„არ მინდა ჩვენი თაობა უკანასკნელი იყოს, ვისაც აფხაზური ესმის“ - კვირის პალიტრა

„არ მინდა ჩვენი თაობა უკანასკნელი იყოს, ვისაც აფხაზური ესმის“

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. დეპუტატობის კანდიდატებისთვის აფხაზური ენის ცოდნის სავალდებულო მოთხოვნას მწვავე დისკუსია მოჰყვა. კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მთავარი პრობლემა - მშობლიური ენის ფლობა პოლიტელიტის ნაწილსაც უჭირს, ახალგაზრდები კი აფხაზურად აღარ ლაპარაკობენ, ყველა სფეროში რუსული დომინირებს. პარალელურად ოსური ენის გაქრობის საფრთხეზე ალაპარაკდნენ ცხინვალის რეგიონშიც. სოხუმში დისკუსიის მიზეზი დე ფაქტო კანონში ცვლილებები გახდა. 2027 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შედის ნორმა, რომლის მიხედვითაც, მარტში დაგეგმილ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატებისთვის აფხაზური ენის ცოდნა სავალდებულო გახდება. რამდენიმე პარტია კანონის ამოქმედების გადადებას ან გაუქმებას მოითხოვს. მათი განცხადებით, აფხაზეთი ამ ეტაპზე ასეთი მოთხოვნისთვის მზად არ არის და ენობრივი ცენზი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობას შეუზღუდავს გამოცდილ მენეჯერებსა და პროფესიონალებს, რომლებიც აფხაზურ ენას სათანადოდ არ ფლობენ. ინიციატივის მხარდამჭერები კი აცხადებენ, რომ სახელმწიფო ენის დაცვა კომპრომისის საგანი არ უნდა გახდეს. უფრო გამწვავდა დისკუსია აფხაზური ენის კრიტიკულ მდგომარეობაზე. ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა მშობლიური ენა არ იცის, ხოლო ვინც იცის, მხოლოდ საყოფაცხოვრებო დონეზე. ენობრივი ცენზის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი, "ომის გმირი" ასლან კობახია აცხადებს, რომ პოლიტიკოსისთვის "სახელმწიფო ენის" უცოდინარობა მიუღებელია და "მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც პოლიტიკური კარიერის გაკეთება სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე იყოს შესაძლებელი". აფხაზი პოლიტოლოგის ასტამურ ტანიას თქმით, აფხაზური ენის დაცვა უკვე თვითგადარჩენის საკითხია და მათი იდენტობა არსებობს მანამ, "სანამ არსებობენ აფხაზურენოვანი აფხაზები".

ამ თემაზე დისკუსიაა სოცქსელებშიც. როგორც ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი არიანა ცარგუში წერს, აფხაზური ენა ქრება, ამას ხელს უწყობს ის, რომ ეკონომიკა, განათლების სისტემა და საინფორმაციო სივრცე რუსულ ენაზეა აგებული, ბავშვები დაბადებიდან რუსულ მულტფილმებს უყურებენ, აფხაზურად თარგმნილი წიგნები პრაქტიკულად არ არსებობს. სკოლებში სწავლება რუსულ ენაზეა, აფხაზეთის ისტორიასაც კი რუსულად ასწავლიან, რის გამოც ახალგაზრდებისთვის აფხაზური თანამედროვე ცხოვრების ენად აღარ აღიქმება და მხოლოდ წარსულთან ან ვალდებულებასთან ასოცირდება: "მე აფხაზი ვარ, დავიბადე და გავიზარდე აფხაზურ ოჯახში და არ მინდა ჩვენი თაობა იყოს უკანასკნელი, რომელსაც ჯერ კიდევ ესმის აფხაზური". ბლოგერი საკუთარ მაგალითზე ამბობს, რომ ინტელექტუალურ თემებზე საუბრისას თავადაც ხშირად რუსულ ენაზე გადადის, რადგან აფხაზური სათანადოდ არ იცის.

ასეთივე პრობლემაა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონშიც. 2009 წელს იუნესკომ ოსური ენა გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფ ენებს შორის დაასახელა. როგორც ოპოზიციური ტელეგრამარხი "ბორნვარნონი" წერს, ოსური ენა "რესპუბლიკაში" მეორეხარისხოვანი გახდა. სკოლაში ოსური მხოლოდ ცალკე საგნად ისწავლება, ბავშვები ძირითადად რუსულად საუბრობენ, ხოლო ენის შესასწავლად გახსნილი უფასო კურსები პრობლემას ვერ აგვარებს. ამ კურსების ინიციატორი, პროფესორი ზოია ბიტაროვა ამბობს, რომ "რესპუბლიკის" მოსახლეობის მხოლოდ 5%-მა იცის მაღალ დონეზე ოსური ენა, დანარჩენი ან გამარტივებულ, ყოველდღიურ მეტყველებას იყენებს, ან რუსულთან შერეული ოსურით საუბრობს. "ბორნვარნონის" შეფასებით, ცხინვალის განათლების სისტემა ეროვნული სკოლის შექმნაზე ზრუნვის ნაცვლად პასუხისმგებლობას ოჯახებს აკისრებს.

"ოსური ენის შესწავლა და ოსურ ენაზე სწავლება ორი განსხვავებული რამ არის და განათლების მინისტრი ამას ვერ ხვდება", - წერს არხი.

"ოსური ენა მომაკვდავი ენების კატეგორიაშია"

ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიცია "დევნილთა უფლებებისთვის" თავმჯდომარე: - ოსური ენა დღეს მომაკვდავ ენად არის მიჩნეული და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი მისი გამოყენების არეალია. ფაქტობრივად, ოსური მხოლოდ საყოფაცხოვრებო დონეზე გამოიყენება. განათლება, ე.წ. სახელმწიფო მმართველობა, საქმის წარმოება - ყველაფერი რუსულ ენაზეა. როდესაც ენა მხოლოდ ოჯახსა და ყოველდღიურ ყოფაში რჩება, ეს მისი თანდათანობით გაქრობის ნიშანია.

ცხინვალის რეგიონში არც ერთი ოსურენოვანი სკოლა არ არსებობს. ცხინვალში 12 სკოლაა, ახალგორში ერთი და ყველგან სწავლება რუსულია, ოსური კი მხოლოდ საგანია.

ძალიან დიდი განსხვავებაა ოსური ენის სწავლასა და ოსურ ენაზე სწავლებას შორის. მთავარი ის არის, რომ ოსურ ენაზე განათ­ლების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია. არ არსებობს სახელმძღვანელოები, შესაბამისი ტერმინოლოგია და საკმარისი ლექსიკური მარაგი, ესეც ხელს უშლის ენის განვითარებას. კვალიფიციური პედაგოგებიც არა ჰყავთ. მასწავლებლობა პრესტიჟული პროფესია აღარ არის და ვინ უნდა ასწავლოს ფიზიკა და ბიოლოგია ოსურ ენაზე? ამ ყველაფრის ნულიდან შექმნა ძალიან რთულია. პრობლემა მხოლოდ ფინანსებში არ არის - არ არსებობს ის მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც სისტემას ოსურ ენაზე სრულფასოვანი განათლების დანერგვის საშუალებას მისცემდა. თანამედროვე გამოწვევებს ოსური ენა არ ჰყოფნის გამოხატვისთვის. არის დიალექტების პრობლემაც. არსებობს დიგორული დიალე­ქტი, რომელზეც ჩრდილოოსები ლაპარაკობენ, და არის ირონული დიალექტები, ირონულშიც კი რამდენიმე მიმართულებაა. დღემდე არ არსებობს შეთანხმება, რომელი უნდა იყოს პრიორიტეტული სალიტერატურო სტანდარტი.

მეორე პრობლემაც არის - ბილინგვობა და გლობალიზაცია. თანამედროვე ტერმინოლოგია პრაქტიკულად არ არსებობს.

ახალი სიტყვების დიდი ნაწილი რუსული ენიდან გადადის. ყველა სფეროში, მათ შორის საქმის წარმოებასა და ოფიციალურ კომუნიკაციაში რუსული ენა გამოიყენება და ეს დევნის ოსურს. მართალია, ოსურად ლექსებსა და სიმღერებსაც წერენ, წიგნებსაც გამოსცემენ, ტელევიზია ოსურადაც მაუწყებლობს და რუსულადაც, არის პრესაც, მაგრამ ეს ვერ ცვლის იმ რეალობას, რომ განათლება, დე ფაქტო სახელმწიფო მმართველობა და მთელი ოფიციალური ცხოვრება მთლიანად რუსულ ენაზეა გადასული.

კიდევ ერთი პრობლემაა ახალგაზრდების მიგრაცია. იყო პერიოდი, როდესაც პატრიოტულად განწყობილმა ახალგაზრდებმა ოსურის ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო აქტიურად გამოყენება სცადეს, თუმცა ეს ინიციატივა ვერ განვითარდა. ახალგაზრდები რეგიონს ტოვებენ. ამას ემატება ისიც, რომ პროგრამები და ფინანსები რუსეთიდან მოდის, ენის განვითარების რესურსი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ყოველივე ამის გამოა ოსური ენა მომაკვდავი ენების კატეგორიაში. პროცესი უკვე იმდენად შორსაა წასული, გამორიცხულია, ცხინვალის რეგიონმა ოსურ ენაზე ფუნქციონირება შეძლოს.

"როცა საქართველოსთან იყვნენ, აფხაზურს უკეთ ფლობდნენ"

პაატა ზაქარეიშვილი, შერიგების საკითხების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი: - როგორც ცხინვალში, ისე აფხაზეთში სერიოზული პრობლემაა მშობლიური ენის საკითხი. თუ ადრე ამაზე მხოლოდ პირად საუბრებში ლაპარაკობდნენ, ახლა ეს საჯარო სივრცეშიც აქტიურად განიხილება. აფხაზეთში უფრო სოფლებშია შემორჩენილი, ქალაქებში კი ახალგაზრდები ერთმანეთში უმეტესად რუსულად საუბრობენ. აფხაზურის ცოდნა გარკვეულწილად პრესტიჟად მიიჩნევა, მაგ­რამ ეს ხშირად ზედაპირული ცოდნაა. შეუძლიათ მარტივი საუბარი, თუმცა აფხაზურად წერა, ანალიზი და დისკუსიებში მონაწილეობა უჭირთ. ეს ოსურ ენაზეც ითქმის.

ასტამურ ტანიას თქმით, ყველა მშობლებმა იცოდნენ აფხაზური ენა, ახლა კი ეს პრობლემაა. გამო­დის, როცა საქართველოსთან იყვნენ, აფხაზურს უკეთ ფლობდნენ, ვიდრე დღეს, რუსულ კონტექსტში. რუსეთში უამრავი ეთნიკური უმცირესობაა და მოსკოვი არც ერთზე არ ზრუნავს, აფხაზებსა და ოსებზე რატომ უნდა იზრუნოს?! სხვათა შორის, ოსური ენა ჩრდილოეთ ოსეთში უფრო დაკარგულია, ვიდრე ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ვლადიკავკაზი მთლიანად რუსიფი­ცირებულია და საკმარისია, ვიღაც პატრიოტმა მაღაზიაზე ოსურ ენაზე რაღაც გამოაკრას, მთელი საზოგადოება ბედნიერია.

აფხაზეთშიც და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც მთელი ინფრასტრუქტურა, კულტურა, ფილმები, ინტერნეტი - ყველაფერი რუსულია. აფხაზეთში ფორმალურად არსებობს აფხაზური სკოლები, აფხაზურად სწავლება მხოლოდ პირველ ოთხ კლასში მიმდინარეობს, მეხუთე კლასიდან კი ყველა საგანი რუსულ ენაზე გადადის. ამის გამო მშობლების დიდ ნაწილს შვილები პირდაპირ რუსულ სკოლაში შეჰყავს. უნივერსიტეტებშიც სწავლების ძირითადი ენა რუსულია. აფხაზეთში თით­ქმის ყველა ოფიციალურ დაწესებულებასა და ქუჩაზე აფხაზური წარწერებიც არის, თუმცა უფრო სიმბოლურად. ოფიციალური კომუნიკაციისა და ყოველდღიური საქმიანობის მთავარი ენა მაინც რუსულია. არის აფხაზურ ენაზე ტელეგადაცემები, აფხაზური გაზეთები, თუმცა არავინ კითხულობს.

ეკატერინე ბასილაია