ბებიას ან ბაბუას შეუძლიათ თუ არა მიიღონ მეურვეობის უფლება შვილიშვილებზე - კვირის პალიტრა

ბებიას ან ბაბუას შეუძლიათ თუ არა მიიღონ მეურვეობის უფლება შვილიშვილებზე

თქვენს შეკითხვებს უპასუხებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი ნუგბარა როსტიაშვილი.

ვიმყოფები ქორწინებაში პირთან, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ჰყავს 2 შვილი. რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ მეუღლის დაკარგვის შემთხვევაში მისმა შვილებმა წილი არ მომთხოვონ ბინიდან, რომელშიც ვცხოვრობთ?

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ უძრავი ქონება (ბინა) წარმოადგენს მის ინდივიდუალურ საკუთრებას ან საერთო საკუთრებაში მის კუთვნილ წილს, პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებად თანაბარ წილად ითვლებიან გარდაცვლილის მეუღლე, მშობლები და ყველა შვილი (მათ შორის, წინა ქორწინებიდან დაბადებულიც). მეუღლის გარდაცვალების შემთხვევისთვის წინა ქორწინებიდან შვილების მიერ წილის მოთხოვნის სამართლებრივი პრევენციის მიზნით, მესაკუთრეს შეუძლია სიცოცხლეშივე განკარგოს ქონება სრულად (მაგალითად, ჩუქების ან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე) ან შეადგინოს ანდერძი. თუმცა, ანდერძის არსებობისას გასათვალისწინებელია სავალდებულო წილის ინსტიტუტი: თუ მეუღლის გარდაცვალების მომენტისთვის მის შვილებს ანდერძის შინაარსის მიუხედავად ეკუთვნით იმ წილის ნახევარი, რაც კანონით მემკვიდრეობისას შეხვდებოდათ.

მამას ჰყავდა სხვა ცოლი და ცხოვრობდნენ ქალის ბინაში. მე დედინაცვალთან მქონდა კარგი ურთიერთობა, მათ საერთო შვილი არ ჰყავდათ, თუმცა ხელი მოწერილი აქვთ. მამაჩემი დიდი ხნის გარდაცვლილია, ახლახან გარდაიცვალა ჩემი დედინაცვალიც, მაინტერესებს, მისი ქონება შემიძლია თუ არა რომ გადავიფორმო და როგორ უნდა მოხდეს ეს?

- მეუღლის შვილი წინა ქორწინებიდან (გერი) არ განეკუთვნება კანონისმიერ მემკვიდრეთა წრეს (ხუთივე რიგის მემკვიდრეებს შორის). შესაბამისად, დედინაცვლის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების ავტომატურად გადასვლა გერზე კანონისმიერი წესით შეუძლებელია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს სიცოცხლეშივე კანონით დადგენილი წესით არ ჰყავდა იგი შვილად აყვანილი (ნაშვილები) ან თუ დატოვებული არ არის ნოტარიულად დამოწმებული ანდერძი გერის სასარგებლოდ. სამკვიდრო საქმის სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიან რეესტრში.

მაინტერესებს გარდაცვლილ პირზე, რომელიც არ არის ჩემი ოჯახის წევრი, არის თუ არა სამკვიდრო გახსნილი, როგორ შემიძლია მისი მემკვიდრეების პოვნა?

- ფიზიკური პირის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო საქმის გახსნის თაობაზე ინფორმაციის მოძიება სამართლებრივად შესაძლებელია ნებისმიერ ნოტარიუსთან ან ნოტარიუსთა პალატის საინფორმაციო ბაზაში, რისთვისაც საჭიროა გარდაცვლილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები. რაც შეეხება უშუალოდ მემკვიდრეთა ვინაობისა და საკონტაქტო მონაცემების მოძიებას, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მესამე პირებზე გაიცემა მხოლოდ კანონიერი სამართლებრივი ინტერესის (მაგალითად, კრედიტორის მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენის საჭიროებისას) დადასტურების შემთხვევაში.

ვცხოვრობდი თბილისში გირით და მქონდა დადებული ბინის პატრონთან სესხის ხელშეკრულება. მოხდა ისე, რომ ის ბინა გახდა ავარიული და მთლიანად გამოასახლეს იქ მცხოვრები ოჯახები. ჩემს კუთვნილ თანხას ვერ მიბრუნებს ბინის პატრონი, თუმცა მეუბნება, რომ ინვესტორის მოსვლის შემდეგ მომცემს თანხას. ასე გავიდა 10 წელზე მეტი, ეს სესხის ხელშეკრულება უკვე მესამედ განვაახლეთ, ახლაც იგივე მითხრა, რომ ელოდება ინვესტორს, სხვა შემოსავალი არ აქვს და რომ სხვანაირად ვერ გადაიხდის ვალს. აქვე გეტყვით, რომ ის ბინა არის მის სახელზე რეგისტრირებული, თუმცა იპოთეკით დატვირთვაზე ამბობს უარს, იმიზეზებს რომ ინვესტორის მოსვლას შეაფერხებს, რა შეიძლება ამ სიტუაციაში გავაკეთო? აქვე გკითხავთ, რამდენად აქვს ასეთ დროს აზრი საჩივრის სასამართლოში შეტანას და ამით რა შეიცვლება?

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა შეადგენს 3 წელს. თუმცა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სასესხო ხელშეკრულება მხარეთა შორის მესამედ განახლდა, მოვალის მიერ ვალის ყოველი წერილობითი აღიარებით (ახალი ხელშეკრულების დადებით) ხანდაზმულობის ვადის დენა წყდებოდა და იწყებოდა თავიდან. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვას აქვს სრული სამართლებრივი საფუძველი და აზრი, ვინაიდან ინვესტორის მოლოდინი არ ათავისუფლებს მსესხებელს ვალდებულების შესრულებისგან. სარჩელის წარდგენასთან ერთად, თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - მოვალის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება, რაც ხელს შეუშლის მესაკუთრეს ბინის გასხვისებაში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

ჩემს ბანკის ანგარიშზე დაჯდა თანხა, რომელიც დავხარჯე. მოგვიანებით დამიკავშირდა ბანკის თანამშრომელი და მითხრა, რომ თანხა უკან დამებრუნებინა. უკვე დახარჯული მაქვს და არ მაქვს შემოსავალი. რომ არ დავაბრუნო ეს თანხა, რა მოხდება? აქვე გეტყვით, რომ თანხა არ არის ბანკის, ეკუთვნის კერძო პირს და მან შემთხვევით ჩარიცხა.

- ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეცდომით ჩარიცხვისა და მისი დახარჯვის შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უსაფუძვლო გამდიდრება. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა თანხა ბანკისაა თუ ფიზიკური პირის. პირი, რომელმაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო ქონება, ვალდებულია დაუბრუნოს იგი ნამდვილ მესაკუთრეს. თუ თანხას ნებაყოფლობით არ დააბრუნებთ, ასეთ შემთხვევაში, თანხის მფლობელს უფლება აქვს დავა გადაწყვიტოს სასამართლო წესით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თქვენთვის დამატებითი საპროცესო და სააღსრულებო ხარჯების დაკისრებაც.

ჩამომართვეს მართვის მოწმობა, რამდენ ხანში შემიძლია მივმართო საპატრულოს, რომ დროზე ადრე დამიბრუნოს მართვის მოწმობა და რამდენად შესაძლებელია ეს?

- თუ მართვის უფლების ჩამორთმევა სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით მოხდა განსაზღვრული ვადით, როგორც წესი, მისი ვადაზე ადრე დაბრუნება კანონით არ არის გათვალისწინებული, თუ სპეციალური ნორმა პირდაპირ არ ადგენს ასეთ შესაძლებლობას. ამიტომ საჭიროა დადგინდეს, რა საფუძვლით და რა ვადით მოხდა მართვის უფლების შეჩერება.

მეხუთე წელია რაც გავყიდე ერთადერთი საცხოვრებელი ბინა და დავრჩი ქუჩაში. მაშინ მოხდა ბინიდან ჩემი ამოწერაც. არსად არ ვარ ჩაწერილი ამდენი წელია, ეს ხომ არ შემიშლის ხელს დოკუმენტების აღებაში? რამდენიმე თვეში მომიწევს პასპორტის გამოცვლა, რადგან ვადა გასდის, შეიძლება თუ არა რაიმე პრობლემა შემექმნას, რადგან ვარ უმისამართო?

- თუ მისამართიდან უკვე ამოწერილი ბრძანდებით, მაშინ პირადობის მოწმობაც შეგიჩერდებოდათ აღნიშნული საფუძვლით. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირს, რომელსაც არ გააჩნია კონკრეტული საცხოვრებელი მისამართი, შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს რეგისტრაციის გარეშე“ სტატუსით. ეს პროცედურა არეგულირებს უმისამართო პირის იდენტიფიცირებას და სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის უფლებას. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის გარეშე ყოფნა არ ნიშნავს, რომ პირი კარგავს მოქალაქის უფლებებს. სახელმწიფო ასეთ პირებს აღრიცხავს მონაცემთა ერთიან ბაზაში, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, პასპორტი და ისარგებლონ სხვა სახელმწიფო სერვისებით. ამისათვის პირადად უნდა მიმართოთ სააგენტოს და მოითხოვოთ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მითითების გარეშე. უნდა წარადგინოთ არსებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ გაგაჩნიათ) ან, თუ დოკუმენტი არ გაქვთ, განხორციელდება თქვენი იდენტიფიცირება ბაზაში არსებული მონაცემებით. შესაძლოა საჭირო გახდეს განმარტების მიცემა იმის შესახებ, თუ რატომ არ გაქვთ რეგისტრაციისთვის მისამართი (მაგალითად: ბინის გაყიდვა, მისამართიდან ამოწერა და ა.შ.). ეს ინფორმაცია აუცილებელია სააგენტოს მიერ მონაცემთა ბაზის გასაახლებლად.

მინდა მეუღლის გვარზე გადასვლა, თუმცა მაინტერესებს, მერე რომ დამჭირდეს, ისევ შევძლებ თუ არა დავიბრუნო ჩემი გვარი?

- სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირს, რომელმაც ქორწინების რეგისტრაციისას მიიღო მეუღლის გვარი, უფლება აქვს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე ქორწინების შეწყვეტის (განქორწინების) შემდეგ, ნებისმიერ დროს მიმართოს სსიპ საჯარო სერვისების განვითარების სააგენტოს (იუსტიციის სახლს) და ადმინისტრაციული წესით დაიბრუნოს თავისი ქორწინებამდელი გვარი.

ბინა უკვე 10 წელია შენდება და ჯერაც არ ჩაგვბარდა. ფაქტობრივად შიდა სამუშაოებია დარჩენილი და დროში ძალიან გაიწელა. რისი გაკეთება შეგვიძლია სამეზობლოს ერთობლივად? საჩივარს რამდენად აქვს აზრი?

- თუ სამშენებლო კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას მრავალი წლის განმავლობაში არ ასრულებს, ბინის მყიდველებს შეუძლიათ ერთობლივად მიმართონ სასამართლოს, მოითხოვონ ხელშეკრულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება (თუ ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული) ან სხვა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება. კოლექტიური მოქმედება პრაქტიკულად უფრო ეფექტიანია, რადგან ზრდის სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობას და ამცირებს ინდივიდუალურ ხარჯებს. სარჩელის შეტანის მიზანშეწონილობა დამოკიდებულია ხელშეკრულების პირობებსა და კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამგვარი დავის რეალური შედეგი და ქონების ამოღება დამოკიდებულია სამშენებლო კომპანიის ფინანსურ სიჯანსაღესა და მის ბალანსზე არსებულ აქტივებზე, რათა სასამართლო გადაწყვეტილება იყოს აღსრულებაუნარიანი.

ბავშვების მამამ მოიკლა თავი, ის ციხეში იხდიდა სასჯელს ყოფილი ცოლის დაჭრისთვის. ყოფილი ცოლი ამჟამად არის საზღვარგარეთ, ბავშვები არიან არასრულწლოვნები და ცხოვრობენ მარტო. შეუძლიათ თუ არა ბავშვების მამის მშობლებს, ბებიას და ბაბუას, აიღონ მეურვეობა ამ ბავშვებზე? ყოფილ ცოლს არ სურს, რომ ქმრის მშობლებთან იყონ ბავშვები, განაწყო ისინიც მათ მიმართ უარყოფითად, მაგრამ თვითონაც არ ჩამოდის ემიგრაციიდან, მხოლოდ ფულს უგზავნის ბავშვებს. არადა, არის იმის საშიშროება, რომ ბავშვები ცუდ წრეში აღმოჩნდნენ, შემჩნეული არიან კიდეც, რადგან ფაქტობრივად მარტო არიან დარჩენილი. ლაპარაკია 13-14 წლის ბავშვებზე. რის გაკეთება შეუძლიათ ბებიას და ბაბუას?

- როდესაც არასრულწლოვანი ბავშვები ფაქტობრივად დარჩენილი არიან მშობელთა მზრუნველობის გარეშე (მამა გარდაცვლილია, ხოლო დედა იმყოფება ემიგრაციაში და ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნების ყოველდღიურ მეთვალყურეობას, რის გამოც არსებობს მათი ანტისოციალურ გარემოში მოხვედრის საფრთხე), ბებიასა და ბაბუას უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ მშობლის უფლების შეზღუდვა დედის მიმართ. ის ფაქტი, რომ თავად დედა არ იმყოფება საქართველოში, კიდევ ერთ დამატებით საფუძველს იძლევა, რომ მას შეეზღუდოს მშობლის უფლება და ბებია ან ბაბუა გახდეს ბავშვების მეურვე.

თეა ხურცილავა