესახებ დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებული რუსეთის მოქალაქის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ბრალდებული ამბობს, რომ ავარიის მომენტი არ ახსოვს და იმ დღეს, როდესაც შემთხვევა მოხდა, ჩვეულებრივ, სამსახურში მიდიოდა.

„თვითონ იმდენად შოკშია. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ფსიქოლოგიურად. ჩემთან თქვა - ყველაფერი გაივლის, მაგრამ მე ამ ცოდვით როგორ ვიცხოვრო მთელი ცხოვრებაო. ძალიან ნანობს ამ ყველაფერს. იმ მომენტში რა მოხდა, თვითონაც არ ახსოვს. ჩვეულებრივ რუტინა ჰქონდა, სამსახურში მიდიოდა და მოხდა ასეთი ამბავი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არც ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფილა, არც სხვა გარემოება იყო“, - განაცხადა ადვოკატმა.

იმედა ქარქაშაძის თქმით, ეს იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და არა განზრახ ჩადენილი ქმედება.

ადვოკატის ვერსიით, ავტომობილის დაძვრისას ქალს შეეშალა „პედალი“ და შემთხვევით სხვას დააჭირა ფეხი, რამაც შეჯახება გამოიწვია.

„არ არის ის გარემოება, რასაც სოციალურ ქსელებში წერენ. ჩვეულებრივი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რის გამოც ადამიანი გარდაიცვალა. მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. რა თქმა უნდა, ძალიან რთული სიტუაციაა, ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ავტოსაგზაო შემთხვევა. არ არის ისეთი, რომ ვთქვათ სპეციალურად მოხდა დაჯახება ან სხვა მიზანი იყო. ეს გამორიცხულია.

არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი, არ მითქვამს, რომ დაზიანება იყო მანქანის რომელიღაც ნაწილში. გადაცემათა კოლოფს დაზიანება ჰქონდა, თვითონ შეამჩნია. სხვა ყველაფერი ნორმალურად მუშაობდა. ეს იყო ისეთი მომენტი, რომელიც შეიძლება ბევრს დაემართოს. სახეზე გვაქვს არაგანზრახი დანაშაული. უბრალოდ მანქანის დაძვრისას აერია და შემთხვევით სხვა პედალს დააჭირა ფეხი, აქედან გამომდინარე მოხდა შეჯახება“,- განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, ექსპერტიზამ უკვე შეამოწმა ავტომობილი.

მისი განცხადებით, სამუხრუჭე სისტემა მწყობრში იყო, ასევე გამართული იყო საჭის მექანიზმიც.

წაიკითხეთ: "ამბობენ, რომ პედლები აერია და..." - დადიანზე მომხდარი ტრაგედიის დეტალები: ვინ არის ქალი, რომელიც ტროტუარზე ჯიპმა იმსხვერპლა