გაზრდის თუ არა განათლების ხარისხს სკოლებში ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი?!
ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე ქართული ღვინის დაწურვის პროცესი, ბიოლოგიის - მსოფლიოში უნიკალურად მიჩნეული ქართული მარცვლეულის ხუთი სახეობა, ქართული ენისა და ლიტერატურის - იოანე ზოსიმე და "ვეფხისტყაოსანი"... სასკოლო სახელმძღვანელოების პირველ გვერდზე განთავსდება საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნის ტექსტი. ეს იმ სიახლეების არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებასაც განათლების სამინისტრო აპირებს. უწყება ეტაპობრივად გადადის მოდელზე, რომლის მიხედვითაც, ერთი და იმავე სახელმძღვანელოთი სწავლება, ერთსა და იმავე საფეხურსა და ერთსა და იმავე საგანში, სავალდებულო იქნება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებისთვის. სამინისტროში აცხადებენ, რომ 2026 წლის 15 სექტემბერს 1-ლ, მე-7 და მე-10 კლასების მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით სრულად იქნებიან უზრუნველყოფილი, ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე კი ჰუმანიტარული და STEM მიმართულებების საგნებში - ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია - სახელმძღვანელოები 2028 წლის 15 სექტემბრამდე შეიცვლება. ცვლილების მიზნად განათლების სამინისტრო ასახელებს სწავლების ერთიანი სტანდარტის შექმნას, მოსწავლეთა მობილობის გამარტივებასა და სასკოლო ჩანთების შემსუბუქებას, რის გამოც ახალი სახელმძღვანელოები ორ, სამ და ოთხ ნაწილადაც დაიყოფა. რეფორმის შედეგებზე, სისტემურ გამოწვევებსა თუ საერთაშორისო გამოცდილებაზე განათლების ექსპერტს ნათია გორგაძეს ვესაუბრეთ.
- პრობლემა ნამდვილად არსებობს, თუმცა თანმიმდევრულობას სწავლების სტანდარტი და მომზადებული მასწავლებელი უზრუნველყოფს და არა მხოლოდ წიგნი. სემესტრულ ნაწილებად წიგნების დაყოფა და ჩანთის შემსუბუქება გონივრულია, ამაზე კამათი არც ღირს, მაგრამ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ბუნდოვანება დიდია. ჯერ ერთი, სახელმძღვანელოების წერა ისე დაიწყო, რომ საგნობრივი სტანდარტები დამტკიცებული და გასაჯაროებული არ იყო - ანუ ჯერ იწერება წიგნი, მერე მტკიცდება დოკუმენტი, რომელსაც ის უნდა ეფუძნებოდეს. დღეს მხოლოდ ყდებზე ვსაუბრობთ - ღვინის დაწურვასა და თავთავებზე, რადგან შინაარსი არავის უნახავს; მეორე - სამინისტრო ერთდროულად ხდება დამკვეთი, ავტორი და შემფასებელი, დამოუკიდებელი ხარისხის კონტროლი მთლიანად ქრება და ეს ინტერესთა კონფლიქტი სისტემაში მყარად ჩაშენდა; მესამე გამოწვევაა წიგნის შექმნის ვადები. სრულფასოვანი სახელმძღვანელო პილოტირებასა და ფუნდამენტურ გადამუშავებას მოითხოვს. ეს თვეებში ვერ გაკეთდება და ამას ირიბად თავად ხელისუფლებაც აღიარებს, რადგან სრული დანერგვა უკვე 2028-2029 წლამდე გადასწიეს.
რა შეიძლება გაუარესდეს? 1. ოცწლიანი საგამომცემლო და საავტორო გამოცდილება, რომელიც ერთი გადაწყვეტილებით ისპობა და მის აღდგენას წლები დასჭირდება; 2. მასწავლებლის პროფესიული ავტონომია, რომელიც ერთადერთი სავალდებულო წიგნის გამო კიდევ უფრო ვიწროვდება; 3. როდესაც სახელმწიფო ერთადერთი სახელმძღვანელოს ავტორია და იმავდროულად, საჯაროდ აცხადებს ღირებულებით მიზანს, ეს შინაარსის პოლიტიზაციის რისკის შემცველია. ცალკე მნიშვნელოვანი კითხვაა, როგორ და როდის მოხდება ამ წიგნების ადაპტირება არაქართულენოვანი სკოლებისთვის? ვიცით, რომ ამ კუთხით დაგვიანება ისედაც ქრონიკულია... თუ შევაჯამებთ, სამინისტრომ რეალურად არსებულ მწვავე პრობლემას ადმინისტრაციულად ყველაზე მარტივი, მაგრამ პედაგოგიურად ყველაზე სარისკო ინსტრუმენტით უპასუხა.
- ყდების ეროვნული ღირებულების ვიზუალით დაბეჭდვა ერთგვარი სიახლეა. ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე ღვინის დაწურვის პროცესი, ფიზიკის წიგნზე კი კოსმოსში ქართული თანამგზავრის გაშვება იქნება დატანილი...
- ყდა ბავშვისთვის წიგნთან პირველი შეხების წერტილია და თუ ის მეცნიერებას, ნაცნობ ქართულ კონტექსტს დაუკავშირებს, მაგალითად, ღვინის დაწურვას, ეს კარგი მესიჯია. ამან შესაძლოა საგანთან ემოციური კავშირი და სწავლის მოტივაციაც კი გააჩინოს, თუმცა მაშინ, თუ ეს ვიზუალი შინაარსშიც გაგრძელდება ავთენტური, საინტერესო, რელევანტური ქართული მაგალითებით, ქართველი მეცნიერების ისტორიებით... თუ ყდის მიღმა თანამედროვე, ხარისხიანი შინაარსი დგას, ეს კარგი დამატებაა, თუ არა, ვიზუალი პედაგოგიკას ვერ ჩაანაცვლებს.
- როგორია ევროპული გამოცდილება ერთ სავალდებულო სახელმძღვანელოს მოდელთან დაკავშირებით?
- ევროპაში ერთი სავალდებულო სახელმძღვანელოს პრინციპი უფრო გამონაკლისია და არა წესი. მაგალითად, საბერძნეთში სახელმძღვანელოს საკითხი ხშირად განიხილება ცენტრალიზებული საგანმანათლებლო მოდელის ნაწილად; OECD-ის შეფასებებში პრობლემაა დაბალი ავტონომია და დაზეპირებაზე ორიენტირებული სწავლება; უნგრეთში 2013 წლიდან სახელმძღვანელოების ბაზარი ეტაპობრივად სახელმწიფოს სრულად დაექვემდებარა. შედეგად, ხარისხის ვარდნაზე მუდმივად არის პრეტენზიები და შინაარსის პოლიტიზებაზე ბრალდებები. პოლონეთში 2014 წელს შემოიტანეს სახელმწიფო უფასო სახელმძღვანელო Nasz elementarz, რომელსაც მოჰყვა სერიოზული აკადემიური კრიტიკა. 2017 წელს შემუშავდა მოდიფიცირებული/ადაპტირებული ვერსია „My i nasz Elementarz", რომელიც სახელმწიფო დაკვეთით შექმნილ წიგნის ვერსიას ეფუძნებოდა, თუმცა მანამდე არსებულ კრიტიკას ითვალისწინებდა - ანუ პრეცედენტები არსებობს, მაგრამ წარმატების ისტორია ნაკლებად... მეორე მხრივ, არიან ქვეყნები, რომელთა შედეგებით აღფრთოვანებული ვართ. ფინეთმა სახელმძღვანელოების წინასწარი დამტკიცებაც კი გააუქმა 90-იანებში; ესტონეთში რამდენიმე ალტერნატივაა და არჩევანს სკოლა აკეთებს. თანმიმდევრულობას კი ქმნის მკაფიო სტანდარტი, ძლიერი მასწავლებელი და არა ერთი წიგნი...
რუსეთი ყველაზე საგულისხმო პარალელია. 2013 წლიდან პუტინის ინიციატივით დაიწყო "ერთიანი ისტორიის სახელმძღვანელოს" პროექტი. 2023 წლიდან უკვე ერთი სახელმწიფო ისტორიის სახელმძღვანელო შევიდა, მედინსკის თანაავტორობით, სადაც უკრაინის ომი "იძულებით ნაბიჯად" არის მოხსენიებული. ლოგიკა მსგავსია - ერთიანობა, ეროვნული ღირებულებები, "სწორი" ნარატივი. შედეგად, სახელმძღვანელო პედაგოგიური ინსტრუმენტიდან იდეოლოგიურ ინსტრუმენტად გადაიქცა, ბაზარი კი ერთ, სახელმწიფოსთან დაახლოებულ გამომცემლობაზე ფოკუსირდა.
ყველაზე ხშირად მოჰყავთ არგუმენტად აზიის "ვეფხვი" ქვეყნების და იაპონიის მაგალითი და ყველაზე ხშირად არასწორად. სინგაპურში სახელმწიფო წიგნებს არ წერს. არსებობს განათლების სამინისტროს დამტკიცებული ნუსხა, რომლიდანაც სკოლა ირჩევს, ხოლო ხარისხს ქმნის უმკაცრესი სტანდარტი და მასწავლებელთა ელიტური მომზადება. იაპონიაში კერძო გამომცემლობების მრავალი წიგნი გადის სახელმწიფო ექსპერტიზას და არჩევანს ადგილობრივი საბჭოები აკეთებენ. სამხრეთ კორეაში 2015 წელს პაკ კუნ-ჰეს მთავრობამ სცადა ისტორიაში ერთიანი სახელმწიფო სახელმძღვანელოს დაბრუნება "სწორი ისტორიის" ლოზუნგით. ამას მოჰყვა ისტორიკოსების ბოიკოტი, მასობრივი პროტესტი და 2017 წელს პროექტი გაუქმდა. ქვეყანამ, რომელიც განათლების ბევრი შედეგით მსოფლიო ლიდერების სიაშია, ეს გზა სცადა და უკუაგდო.
- რა იქნება საქართველოსთვის რელევანტური მსოფლიო ქვეყნების გამოცდილებიდან?
- 1. ჯერ სტანდარტი, მერე საჯარო, დეტალური, პროფესიულ წრეებთან განხილული და მხოლოდ ამის შემდეგ გამოცემული წიგნი; 2. სავალდებულო პილოტირება სკოლებში სრულ დანერგვამდე; 3. ავტორისგან დამოუკიდებელი შეფასების მექანიზმი.
თუ მაინც ერთი წიგნის მოდელს ვირჩევთ, ევროპული გამოცდილება გვეუბნება, რომ ეს სამი დამცავი მექანიზმი არის ის მინიმუმი, რის გარეშეც საბერძნეთის სცენარს უფრო ვუახლოვდებით, ვიდრე ფინეთისას.
- რა პრობლემებია სასკოლო წიგნების შინაარსობრივი კუთხით?
- სამინისტროსვე ანალიზი აჩვენებდა, რომ ყველაზე სუსტი რგოლი მასწავლებლის წიგნი იყო, ზოგადი თეორიების ნაკრები, რეალური მეთოდიკური დახმარების გარეშე. დამოუკიდებელი კვლევები კი წლებია ერთსა და იმავეზე მიუთითებს: ფაქტობრივი მასალით გადატვირთულობა კომპლექსური, სააზროვნო დავალებების ხარჯზე; ტექსტების შეუსაბამობა მოსწავლის ასაკსა და წიგნიერების დონესთან. CCIIR-ის კვლევებით ვაჩვენეთ, რომ სახელმძღვანელოებში ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ან უხილავია, ან ზედაპირულად, "ფოლკლორულ" დონეზეა წარმოდგენილი, გენდერული როლები კი სტერეოტიპულად ნაწილდება. ქალი ოჯახში, კაცი - საჯარო სივრცეში. ცალკე ქრონიკულ პრობლემად წარმოვაჩენთ არაქართულენოვანი სკოლების თარგმანების ხარისხს. საია წლების განმავლობაში აფიქსირებდა საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევასა და ინდოქტრინაციის პრაქტიკას. სახალხო დამცველი სისტემატურად მიუთითებდა სახელმძღვანელოებში სიძულვილის ენის, რელიგიური და ეთნიკური სტერეოტიპების არსებობაზე და სამინისტროსგან ერთიან მიდგომას ითხოვდა. TDI-ის ანალიზმა აჩვენა, რომ რელიგიური მრავალფეროვნება ან უგულებელყოფილია, ან უმცირესობები "უცხოს" პოზიციიდან არიან წარმოდგენილი.
- განათლების მინისტრის თქმით, მე-10 კლასის მოსწავლეები საქართველოს ისტორიას ცალკე საგნად, ცალკე სახელმძღვანელოთი ისწავლიან და ეროვნული კომპონენეტების შემოტანით, ახალი სახელმძღვანელობის პრინციპებისა და მიზნების "მთლიანად გადაწყობა მოხდება".
- საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად გამოყოფაში დადებითი შეიძლება ის დავინახოთ, რომ ეროვნული ისტორია მეტ სიღრმეს მიიღებს. აქამდე ის შეიძლება ბევრად ეპიზოდურად, ფრაგმენტულად ისწავლებოდა. საკუთარი ქვეყნის ისტორიის სისტემური ცოდნა მოქალაქეობის საფუძველია და ამაზე, ალბათ, არავინ იდავებს. მაგრამ არის რისკიც: ისტორია ის საგანია, სადაც "ცალკე" ადვილად შეიძლება გადაიქცეს "მოწყვეტილად". საქართველოს ისტორია ხომ სწორედ მაშინ იკითხება სრულფასოვნად, როდესაც წარმოჩენილია მსოფლიო პროცესების კონტექსტში. მაგალითად, როგორ უნდა ვისაუბროთ ვახტანგ გორგასლის ეპოქაზე, ბიზანტია-ირანის დაპირისპირების კონტექსტის გარეშე, ან განვიხილოთ ილიას თაობა ევროპული ნაციონალიზმისა და რუსული იმპერიის მოდერნიზაციის გარეშე? თუ ეროვნული და მსოფლიო ისტორია ორ პარალელურ, ერთმანეთთან შეუთანხმებელ ნარატივად დაიშლება, მოსწავლე მიიღებს იზოლირებულ, თვითკმარ ისტორიას, სადაც საქართველო მსოფლიოს გვერდით არსებობს და არა მის სინთეზურ ნაწილად. სწორედ შედარება და კონტექსტი აჩვენებს, სად იყო ქვეყანა უნიკალური და სად - საერთოევროპული პროცესის ნაწილი... ეს სტანდარტები ჯერ არავის უნახავს, ამიტომ "მთლიანად გადაწყობა" ჯერჯერობით მხოლოდ დაპირებაა, რომლის შეფასებაც მტკიცებულებების გარეშე შეუძლებელია.
მარიამ ბუკია