რომ არა დრონები და ტრამპის „იარაღის ემბარგო“, რუსეთს უკრაინა უკვე დაპყრობილი ექნებოდა
რომ არა უკრაინული დრონების მასობრივად წარმოება და ინტენსიური საბრძოლო გამოყენება, აქამდე რუსეთი საწადელს მიაღწევდა. ამის თქმის უფლებას იძლევა ის რეალობა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის მეხუთე წელს შეიქმნა ფრონტის ხაზზე და ფრონტიდან ახლო და შორეულ სიღრმეში, როდესაც მასირებული დარტყმების ობიექტებად ორივე მხრიდან იქცნენ უპილოტო, დისტანციურად ან ავტომატურ რეჟიმში მფრენი აპარატები, რომლებმაც უკანა პლანზე გადასწიეს ჰაუბიცების არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, საავიაციო ბომბები, ფრთოსანი თუ ბალისტიკური რაკეტები.
უეკიპაჟო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო დრონების მასობრივად გამოყენებამ მინიმუმამდე დაიყვანა სანიტარული დანაკარგები მათ მომსახურე პირად შემადგენლობაში, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე ომებში. გარდა ამისა, დრონების მნიშვნელოვანი სიიაფე ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებთან შედარებით, იძლევა დრონების ძალიან დიდი რაოდენობით გამოყენების საშუალებას და თუკი ათი გამოყენებული დრონიდან 6-7 მათგანი ჩამოგდებული იქნება, ტრაგედია არ არის, რადგან დარჩენილი დრონები მაინც შეასრულებენ დასახულ საბრძოლო ამოცანას.
ამასთან, საჰაერო დრონების მასობრივად და ერთდროული გამოყენება იწვევს მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადატვირთვასა და ძვირადღირებული მართვადი საზენიტო რაკეტების დიდ ხარჯს. და რაოდენ ძნელად წარმოსადგენიც არ უნდა იყოს, ამ ომის მეხუთე წელს უკრაინამ აჯობა მასზე ბევრად დიდ და ძლიერ რუსეთს გამოყენებული დრონების რაოდენობით, არადა, ირანული "შაჰიდებით" უკრაინულ ქალაქებზე საჰაერო შეტევები თავიდან სწორედ რუსმა ოკუპანტებმა დაიწყეს.
თუმცა სიტუაცია ომის მეხუთე წლისთვის კარდინალურად შეიცვალა - თუკი 2026 წლის ივნისში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 5 ათასამდე დრონი გამოიყენა, უკრაინელებმა 9 ათასზე მეტი დრონით უპასუხეს! გასათვალისწინებელია, რომ ამ ციფრებში მხოლოდ საშუალო და შორი მოქმედების სადაზვერვო, კამიკაძე და სატყუარა დრონები იგულისხმება და არ ითვალისწინებს ახლო მანძილზე მფრენ FPV-დრონებს, რომლებსაც ფრონტის ხაზზე დაპირისპირებული მხარეები მარტო ერთ დღე-ღამეში ათასობით იყენებენ.
მოსკოვი აცხადებს, რომ 2026 წლიდან რუსეთის საჰაერო სივრცეში 39 ათასი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და ასეც რომ იყოს, უკვე ნათლად აჩვენებს იმ "საჰაერო ტერორს", რაშიც უკრაინულმა დრონებმა აგრესორი რუსეთი ჩააყენეს და მის მიერვე წამოწყებული ომი უკანვე დაუბრუნეს.
მაგრამ იცით, რა მთავარმა მიზეზმა ითამაშა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ უკრაინას აქცენტი სწორედ სამამულო წარმოების საჰაერო დრონებზე გაეკეთებინა და არ დარჩენილიყო მხოლოდ დასავლეთის შემყურე? და ამ მთავარ მიზეზს სახელად ჰქვია ტრამპი, რომელმაც უკრაინას ერთგვარი "იარაღის ემბარგო" დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციამ არათუ შეუმცირა, არამედ საერთოდ შეუწყვიტა ჯერ კიდევ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს გამოყოფილი "ჰაიმარსის" რაკეტებისა და საარტილერიო ჭურვების მიწოდება უკრაინის არმიას და არც ახალი შეთანხმებები დადო უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე. შეიძლება ნონსენსია, მაგრამ უკვე ფაქტია - უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების შეწყვეტამ... უფრო უარეს მდგომარეობაში ჩააგდო აგრესორი რუსეთი!
რას შეიძლება გამოეწვია ერთმანეთის გამომრიცხავი ასეთი შედეგი? საქმე ის არის, რომ როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია "ჰაიმარსიდან" გასაშვებ 86 და 300 კმ-მდე მფრენ რაკეტებს, მართვად საავიაციო ბომბებსა და მსხვილკალიბრიან საარტილერიო ჭურვებს აწვდიდა უკრაინის არმიას, ამასთანავე კატეგორიულად უკრძალავდა კიევს მათ გამოყენებას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იმის შიშით, რომ პუტინის რეჟიმს ვაშინგტონისთვის "ომის ესკალაცია" არ დაებრალებინა.
ხშირად, როდესაც უკრაინის სამხედრო დაზვერვა მოიპოვებდა ოპერატიულ ინფორმაციას, რომ "ჰაიმარსიდან" გასაშვები ამერიკული ბალისტიკური რაკეტის მოქმედების ზონაში ხვდებოდა ესა თუ ის მნიშვნელოვანი რუსული სამიზნე, არმიის შტაბი თუ "ისკანდერების" დივიზიონი, უკრაინის გენშტაბი ვალდებული იყო ეს სარაკეტო დარტყმა ამერიკულ მხარესთან სასწრაფოდ შეეთანხმებინა და ხშირად უარს იღებდა იმ მოტივით, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ამერიკული ბალისტიკური რაკეტით დარტყმა გააუარესებდა მოსკოვ-ვაშინგტონის ისედაც რთულ ურთიერთობას.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელისუფლებაში პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია დაბრუნდა და უკრაინას მაშინვე შეუწყვიტა ამერიკული შეიარაღების მიწოდება, კიევსაც ავტომატურად მოეხსნა ის არაოფიციალური ვალდებულება, რაც წინამორბედ, ბაიდენის ადმინისტრაციასთან ჰქონდა - უკრაინის არმიის ყველა სერიოზული ოპერაციის შეთანხმება პენტაგონთან. უკრაინის არმიის გენშტაბს მიეცა საშუალება თავისუფლად ემოქმედა აგრესორი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში.
მართალია, უკრაინის არმიას აღარ ჰქონდა 300 კმ-მდე მფრენი ამერიკული ბალისტიკური რაკეტები, მაგრამ მის განკარგულებაში გამოჩნდა სამამულო წარმოების ბევრად იაფი, ბევრად შორს მფრენი და ამასთან, ბევრად ზუსტი თვითმფრინავის კონსტრუქციის კამიკაძე-დრონები, რითაც უკრაინელებმა შეძლეს ამ საშინელი ომის დაბრუნება იქ, საიდანაც დაიწყო - რუსეთში და თანაც ისე, რომ არც თეთრ სახლთან და არც უცხოპლანეტელებთან შეთანხმება და ნებართვის აღება აღარ სჭირდებათ.