"ელ-ნინიოს" ეფექტი ანუ უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოში ანომალიურ სიცხეებს?! - კვირის პალიტრა

"ელ-ნინიოს" ეფექტი ანუ უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოში ანომალიურ სიცხეებს?!

გლობალური ამინდის პროგნოზის მიხედვით, 2026 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ძლიერი კლიმატური ფენომენის "ელ-ნინიოს" ჩამოყალიბება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამინდს მკვეთრად შეცვლის. წყნარი ოკეანის ტროპიკულ ნაწილში "სუპერელ-ნინიოს" ფაზა ოფიციალურად დაიწყო. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პროგნოზით, ივლისიდან სექტემბრამდე ეს მოვლენა დიდ მასშტაბს მიაღწევს და მთელ პლანეტაზე ექსტრემალური ამინდის ტალღას გამოიწვევს. მოსალოდნელია გლობალური ტემპერატურის ზრდა და ექსტრემალური ამინდის გახშირება, მათ შორის ძლიერი სიცხეები და ინტენსიური ნალექები. "ელ-ნინიო" ბუნებრივი კლიმატური ციკლია, რომელიც 2-7 წელიწადში ერთხელ ანაცვლებს გრილ ფაზას. თბილი წყლების მასების დაგროვება რადიკალურად შეცვლის ამინდის რეჟიმს. ევროპასა და სხვა რეგიონებში ძალიან მაღალი ტემპერატურა უკვე ფიქსირდება და როგორც ამბობენ, მოსალოდნელია სიცხე რეკორდულ ნიშნულამდე ავიდეს.

298345-heat-reuters-new-960x380-0-1783258064.jpg

"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძის თქმით, ივლისის მეორე ნახევრიდან საქართველოშიც მკვეთრად აიწევს ტემპერატურა. მისი თქმით, მთავარი პრობლემაა ის, რომ ექსტრემალური ტემპერატურების ხანგრძლივობა ეტაპობრივად იზრდება და ამან შესაძლოა გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები.

როგორ აისახება "ელ-ნინიოს" გავლენა საქართველოზე, რა საფრთხეებია მოსალოდნელი, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ნინო ჩხობაძე გვესაუბრება.

- ქალბატონო ნინო, ევროპაში ძალზე ცხელა. ჩვენთან რა ნიშნულზე ავა ტემპერატურა და რა საფრთხის წინაშე ვართ?

- რამდენი იქნება ტემპერატურა, ამას ვერავინ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ერთია, ივლისის მეორე ნახევარში სინოპტიკოსები ვარაუდობენ ტემპერატურის აწევას, მოქმედებას დაიწყებს "ელ-ნინიო", რომელიც ჩვეულებრივი მოვლენაა და ძალიან სწრაფად ვრცელდება, ამიტომაც დაარქვეს მას "სუპერელ-ნინიო". ამას ემატება კიდევ სხვა ზემოქმედებები ატმოსფეროში. გრძელვადიან პროგნოზირებას ვერავინ აკეთებს, ყველა სინოპტიკოსი ამბობს, რომ მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა. ჩვენთვის გასაკვირი არ არის 45°გრადუსი, შარშან აგვისტოშიც დიდხანს იყო. ექსტრემალური ტემპერატურა საქართველოში ადრეც ყოფილა, 50 გრადუსზეც კი ავიდა ცოტა ხნით დასავლეთ საქართველოში. შესაძლებელია ამის შედეგად ძალიან ძლიერი იყოს სითბური ტალღები, რადგან ამას ემატება "ელ-ნინიოს" სიმძლავრე, თუმცა ჩვენ მაინც ამ მოქმედების განაპირას ვართ, ჩვენთან შეიძლება გააქტიურდეს წვიმები, ოღონდ ძალიან დიდი ინტენსივობით, შეიძლება ერთ დღეში სეზონის მთლიანი შემადგენლობა ნალექის სახით მოვიდეს. "ელ-ნინიოს" ახასიათებს არა მარტო მაღალი ტემპერატურა, არამედ ყველა საფრთხის ერთდროულად გააქტიურება.

სავარაუდოდ, აღმოსავლეთ საქართველოში შეიძლება დაიწყოს გვალვა, შესაძლებელია მეწყრული და ღვარცოფული მოვლენები უფრო დიდი სიმძლავრით. წყალდიდობა უკვე იყო გურიაში, სენაკში, კახეთში იყო სეტყვა და მოსალოდნელია განმეორდეს.

როგორც ამბობენ, ივლისის მეორე ნახევარში უფრო სტაბილურად იქნება მაღალი ტემპერატურა. ექსტრემალური ტემპერატურის პერიოდი გახანგრძლივებულია, ეს კი ზეწოლას ახდენს ინფრასტრუქტურაზე. ვგულისხმობ წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემებს, ასევე ელექტროენერგიით მომარაგებას. გამაგრილებლები თითქმის ყველას აქვს სახლში, რაც გამოიწვევს ელექტროენერგიის პიკურ ხარჯს. თუ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, ამას შეიძლება მოჰყვეს დენის გამორთვები, როგორც, მაგალითად, საფრანგეთში.

ძალიან გაუჭირდება იმ რეგიონებს, სადაც დენის მეშვეობით მიეწოდებათ წყალი, მაგალითად, ქუთაისს. ღმერთმა ნუ ქნას, 45 გრადუსის ზემოთ ხანგრძლივი პერიოდით ავიდეს ტემპერატურა. ამ შემთხვევაში უკვე ზედაპირული საფრების დნობის პრობლემაც დაემატება. გარდა ამისა, ასეთ დროს მოწყვლადია ახალაშენებული შენობები, იმიტომ, რომ თერმორეგულაციები და ენერგოდაზოგვები ბევრ შენობაში არ არის.

ელექტროენერგიის პიკური გამომუშავება ბოლო წლებში ისედაც ფიქსირდება საქართველოში, ზაფხულში პიკურმა ხარჯვამ ზამთრის მოხმარებას გაუსწრო. როგორც წესი, ზამთრის პერიოდში პიკურ ხარჯვაზე ვიყავით, მაგრამ პიკები ბოლო დროს ფიქსირდებოდა ზაფხულშიც. ნუ დავიმშვიდებთ თავს იმით, რომ ყოველდღიური წვიმა საკმარისია წყლის რეჟიმებისთვის, ანუ ჰიდროენერგეტიკისთვის, სამწუხაროდ, მდინარეებში დონეების დიდი მატება არ არის.

- მაღალი ტემპერატურის ჩამოწევა წვიმებით ხომ არ მოხდება?

- ჩვენთვის ყველაზე მძიმე ის არის, როცა დღისა და ღამის ტემპერატურას შორის განსხვავება ძალიან ცოტაა - როცა ჩრდილში 36 გრადუსია (ზაფხულში ყოფილა პერიოდები, როცა ტემპერატურა 40 გრადუსამდეც ასულა) და ღამეც 36 ფიქსირდება, ამას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს ადამიანი.

ბოლოდროინდელი ნალექების შედეგად აორთქლების ხარისხი უფრო მაღალია და ტენიანობა მატულობს. ტენიანობის მომატების დროს სათბურის ეფექტია და ხალხს უჭირს სუნთქვა.

- ევროპაში ბევრმა ვერ გაუძლო ამხელა ტემპერატურას და ასობით ადამიანი დაიღუპა. ალბათ, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები ჩვენთანაც არიან საფრთხის ქვეშ?

- ევროპაში არა მარტო ასაკოვანი, რამდენიმე ბავშვიც დაიღუპა.

ერთადერთი, რაც შეგვიძლია შევთავაზოთ მოსახლეობას, შეეცადონ ჩრდილში ყოფნას. არის თერმორეგულაციის პრობლემაც. ბევრ სახლში ის არ არის სათანადოდ გაკეთებული. თუ შენობის კედლები სქელია, თერმორეგულაცია სწორად ვითარდება, სახლში უფრო ნაკლებად იწევს ტემპერატურა. ახალაშენებულ სახლებზე კი ამას ვერ ვიტყვით.

- ამ ანომალიური სიცხეებისგან დაცვის პრევენციული ზომები თუ არსებობს?

- დიდი ხანია მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მთავარია, სამ გრადუსამდე საშუალო ტემპერატურას არ მივაღწიოთ, რადგან მთელ დედამიწაზე კატაკლიზმები უფრო გამწვავდება. უკვე განსხვავებულია "სუპერელ-ნინიოც", ვიდრე წინა წლებში იყო. ეს დედამიწაზე პერიოდულობით ხდება, უბრალოდ, ამჯერად უფრო ძლიერია. ამიტომაც ეკვატორიდან მომდინარე ზემოქმედება დედამიწის ორივე ნახევარსფეროზე დიდია.

- თქვენ ვარაუდობთ, რომ შეიძლება გალღვეს ასფალტი, შეიქმნას ელექტროენერგიის დეფიციტიც, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ პრევენციისთვის?

- პირველ რიგში უნდა შევეცადოთ წესების მაქსიმალურად დაცვას, დავზოგოთ ელექტროენერგია, უმეტესად ვიყოთ ჩრდილში. ყურადღებამისაქცევია სარკინიგზო გადაყვანები, გადაზიდვები და ა.შ. ასეთ დროს მაინცდამაინც სასურველი არ არის ტრეფიკი ცენტრალურ გზებზე და გადატვირთვა.

თუ გაგრძელდა მაღალი ტემპერატურა, შეიძლება მყინვარების დნობა უფრო ინტენსიური, უფრო აგრესიული გახდეს.

ამ პერიოდს ახასიათებს ღვარცოფი, მეწყერი, რისი საშიშროებაც 47 მუნიციპალიტეტში გვაქვს. როგორც ვიცი, 110 თემია იდენტიფიცირებული როგორც საფრთხის მატარებელი, ამიტომ მნიშვნელოვანია მუშაობა მოსახლეობაში. მზად უნდა ვიყოთ ამ საფრთხეებისთვის, და პირველადი შეტყობინების სისტემები მაქსიმალურად უნდა ამუშავდეს.

- როცა ამხელა საშიშროებაა, არის რამე პროტოკოლით გაწერილი, როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ?

- ჩვენ არ ვატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს. ეს სახელმწიფოს უსაფრთხოების კონცეფციაში უნდა იყოს დეტალურად გაწერილი. ამიტომ არის, რომ ბევრჯერ მსხვერპლით მთავრდება ნებისმიერი ბუნებრივი კატაკლიზმი.

უკვე დაიწყო მუშაობა კლიმატის ადაპტაციის გეგმის მომზადებაზე, რომელიც ფართო განხილვის საგანი უნდა გახდეს.

- რას ურჩევთ მოსახლეობას?

- მაქსიმალურად შევეცადოთ ჩრდილში ვიყოთ, უნდა ვსვათ ბევრი წყალი, რომელიც იმ ტემპერატურის უნდა იყოს, რაც არის გარეთ, ცხელი არა, მაგრამ არც ძალიან ცივი.

კლიმატი ძალიან შეცვლილია, აღარ გვაქვს გაზაფხული და შეიძლება შემოდგომაც დავკარგოთ - ამის ნიშნები უკვე არის. "ელ-ნინიოს" გავლენა იქნება საქართველოში, თუმცა ჩვენთან უფრო გვიან იწყებს მოქმედებას, ალბათ, უფრო აგვისტო-სექტემბერში გამოვლინდება; ვარაუდობენ, რომ გაგრძელდება ოქტომბერშიც, თუმცა, ვინაიდან გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება რთულია, შესაძლოა ოქტომბერში მალევე აცივდეს.

"ევროპა “იწვის" - 2026 წლის ივ­ნი­სი ის­ტო­რი­ა­ში შევა, რო­გორც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სიკ­ვდი­ლო თვე კონ­ტი­ნენ­ტის­თვის. საფ­რან­გეთ­ში რე­კორ­დუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ფიქ­სირ­და, ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი კი წყალ­ში დახ­რჩო­ბი­სა თუ მზის დარ­ტყმის მსხვერ­პლი გახ­და. 40 ადა­მი­ა­ნი და­იხ­რჩო მას შემ­დეგ, რაც გა­უ­საძ­ლის სი­ცხეს წყალ­სა­ცა­ვებ­ში და მდი­ნა­რე­ებ­ში და­ე­მა­ლა. ქვეყ­ნის სამ­ხრეთ­ში ნამ­დვი­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და: ორი და ოთხი წლის ბავ­შვე­ბი გა­და­ხუ­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბილ­ში გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იპო­ვეს. არა­ნაკ­ლებ მძი­მე ვი­თა­რე­ბაა მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­შიც.

ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ევ­რო­პა ამ ეტაპ­ზე მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სწრა­ფად თბე­ბა. კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გამო, მსგავ­სი სი­ცხის ტალ­ღე­ბი ახლა 30-ჯერ უფრო მე­ტად მო­სა­ლოდ­ნე­ლია. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ში­შო­ბენ, რომ ევ­რო­პუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, რო­მელ­თა მხო­ლოდ 20%-ს აქვს კონ­დი­ცი­რე­ბა, ასეთ პი­რო­ბებს ვერ გა­უძ­ლებს.