„ნაგვის ბუნკერთან მკვდარი კატა ეგდო, მივედი და ბუნკერში ჩავაგდე... იქ ამბავი ატყდა, მეგონა მთელი ისრაელი დავანგრიე“
"ზოგჯერ ერთი შეხვედრა, ერთი წინადადება, შეთავაზება ცვლის ადამიანის პროფესიულ არჩევანს, მთლიანად მის მომავალსაც კი", - ამბობს მსახიობი გიორგი გოგიშვილი და თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეს, ამბებს და ადამიანებს იხსენებს.
- მსახიობობას სულ არ ვაპირებდი, ფეხბურთზე დავდიოდი, არ ვიცი, რამდენად კარგი ფეხბურთელი დადგებოდა ჩემგან, მაგრამ ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა, მომწონდა და სპორტული გეგმებიც მქონდა, მაგრამ პროფესიული მიმართულება მოულოდნელად შევიცვალე. მე-10 კლასში ვიყავი, როდესაც მსახიობი ავთო სახამბერიძე შემხვდა და მითხრა, ჩვენთან თეატრში (ქუთაისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი) აუცილებლად მოდიო. კარნავალისთვის ემზადებოდნენ. ავთო იცით, როგორი ადამიანია? შანსი არაა, რომ გაექცე. ჩვენ ახლა მეგობრები ვართ. მაშინ მან ჩემს პროფესიულ არჩევანზე დიდი გავლენა იქონია.

მივედი თეატრში და ის გარემო, მიდგომები, რომლებიც იქ ვნახე, ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. პატარა როლი მომცეს, მე კი თავი რამაზ ჩხიკვაძე მეგონა. ახლა ჩემს ავთოს ვეუბნები ხოლმე, შენ დამღუპე, ჩვენი გაცნობა და ის კარნავალი დღემდე მწარედ მახსოვს-მეთქი.
თეატრალურში რომ ჩავაბარე, ლევან წულაძე გავიცანი. მას მიუძღვის დიდი წვლილი იმაში, დღეს თეატრი კიდევ სხვაგვარად რომ მიყვარს. გიზო ჟორდანიას ჯგუფში ვსწავლობდი, მაშინ ლევანი მის ასისტენტად ითვლებოდა, მაგრამ ბატონი გიზო იშვიათად თუ მოვიდოდა, სულ ლევანთან ერთად ვმუშაობდი. არა მხოლოდ ლევანი, მისი მთელი ოჯახი გამორჩეულია, ერთი პერიოდი მათ სახლშიც ვცხოვრობდი, თინა დეიდა (ლევანის დედა) თან მყვებოდა. სტუდენტობის დროს პიესაზე ვმუშაობდით, მე და დუტას გვითხრა, საცხოვრებლად ჩემთან გადმოდით და თან ერთად ვიმუშავებთო. ლევანს ისეთი ოჯახი ჰქონდა, მათთან სულ ვიღაც ცხოვრობდა. ჩვენი დროის მსახიობების ნახევარი იმ სახლში, კარგარეთელის ქუჩაზეა გამოზრდილი. თინა დეიდას დედას ვეძახდი, თავადაც შვილივით მეპყრობოდა, ერთმანეთის მესაიდუმლეები ვიყავით.
ლევანმა ჩემი დამოკიდებულება თეატრისადმი რადიკალურად შეცვალა.

სოფიკო და კოტე
- ერთი მსახიობის თეატრში ნინო ახვლედიანი სპექტაკლს "კონტრაბასი" დგამდა და მიმიწვია. სოფიკო ჭიაურელი და კოტე მახარაძე მაშინ გავიცანი. სოფიკო უზომოდ თბილი ადამიანი იყო. კოტე მახარაძე დიდ ყურადღებას აქცევდა მეტყველებას. მან თავად მომიძებნა პედაგოგი, ჩემი მეტყველება რომ გამოგვესწორებინა.
პირველი გაკვირვება იცით, როდის მქონდა? ისეთი დიდი მსახიობი, როგორც სოფიკო ჭიაურელი იყო, ეზოში ცოცხით და ბარით ხელში რომ დავინახე, ყბა ჩამომივარდა. აუზს, ეზოს ყველაფერს თავად უვლიდა, სადილებს ამზადებდა, სულ ვიღაცაზე ზრუნავდა... მიუხედავად იმისა, რომ მასზე ლეგენდები მესმოდა, რომ ვნახე, მაინც ძალიან გამიკვირდა. მსგავსი ადამიანი იშვიათია, ძალიან შინაურული იყო, ხინკალზე დაგპატიჟებდა... ისეთი თბილი და კეთილი იყო, შენთან დისტანციას საერთოდ არ ტოვებდა - ეს დიდი ადამიანების თვისებაა, ასეთები ზემოდან არასდროს იყურებიან. კოტეს ბუხარი უყვარდა, მიუჯდებოდა, დაგიძახებდა... იცით, როგორი საუბრები გვქონდა? ჭკუას კი არ გარიგებდა, მაგალითები მოჰყავდა და გამოცდილებას გიზიარებდა. მისგან რომ გამოდიოდი, ხვდებოდი, რამდენი რამ გქონდა ნასწავლი... გიხსნიდა, რამდენად მარტივი და სასიამოვნოა ცხოვრება, როცა სიკეთეს აკეთებ და არა ბოროტებას. მეუბნებოდა, რომ მსახიობის პროფესია კარგია, მაგრამ არსებობს უფრო დიდი და მნიშვნელოვანი პროფესია, რასაც ადამიანობა ჰქვია, რომ კაცმა სახე არ უნდა დაკარგოს. ლაპარაკს რომ იწყებდა, ვერ წყდებოდი, ისე უსმენდი, გარშემო ყველაფერი გავიწყდებოდა, გადმოცემის ისეთი უნარი ჰქონდა, უინტერესო ამბავსაც საინტერესოდ გიამბობდა. მასთან ყოველი დიალოგი პიროვნულად გზრდიდა, შენს ქვეცნობიერში ილექებოდა.
ერთი პერიოდი ბატონი კოტე შეუძლოდ იყო და სოფიკო საჭესთან დაჯდომას უშლიდა, უნდა გენახათ, პატარა ბავშვებივით როგორ კამათობდნენ, თან ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. სოფიკოს შვილებზე ჭკუა ეკეტებოდა. მე და მისი სანდრო ახლაც ვმეგობრობთ...

ემიგრაციის ტკივილი
- თითქმის 2 წელი ისრაელში ვცხოვრობდი. ისეთი ხასიათი მაქვს, გადაწყვეტილებას რომ ვიღებ, მერე აღარ განვიცდი. ვიცოდი, სად მივდიოდი, რა უნდა გამეკეთებინა, რა დროს დავბრუნებულიყავი. ემიგრაციის უბედურება იცით, რა არის? რომ გგონია დაბრუნდები, იმ დროში ვეღარ ბრუნდები, როგორც ჩაფიქრებული გქონდა, 3 წლითაც შეიძლება გადაგედოს, იქ უმრავლესობას ასე ემართება. ახლა ირაკლი აფაქიძე ამ თემაზე სპექტაკლს დგამს, ძალიან საინტერესო გამოდის...
ემიგრაციას თავისი პრობლემები აქვს, მონატრებას ვერ უძლებ, შენი შვილები ისე იზრდებიან, სხვა ადამიანები გხვდებიან. დიდი ხანი არ გავჩერებულვარ, სრულად 2 წელიც არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემთვის ესეც ძალიან დიდი დრო იყო. ისრაელში არალეგალურად წავედი. თავიდან მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა, მერე თელ-ავივში უძველესი თეატრის შენობაში მოვხვდი. იმ თეატრს დასი არ ჰყავდა, მაგრამ სხვადასხვა დასები ქირაობდნენ შენობას და წარმოდგენებს მართავდნენ. თითქოს ისევ ჩემს გარემოში ვიყავი, რეპეტიციებზე შევდიოდი, სხვაგან გაჩერება ძალიან გამიჭირდებოდა. იქ ჩემი ქვისლი და ბიძაშვილიც იყვნენ.
ემიგრაციამ პიროვნულად ძალიან გამზარდა. ცხოვრებას უფრო პრაქტიკული და რეალური თვალით შევხედე. ვთვლი, რომ უნდა აკეთო შენი საქმე ლაპარაკის გარეშე და მადლობას არავისგან არ უნდა ელოდებოდე. იქ სხვაგვარად ცხოვრობენ, სხვაგვარი მიდგომა აქვთ ადამიანებთან, საქმესთან... პასუხისმგებლობა მეტია, ანაზღაურებაც ბევრად მეტია. ყველა თავის საქმეს აკეთებს და სხვის საქმეს ხელს არავინ კიდებს. შენ არ დაგავალებენ, ან თუ დაგავალებენ, თანხას შემოგთავაზებენ. ძალიან გამიკვირდა, 6 თვის შეძენილი ტელევიზორი რომ ჩამომახსნევინეს და გადამაგდებინეს. მათ ასეთი მიდგომა აქვთ, ყოველ 6 თვეში შეცვალონ ტექნიკა... ყველა ცდილობს, ფული მთელ ქვეყანაში იყოს და ყველას ჰქონდეს. როცა რაღაცას ვაკეთებდი, მეუბნებოდნენ, მაგის გაკეთება არ არის საჭირო, სხვა მოვა, თანხას გადავუხდით და ის გააკეთებსო. ერთხელ კატა მოკვდა, ნაგვის ბუნკერთან ეგდო, მივედი და ე.წ. ლაფატკით ბუნკერში ჩავაგდე. იქ ამბავი ატყდა, მეგონა მთელი ისრაელი დავანგრიე-მეთქი. ასე რატომ გააკეთეო? მე გულწრფელად მეგონა, კარგი საქმე გავაკეთე. მოვიდა 2 ეკიპაჟი ხელთათმანებით, სპეციალური ჩაცმულობით. როგორც გავიგე, ასეთი საქმეების გასაკეთებლად კონტრაქტი ჰქონიათ ამ კომპანიასთან დადებული. მე მადლობას რომ ველოდებოდი, საყვედური მივიღე, ხალხს უმუშევარს ნუ დატოვებ, აქეთ გამოდი, შენი საქმე არ არისო.
ფული ზოგიერთ ადამიანს ცვლის, მაგრამ, საბედნიეროდ, მე ვიცნობ პიროვნებებს, რომლებიც ფულმა არ შეცვალა, ეს იმაზეა დამოკიდებული, ვისთვის რა არის ფასეული. ჩემი მეგობარია ერთი ცნობილი რეჟისორი, რომელიც ახლა რუსთაველის ეროვნულ თეატრში გადავიდა, მას ფული ვერ შეცვლის. მისთვის ის უფრო ფასეულია, ადამიანს სიკეთე გაუკეთოს, ვიდრე ძვირად ღირებული მანქანით იაროს. ასე ცხოვრობს, რამდენჯერ მქონია შემთხვევა, მისთვის უცნობ ადამიანზე რაღაც გაუგია, ჩემთვის უთქვამს, შენ ხომ იცნობ, 300 ლარს მოგცემ და მიეცი, ამ თანხის გამო რამე უბედურება არ ჩაიდინოს, არ გაფუჭდეს, გზა არ აერიოსო. ასეა ჩემს მიმართაც, სხვების მიმართაც... ამ სამყაროში არიან ადამიანები, რომლებიც სიკეთეს ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებენ. ამ რეჟისორმა ახლახან ჩემს შვილს გაუკეთა საჩუქარი, ახლა სხვისთვის უნდა გაგზავნა და მთხოვს დავეხმარო. სხვას რომ ეხმარება, თავად უხერხულ მდგომარეობაში ვარდება. სახელს და გვარსაც საჯაროდ არ გეუბნებით, ვიცი, რომ ნახოს, არ ესიამოვნება. წლები რომ გავა, ალბათ ამ ჩემს მეგობარზეც ძალიან ბევრი იტყვის - ადამიანი, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
თამუნა კვინიკაძე