1917 წელს მეფის რუსეთს ომიდან ჯარი გამოექცა, 2027 წელს პუტინის არმიის „დეზერტირობაც“ ახლოვდება?
ომების ისტორიები ერთგვარი პარალელების გავლებასა და შედარებების საშუალებას იძლევა, თუნდაც იმიტომ, რომ ომების დიდი ნაწილი დაპყრობით ხასიათს ატარებს, პოლიტიკოსები რასაც ვერ ათანხმებენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ამ პრობლემებს სხვა მაგიდებზე გენერლებს "გადაულოცავენ" ომის საბრძოლო რუკების შესადგენად. რუსეთის ფედერაცია ისტორიულად სწორედ დამპყრობელი ომების შედეგად მოვიდა დღემდე და მის სათავეში მდგარი მეფეები, ბოლშევიკი და კომუნისტი ლიდერები თუ პრეზიდენტები მუდამ ომობდნენ, თანაც თითქმის ყოველთვის აგრესორის რანგში.
ასე ხდება დღესაც, როდესაც რუსეთის ფედერაცია შეჭრილია მეზობელი უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა ამ ფართომასშტაბიანი ომის მეხუთე წელს იკვეთება იმის ნიშნები, რომ აგრესორი კრემლი არათუ ვერ შეძლებს უკრაინის სრულ დამორჩილებას, არამედ რუსეთის საოკუპაციო ძალები თანდათანობით კარგავენ საბრძოლო ინიციატივას ფრონტის ხაზზე და არ არის გამორიცხული, 2027 წლისთვის პუტინის არმიას უკვე დაპყრობილი უკრაინული მიწების სასწრაფოდ დატოვება მოუწიოს. ამის ტრაგიკული ისტორიული პრეცედენტი რუსეთს პირველი მსოფლიო ომის დროს ჰქონდა.
მეფის რუსეთი პირველ მსოფლიო ომში 1914 წლის 1-ლ აგვისტოს ჩაერთო ანტანტის მხარეს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ერთად, რომელთა მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა გერმანიის, იტალიისა და ავსტრია-უნგრეთის სამმხრივი კავშირი.ეს იყო ევროპასა და მთელ მსოფლიოში პირველი ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები, რასაც 9 მილიონი სამხედრო შეეწირა დაპირისპირებული მხარეებიდან, ხოლო მეფის რუსეთის არმიის დანაკლისმა დაღუპულებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების სახით 1,3 მლნ კაცამდე შეადგინა.
რუსეთის არმია ერთდროულად იბრძოდა აღმოსავლეთისა და კავკასიის ფრონტებზე და დიდძალ ფინანსურ რესურსს ხარჯავდა, რამაც რუსეთის იმპერიის ეკონომიკა ძალიან შეარყია, მოსახლეობის სოციალური პირობები უფრო გაუარესდა, რითაც მაშინვე ისარგებლეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და რუსეთის იმპერიის დედაქალაქ პეტროგრადში 1917 წლის დამდეგს მოაწყვეს თებერვლის გადატრიალება და რუსეთის იმპერატორი II აიძულეს უარი ეთქვა ტახტზე. ამას მოჰყვა 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური რევოლუცია, ხელისუფლებაში მოსულმა ლენინმა მიიღო "მშვიდობის დეკრეტი" და რუსეთი გამოიყვანა პირველი მსოფლიო ომიდან სეპარატული "ბრესტის ხელშეკრულებით", რამაც გერმანიას დიდი შვება მისცა.
არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გერმანიის დაზვერვამ მილიონები გადაუხადა ლენინსა და მის ბოლშევიკებს, რომ მათ მეფის ტახტიდან ჩამოგდებაში მიეღოთ მონაწილეობა, ხოლო შემდგომ თავად რუსეთი გამოეყვანათ ანტანტიდან და საერთოდ, ომიდან, რაც ბოლშევიკებმა პირწმინდად შეასრულეს.
სანამ ბოლშევიკები პეტროგრადში ერთმანეთის მიყოლებით ორ სამხედრო გადატრიალებას ახდენდნენ 1917 წლის თებერვალსა და ოქტომბერში, რუსეთის არმიის ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთება აღმოსავლეთ და კავკასიის ფრონტებზე მთლიანად გაქრა, მათ სანგრებში ბოლშევიკების ემისრები იარაღის დაყრასა და ფრონტიდან გაქცევისკენ უკიჟინებდნენ, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ ისედაც გახანგრძლივებულ ომში ბრძოლის გაგრძელება ასიათასობით რუს გლეხს აღარ სურდა და თანდათანობით ჩამოიშალა რუსული ფრონტი პირველ მსოფლიო ომში - თუკი 1914-დან 1917 წლამდე პირველი მსოფლიო ომის ფრონტებიდან მეფის რუსეთის არმიას 195 ათასამდე დეზერტირი ჰყავდა, 1917 წლის თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციების პერიოდში, მხოლოდ რვა თვეში, ფრონტიდან კიდევ 170 ათასამდე ჯარისკაცი გამოექცა.
რუსეთ-უკრაინის ომი ბევრი რამით ემსგავსება პირველ მსოფლიო ომში მეფის რუსეთის არმიის მონაწილეობას, რადგან ხანგრძლივობით დღევანდელმა ომმა უკვე გადაასწრო 1914-1917 წლების ომს, რუსეთის მხარის საბრძოლო და სანიტარული დანაკარგები უახლოვდება 1,3 მლნ კაცს, ისევე როგორც იზრდება რუსეთის მილიონობით მოქალაქის უკმაყოფილება.
მაგრამ არის კი ყოველივე ეს საკმარისი, რომ პუტინის საოკუპაციო არმიის ათასობით ჯარისკაცმა თვითნებურად მიატოვოს სანგრები და ისევე როგორც პირველი მსოფლიო ომის დროს, იარაღით ხელში სახლებისკენ გაეშუროს? განსხვავებით საუკუნის წინანდელი მოვლენებისგან, ამჟამად პუტინის რეჟიმს რუსეთში არა ჰყავს ისეთი დარაზმული ოპონენტი პოლიტიკური ძალა, რომელიც ლენინის ბოლშევიკებივით შეძლებდა "მეფის ტახტის" შერყევას.
ამასთან, სპეცსამსახურებგამოვლილ პუტინს სამთავრობო დაცვის, ეფ-ეს-ბესა და "როსგვარდიის" სახით თავის გარშემო შემოკრებილი ჰყავს ის ერთგული სერიოზული ძალა, რაც "სასახლის გადატრიალების" ცდებს სათავეშივე ჩაკლავს, ხოლო რუსულ სასამართლოებს ყველა მეტ-ნაკლებად სახიფათო ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერი გასამართლებული ჰყავთ, ყველაზე ოდიოზური ფიგურები კი უკვე "გასაღებული" არიან პუტინის კილერების ხელით.
მიუხედავად ამისა, პუტინის არმიას მაინც ემუქრება იმის საფრთხე, რომ 2027 წლისთვის გაიმეოროს 1917 წლის სურათი და ფრონტის ხაზის მასობრივად მიტოვების შემდეგ რუსეთის ქალაქებსა და სოფლებს ათიათასობით ავტომატიანი დეზერტირი შეესიოს. ამის მიზეზი კი შეიძლება გახდეს ფრონტის ხაზის "გაყინვა", უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევები, რუსული სტრატეგიული ობიექტების უკრაინული დრონებით უფრო მასირებულად აფეთქებები, ანექსირებულ ყირიმზე კონტროლის დაკარგვა და ა.შ.
პუტინის არმია წინ დიდი ტემპებით ვეღარ მიიწევს. ამისთვის აუცილებლად სჭირდება რუსეთის საოკუპაციო ძალების მნიშვნელოვნად გაზრდა დღევანდელი 700 ათასიდან 1,5 მლნ კაცამდე მაინც, მაგრამ ამის მოხერხება პუტინს მხოლოდ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებით თუ შეუძლია, რაც უდიდესი უკმაყოფილების საფუძველი გახდება მილიონობით რუსეთის მოქალაქისთვის, რასაც მშვენივრად ხვდებიან კრემლში და აქამდე სამხედრო კონტრაქტორების რიცხვს მაღალი ფინანსური დაინტერესების შეთავაზებით ზრდიდნენ, მაგრამ ფინანსური შესაძლებლობები რუსეთის ბიუჯეტს ეწურება და ასე გაგრძელებას უკრაინის ომის "ჭაობში" ახალი დაქირავებული მებრძოლების გაგზავნის სახით კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს.
პუტინს, ადრე თუ გვიან, მოუწევს დიდი მობილიზაციის გამოცხადება, რაც მისი მრავალწლიანი რეჟიმისთვის სერიოზული რყევების დაწყების საფუძველი გახდება მოსახლეობის ბევრად უფრო ფართო მასებში, მათ შორის მათშიც, ვინც დღეს შიშის გამო ვერ ბედავს დაუპირისპირდეს "ომის ჭაობში" რუსეთის ჩამძირავ პუტინს.