ყოფილ თავმჯდომარეთა „ღაღადი“ ანუ რასაც გვიბრძანებს ბელადი?! - გრიგოლ ვაშაძიდან თინა ბოკუჩავამდე - კვირის პალიტრა

ყოფილ თავმჯდომარეთა „ღაღადი“ ანუ რასაც გვიბრძანებს ბელადი?! - გრიგოლ ვაშაძიდან თინა ბოკუჩავამდე

ზოგიერთი აქტივისტი, პოლიტიკოსი თუ ექსპერტი გაოცებული უყურებს "ნაცმოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს - უიმე, თურმე იქ არაფორმალური მმართვე­ლობა ყოფილა და ყველაფერს მიხეილ სააკაშვილი წყვეტსო. ასეთი გაოცება იმ ადამია­ნებისგან, რომელთაც პოლიტიკის ცოდნის პრეტენზია აქვთ, მართლაც საოცა­რია. არადა, "ნაცმოძრაობაში" ხდება ის, რაც ხდებოდა პარტიის დაფუძნებიდან ანუ 2001 წლიდან - ყველაფერი ტრიალებს ერთი კაცის, მიხეილ სააკაშვილის ნება-სურვილით, ოღონდ ამას "ნაცმოძრაობის" წევრებიც მალავდნენ და თავად სააკაშვილიც - განსა­კუთრებით მას შემდეგ, რაც მიშა ფორმალურად აღარ იყო პარტიის თავმჯდომარე. აქაოდა, დემოკრატიული მმართველობა გვაქვს, კონსენსუსით ვიღებთ გადაწყვეტილებებს უმრავლესობის აზრზე დაყრდნობითო. დღეს კი ვიხილეთ აღიარებითი ჩვენება...

თუმცა მანამდე გავიხსენოთ, რას ამბობდა 2024 წლის ზაფხულში ლევან ხაბეიშვილი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგა: "მე მაქვს კონკრეტული გადაწ­ყვეტილება მიღებული, სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იცის საზოგადოებამ ერთი თვის წინ განვითარებული მოვლენები (იგულისხმება ის, რომ ხაბეიშვილს აქციაზე ფიზიკურად გა­უსწორდნენ - ავტ.). ჩემთვის, ცხადია, მძიმეა, თუმცა ექიმების მკაცრი რეკომენდაციით ჩემთვის 2-3 სამი თვის განმავლობაში აკრ­ძალულია რეჟიმში მუშაობა. შესაბამისად, ვერ მივცემ თავს უფლებას, როცა არჩე­ვნებამდე სულ რაღაც 4 თვეა დარჩენილი, პარტიის თავმჯდომარე არ იყოს ფუნქ­ციური, არ იყოს 24-საათიან რეჟიმში. შესაბამისად, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, თინა ბოკუჩავასთან კონსულტაციით, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება...", - თქვა ხაბეიშვილმა და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავა დაინიშნა.

რამდენიმე დღის წინ კი სააკაშვილმა განაცხადა: "მელიას წინააღმდეგ 2023 წელს პარტიის ნაწილის გამოსვლა ჩემთვის მოულო­დნელი იყო და არც შეთანხმებულა ჩემთან არანაირად. არჩევნების დანიშვნას მაშინ შევხვდი უარყოფითად, თუმცა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ვიყავი კლინიკაში მოწამვლის შემდეგ და რეაგირების თავი უბრალოდ არ მქონდა. ამიტომ ნეიტ­რალური პოზიცია დავიკავე. უკანა რიცხვით თუ შევხედავ, ვაღიარებ, რომ ეს იყო პარტიის უმრავლესობის სწორი გადაწყვეტი­ლება... რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, მისი არჩევნების წინ შეცვლა იყო ჩვენი რეაგირება იმაზე, რომ მთელი "სვეცკი" ბაბლი დაირაზმა ლევანის წინააღმდეგ, ჩვენ კი ვერ ვასწრებდით მის სწორად წარმოჩენას. უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჩვეულებ­რივი ადამიანის ენით საუბარს, ხან რას, ხან რას. ჩვენც მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე, ევროპაში და ამერიკაში განათლებამიღებული თინა და "სვეცკებმა" ხმა მაინც არ მოგ­ვცეს. ახლა კი ყველაფერი ძალიან მარტივია. "ნაცმოძრაობაში" ყველა ირჩევა გარკვეული ვადით და ივლისის დასაწყისში თინა ბოკუჩავას ყველა შემთხვევაში ეწურებოდა ვადა. ყველა შემთხვევაში სხვა უნდა აგვერჩია. კი, ნანუკა (ჟორჟოლიანი) ამ სიტუაციაში ჩემი იდეა იყო", - დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

1781032817-saakashvili-1783255845.jpg

ლევან ხაბეიშვილმა, ერთი მხრივ, ეს დაწერა: "შიდა არჩევნებში 25 ათასი ხმა მივიღე და ისე გავიმარჯვე! ამდენ ხმაზე შიდა არჩევნებში კი არა, პარტიები ეროვნულ არჩევნებში ოცნებობენ. კიდევ ბევრი დრო დასჭირდება, რომ ამხელა ნდობით, მანდა­ტითა და შიდა დემოკრატიით აირჩიონ ლიდერი"; მეორე მხრივ კი, ეს: "შიდა საუბრებში სხვა ოპოზიციონერები, ჩემთან ერთად, კოალიციას სკეპტიკურად უყურებდნენ. ჩემი "დონე" არ მოსწონდათ. ამასთან, ივანიშვილის ქოცპროპაგანდა დილა-საღამოს მებრძოდა, მაშავებდა, ხოლო ამ ყველაფერს ოპოზიცია შიგნით იყენებდა და ცხადია, ეს საკითხი მარტივად გადავწყვიტე. თანამდე­ბობა, საარჩევნო სია (სადაც მეთოთხმეტე ვიყავი) ჩემთვის მეათეხარისხოვანი იყო. შესაბამისად, საერთო საქმისთვის გავიწიე".

ხმა ამოიღო თინა ბოკუჩავამაც: "სხვათა შორის, მქონდა სინდისის ქენჯნა იმიტომ, რომ ორი წლის წინ საზოგადოებას ვერ ვუთხარით რეალური მიზეზი, რის გამოც "ნაციონალურ მოძრაობაში" შეიცვალა თავმჯდომარე. მე მომიწია, ჩამენაცვლებინა ლევან ხაბეიშვილი. საზოგადოებას ახსოვს დასახელებული მიზეზი, რომელიც გავაცანით. ამ პროცესში მეც მივიღე მონაწილეობა. ორი წლის თავზე ვთვლი, რომ ხალხთან გულწრფელი უნდა ვიყო. მაშინ დასახელებული მიზეზი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა. გახსოვთ, ლევანს არა მხოლოდ სცემეს, არამედ აწამეს. არავისთვის გასაკვირი არ იქნებოდა, მას დასჭირვებოდა კონკრეტული დრო რეაბილიტაციისთვის, მკურნალობისთვის, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი და მე ამაზე ორი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობდი. ახლა თავად პრეზიდე­ნტმა სააკაშვილმა, მეტიც, თავად ლევანმა ისაუბრეს საჯარო პოსტებში, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოაქვეყნეს... რეალური მიზეზი უკავშირდებოდა იმას, რომ მაშინ ოპოზიციური გაერთიანების მცდელობა იყო და რიგი პოლიტიკური აქტორებისთვის, თითქოს ლევანი იქნებოდა მიუღებელი პოლიტიკური ლიდერი. ამან განაპირობა ეს ჩანაცვლება. თუკი რამის მიმართ მაქვს მიუღებლობა, ეს არის არა მწვა­ვე პოლემიკა, არამედ არაგულწრფელობა. მაშინ არ ვიყავი და ვერ ვიყავი გულწრფელი იმ დიდი მიზნების გამო, რაც გვეგონა, რომ გვამოძრავებდა. ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას იმის გამო, რომ მაშინ ვერ ვიყავით გულწრფელი. ვფიქრობ, გულწრფელობა მოგვცემდა შესაძლებლობას, ჯანსაღად გვემართა პროცესები. მეტიც, მაშინ რომ გვეთქვა რეალური მიზეზი, მე აუცი­ლებლად პრინციპულ საკითხად დავაყენებდი, რომ პარტიაში ჩატარებულიყო პირდაპირი წესით არჩევნები. მე არ მქონდა იმ ხარისხის ლეგიტიმაციის მანდატი ხალხის მხრიდან, რომ თუნდაც იმ გადაწყვეტილებე­ბში, რომლებიც ჩემთვის იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი, წინააღმდეგობაში წავსულიყავი დამფუძნებელ თავ­მჯდომარესთან, პარტიის შიგნით ჯგუფებთან ან სხვა ადამიანებთან, რომლებიც შესაძლოა სხვადასხვა მომენტში არ იზიარებდნენ პარტიის შიგნით რეფორმების საკითხს".

მტყუან-მართალი და "სვეცკები"

მოკლედ, სააკაშვილისა და ბოკუჩავას ვერსიები განსხვავდება ერთმანეთისგან (ხაბეიშვილი რომ სააკაშვილის ვერსიას გადაამღერებდა, არ იყო გასაკვირი), თუ რის გამო მოხსნეს ხაბეიშვილი. ბოკუჩავას თქმით, ეს უკავშირდებოდა ოპოზიციის გაერთია­ნების მცდელობას და ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერისთვის ხაბეს მიუღებლობას. მართლაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ქარტიის" იდეა წამოაყენა (2024 წლის 26 მაისს) და ოპოზიციური პარტიები მაგიდასთან შეკრიბა. შეგახსენებთ, ქარტიის იდეის მიხედვით, მასთან მიერთებულ პარტიებს არჩევნების შემდეგ კოალიცი­ური მთავრობა უნდა ჩამოეყალიბებინათ. მას "ნაცმოძრაობაც" შეუერთდა. თუმცა არც საჯაროდ და არც კულუარულად (ნებისმიერ შემთხვევაში გავიგებდით) იმავე სალომე ზურაბიშვილისგან, მამუკა ხაზარაძისა თუ სხვა ლიდერებისგან არ მოგვისმენია, არიქა, ხაბეიშვილი მოგვაშორეთო.

სააკაშვილი ამბობს, რომ ხაბეიშვილის წინააღმდეგ "სვეცკების" ბაბლი დაირაზმა. ყოფილ თუ მოქმედ თანაგუნდელ "სვეცკებს" გულისხმობს. მათი აზრი 2023 წლის სექტემ­ბერში ჟურნალისტმა და "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ გაახმოვანა: "ხაბეიშვილის მხარეს ძალიან დიდი პრობლემები აქვს, არ შემხვედრია არც ერთი ადამიანი, რომელსაც ხაბეი­შვილი მოსწონს. არავინ არ აპირებს ხმის მიცემას მისთვის. არც ისეთები შემხვე­დრიან, რომლებიც ნეიტრალურად აღიქვამენ, ზოგიერთ შემთხვევაში დასცინიან კიდეც. ხაბეიშვილს "ვაუ" რაღაცა სჭირდება, რომ ხალხს დაგავიწყდეს ვინაა და აღარ მიაქციო ყურადღება, "ლ"-ებით რომ ლაპარაკობს. უნდა იმუშაოს ბევრი საკუთარ თავზე, რომ ხმები მოიპოვოს“ (სხვათა შორის, სააკაშვილმა „წამოაყვედრა“ გვარამიას, რომ მან შეასრულა გადამწყვეტი როლი "მთავარი არხის" დაფუძნებაში და ინვესტორიც მან მოიძია)".

თუმცა "სვეცკები" იყვნენ ხაბეიშვილის მტრები თუ სხვა პარტიების ლიდერები, ეს არ არის მნიშვნელოვანი. მთავარი ის არის, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა გარკვე­ული მიზეზების გამო ხაბეს გამოცვლა გადა­წყვიტა, მას უთხრა, გამოხვალ და იტყვი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა გაქვსო. ხაბეიშვილმაც შეასრულა პიონერული დავალება, ბოკუჩავამ კი კვერი დაუკრა - ანუ სააკაშვილმა ხაბეიშვილსა და ბოკუჩავას საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება დაავალა და ეს შესრულდა. საზოგადოების დიდი ნაწილი სიმართლეს ვერც გაიგებდა, თავად სააკაშვილს რომ არ გამოეცხო ზემოხსენებული სტატუსი. კიდევ ერთი ამბავი ის არის, რომ ამ სტატუსით სააკაშვილმა დაამცირა ხაბეიშვილი. ისე, როგორც მანამდე დაამცირა ბოკუჩავა, რომელმაც მედიიდან შეიტყო, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მიშა მის ჩანაცვლებას აპირებდა...

იყვნენ თუ არა გამონაკლისები ხაბეიშვილი და ბოკუჩავა

აი, რას წერდა გრიგოლ ვაშაძე, როდესაც 2020 წლის ბოლოს "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობიდან გადადგა: "ვფიქრობ, ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ, მაგრამ არის ფაქტები, რომლებსაც მე კატეგორიულად ვერ შევეგუები. არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე.წ. "ქართულ ოცნებას" აძლევს ხელს. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოსდა ჩავა­ბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას".

აი, რას წერდა ნიკა მელია 2023 წლის ბო­ლოს, როდესაც პარტიაში "ამბოხება" დაიწყო და ფაქტობრივად, გადაწყვეტი­ლი იყო, რომ მას ხაბეიშვილი შეცლიდა: "არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმა­ლური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა. სადაც არსებობენ ეს ადამიანები, არსებობს საზოგადოებაში მათი უმძიმესი რეპუტაციული პრობლემები, სადაც არსებობს მათი გავლენა პროცესზე - მათი დრომოჭმული და საზოგადოებისგან აბსოლუტურად დაშორებული ხედვები, ვერასოდეს მოვა გამარჯვება. ვერ შეიქმნება დამოუკიდებელი, ხალხის ინტერესზე მორგებული ვერანაირი ბორდი, თუ არსებულ ვითარებაში, მენეჯმენტი სრული შემადგენლობით, სიმაღლის მიხედვით მწკრივში ეწყობა და ჯანსაღ რჩევებზე პარტიის დირექტორ კეზერაშვილს აკითხავს. ერთადერთი პირობა კი, რომელიც მე მაქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან", არის არაფორმალური მმართველობის დასრულება პარტიაში, იმისთვის, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა დავასრულოთ".

ვაშაძეც და მელიაც სააკაშვილს გულისხმობდნენ. ასე რომ, ნანუკა ჟორჟოლიანი თუ დათანხმდა პარტიის თავმჯდომარეობას, მთავარი გამოწვევები წინ აქვს.

გიორგი კვიტაშვილი