„ვინმე დედას თუ შემაგინებს, შეიძლება საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგო“ - როგორ გააშველა ასმათ ტყაბლაძემ ვერელები და ვაკელები
"ადამიანი დაუშვებელს რომ გააკეთებს, ფიზიკურად შემიძლია დავუპირისპირდე. უსამართლობას თუ დავინახავ, გვერდს ვერ ავუვლი, არ ვიფიქრებ, რომ მე არ მეხება, მივალ და ჩავერევი", - ამბობს მსახიობი ასმათ ტყაბლაძე.
- ბავშვობაში მსურდა...
- ნაყინის ან მზესუმზირის გამყიდველი გამოვსულიყავი, ორივე ძალიან მიყვარდა და ვფიქრობდი, რომ ბევრი მექნებოდა. 5-6 წლიდან მეზობლის სარდაფში სპექტაკლების გამართვა დავიწყე, ფარდა მქონდა ჩამოფარებული, ვაკეთებდი მეზობლების პაროდიებს და უბნისთვის წარმოდგენებს ვმართავდი. შემდეგ მსახიობობის მიმართ ინტერესი მეტად გამიჩნდა, თუმცა ექიმობაც ძალიან მხიბლავდა. ცუდად მყოფ ადამიანს რომ უნდა დავხმარებოდი, ეს ქცევა მომწონდა. ექიმი არ გამოვედი, მაგრამ ღმერთი მგზავნის ხოლმე იმ ადგილზე, სადაც ვინმეს დახმარებაა საჭირო.
- რას გულისხმობთ?
- ბევრი ადამიანი მყავს გადარჩენილი, ეს ყოველთვის შემთხვევით ხდება. პრაღაში ვიყავი, სასტუმროში ვიღაც ბიჭი ცუდად გახდა, მისი მეუღლის კივილი გავიგონე და სასწრაფოდ გავვარდი, ენა დავუჭირე, გულის მასაჟი გავუკეთე... სამედიცინო დახმარება რომ მოვიდა, ექიმებმა თქვეს, ამ ქალბატონს უმადლოდეთ, მას გადაურჩენიაო... ერთ დღეს თეატრში მივდიოდი, ვიფიქრე, მეზობელთან შევივლი, მოვიკითხავ-მეთქი და რომ შევედი, ბავშვი აივნიდან ვარდებოდა, ჩუმად მივედი და გადმოვიყვანე... ასეთი უამრავი შემთხვევის გახსენება შემიძლია.
- ჩემზე ამბობენ...
- სამართლიანიაო. მაყურებელსაც არაერთხელ უთქვამს, გარდა იმისა, რომ მომწონხართ, როგორც მსახიობი, თქვენს სამართლიანობასაც ვაფასებო. ადამიანებს ყოველთვის ვიცავ, სხვაგვარად ვერ ვიცხოვრებ. მტერი ყველას ჰყავს, მეც მყავდა, ზოგი ცოცხალი აღარც არის, მაგრამ მტერიც კი ამბობდა, რომ სამართლიანი ვარ. მტრის არსებობა კარგია, გაფხიზლებს, გინდა ყველაფერი სწორად გააკეთო. მაგრამ მტერმა არ უნდა გაიხაროს, მან საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს ღმერთისგანაც და შენგანაც.

- ბედნიერი ვარ, რომ...
- ჯანმრთელი შვილი, შვილიშვილი, დის და ძმის შვილები მყავს, კარგები, ნიჭიერები და განათლებულები. ბედნიერებაა ამ ქვეყანაში რომ დავიბადე, ქართველი რომ ვარ. ჩემი ქვეყანა იმდენად მიყვარს, მისთვის სიცოცხლესაც არ დავიშურებ, როგორც ჩემი ოჯახისთვის. მეამაყება, რომ დედის მხრიდან 300 არაგველიდან ერთ-ერთის შთამომავალი ვარ. ჩემი უდიდესი სურვილია გამრავლდეს და გაძლიერდეს ჩემი ერი. ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ, მათ შორის ცუდშიც, მაგრამ როგორი წარსული გვაქვს, ტრადიციები, ამის დაკარგვა დაუშვებელია.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- სიკეთე, სიმართლე, ღიმილი და კარგი სიტყვა.
- თვისება, რომელიც ჩემში მომწონს...
- იუმორის გრძნობა მაქვს, ეს მეც მშველის და სხვასაც სიამოვნებს.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ყველაზე ნამეტანი გადაყოლა ვიცი. ბებიაჩემი განათლებული არა, მაგრამ ბუნებით ბრძენი ქალი იყო. ის მეუბნებოდა, სიკეთის კეთება აუცილებელია, მაგრამ "მეტის მეტი რეტის რეტიაო". "მე შემიძლია", "მე გავაკეთებ", "მე წავალ", "მე ვიცი"... სულ ამას გავიძახი და საკუთარ თავზე ძალიან ბევრ პასუხისმგებლობას ვიღებ. ასეთ ამბებში მუხრუჭი არ მაქვს. სკოლაშიც ასე ვიყავი, რომელიმე კლასელი ორიანს თუ მიიღებდა, სახლში მიმყავდა და ვამეცადინებდი.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ვინმე დედას თუ შემაგინებს, შეიძლება საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგო. ერთხელ დავინახე, ვიღაც კაცმა ქალს ხელი ჰკრა და წააქცია, მივედი და ის კაცი ლამის დავახრჩვე. ერთს შეეშალა ჩემთან და იმასაც კარგად მოხვდა. ადამიანი დაუშვებელს რომ გააკეთებს, ფიზიკურად შემიძლია დავუპირისპირდე. უსამართლობას თუ დავინახავ, გვერდს ვერ ავუვლი, არ ვიფიქრებ, რომ ეს მე არ მეხება, მივალ და აუცილებლად ჩავერევი. იმ დროს არ ვფიქრობ, მეც ხომ არ მომხვდება? ერთხელ მოზარდების ჩხუბში ჩავერიე და იქიდან დალურჯებული ფეხებით გამოვედი. ვერელები და ვაკელები ერთმანეთს დაერივნენ. ბაღში ვიყავი, გავგიჟდი, ერთმანეთს ისე იმეტებდნენ, შუაში ჩავდექი, გავაშველე, წიხლებს რომ იქნევდნენ, ზოგი მე მომხვდა, მაგრამ გავაჩერე, შევძელი, არც ერთ ბავშვს არაფერი არ დაშავებია.
- სიყვარული ეს...
- სხვადასხვანაირია. ქალისა და მამაკაცის სიყვარული სულ სხვაა, ჩემში ძალიან ძლიერია სამშობლოს სიყვარული. შვილი ხომ საყვარელია, შვილიშვილზე ვამბობ, გულის გულია-მეთქი. ქალისა და მამაკაცის სიყვარული ორმხრივი თუ არის, კარგია, მაგრამ ცალმხრივი ცუდია. მე ცალმხრივი სიყვარული არც მქონია. ვერ წარმომიდგენია, მიყვარდეს ვიღაც და მას არ ვუყვარდე.
- თუმცა გაქვთ ნათქვამი, რომ დაოჯახებული მამაკაცი გიყვარდათ?
- კი, მაგრამ ეს ურთიერთობა მე დავასრულე, არ შეიძლებოდა განვითარება ჰქონოდა. იქ სადაც ოჯახია, შვილია, ვიღაცამ ძალიან უნდა განიცადოს, ამის უფლება თავს არ უნდა მისცე, შენი სიყვარულით ვიღაცას არ უნდა ავნო. თუმცა ეს მხოლოდ ძალიან ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ. მე ძლიერი ქალი ვარ, შემიძლია ყველაფერს გავუძლო.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ეს ამბავი გვიან მოხდა, დიდი ხნის განმავლობაში არავინ მიყვარდა, ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, სკოლაში ყველას ვიღაც უყვარს და შენ რა გჭირსო?
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- სიკეთის კეთებისას არ ვფიქრობ, ის ადამიანი ღირსია თუ არა. ეს სისუსტეა. ამის გამო გულის ტკენაც მქონია, იმედგაცრუებაც, მათ შორის ისეთი ადამიანებისგანაც, ძალიან ახლობლად რომ მიმაჩნდა. მე მახსოვს ყველა სიკეთე, ვისაც ჩემთვის ოდესმე გაუკეთებია. როგორ შეიძლება დამავიწყდეს, სესილია თაყაიშვილის ჩემდამი სიყვარული, სოფიკო ჭიაურელის, მზია მახვილაძის უდიდესი სიკეთე. მეორე პროფესიით ფორტეპიანოს პედაგოგი ვარ, არასდროს დამავიწყდება ჩემი პედაგოგი, ბინა რომ არ მქონდა, თავის ბინაში 1 ოთახი დამითმო.
- მაკვირვებს...
- ადამიანების უვიცობა. გაუნათლებლობა ძალიან ცუდი რამ არის. წლების წინ გლეხები უმაღლესი განათლებით არ იყვნენ, მაგრამ მათში სიბრძნე იყო, არაჩვეულებრივად იცოდნენ, რა არის ქვეყანა, სამშობლო, ისტორია... დღეს ერს ეს სიბრძნე აკლია. ახლა იმდენმა ვინმემ აღარ იცის თავის ქვეყნის აღარაფერი, ჩემი სამშობლო შემეცოდება ხოლმე.
- მეშინია...
- არაფრის, მხოლოდ ეგ არ მინდა, ჩემს ახლოს ქვეწარმავალი იყოს, ბუნებაში თავისთვის იარსებოს, არაფერს ვერჩი.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- რომ "მეტის მეტი რეტის რეტია".
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- ასეთი არაფერი მახსენდება. თუ დავფიქრდები, ავტომანქანაც კი შემიძლია შევაკეთო. სიძნელეები არ მაფრთხობს.
- თავისუფლება არის...
- არჩევანის უფლება, მაგრამ ქუჩაში შიშველი გასვლა, ეს სიგიჟეა. თავისუფლება ზოგჯერ სურვილებზე უარის თქმაცაა, რასაც გააკეთებ, იმაზე პასუხისმგებლობის აღებაა. გამოთქმა "გიჟი თავისუფალია" არ მომწონს, ის ავადმყოფია, თავისუფალი ის არის, ვინც ყველაფერს სწორად აკეთებს.
- მსახიობის პროფესიის მთავარი ხიბლია...
- მაყურებელთან ურთიერთობა, როცა აპლოდისმენტებს გიძღვნიან, საოცარი გრძნობაა, გენიალური. უზომოდ მახარებს შემთხვევები, როცა ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან, ამა თუ იმ როლში როგორ მოვწონვარ... ეს ჩვეულებრივი ამბავი არაა.
- ჩემი ცხოვრების მთავარი როლი...
- სადაც საჭიროა, იქ დადებითად, სიკეთით და სიყვარულით უნდა ვიყო. ერთხელ უცხოეთიდან მოვფრინავდი, ტურბულენტური სიტუაცია შეიქნა, ვფიქრობდი, ნეტავ, სად ვართ? ბორტგამცილებელს ვკითხე და კავკასიონს ვუახლოვდებითო. გავიფიქრე, იქნებ 10 წუთი არაფერი მოხდეს, მოსახდენი თუ რამეა, ჩემი ძვლები ჩემი სამშობლოს მიწაში მაინც დაიმარხოს-მეთქი.
რაც შეეხება ჩემი ცხოვრების მთავარ როლს სცენაზე, ასეთი ბევრი იყო. ბოლოს "პორტოპოლოს ტუსაღებში" ძალიან კარგი როლი ვითამაშე, შეფასებებიც დადებითი იყო. ისეთი როლები მქონია, სცენიდან ტაშის გარეშე არ გავსულვარ. უმეტესად ძლიერ ქალებს ვთამაშობ.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალს მარტივად ვპოულობ, კრიზისის მართვა შემიძლია.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ბებია ხშირად მარიგებდა. რაც არ უნდა ძვირფასი ჭურჭელი ან ნივთი გაგიტყდეს, არავითარ შემთხვევაში არ იდარდო. ოჯახში სტუმარი რომ შემოვა, ყველაფერი შესთავაზე, რაც კი შეგეძლება, არაფერი დამალო, თორემ გაგიფუჭდება და გადასაყრელი გაგიხდებაო... ახლა ჩემთან ვინმე რომ შემოდის, სულ ეს სიტყვები მახსენდება. იცით, როგორი ბებია მყავდა? გერმანელ ტყვეებს ღებულობდა და უკანასკნელ ლუკმას უნაწილებდა, ამ დროს მისი შვილი ომში იბრძოდა და არავინ იცოდა, ცოცხალი დაბრუნდებოდა თუ არა.
- დაბოლოს გეტყვით...
- ამ ინტერვიუს ყველა თავისებურად აღიქვამს, ზოგს მოეწონება, ზოგმა შეიძლება თქვას, თავს იქებსო. ადამიანი ყველაფერს თავისი პიროვნებიდან გამომდინარე აფასებს, ბოროტი - ბოროტულად, კეთილი - კეთილად. ვიცი, ბევრი დამირეკავს და მეტყვის, წავიკითხე და მომეწონაო. თქვენ და თქვენს ყველა მკითხველს სიკეთეს და კეთილდღეობას გისურვებთ!
თამუნა კვინიკაძე