„სასაფლაოს ინდექსი“ ანუ რა სცენარები აქვს პუტინს
ზოგჯერ ჩხუბში ხდება - შენზე ძლიერ მოწინააღმდეგეს სუსტ წერტილს უპოვი და იქ ურტყამ მეთოდურად. რა თქმა უნდა, შენც გხვდება, თუმცა დარტყმებს იმ სუსტ წერტილში აგრძელებ და ელოდები, როდის გამოელევა ძალა შენს ოპონენტს. სწორედ ასე უპოვეს სუსტი წერტილი უკრაინელებმა ქვეყანა -"ბენზოკალონკას" ანუ რუსეთს - ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. ქარხანა ტანკი არ არის, რომ რეზერვები გქონდეს ან უცბად შეაკეთო. ქარხნის აღდგენას თვეები სჭირდება, ზოგი კი აღდგენას არც ექვემდებარება. მოკლედ, უკრაინელებმა დარტყმები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ყოველდღიურ, აუცილებელ საქმიანობად აქციეს. შედეგი სახეზეა - უმძიმესი ენერგეტიკული კრიზისი რუსეთში, რიგები ავტოგასამართ საგურებზე ჩხუბებითა და ცემა-ტყეპით. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ საწვავის კრიზისის გამო რუსეთის მსხვილ ქალაქებს პროდუქტებით მომარაგების პრობლემებიც შეექმნებათ.
ეს არის უკრაინელების სპეცოპერაციის ნაწილი (რაც თავად ზელენსკიმ დაადასტურა), რომლის მიზანია, აიძულოს პუტინი, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. თუმცა კრემლის ბინადარს ჯერ არაფერი ეტყობა იმის, რომ დიალოგზე თანახმაა და უცნაურ კომენტარებს აკეთებს - საწვავის გარკვეული დეფიციტი შეიქმნა, მაგრამ სიტუაცია კრიტიკული არ არის და ზოგადად, ეკონომიკა ვითარდებაო... ჰყვება ამბებს იმის შესახებ, თუ როგორ მიიწევს წინ რუსეთის არმია ფრონტზე - სუმის ოლქი უსაფრთხოების ზონად უნდა ვაქციოთო. შესაბამისად, რუსეთშიც და დასავლეთშიც გაჩნდა ეჭვი, რამდენად კარგად არის ინფორმირებული კრემლის ბინადარი ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე და საერთოდ, არის თუ არა ადეკვატურ მდგომარეობაში?!
ტელეკომპანია "როსია1"-ის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა დმიტრი სკორობუტოვმა განაცხადა, რომ პუტინისთვის პერსონალურ "ახალ ამბებს" ამზადებდნენ. პროექტს "მთავარი მაყურებელი" ერქვა. მისი თქმით, "ვესტის" ჩვეულებრივი გამოშვების ეთერში გაშვების შემდეგ, თანამშრომლები სამსახურში რჩებოდნენ და წინასწარი მითითების მიხედვით, თავიდან ამონტაჟებდნენ საინფორმაციო გამოშვებას, რომელშიც ცუდი ამბები, პრაქტიკულად, არ იყო. ეს ე.წ. საინფორმაციო გამოშვება მთლიანად შედგებოდა რუსეთის წარმატებებისა და პუტინის მიღწევებისგან. ამ სპეცგამოშვებას პრესსამსახურის მეშვეობით კრემლში გზავნიდნენ და პუტინს აჩვენებდნენ. სკორობუტოვის თქმით, პუტინს ერთი კვირის განმავლობაში უმალავდნენ კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვის ამბავს.
რამდენად დაეჯერება სკორობუტოვს? თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, მაინცდამაინც არა. ის განაწყენებული ადამიანია. უფრო ზუსტად, როდესაც "როსია1"-ის მთავარი რედაქტორი იყო, ისიც კარგად პროპაგანდისტობდა, თუმცა 2017 წელს სამსახურში თავისივე რეჟისორმა ისე სცემა, რომ ტვინის შერყევით საავადმყოფოში იწვა. ამ კონფლიქტის შემდეგ სამსახურიდანაც დაითხოვეს, რის შემდეგაც დატოვა რუსეთი და საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა.
თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვსაუბრობთ იმ ქვეყანაზე, სადაც ლენინს გაზეთ "პრავდის" სპეციალურ ნომერს უბეჭდავდნენ, რომ არ ენერვიულა. ძალიანაც დასაშვებია, რომ მსგავსი რამ დღესაც ხდება. ასეა თუ ისე, ჭირი თავს დიდხანს ვერ დამალავს და ასეა პუტინის შემთხვევაშიც.

რა გამოსავალი რჩება პუტინს?!
უკრაინელები აგრძელებენ და გააგრძელებენ რუსული ნავთობინფრასტრუქტურის "დაუთოებას". კრემლის ბინადარი იმის იმედზე, რომ კიევს დრონები გამოელევა, ვერ იქნება, თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგონებაც კი არ უნდა. თავად თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ შუალედურ შეთანხმებაზე უკრაინელებს უარი უთხრა. კრემლის ბინადარს თუ დავუჯერებთ, კიევმა მოსკოვს ასეთი სქემა შესთავაზა: დედაქალაქების დაბომბვასა და ქვეყნის სიღრმეებში დარტყმებზე უარის თქმა; საბრძოლო მოქმედებების არეალის შემოფარგვლა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებით. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ეს პუტინმა მოიგონა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ კიევი დუმს კრემლის ბინადრის ზემოხსენებულ განცხადებაზე, ჩნდება ეჭვიპპ, რომ კულუარულად მოლაპარაკება მართლაც სცადეს.
სავარაუდოდ, პუტინი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მისთვის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა ძალიან წამგებიანია, რადგან გამოვა, უკრაინელების სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. პუტინს ცეცხლის შეწყვეტა ასე წარმოუდგენია (რაზეც ანკორიჯში გამართულ შეხვედრაზე ტრამპს შეუთანხმდა): უკრაინის არმია დატოვებს დონეცკის ოლქს (სადაც მათ ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამაგრებული თავდაცვის ხაზები აქვთ), უნდა შეამციროს ჯარის რაოდენობა და უარი თქვას სამხედრო ალიანსებში შესვლაზე...
უკრაინელები არ დათანხმდნენ და სავარაუდოდ, არც მომავალში დათანხმდებიან. ჯერ ერთი, ზელენსკის მოუწევს საზოგადოებისთვის ახსნა, დონეცკის ქალაქების შენარჩუნებისთვის ფუჭად დაიღუპა თუ არა ათასობით უკრაინელი, მეორეც - კიევს მსოფლიოში ვერავინ მისცემს გარანტიას, რომ რუსეთის ჯარი ამოსუნთქვისა და გადაიარაღების შემდეგ ახალ შეტევაზე არ გადავა.
თუმცა, მეორე მხრივ, პუტინს კიდევ ერთი დილემა აქვს - შემოდგომაზე დაგეგმილი დუმის არჩევნები. რა თქმა უნდა, რუსეთში ოპოზიცია არ არსებობს. მთავარი პარტიებია - პუტინის "ედინაია როსია", კომუნისტური პარტია, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია და "სპრავედლივაია როსია". მათ აერთიანებთ ის, რომ პუტინის უზენაეს ლიდერობას ეჭვქვეშ არ აყენებენ. თუმცა ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რასაც სხვა სფეროებშიც აუცილებლად მოჰყვება რეგრესი,„"ედინაია როსიამ" შესაძლოა რეკორდულად მცირე ხმები აიღოს ან სულაც რომელიმე პარტიამ გადაასწროს, ეს კი კრემლის ბინადრისთვის ქვეყანაში დიდი ფსიქოლოგიურ-იმიჯური დარტყმა იქნება. ისედაც უკვე ლამის ყველამ ენა შეაჩვია და ზოგიერთი სამხედრო ვიდეომიმართვებით დამხობით ემუქრება.
როდესაც რუსეთის ხელისუფლებას გაუჭირდება, ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება ხოლმე - ერთხელ ეს გაუვიდათ. ალბათ, გახსოვთ, 2022 წლის შემოდგომაზე უკრაინელებმა დიდი კონტრშეტევა დაიწყეს, ფრონტი გაარღვიეს და "მსოფლიოში მეორე არმია" სამარცხვინოდ გარბოდა. მაშინ პუტინი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქრა და ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი იღონა, რათა უკრაინელების კონტრშეტევა შეჩერებულიყო. ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ეს რუსული ბლეფი იყო. დღესაც იმავეს ამბობენ, თუმცა უნდა კი ვინმეს ამის შემოწმება?!
შესაძლოა პუტინი ფიქრობს, რომ თუ გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, დასავლეთი ვერ გადაწყვეტს საპასუხო ნაბიჯების გადადგმას. თუმცა ამ შემთხვევაში გაბედავს პუტინი ამის შემოწმებას?! კი ბატონო, შესაძლოა დასავლეთს შეეშინდეს მესამე მსოფლიო ომში ჩართვის. თუმცა ყოველთვის არის მეორე სცენარიც - კერძოდ, ნატოს სამხედრო მანქანის სრული ძალით ამოქმედება და რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის პირისაგან მიწისა აღგვა თავისი ჯარიანად. მეორეც, ძალიან საეჭვოა, რომ "დიდი ძმა" სი ძინპინი თანახმა იყოს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე "ხსნილი" გამოცხადდეს, თუმცა მსოფლიო ამ სცენარისთვისაც მზად უნდა იყოს.
პუტინისთვის კიდევ ერთი გამოსავალია რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება და გვამების გროვით ომში უპირატესობის მოპოვების მცდელობა. თუმცა აქაც არის რისკები: ჯერ ერთი, კრიზისის ფონზე ასეულობით ათასი ჯარისკაცის აღჭურვა და ჭამა-სმა გაჭირდება, მეორეც - ვინმე ვანია მუხასრანსკში შესაძლოა სავარძელში ჩამჯდარი არყის ბოთლით ძალიანაც გულშემატკივრობდეს პუტინსა და რუსეთის არმიას, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, წავა ჯარში? რუსეთში უკვე ყველამ გაიგო, დაახლოებით რამდენ დღეს ცოცხლობს ახალწვეული ფრონტზე. არანაირი ინტერნეტი ამისთვის არ სჭირდებათ - ყველა ხედავს, როგორ იზრდება ახლომახლო მდებარე სასაფლაო. თუ პუტინმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა, გაიზრდება დიდი უკმაყოფილების დაწყების რისკი, რაც კრემლისთვის არანაკლებ საშიშია, ვიდრე უკრაინული დრონები.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, შესაძლოა პუტინმა სხვა ვარიანტი აირჩიოს - უფრო დაუნდობლად და სისხლიანად დაბომბოს კიევი, რათა აიძულოს უკრაინელები, შეაჩერონ შეტევები რუსების ინფრასტრუქტურაზე (ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა თანამოქალაქეები, რომ პუტინი უპრეცედენტო მასშტაბის დარტყმებს ამზადებს), თუმცა უკრაინელები გაჩერდებიან თუ არა, საკითხავი აი, ეს არის. ვნახოთ, რა ვარიანტს აირჩევს პუტინი, ყოველ შემთხვევაში, ცეცხლის შეწყვეტას უახლოეს მომავალში, ალბათ, არ უნდა ველოდოთ.
სკანდალური სტატია უკრაინულ მედიაში
ამასობაში უკრაინაშიც ემზადებიან არჩევნებისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაიმართება. "უკრაინსკაია პრავდამ" სკანდალური სტატია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, კიევში ბრიტანეთიდან გამოიძახეს ელჩი ვალერი ზალუჟნი (არმიის ყოფილი სარდალი და უკრაინაში ერთ-ერთი ავტორიტეტული ფიგურა). მას პრეზიდენტი ზელენსკი შეხვდა და პირდაპირ ჰკითხა, აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ზალუჟნიმ პირდაპირ უპასუხა, დიახ, ვაპირებო. "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ზალუჟნიმ თავისი პოზიცია ასე ახსნა - საერთოდ არ სურდა პოლიტიკაში მოსვლა, თუმცა ბევრს უკრაინაში მისი იმედი აქვს და მათი მოლოდინის გაცრუება დიდი უპასუხისმგებლობა იქნება. ზელენსკიმ მოუსმინა და შემდეგ დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
ბოლო მონაცემებით, მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა რუსეთზე დარტყმები ინტენსიური გახადეს, განსაკუთრებით მოსკოვზე დარტყმის შემდეგ, ზელენსკის რეიტინგი გაიზარდა. თუმცა, მეორე მხრივ, ზალუჟნი არის იმის სიმბოლო, თუ როგორ შეძლო უკრაინულმა არმიამ რუსული ურდოების შეჩერება და ქვეყნის ჩამოშლის თავიდან აცილება. ასე რომ, ვნახოთ...
გიორგი კვიტაშვილი