დიდი გადაწყობა?! - როგორ ცვლის უკრაინის ომი და აშშ-ირანის დაპირისპირება მსოფლიო რუკას და ვინ რას იგებს მსოფლიო ჭადრაკის ახალ პარტიაში
საერთაშორისო ურთიერთობებში კლასიკური თეორიაა, რომ სისტემის ანარქიულობა სახელმწიფოებს აიძულებს, გადარჩენისა და ძალთა ბალანსის უხეში გეოპოლიტიკური ფორმულები ეძებონ. უკრაინა-რუსეთის ომმა და აშშ-ირანის დაპირისპირებამ ეს პროცესი ისეთ ტურბულენტობამდე მიიყვანა, რომ ჩვენ თვალწინ ხდება ახალი, ასიმეტრიული ალიანსების ფორმირება, რომლებიც არა საერთო ღირებულებებზე, არამედ საერთო შიშებსა და სტრატეგიულ საჭიროებებზეა დაფუძნებული. ამ ახალ გეოპოლიტიკურ არქიტექტურაში ყველაზე თვალსაჩინო მოსკოვი-თეირანი-პეკინის ღერძის კონსოლიდაციაა - კრემლი თეირანისგან იღებს კრიტიკულ სამხედრო ტექნოლოგიებსა და სანქციების გვერდის ავლის მრავალწლიან გამოცდილებას, ხოლო ირანი სანაცვლოდ თანამედროვე რუსულ შეიარაღებას და, რაც მთავარია, გაეროს უშიშროების საბჭოში გეოპოლიტიკურ ფარს იძენს. მათ ზურგს ჩინეთი უმაგრებს, რომელიც სტრატეგიული ორაზროვნების ტაქტიკით თამაშობს - პეკინი ეკონომიკურად ასაზრდოებს მოსკოვსა და თეირანს იაფი ენერგორესურსების შესყიდვით, რითაც ასუსტებს დასავლური სანქციების ეფექტს და თან ელოდება მომენტს, როდის გამოფიტავს ეს კონფლიქტები ამერიკულ რესურსებს, რათა საკუთარი გლობალური ამბიციები მარტივად გადაწყვიტოს.
ამ ძალის საპირწონედ დასავლური ბლოკი კოლექტიური უსაფრთხოებისა და დემოკრატიული მშვიდობის თეორიის პრინციპებით რეაგირებს, რაც, ცხადია, აჩენს კითხვებს, ეს სტრატეგია რამდენად ეფექტურია.
პარალელურად ტრამპი "ფრენდ-შორინგის" პოლიტიკას ატარებს და აზიის რეგიონში პარტნიორების ქსელის გაფართოებით ცდილობს ჩინეთ-რუსეთის ღერძის შეკავებას. თუმცა ამ ორ პოლუსს შორის არსებობს ე.წ. გლობალური სამხრეთი - ინდოეთი, საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები, რომლებიც აშკარაა, "ჰეჯირების" სტრატეგიის მიხედვით მოქმედებენ - ისინი უარს ამბობენ რომელიმე მხარის მხარდაჭერაზე; მათ აწყობთ დასავლეთთან ტექნოლოგიური და თავდაცვითი თანამშრომლობა, მაგრამ არ თმობენ რუსულ ენერგორესურსებსა და ჩინურ ინვესტიციებს, რითაც საკუთარ გეოპოლიტიკურ ფასს ზრდიან.
ვინ ვისთან ყოფნით რა სარგებელს ნახავს, როგორი ალიანსების კონტურები იკვეთება, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორს თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრებით.
- ზოგადად, ყველას აწყობს, რომ გამარჯვებულის მხარეს იყოს. ფაქტია, ამ ომში ამერიკამ ვერ მიაღწია მიზანს, რაც რეგიონის ქვეყნებისთვის შეიძლება განგაშის სიგნალი და ნიშანი აღმოჩნდეს. ამერიკამ ისინი ვერ დაიცვა და ახლა დარტყმა მათზე გადავიდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ ამერიკული სამხედრო ბაზები იყო განთავსებული.
ამიტომაც მოსალოდნელია გარკვეული გადაჯგუფება. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამერიკა და ირანი რაღაც საკითხებზე შეთანხმდებიან და ინტერესების გამიჯვნა მოხდება. შემდეგ სიტუაცია, ალბათ, დალაგდება. ეს ორივესთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება, მათ შორის ამერიკისთვისაც. აქამდეც რომ მოეხერხებინათ ირანთან ურთიერთობის ნორმალიზება, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ...
- წესით, ახლა მიმდინარეობს სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად, ასე ვთქვათ, გამოსაცდელი 60-დღიანი პერიოდი, რომელიც მაინცდამაინც კარგად არ სრულდება და რა შანსია იმისა, რომ მოახერხონ შეთანხმება?
- ერთი ფაქტი აშკარაა - ამ ეტაპზე ირანის დამარცხება, როგორც ჩანს, გამორიცხულია, რადგან ეს ძალიან დიდ მსხვერპლსა და რესურსს მოითხოვს, თანაც ამ ყველაფრის ფასადაც კი ირანზე სრული გამარჯვება მაინც არ არის გარანტირებული. აქედან გამომდინარე, თუ რეგიონში მშვიდობა დამყარდება, ჩემი აზრით, მხოლოდ იმ პირობით, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეზე გავლისთვის გადასახადს დააწესებს - ეს მისი მთავარი მიზანია. ამერიკაც შეეგუება ამ მოცემულობას, დაალაგებს ურთიერთობას ირანთან და რეგიონში მშვიდობა იქნება.
საინტერესოა, ისრაელი რას იზამს, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ამერიკის გარეშე ბევრს ვერაფერს გახდება. ირანი აპირებს გამოიყენოს შექმნილი ვითარება, რათა ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლი დაამყაროს და ამისთვის უკეთესი შანსი არ ექნება, ბოლომდე იბრძოლებს ამ მიზნისთვის.
- მხოლოდ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი, თუ შეეცდება ბირთვული იარაღის საკითხშიც მიზანს მიაღწიოს?
- ვფიქრობ, გაუჭირდება, რადგან ეს არავის აწყობს - ამის წინააღმდეგია თითქმის ყველა და არა მხოლოდ ამერიკა და ისრაელი. ამიტომაც დიდი შანსია, ირანი დაუბრუნდეს დაახლოებით იმავე გარიგებას, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს იყო დადებული და ამით თემა დაიხუროს.
- გამარჯვებული მაინც ირანი გამოდის და ამ სიტუაციაში როგორი გადაჯგუფებაა მოსალოდნელი? თუნდაც ამერიკის ყოფილი მოკავშირეებიდან ვინ ეცდება, რომ ირანთან ჰქონდეს იმაზე უკეთესი ურთიერთობა, ვიდრე აქამდე?
- ისრაელის გამოკლებით, რეგიონში ყველა ასე მოიქცევა. ყველა დაინახავს, როგორ იცვლება რეგიონში სიტუაცია ირანის სასარგებლოდ. ის ფაქტიც, რომ აიათოლას დასაფლავებაზე თითქმის ყველა მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელი ჩავიდა, შემთხვევითი სულაც არ არის.
ეს პროცესები რეგიონზე უფრო მეტად მოახდენს გავლენას. რაც შეეხება გლობალურ დონეს, გლობალური მოთამაშეებიდან, მაგალითად, ჩინეთისთვის ირანის გადარჩენა დიდ გამარჯვებას ნიშნავს. ეს გამარჯვებაა რუსეთისთვისაც. ცხადია, ორივე შეეცდება, ირანი კვლავ ფეხზე დააყენოს. თუმცა რუსეთს ამის შესაძლებლობა ახლა ნაკლებად აქვს, უფრო ჩინეთი შეეცდება ირანის ეკონომიკურად გაძლიერებას.
- აქამდე ირანისთვის დაწესებული სანქციების გამო, ყველაზე მეტად ჩინეთი სარგებლობდა და თუკი ირანს მოეხსნება სანქციები, ჩინეთს ეს აწყობს?
- თუ ირანი და ამერიკა ისევე შერიგდებიან, როგორც თავის დროზე ამერიკა ვიეტნამს შეურიგდა, კარგია, მაგრამ არა მგონია, ყველაფერი ასე მარტივად მოხდეს, მით უმეტეს, ვიეტნამთან მორიგების წინააღმდეგ არ არსებობდა ისეთი ძალა, როგორიც ისრაელის ლობია. ისრაელს კი, ცხადია, თავისი ინტერესები აქვს ამ რეგიონში და პროცესებს ასე მარტივად არ დაუშვებს. თუმცა, თუ შერიგება მაინც მოხდა, ამერიკისთვის ძალიან კარგი იქნება, უბრალოდ, როგორც აღვნიშნე, ამის მიღწევა გაუჭირდებათ.
- ევროპის ქვეყნები და ევროკავშირი რას იზამენ, თუნდაც ტრამპის პოლიტიკიდან გამომდინარე? მათ რა აწყობთ?
- ევროპელებმა შეიძლება მოუხსნან სანქციები ირანს და სცადონ ირანი ჩამოაშორონ რუსეთს, გამოუვათ თუ არა, სხვა საქმეა.
- ირანს არ აწყობს, რომ ვთქვათ, ევროპიდან სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ჩამოშორდეს რუსეთს?
- ირანი ნაკლებად ენდობა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მას ებრძვიან და სანქცირებული ჰყავთ. პოლიტიკური ვექტორი ასე მარტივად არ შემოტრიალდება - ელემენტარულად ნდობის პრობლემაცაა.
- თუკი რუსეთი უკრაინასთან ომს წააგებს, მაშინ ირანი რას იზამს?
- რუსეთის დამარცხებას პირველ რიგში ჩინეთი არ დაუშვებს. ევროპაში ხშირად ამბობენ, რომ რუსეთმა სტრატეგიული დამარცხება უნდა იგემოს, თუმცა ჩინეთისთვის ეს სრულიად მიუღებელია და ის ყველაფერს იღონებს, რომ ეს არ დაუშვას. ჩინეთს, რა თქმა უნდა, ომის სწრაფად დასრულება აწყობს, ოღონდ იმ სტატუს-კვოს შენარჩუნებით, რომელიც ამჟამად უკრაინაშია. მეორე მხრივ, თუ ომი გახანგრძლივდება, ჩინეთისთვის არც ეს მოცემულობაა პრობლემა, რადგან სანამ ეს კონფლიქტი მიდის, მისთვის არავის სცალია - მთელი მსოფლიო უკრაინის ომზეა გადართული. მიუხედავად ამისა, ჩინეთისთვის ყველაზე უარესი სცენარი მაინც რუსეთის ისეთი დამარცხებაა, როგორსაც ევროპაში ნატრობენ.
- როცა უკრაინა ანადგურებს რუსეთის ენერგოობიექტებს, კრემლის ე.წ. სტრატეგიული დამარცხება რამდენად იქნება შესაძლებელი?
- ერთი საკითხია, რომ უკრაინელები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ბომბავენ, მაგრამ სულ სხვაა, რა ხდება ფრონტის ხაზზე. ფრონტის ხაზზე რუსეთისთვის საქმე სულაც არ არის ისე მძიმედ, როგორც მათ შიდა ქარხნებში. ქარხნები კი იბომბება და რამდენიმე მართლაც გამოვიდა მწყობრიდან, მაგრამ ფრონტზე, დონბასში, რუსები წინ მიიწევენ. თუ ასე გაგრძელდა, დიდი შანსია, რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკვანძო ქალაქი, რომლებიც პრაქტიკულად უკვე ალყაშია, აიღონ, რის შემდეგაც წინსვლა უფრო გაუადვილდებათ. თუმცა მათთვის ახლა მთავარი ფაქტორი მაინც საწვავის დეფიციტია. უკრაინა დარტყმებს აყენებს რუსეთის ტერიტორიას, რომ როგორმე საწვავი გამოელიოთ და მათი სამხედრო ტექნიკა გაჩერდეს, რუსები კი ცდილობენ, სანამ საწვავის მარაგი საბოლოოდ ამოეწურებათ, ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქები დაიკავონ.
- საწვავის დეფიციტის გამო რუსეთში უკმაყოფილებაა და ეს რამდენად სახიფათოა კრემლისთვის?
- არა მგონია, საქმე რევოლუციამდე მივიდეს. საწვავის დეფიციტის გამო უკმაყოფილებაა, მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთის მოსახლეობას არ მოსწონს, რომ თავზე უკრაინული დრონები აცვივათ. ამიტომ ისინი პუტინისგან უფრო მკაცრ დაბომბვებს ითხოვენ...
- რუსეთის სტრატეგიული პარტნიორები რა შემთხვევაში შეიცვლიან დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ?
- თუ ჩინეთზე ვსაუბრობთ, როგორც გითხარით, ის რუსეთის დამარცხებას არ დაუშვებს. თუ დაინახავს, რომ რუსეთისთვის საქმე ძალიან ცუდად მიდის, ალბათ, აიძულებს მას ხელი მოაწეროს დაზავებას. პუტინზე ზეწოლას დაიწყებენ, რათა ის დაზავდეს და საომარი მოქმედებები არსებულ გამყოფ ხაზზე შეჩერდეს, მასზე გაიაროს ახალმა დე ფაქტო საოკუპაციო საზღვარმა...
- ამ სიტუაციაში ევროპას, ან თუნდაც ბრიტანეთს, აქვს შანსი, დაიბრუნოს მთავარი მოთამაშის როლი?
- ეს გამორიცხულია, რადგან ევროპა არ არის ერთიანი. პოლიტიკური თვალსაზრისით ერთიანი ევროპა რეალურად არც არსებობს. თუკი რამე ყალიბდება ახლა ჩვენ თვალწინ, ეს არის აღმოსავლეთევროპული ბლოკი და ინგლისი, რომლებიც აქტიურად ეხმარებიან უკრაინას, გარკვეულწილად საფრანგეთიც, დანარჩენი ქვეყნები კი ამისთვის თავს ნაკლებად იკლავენ.
- გერმანიაში იზრდება შეიარაღება...
- გერმანია ნამდვილად გადადის შეიარაღების ახალ რელსებზე, თუმცა საინტერესოა, როგორ დალაგდება დროთა განმავლობაში ქვეყნის შიდაპოლიტიკური მდგომარეობა. იქ სულ უფრო მეტ ძალას იკრებს AfD, რომელიც პოპულარობით უკვე პირველი პარტიაა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა მომავალი მთავრობა კოალიციური აღმოჩნდეს და ის, სიტყვაზე, AfD-სა და ქრისტიან-დემოკრატებისგან დაკომპლექტდეს, მათ შორის საერთო ენის გამონახვა კი, ღმერთმა უწყის, როგორ მოხდება. ჯერჯერობით ფაქტია, გერმანია ახალ რეჟიმზე გადადის, მაგრამ ჩნდება მთავარი კითხვა - რაში სჭირდება ეს შეიარაღება? რა იდეა დგას ამ პროცესის უკან და რას აპირებს ქვეყანა, მე პასუხი ნამდვილად არა მაქვს.
- საქართველოში საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ, თუკი რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, პრესტიჟის აღდგენას კავკასიაში, საქართველოში შეცდება. ეს საფრთხე რეალურია?
- რაში სჭირდება საქართველოს დაპყრობა? მან საქართველოში თავის პროგრამა-მინიმუმს უკვე მიაღწია - ჩააყენა სამხედრო ბაზები, ამით პრაქტიკულად გააჩერა ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია და მიზანს მიაღწია. ახლა რომ შემოიჭრას და სრული ოკუპაცია მოახდინოს, ამით რას მოიგებს? ის კავკასიაში ისედაც არის - სომხეთშიც აქვს ბაზა და ჩვენთანაც. ვინმეს თუ ჰგონია, რადგან სომხეთმა ევროპასთან დაიწყო ვაჭრობა და გარგარი რუსეთის ნაცვლად იქით მიაქვს, ამით რუსეთს მარტივად გაექცევა, ძალიან ცდება. ერთადერთი რეგიონი, სადაც მან პოზიციები მართლაც დაკარგა, აზერბაიჯანია, თუმცა ეს სულ სხვა თემაა.
რუსა მაჩაიძე