„ჭკუადამჯდარი პოლიტიკოსი ახლა არავის უნდა და...“ - დავით ზურაბიშვილის ანალიზი - კვირის პალიტრა

„ჭკუადამჯდარი პოლიტიკოსი ახლა არავის უნდა და...“ - დავით ზურაბიშვილის ანალიზი

"ჭკუადამჯდარი პოლიტიკოსი ახლა არავის უნდა, ყველას მესია სჭირდება, რომელიც მოვა და ვეშაპს თავს წააცლის", - ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ოპოზიციაში არსებულ გამოწვევებზე იმ დროს, როდესაც სააკაშვილმა ციხიდან ჯერ "ნაცმოძრაობაში" სიტუაცია ისე დაალაგა, ალბათ, პოსტსაბჭოთა სივრცის რომელიმე აღიარებულ ქურდსაც კი შეშურდებოდა, მერე კი მისმა რჩეულმა გამოუცხადა მთელ ოპოზიციას, ამ ქვეყანაში მხოლოდ მიშა და ბიძინაა და დანარჩენები არაფერს წარმოადგენთო.

- სააკაშვილი თავს მუდმივად ივანიშვილის ერთადერთ ალტერნატივად და ოპოზიციური ფლანგის ლიდერად მიიჩნევდა. ზოგჯერ, ტაქტიკური მოსაზრებით, უკანა პლანზე გადაიწევდა ხოლმე, მაგრამ თუ თავად ვერ იქნებოდა ლიდერი, სხვა ვარიანტებს არც განიხილავდა და, თუ სხვა კონფიგურაციები თუნდაც კონტურების დონეზე იკვეთებოდა, იმ წუთშივე ახდენდა მათ ტორპედირებას. ახლაც ჩათვალა, რომ გააქტიურებისთვის კარგი დროა, რადგან ოპოზიციური პარტიები დისკრედიტირებული და ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ხელისუფლებამაც შექმნა ისეთი ვითარება, როცა ნიადაგი ნოყიერია ახალი მესიისთვის. ისეთი სიტუაციაა, როცა ნებისმიერი ახალი მხსნელი ყველაფერს აკრეფს. ჰოდა, სააკაშვილიც ცდილობს გვითხრას, რომ ყოველი ახალი არის ძველი - ანუ თავად არის ისევ ის მესია და თუ ბიძინა არა, მაშინ ის. იმედი აქვს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან გასულ 14 წელიწადში გაიზარდა ახალგაზრდების მთელი თაობა, რომელსაც სააკაშვილის მმართველობის შედეგები საკუთარ ტყავზე არ უგრძნია, სამაგიეროდ, უფროს თაობაში ასე არ არის და სააკაშვილის ფაქტორი ჯერ კიდევ კარგად მუშაობს.

- რა შანსია, რომ მიზანს მიაღწიოს?

- ჩემი აზრით, ნული, მაგრამ სააკაშვილი იხტიბარს არ გაიტეხს. თუმცა ახლა მართლაც კარგი დროა ახალი მესიისთვის. თუ ასეთი ვინმე გამოჩნდა, შესაძლოა სააკაშვილის მომხრეების დიდი ნაწილიც იმ ახალი ძალისკენ წავიდეს. ცხადია, იმ პირობით, თუ ახალი მესია ასხივებს ძალას, რომე­ლიც ხელისუფლების შემცვლელად აღიქმება. ჯერ ასეთი მუხტი არავის აქვს, ძველ ლიდერებს შორის კი სააკაშვილიც და, სხვათა შორის, ბევრი სხვაც, თვლის, რომ ივანიშვილს ისევ სააკაშვილი თუ მოერევა. მთელი პოლიტიკური პროცესი ტიტანების ბრძოლამდე მიჰყავთ - იქით ბიძინა, აქეთ მიშა. ეს ორივე მხარისთვის ხელსაყრელია. ივანიშვილი ფიქრობს, სანამ სააკაშვილია მისი საპირწონე, თავად ყოველთვის გამარჯვებული იქნება, სააკაშვილი კი მიიჩნევს, რომ დადგება დრო, როცა ივანიშვილი ხალხს ყელში ამოუვა და პრიორიტეტს მას მიანიჭებენ, რადგან ირგვლივ სხვა ტიტანები არ ჩანან. ამიტომ, თუ ვინმე თავს წამოყოფს და თუნდაც არა ტიტანობაზე, არამედ სერიოზულ ამბიციაზე განაცხადებს პრეტენზიას, სააკაშვილი ყოველთვის შეეცდება მის ჩაძირვას.

დღეს მესიების ასპარეზია და არა პოლიტიკური ძალების, მით უმეტეს, ჭკუადამჯდარი პოლიტიკოსი ახლა არავის უნდა. ეს განწყობა განსაკუთრებით იმ ხალხშია, ვინც, ერთი მხრივ, დიდი ხანია აპროტესტებს არსებულ რეალობას, მეორე მხრივ, მათში, ვინც 2012 წლიდანაა ოპოზიციაში. მათთვის ასეთი ფიგურა სააკაშვილია და სხვა არავინ.

mishaaa-1783254386.jpg

- სააკაშვილს თავის პარტიაში ლიდერების დაპირისპირება რამდენად აწყობს?

- ჩემი აზრით, "ნაცმოძრაობა" ყველაზე პერსპექტიული 2020 წელს ჩანდა, თუმცა მაშინაც არ მჯეროდა, რომ სააკაშვილი პროცესებს ასე დატოვებდა. როდესაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია იყო, მაშინდელი ლიდერშიფი რევანშიზმს არ ასხივებდა. ეს ხალხი არ ტოვებდა იმის შთაბეჭდილებას, რომ მოვიდოდნენ და ყველას დედას უტირებდნენ, აი, დღევანდელი ლიდერები კი ზუსტად ასეთები არიან. სწორედ მელიას თავმჯდომარეობის დროს გაიზარდა "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი, მათ შორის იმ ხალხის ხარჯზე, ვინც ადრე შეიძლება პარტიის წინააღმდეგიც კი იყო. თუმცა ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდი აღმოჩნდა. ამ პროცესის პიკი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები იყო, მაგრამ სააკაშვი­ლმა ეს ყველაფერი თავისი ჩამოსვლით დაანგრია. შეატყო, რომ პარტია ხელიდან ეცლებოდა, ორგანიზაცია ძლიერდებოდა, მაგრამ არა მისი ლიდერობით. მან ეს ყველაფერი მოსპო. "ნაცმოძრაობის" დღევანდელი ლიდერშიფის შედარებაც კი არ შეიძლება იმ შემადგენლობასთან, რომელიც 5 წლის წინ იყო.

- დანარჩენი ოპოზიცია?..

- არჩევნების ბოიკოტის გამომცხადებლებმა თავი რთულ მდგომარეობაში ჩაიგდეს - იძულებული არიან ან მიშისტები გახდნენ, ან სააკაშვილის რიტორიკა გაიმე­ორონ ხალხის მოსაზიდად. სააკაშვილმაც ამით ისარგებლა. სალომე ზურაბიშვილი, "ფედერალისტები", გვარამიას პარტია, "გირჩი", "დროა" თუ "თავისუფლების მოედანი" ბოიკოტის მსხვერპლნი გახდნენ. ხელისუფლებასთან ფრონტალური, რადიკალური დაპირისპირება ომის მთავარსარდალს მოითხოვს, თუმცა ჩამოთვლილთაგან ამ როლს ვერავინ ირგებს. ასეთ ბრძოლაში მესიაა საჭირო და ერთადერთი მესია, თუნდაც წარსულიდან შემორჩენილი, მაინც მიშაა, რადგან რეიტინგი მაინც აქვს.

თავიდანვე ვამბობდი, რომ ბოიკოტი მხოლოდ სააკაშვილისთვის იყო ხელსაყრელი და ვერ ვხვდებოდი, დანარჩენები თავს რატომ იკლავდნენ. შეთქმულების თეორიების მომხრე არა ვარ, მაგრამ პრაქტიკამ მაჩვენა, როცა ლოგიკას ვერ ვხედავ, სადღაც ფული ტრიალებს. ეს არ ნიშნავს ხელისუფლების მიერ მოსყიდვას. მაგალითად, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ რესპუბლიკურ პარტიაში უცხოეთიდან ჩამოსულმა ბიზნესმენმა დიდი დაფინანსება შემოგვთავაზა, ოღონდ ერთიან ოპოზიციასთან ერთად არ გავსულიყავით. ამან პარტიაში განხეთქილება გამოიწვია, საბოლოოდ მარტო გავედით, ბარიერი ვერ გადავლახეთ და ის კაციც გაქრა. უბრალოდ, გვერდიდან მოგვიარეს, გვითხრეს, გადასარევები ხართ და სხვებთან ერთად ყოფნა არ გეკადრებათო.არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც ასე მოხდა - ვიღაცამ პარტიებს ფული შესთავაზა, რათა პარლამენტში არ შესულიყვნენ. ისეთი ისტერიკული კამპანია მიდიოდა, რომ ფინანსური ინტერესის გარეშე ეს აბსურდი არ მოხდებოდა. თუმცა ეს ამბავი დასრულებულია და დარწმუნებული ვარ, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა, მოტყუებული და გადაგდებული დარჩა... ისიც აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ერთიანი ლიდერი ვეღარ იქნება, მან შანსი ხელიდან გაუშვა. პრეზიდენტობისას შეეძლო რუსთაველის გამზირის ისტერიკული მუხტი მართებულ კალაპოტში მოექცია, დაერწმუნებინა ეს ხალხი არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაში - მაშინ ქვეყანაში სულ სხვა რეალობა გვექნებოდა.

- არჩევნებში ვინც მიიღო მონაწილეობა, მათ რა გამოსავალი აქვთ?

- გახარიას განსხვავებული რიტორიკა ჰქონდა, თუმცა მათი რესურსი არასდროს ყოფილა საკმარისი "ნაცფლანგის" საპირწონედ... "ლელო" თავიდან ბოლომდე აყოლილი იყო რადიკალურ რიტორიკას და მხოლოდ ბოლო მომენტში გამოფხიზლდა. "თავისუფლების მოედანი" ახლა გადის "ლელოს" ადრეულ სტადიას, თუმცა, მგონი, მალე მიხვდებიან, რომ ასეთი მიდგომით იდენტობას კარგავენ.

თუ გამოჩნდება ახალი, პროდასავლური მესია, მე მის მხარეს ვიქნები, რადგან ეს ცვლილებების რეალური შანსი იქნება, მაგრამ თუ არ გამოჩნდა, რისი დიდი ალბათობაცაა, მაშინ არსებული ოპოზიცია ისე უნდა გადალაგდეს, რომ მაქსიმალური ხმები წამოიღოს და ორიენტირი 2028 წლის არჩევნებზე აიღოს. ოპოზიცია ორ ნაწილად უნდა გაიყოს: "ნაცფლანგი" ცალკე და "არანაცფლანგი" ცალკე. "ნაცფლანგზე" სააკაშვილი იქნება, სხვები კი, თუ შეძლებენ, ერთად შეკოწიწდებიან. ამ მოცემულობაში გადამწყვეტია, როგორ მოიქცევა "არანაცფლანგი", რაზეც დიდწილად სააკაშვილის ქცევაც იქნება დამოკიდებული. არის რამდენიმე ძალა: გახარიას პარტია, "ლელო", "თავისუფლების მოედანი", სოციალ-დემოკრატები და "ჯერ საქართველო". ამ ხუთი პარტიის ბაზაზე თავიდან ერთიან კოორდინაციას ვხედავდი, შემდეგ კი ერთიან ბლოკსაც.

რუსა მაჩაიძე