მართლაც დაიპყრეს უკრაინული კონსტანტინოვკა, თუ რუსეთის გენშტაბი ისევ ატყუებს პუტინს?
ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტის ბუნკერში რუსეთის პრეზიდენტ პუტინს რუსეთის გენშტაბის უფროსმა გენერალმა გერასიმოვმა მოახსენა,რომ უკრაინულ ქალაქ კონსტანტინოვკაზე სრული კონტროლია აღებული,რის დასადასტურებლადაც აჩვენა ვიდეოკადრები,რომლებზეც დრონები იღებენ კონსტანტინოვკას ნანგრევებში რუსული დროშის მოფრიალე სამხედროებს...
რუსეთის გენშტაბის უფროსი გერასიმოვი ადრეც არაერთხელ ყოფილა „შემჩნეული“ „კრედიტით გამარჯვებებში“ ანუ როდესაც პუტინს წინასწარ ახარებენ ამა თუ იმ უკრაინული სოფლისა თუ დაბის დაპყრობას,მიუხედავად იმისა,რომ იქ ჯერ კიდევ ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს...
თავის მხრივ,უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი უარყოფს კონსტანტინოვკის სრულ დაპყრობას რუსი ოკუპანტბის მხრიდან და აცხადებს, რომ ქალაქის სხვადასხვა კუთხეში ბრძოლები გრძელდება.
რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ამ პატარა უკრაინული ქალაქის კონსტანტინოვკის რაც შეიძლება მალე დაპყრობა პუტინის რეჟიმისთვის და პირიქით,რატომ არის მისი კიდევ დიდი ხნით შენარჩუნება არანაკლებ საჭირო ზელენსკის ხელისუფლებისთვის?
უკრაინის დონეცკის ოლქის კრამატორსკის რაიონის ქალაქი კონსტანტინოვკა საბჭოთა პერიოდში ცნობილი იყო მინის წარმოებით და იქ 78 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო როდესაც ფრონტის ხაზი უშუალოდ მიადგა მას, მაცხოვრებელთა რიცხვი 2 800-მდე შემცირდა, რადგან დღეს კონსტანტინოვკა ერთგვარ „რუხ ზონას“ წარმოადგენს...
ომებში „რუხ ზონად“ მიჩნეული საბრძოლო მოქმედების ის არეალი, რომელსაც მოწინააღმდეგეებიდან ერთი რომელიმე მთლიანად ვერ აკონტროლებს და იქ არ არსებობს გამოკვეთილი ფრონტის ხაზი, რადგან ხშირად იცვლება ოპერატიული ვითარება.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თავიანთ „ჩვეულ“ სტილში, კონსტანტონოვკას საცხოვრებელი კორპუსებიც ნანგრევებად გადააქციეს, მსხვილკალიბრიანი არტილერიისა და პლანირებად/კორექტირებადი საავიაციო ბომბების მასობრივი გამოყენების შედეგად.
პუტინის არმიამ ამ ომის 1 592 დღეშიც კი ვერ შეძლო, ბოლომდე დაეპყრო უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებული ხუთი ოლქიდან რომელიმე და ახლა კრემლის მკაცრი ბრძანებით, რუსეთის გენშტაბს მთელი თავისი ძალისხმევა გადატანილი აქვს კრამატორსკ-სლოვიანსკის აგლომერაციის რაც შეიძლება მალე დაკავებაზე, რათა პუტინმა მთელ მსოფლიოს და, პირველ რიგში კი - აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს ნიშნის მოგებით აჩვენოს - შენ ვერ შეძელი ალასკაზე ჩვენი საიდუმლო შეთანხმების შესრულება და ზელენსკის „დაყოლიება“, რომ კიევს უბრძოლველად ჩაებარებინა დონეცკის ოლქის ეს ბოლო არაოკუპირებული ქალაქები, რუსმა ჯარისკაცებმა კი ეს გააკეთესო...
მაგრამ კრამატორსკ-სლოვიანსკამდე მისაღწევად პუტინის არმიას ჯერ ბოლომდე აქვს დასაპყრობი ერთი პატარა უკრაინული ქალაქი - კონსტანტინოვკა...
ამჟამად კი კონსტანტინოვკის ნანგრევების თავზე ათასობით FPV-დრონი „დაფარფატებს“, საკბილოს ძებნაში - ისინი მოწინააღმდეგის თითოეულ მებრძოლზეც კი ნადირობენ...
არტილერიისა და ავიაციის მუშაობის შემდეგ უკრაინული ქალაქების ნანგრევებში მალულად თითო-ოროლად იპარებიან რუსი ოკუპანტები, რომ უკრაინული დრონების ოპერატორებმა ვერ აღმოაჩინონ, შემდეგ შენობების ნანგრევებში ერთიანდებიან და გადადიან შეტევაზე, სხვა დანგრეული შენობის „გასაწმენდად“ უკრაინის დამცველებისგან...
შეიძლება სწორედ ამ თითო-ოროლა რუსმა ოკუპანტმა ააფრიალა დამპყრობელი ქვეყნის სამფეროვანი დროშა უკრაინული კონსტანტინოვკას სხვადასხვა უბნის ნანგრევებში და რუსეთის გენშტაბი ამით ცდილობს დააჯეროს პუტინი, რომ ეს უკრაინული ქალაქი მთლიანად დაპყრობილია...
ასე თუ ისე,ფაქტია,რომ კონსტანტინოვკაში ურთულესი ტაქტიკური საბრძოლო სიტუაციაა შექმნილი და თუკი ადრე თუ გვიან მაინც დაეცა კონსტანტინოვკა, ეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის კრამატორსკს, რადგან კონსტანტინოვკა მისგან სამხრეთით, ოცი კმ-ითაც კი არ არის დაშორებული და მასზე კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში,უკრაინის გენშტაბის ერთ-ერთ იმედადღა დარჩება კონსტანტინოვკა-კრამატორსკს შორის არსებულ მინი-ქალაქ დრუჟკოვკაში დროებითი თავდაცვითი ზღუდის მოწყობა, რათა რამენაირად შეაფერხონ რუსი ოკუპანტების შეძრომა“ უშუალოდ კრამატორსკში...