მარიონეტების „თეატრი“ ანუ რა თამაშს ეთამაშება პუტინი თბილისს?! - მამუკა არეშიძის პროგნოზი - კვირის პალიტრა

მარიონეტების „თეატრი“ ანუ რა თამაშს ეთამაშება პუტინი თბილისს?! - მამუკა არეშიძის პროგნოზი

გასულ კვირას პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად ჩავიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თეირანში ჩასულ ლიდერებს შორის მიხეილ ყაველაშვილის გარდა არიან: თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი, ერაყის პრეზიდენტი ნეზარ ამიდი, უზბეკეთის პარლამენტის თავმჯდომარე ნურიდინ ისმოილოვი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი. ირანში ასევე ჩავიდნენ ინდოეთისა და ჩინeთის წარმომადგენლები, ასევე აზერბაიჯანის დელეგაცია პარლამენტის სპიკერის, საჰიბა გაფაროვას ხელმძღვანელობით. ცნობილია, რომ დაკრძალვის ცერემონიალი 9 ივლისამდე გაგრძელდება. 9 ივლისს კი აიათოლა ალი ხამენეის ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ. შეგახსენებთ, ხამენეი 28 თებერვალს, აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს დაიღუპა.

გასულ კვირასვე გაიმართა აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომლისგან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის აშშ-სთან პარტნიორობა, რომ აუცილებელია ურთიერთობების გადატვირთვა და ა.შ... შესაბამისად, ირანში ეს ვიზიტი ბევრისთვის გაუგებარია სწორედ იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება მუდმივად ლაპარაკობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების "გადატვირთვის" მნიშვნელობაზე. ამ თემით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:

areshi1.jpg

- მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც საკითხს ასე სვამს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია რეგიონული კონტექსტი, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამით აიხსნება სამი სამხრეთკავკასიური ქვეყნიდან დელეგაციების ჩასვლა ირანში დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად... თუნდაც აზერბაიჯანის მონაწილეობა ავიღოთ, მოგეხსენებათ, აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ისრაელის სამხედროებმა ირანის მიმართულებით არაერთი შეტევა განახორციელეს. როგორც იცით, ირანული დრონები ჩამოცვივდა ნახჭევანის აეროპორტის სიახლოვეს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია აზერბაიჯანიდან.

არსებობს გეოპოლიტიკური ინტერესების დაპირისპირება, მაგრამ არსებობს რეგიონული ურთიერთობები, რომლის უგულებელყოფა, უბრალოდ, არ შეიძლება. გავიხსენოთ ისიც, რომ არც ოფიციალურ ერევანს აქვს დიდი სიამტკბილობა თეირანთან, მეტიც, ამ ეტაპზე ეს ურთიერთობა დაძაბულადაც კი შეიძლება შეფასდეს, რადგან ირანი კატეგორიული წინააღმდეგია ტრამპის გზის განხორციელების, მაგრამ ეს არ გამხდარა სომხეთის ხელისუფლებისთვის სამძიმრის სათქმელად არჩასვლის მიზეზი.

მოკლედ, არის დაპირისპირებები, სამხედრო ელემენტებიც, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი ლოგიკა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის სასურველი მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატებია, ის კი ირანთან საომარ, უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში იმყოფება, დიპლომატიურ დონეზე ისინიც კი ლაპარაკობენ ერთმანეთში. იგივე ჩინეთი, ამერიკას ასეთივე დაძაბული ურთიერთობა აქვს მასთანაც, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამას ხელი არ შეუშლია ტრამპისთვის ჩასულიყო ჩინეთში... კულუარული ურთიერთობები ბევრად უფრო განსხვავებულია, ვიდრე ის, რაც საჯაროდ არის დეკლარირებული და ტრიბუნებიდან ისმის. იმის თქმა მინდა, რომ არსებობს სხვისი ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობა, მაგრამ ასევე არსებობს საკუთარი ინტერესები, რომლებიც უნდა დაიცვა. აი, ეს მოცემულობა გვაქვს ახლა, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ მისასამძიმრებლად ჩასვლა აბსოლუტურად ლოგიკური ნაბიჯია.

- მინდა ირანთან დაკავშირებული კიდევ ერთი თემა განვიხილოთ - თქვენ ამაზე კარგა ხანია ლაპარაკობთ, თუმცა ის ბოლო დროს ჩვენში განსაკუთრებით გააქტიურდა - ეს არის პოლიტიკური ისლამის საფრთხე და ლაპარაკი ქვემო ქართლში ირანული გავლენების გაძლიერებაზე. შესაძლოა ამ საკითხმა ახლა საგარეო ვითარების, კერძოდ, ირანის ირგვლივ მიმდინარე დაძაბულობის ფონზე წამოიწია, თუმცა ფაქტია, რომ პრობლემა გარკვეულწილად არსებობს. საინტერესოა როგორ აფასებთ ამ საფრთხეს, რამდენად რეალური და ძლიერია ეს გავლენა. რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს და, რამდენად შესწევს ძალა ხელისუფლებას, რომ ეს პროცესი აკონტროლოს?

- ამ საკითხზე თქვენი გაზეთის ფურცლებიდან არაერთხელ მისაუბრია, ვფიქრობ, არავისთვის არის სიახლე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არაერთ ქვეყანასთან დაკავშირებული ჯგუფები მუშაობენ, მათ შორის არიან როგორც ჩვენი პარტნიორები და მეგობრები, ასევე ჩვენი არაკეთილმოსურნეები და მტრები.ამ სერიოზულ გამოწვევებსა და რისკებთან დაკავშირებით, მინდა ადრე ნათქვამი კიდევ გავიმეორო - ბოლო წლების განმავლობაში ქვემო ქართლში ოთხი სხვადასხვა სერიოზული ქვეყნის სპეცსამსახური იბრძვის გავლენების მოსაპოვებლად. ამიტომ ეს რეგიონი ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში. ჩვენ, ადამიანები, რომლებიც ჩართული ვიყავით მოვლენების განვითარებაში, ხშირ შემთხვევაში ვოცნებობდით და ვლოცულობდით იმაზე, რომ ამ ძალებიდან იქ არც ერთს გაემარჯვა, ანუ, ერთმანეთზე არ მოეპოვებინათ უპირატესობა. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა მათ შორის ეს ფარული ბრძოლა, მით ნაკლებად მოიკიდებდნენ ფეხს.... მაგრამ უნდა გითხრათ ერთი არასასიამოვნო ამბავი: ჩემი შთაბეჭდილებით, ეს ბრძოლა შესუსტდა და მათგან ერთ-ერთი ქვეყანა იმარჯვებს. არ მინდა, კონკრეტული ქვეყნების დასახელება, რადგან ვიცი, ამას რა მწვავე რეაგირება მოჰყვება, მაგრამ მცოდნე ადამიანი მიხვდება...

ეს ძალიან დელიკატური თემაა და სიფრთხილე გვმართებს.… ახლა რაც შეეხება ირანულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში მუშაობენ. ერთ-ერთი მათგანი ქალაქის ცენტრშია განთავსებული. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მას ძალიან კეთილშობილური შინაარსი აქვს და სოლიდური წარმომადგენლობაც უზის, მაგრამ ვიცი, რეალურად რა სპეციფიკურ სამუშაოს ასრულებს. ამ ორგანიზაციის მუშაობა კატეგორიულად აკრძალულია მეზობელ აზერბაიჯანში, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანიც, ისევე როგორც ირანი, შიიტური სახელმწიფოა.

აღმოსავლეთის ქვეყნები ჩვენთან სხვადასხვა ტიპის პლატფორმებით მუშაობენ: ეს არის კულტურული, ჰუმანიტარული, სასწავლო და ეკონომიკური ორგანიზაციები. მაგალითად, ჩვენი ერთი სამხრეთელი მეზობელი (თურქეთი) უფრო ეკონომიკური პლატფორმებით მუშაობს, ხოლო მეორე მეზობელი (ირანი) უფრო კულტურული, ჰუმანიტარული და რელიგიური ინსტიტუტების მეშვეობით მოქმედებს.

რეალური სურათი რომ აღგიწეროთ, საკმაოდ შემაშფოთებელი ვითარებაა. თუმცა, ეს სურათი კატასტროფული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ქართული სპეცსამსახურების მიერ რომ არ კონტროლდებოდეს, თუმცა არის მომენტები, როდესაც გარკვეული გლობალური "აფეთქებების" დროს კონტროლი რთულდება. აი, როგორც მოხდა სირიაში, როდესაც შეიქმნა ე.წ. ისლამური ხალიფატი და მთელი მუსლიმური სამყაროდან დაიძრნენ მოხალისეები. მაშინ ჩვენი არაერთი მოქალაქე მოულოდნელად აღმოჩნდა ამ ტერორისტული სამხედრო არმიის რიგებში. ჩვენი მონაცემებით, "ისლამური ხალიფატის" რიგებში ბრძოლისას საქართველოს სხვადასხვა ეროვნების დაახლოებით 60-70 მოქალაქე დაიღუპა. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთზეა გადახლართული და იმ ადამიანისთვის, ვინც გეოპოლიტიკურ სურათსა და პოლიტიკურ ისლამს კარგად არ იცნობს, ამ სირთულეებში გარკვევა ძალიან ძნელია.

მადლობა ღმერთს, საქართველოში არის ისტორიულად ჩამოყალიბებული თანაცხოვრების კულტურა. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს მუსლიმურ თემში, მიუხედავად იმისა, რომ არიან სხვა ქვეყნის ინტერესებზე პირდაპირ თუ ირიბად მომუშავე პირები, უმრავლესობას მაინც ჩვენი ქვეყნის პატრიოტები შეადგენენ. აქედან გამომდინარე, ის დესტრუქციული სურათი, რომლის შექმნაც მავანთ სურთ საქართველოში, არ გამოდის.

მინდა გიამბოთ ერთი ამბავი - ეს მოხდა 2000-იანი წლების შუა პერიოდში. საქართველოს მუსლიმური თემის ერთ-ერთი ლიდერი, მუფთი ილია მეორესთან მიღებაზე მივიდა, მეც თან ვახლდი, შესვლა რაღაც გაჭიანურდა, ამასობაში ხუთი საათი მოახლოვდა - მუსლიმთა ლოცვის (ნამაზის) ჟამი. იცით, პატრიარქმა რა გააკეთა? - შეიყვანა თავის რეზიდენციის ერთ-ერთ ოთახში, მოატანინა ხალიჩა, მიუთითა მექის მიმართულებისკენ და გარემოში, სადაც მართლმადიდებლური ხატები იყო, მისცა უფლება ელოცა... ეს ადამიანი იყო და არის ქართველი პატრიოტი მუსლიმი.…მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მუსლიმებში ბევრი პატრიოტია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ისეთი ქვეყნების გარემოცვაში, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად რელიგიას იყენებენ. ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ისლამზეა ლაპარაკი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თავად ისლამისგან უნდა შევქმნათ მტრის ხატი. უბრალოდ, ყურადღებით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ რელიგიურ ფაქტორს სხვა ქვეყნებში შეღწევადობისთვის იყენებენ არა მხოლოდ აღმოსავლეთის სახელმწიფოები, არამედ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელიც.…

- გასულ კვირას, ჯერ იყო და, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო შეუძლებელს ხდის სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევასო, მერე იგივე გაიმეორა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. როგორ ფიქრობთ, რატომ გააქტიურდა ძალის გამოუყენებლობის საკითხი მაინცდამაინც ახლა? რუსეთი ბოლო დროს ძალიან ცდილობს ოკუპაციის თემის წინ წამოწევას, თუნდაც ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, რამაც გააჩინა სერიოზული ეჭვი, რომ ოკუპანტი ქვეყანა ჩვენი ტერიტორიის ანექსიისთვის ემზადება...

- რეალურად, რუსეთის დიპლომატია აქ რამდენიმე კურდღლის დაჭერას ცდილობს. პირველი მიზანია, რომ შეცვალონ ადგილობრივი პოლიტიკური კლიმატი ამ ანკლავებში. საქმე ის არის, რომ აფხაზეთში ანტირუსულმა განწყობებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია - დიახ, არა ანტიმოსკოვურმა, არამედ პირდაპირ ანტირუსულმა განწყობებმა.

მეორე მიზეზი ისაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა შეურაცხყოფილია იმ ტოტალური კორუფციით, რის გამოც რუსეთიდან წამოსული ფინანსური ტრანშები პრაქტიკულად ჰაერში ქრებოდა. ამ ტრანშებს ერთობლივად იპარავდნენ როგორც რუსი, ისე აფხაზი ჩინოვნიკები. გარდა ამისა, უდიდეს უკმაყოფილებას იწვევს ის თავსმოხვეული კანონები, რომელთა გატარებასაც მოსკოვი აფხაზეთში ცდილობს - მაგალითად, ე.წ. აპარტ-ოტელების კანონი და სხვა.

რაც შეეხება ცხინვალს, იქ გაგლოევის ძმას კრიმინალური ჯგუფი ჰქონდა შექმნილი და რეგიონი ნამდვილ ანკლავად იქცა. მოსკოვს არ სურს, რომ იქ ასეთი სურათი იყოს, რადგან ეს კრემლის ავტორიტეტს სერიოზულად ლახავს. ამიტომ შეიცვალა საკადრო მიდგომა.

რაც შეეხება ე.წ. ორი ოსეთის გაერთიანებასა და ანექსიის თემას, ეს დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ჩვენს თავზე. ამ ეტაპზე ამ საკითხის გააქტიურებას შესაძლოა სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს, რის თაობაზეც მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შემიძლია...

პირველი ვერსით, შესაძლოა კრემლის დავალებით მართლაც იგეგმება ამ ორი რეგიონის (ჩრდილოეთ და ე.წ. სამხრეთ ოსეთის) ოფიციალური გაერთიანება და ანექსია. მეორე ვერსიად ვერ გამოვრიცხავთ, რომ მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებასთან აწარმოებს კულუარულ მოლაპარაკებებს, რომ როგორმე შემოირიგოს თბილისი, ან პირიქით - იყენებს ამ თემას ზეწოლისთვის. მესამე ვერსიად კი შესაძლოა დავუშვათ, რომ ამ რეგიონს საბოლოოდ ამზადებენ, როგორც წმინდა წყლის სამხედრო პოლიგონს.

გეოპოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, ცხინვალის რეგიონის ტერიტორია მოსკოვისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აფხაზეთი. ის მდებარეობს პირდაპირ სამხრეთ კავკასიის გულში, საიდანაც ელექტრონული და ტექნოლოგიური დაზვერვის მეშვეობით მთელი რეგიონი კონტროლდება. ასე რომ, ზუსტად რა ხდება, ვერ ვიტყვით, რადგან არ არის გამორიცხული, ე.წ. სამხრეთ ოსეთი იყოს ზურგის ბაზა ჩრდილოეთ კავკასიის ბაზებისთვის. ყველაფერი მაინც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფინალზეა დამოკიდებული. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ოსეთის გაერთიანების საკითხი ყოველთვის იყო საქართველოზე განსაკუთრებული ზეწოლის ბერკეტი. მოსკოვს ეს რომ ნამდვილად ნდომებოდა, აქამდეც გააკეთებდა, მით უმეტეს, რომ საერთაშორისო სამართალს მოსკოვი აღარ ცნობს და ეს სისტემა საერთოდ აღარ მუშაობს.

არ მგონია, რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას უკრაინასთან ომში წარუმატებლობის კომპენსაციად ხედავდეს...

მაშინ, როდესაც თბილისი რუსეთის მიმართ მაქსიმალურად თავშეკავებულ პოლიტიკას ატარებს, რატომ უნდა სჭირდებოდეთ დღეს ამ საკითხის პედალირება, რთული გასაგებია, ამით სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აგდებენ რთულ ვითარებაში.

არადა, ამ ეტაპზე რუსეთი უმძიმეს მდგომარეობაშია. უკრაინამ სწორი ტაქტიკა აირჩია - ენერგოობიექტებზე დარტყმებით სერიოზული პრობლემები შეუქმნა, განსაკუთრებით ყირიმში, სადაც საწვავის და სურსათის დეფიციტია. რუსეთის შიგნით, მათ შორის ძალოვნებში, უკვე ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას. ამ ეტაპზე პუტინისთვის ნებისმიერი კომპრომისი კარიერის დასასრულს ნიშნავს, თუმცა კულუარებში უკვე განიხილება მისი შემცვლელები.… რუსეთის ტრაგედია ისაა, რომ მას აქვს იმპერიული ამბიციები, მაგრამ აღარ აქვს იმპერიული რესურსი. ის თავისი პოლიტიკით მხოლოდ იმას ახერხებს, რომ მოყვარეს მტრად აქცევს...