"არავინ ამბობს, რომ პოლიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, მაგრამ...“
პარლამენტში მუშტი-კრივმა, ოპოზიციურ სპექტრში გახშირებულმა ურთიერთბრალდებებმა და ხელისუფლების ბოლო საგარეო ნაბიჯებმა პოლიტიკური დღის წესრიგი კიდევ უფრო დაძაბა. პოლიტიკის ანალიტიკოსი ლევან ლორთქიფანიძე გვიპასუხებს კითხვებზე, არსებობს თუ არა კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა და აქვს თუ არა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს დიალოგისა და შეთანხმების რესურსი.
- ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ღირსეული ქალი, მზია ამაღლობელი, მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა პატიმრობაში, რომ პოლიციელის გინებას სილის გაწვნით უპასუხა. იმის ნაცვლად, რომ ადმინისტრაციული წესით დაეჯარიმებინათ და პოლიციის განყოფილებიდანვე გაეშვათ, ბორკილდადებული ისე ატარეს, წყალი არ დაალევინეს, საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება არ მისცეს და ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, პატიმრობაში დატოვეს... როდესაც ადამიანს ძალაუფლება აქვს, პოლიტიკური თანამდებობა თუ სამართალდამცავი სისტემის მაღალი პოზიცია, ასეთ ინციდენტებზე რეაგირება უნდა იყოს კანონით განსაზღვრული და პროპორციული. მაგალითად, გერმანიაში კურტ გეორგ კიზინგერს პარტიის ყრილობაზე ანტიფაშისტმა აქტივისტმა ქალმა სილა გააწნა, მაგრამ მას მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა. საფრანგეთშიც მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრეს ქალს, რომელმაც მაკრონს გაარტყა. ორივე შემთხვევაში სახელმწიფოს რეაგირება იყო სამართლებრივი, მაგრამ არა უკიდურესად სადამსჯელო. თუ "ქართული ოცნება" მოქალაქეებისგან ძალადობის მიუღებლობასა და კანონის პატივისცემას ასეთი სიმკაცრით მოითხოვს, მაშინ იგივე სტანდარტი თავადაც უნდა დაიცვას. სწორედ აქ ჩნდება მთავარი წინააღმდეგობა - ერთი სილის გაწვნის გამო ქალი პატიმარია, მაშინ როდესაც მმართველი გუნდის რამდენიმე ათეულმა წევრმა ალყაში მოაქცია ოპოზიციის 2 დეპუტატი და სასტიკად სცემა. კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, რომ "ქართველ კაცს შეურაცხყოფის მოთმენა არ შეუძლია". თუ ამ ლოგიკას მივყვებით, მაშინ რატომ ზის ციხეში მზია ამაღლობელი? ე.ი. ქართველმა ქალმა შეურაცხყოფა უნდა აიტანოს, ხოლო ოლიმპიურ ჩემპიონს შეუძლია სიტყვიერ შეურაცხყოფას ძალადობით უპასუხოს და ამისთვის პასუხი არ აგოს?! ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ხელისუფლება ამკვიდრებს. არის კიდევ ერთი საკითხი - ქართულ კულტურაში უთანასწორო ბრძოლაში ჩართვა ღირსეულ საქციელად მაშინ მიიჩნევა, როდესაც დაჩაგრული იბრძვის ღირსების დასაცავად, პარლამენტში კი ფიზიკურად ძლიერი ადამიანები, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონები, თავს დაესხნენ მათ, ვინც მათთან შედარებით აშკარად უთანასწორო მდგომარეობაში იყვნენ როგორც რიცხობრივად, ასევე ფიზიკური შესაძლებლობებით. ეს მხოლოდ ძალადობა არ არის, ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რომ მმართველი გუნდი არ დაუშვებს განსხვავებული აზრის პოზიციონირებას. ეს დემოკრატიული ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი დამოკიდებულება არ არის. მეტიც, აქ უკვე კრიმინალური აზროვნება იკვეთება. კობახიძემ მასთან შეპასუხება არ აპატია ოპოზიციონერ დეპუტატს. დაინახა, რაც ხდებოდა, მაგრამ ძალადობის შეჩერება არც უცდია და შემდეგ არც დაუგმია. იგივე შეიძლება ითქვას პარლამენტის თავმჯდომარეზეც. ის მუდმივად ამბობს, ვინ სად ცხოვრობს, ვინ რას წერს სოცქსელში, ვინ ვის შეხვდა და ვისთან ერთად ისადილა, მაგრამ როდესაც პარლამენტში რამდენიმე ადამიანი ოპოზიციონერ დეპუტატებს გაუსწორდა, ამას რეაქციის გარეშე უყურა.
- "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მსოფლიოში პრაქტიკულად არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირების გამო დეპუტატები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ და ამას საპარლამენტო იმუნიტეტის არსებობით ხსნის.

- არავინ ამბობს, რომ პოლიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და დეპუტატები ბორკილდადებული გამოიყვანოს. წესით, დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენონ, ბატონ ტალახაძესა და გენო პეტრიაშვილს ფორმალურად მაინც დაუკავონ ხელფასიდან თუნდაც ათასი ლარი, მაგრამ ჩვენ გვყავს კრიმინალური მენტალიტეტის მთავრობა, რომელიც პირდაპირ ამბობს, თუ ხელისუფლებას ემსახურები, კანონი არ შეგეხება და ყველაფრის უფლება გაქვს.
- მაშინ, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლებით უკმაყოფილება იზრდება, ოპოზიციურ სპექტრში, მათ შორის "ნაცმოძრაობაშიც", დაპირისპირება გრძელდება. ეს პროცესები მიზანმიმართული პოლიტიკური თამაშის, მათ შორის ხელისუფლების ინტერესებისა და გავლენების შედეგია, თუ თავად ოპოზიციური ლიდერების შიდა უთანხმოებამ მიიყვანა ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე?
- წლების განმავლობაში დაკვირვებამ შემიქმნა შთაბეჭდილება, რომ "ნაცმოძრაობა" მუდმივად "ქართული ოცნების" სასარგებლოდ თამაშობს. ამას შეგნებულად აკეთებს თუ "სასარგებლო იდიოტის" როლშია, არ ვიცი. მთავარი ის არის, რომ სააკაშვილის მოქმედება ხელს უწყობს "ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენას.
დღესაც ვისმენთ განცხადებებს, რომ მთავარი ბრძოლა 2028 წელს, სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის უნდა გაიმართოს. სწორედ ამ ორპოლუსიანმა პოლიტიკამ მოიტანა ქვეყანაში პოლარიზაცია და სწორედ ამან შეუნარჩუნა სიცოცხლისუნარიანობა "ოცნების" ავტორიტარულ რეჟიმს. ოპოზიცია წარსულშია ჩარჩენილი. არ გააჩნია არც ახალი ხედვა და არც საზოგადოების მოთხოვნებზე მორგებული სტრატეგია. ამიტომ რაც უფრო ნაკლები პოლიტიკური გავლენა ექნებათ, მით უფრო სწრაფად გაჩნდება "ოცნების" დამარცხების შესაძლებლობა. ოპოზიციის გაჯანსაღების ერთადერთი გზა ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენაა. თუმცა "ახალი" მხოლოდ ახალი სახელის ან ერთი პარტიიდან მეორეში გადასვლის მნიშვნელობით არ უნდა გვესმოდეს.
- ახალი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბება უკვე დაწყებულია. ვიქტორ ყიფიანმა დააფუძნა მოძრაობა "ჯერ საქართველო", პოლიტიკაში აქტიურობას გეგმავენ ცოტნე კობერიძე და საბა ბუაძეც. რა პერსპექტივას ხედავთ ამ ახალი ძალებისა და ლიდერებისთვის?
- არის კიდევ ერთი პოლიტიკური ძალაც, რომელიც ამჟამად ყალიბდება და რომლის წევრობასაც თავადაც ვაპირებ. ეს არის "მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის". ჩემი აზრით, დღეს საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება მემარცხენე პოლიტიკური ხედვა და სწორედ ასეთ იდეურ-პოლიტიკურ ძალებს აქვთ წარმატების უფრო დიდი შანსი. რაც შეეხება "ჯერ საქართველოს", ისევე როგორც "თავისუფლების მოედანს", გაცილებით უფრო კომპეტენტური და გაწონასწორებული პოლიტიკური ძალების შთაბეჭდილებას ტოვებენ, ვიდრე ტრადიციული ოპოზიციური პარტიები. მათ არ ახასიათებთ ის ისტერიკული რიტორიკა, რომელიც წლების განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრდა. ვფიქრობ, 2028 წლის არჩევნებისთვის გაცილებით ფართო არჩევანი იქნება.
- როგორ გგონიათ, 2028 წლისთვის ბოიკოტის თემა ისევ აქტუალური იქნება?
- პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბოიკოტი საქართველოში ეფექტიანი არ არის. თეორიულად, თუ მასში მთელი ოპოზიცია მონაწილეობს, შესაძლოა ეფექტიც ჰქონდეს, მაგრამ ჩვენს რეალობაში ეს არასოდეს მომხდარა. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ოპოზიცია საერთო საკითხებზე შეთანხმებას ვერ ახერხებს. ერთი გარემოებაც უნდა გავითვალისწინოთ - თუ "ქართული ოცნება" პოლიტიკური პარტიების ნაწილს აკრძალავს, ამას დაემატება მედიის დახურვა, პოლიტიკური სივრცის გაწმენდა და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ოპოზიციას არჩევნების გზით ხელისუფლებისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ხელის შეშლის შესაძლებლობაც აღარ ექნება, მაშინ შეიძლება ვითარება რადიკალურად შეიცვალოს და ბოიკოტის საკითხიც სრულიად სხვა კონტექსტში იქნეს განხილული.
ხათუნა ბახტურიძე