მეფე, რომელმაც უცხო ქვეყანა მიიტაცა და  კერძო საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყო - კვირის პალიტრა

მეფე, რომელმაც უცხო ქვეყანა მიიტაცა და  კერძო საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყო

ევროპის მონარქთა ისტორიაში ბევრია ისეთი ფიგურა, რომელთა სახელებიც გრანდიოზულ არქიტექტურასა და სამხედრო ძლიერებასთან ასოცირდება. თუმცა, ცოტაა ისეთი მმართველი, რომლის სახელიც ერთდროულად იწვევს მონუმენტური მშენებლობებით აღფრთოვანებას და განუზომელ ძრწოლას კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი გენოციდის გამო. ბელგიის მეფე ლეოპოლდ II სწორედ ამგვარი პარადოქსული მონარქი იყო - ადამიანი, რომელმაც ცენტრალურ აფრიკაში გლობალური მასშტაბის კერძო საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყო.

პრინცის ადრეული წლები

ბელგიის სამეფო ჯერ კიდევ ნორჩი, სულ რაღაც ხუთი წლის სახელმწიფო იყო, როდესაც 1835 წლის 9 აპრილს ბრიუსელში ქვეყნის პირველ მონარქს, ლეოპოლდ I-სა და მის ფრანგ დედოფალს, ლუიზ-მარი-ტერეზა ბურბონ-ორლეანელს, უფროსი ვაჟი შეეძინათ. ბიჭს ლუი-ფილიპ-მარი-ვიქტორი დაარქვეს. იგი საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიის პირდაპირი მემკვიდრე გახლდათ. აღსანიშნავია, რომ იმ ეპოქის ევროპელი მონა­რქები ერთი დიდი ოჯახივით იყვნენ გადაჯაჭვული, მაგალითად, ნორჩი პრინცი დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული დედოფლის, ვიქტორიას ღვიძლი ბიძაშვილი იყო.

მიუხედავად უმაღლესი სოციალური სტატუსისა, ლეოპოლდის ბავშვობა მშობლიურ სითბოს მოკლებული იყო. სამეფო სასახლეში გამეფებულმა ცივმა, ფორმალურმა და დისტანციურმა ატმოსფერომ მომავალ მეფეზე ღრმა კვალი დატოვა. ცნობილია, რომ ის საკუთარ მამასთან საუბარსაც კი მხოლოდ წინასწარ შეთანხმებული, ოფიციალური აუდიენციების დროს ახერხე­ბდა. თერთმეტი წლის ასაკში პრინცი ბრაბანტის ჰერცოგად დაინიშნა, მოზარდობისას კი სამხედრო სამსახურში შევიდა. ოცი წლისამ უკვე გენერალ-ლეიტენანტის წოდებას მიაღწია, თუმცა ეს წინსვლა მხოლოდ საცერემონიო, ნომინალურ ხასიათს ატარებდა.

1853 წლის 22 აგვისტოს, პოლიტიკური მიზნებით, ლეოპოლდმა ცოლად შეირთო ავსტრიელი ერცჰერცოგინია მარი-ანრიეტ ანა ჰაბსბურგ-ლოთარინგიელი. წყვილს ოთხი შვილი შეეძინა: ერთადერთი ვაჟი ლეოპოლდ ფერდინანდი და სამი ქალიშვილი: ლუიზ-მარი, სტეფანი და კლემენტინი. მაგრამ ეს ქორწინება თავიდანვე განწირული აღმოჩნდა - ეს იყო აბსოლუტურად ცივი და სიყვარულისგან დაცლილი ურთიერთობა. ცოლ-ქმარს შორის კომუნიკაცია პრაქტიკულად არ არსებობდა. სანამ ჰერცოგინია მარი-ანრიეტა დროს ცხენებსა და ჯირითს უთმობდა, ლეოპოლდის გონება მთლიანად გეოგრაფიულმა რუკებმა, საზღვარგარეთულმა ვაჭრობამ და კოლონიზაციის იმპერიულმა გეგმებმა მოიცვა.

პირადი ცხოვრების ამ სიცარიელის კომპენსაციას ჰერცოგი მოგზაურობით ცდილო­ბდა. მან მოიარა აღმოსავლეთ ევროპა, ეგვიპ­ტე, ესპანეთი, ბირმა, ცეილონი (დღევანდელი შრი-ლანკა) და ინდონეზია. ამ ვოიაჟების დროს იგი აკვირდებოდა, თუ როგორ მდიდრდებოდნენ დიდი იმპერიები თავიანთი კოლონიების ხარჯზე. 1865 წლის 10 დეკემბერს მეფე ლეოპოლდ II გარდაიცვალა და ტახტზე ლეოპოლდ II ავიდა. ბელგიამ მიიღო მეფე, რომელსაც უსაზღვრო ენერგია და რკინისებრი, ავტორიტარული ხასიათი ჰქონდა.

587109473-1422561336537433-3522570518870007324-n-1783262593.jpg

კოლონიური აკვიატება

ტახტზე ასვლისთანავე ახალგაზრდა მონა­რქი თავისი კონსტიტუციური როლით იმედგაცრუებული დარჩა. მე-19 საუკუნის ბოლოს დასავლეთ ევროპაში მონარქების რეალური ძალაუფლება მცირდებოდა და ბელგიაშიც მთავარ გადაწყვეტილებებს პარლამენტი და მინისტრთა კაბინეტი იღებდნენ. ლეოპოლდს სძულდა ეს შეზღუდვები. მას სურდა ყოფილიყო არა უბრალო სიმბოლო, არამედ ძლევამოსილი მმართველი. მან ენთუზიაზმით აიტაცა იმპერიალისტური მენტალიტეტი, რომელსაც მაშინ ისეთი ბრიტანელი პოლიტიკოსები უწევდნენ პროპაგანდას, როგორიც ბენჯამინ დიზრაელი იყო. ლეოპოლდი თვლიდა, რომ ბელგიის გადარჩენისა და გამდიდრების ერთადერთი გზა იმპერიის შენება იყო. თუმცა ბელგიის პოლიტიკური ელიტა და საზოგადოებრივი აზრი მეფის იდეებს სკეპტიკურად უყურებდა. ბელგიელთა უმეტესობა ფიქრობდა, რომ მათი პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც არც ძლიერი სამხედრო-საზღვაო ფლოტი ჰყავდა და არც დიდი სავაჭრო მარშრუტები ჰქონდა, კოლონიების შენახვა და დაცვა დამღუპველი ტვირთი იქნებოდა. პარლამენტმა არაერთხელ უარყო მეფის წინადადებები სამხედრო ხარჯებისა და არმიის გაზრდის შესახებ. ერთხელ, ბერლინში სამხედრო აღლუმის ყურებისას, გაღიზიანებულმა ლეოპოლდმა გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ს შესჩივლა კიდეც: "ჩვენ, მეფეებს, ფულის გარდა აღარაფერი დაგვრჩენია!"

საზოგადოებრივ იზოლაციას დაერთო პირადი ტრაგედიაც: 1869 წელს მეფის ერთადერთი ცხრა წლის ვაჟი და ტახტის მემკვიდრე, ლეოპოლდ ფერდინანდი, გაყინულ ტბორში ჩავარდა, პნევმონიით დაავადდა და გარდაიცვალა. ამ დანაკარგმა მეფე კიდევ უფრო სასტიკი და ფანატი გახადა. მან მთელი თავისი ენერგია მიმართა ისეთი კოლო­ნიის პოვნაზე, რომელსაც პარლამენტის გვერდის ავლით, საკუთარი სახსრებით ჩაიგდებდა ხელში. იგი განიხილავდა ყველაზე აბსურდულ ვარიანტებსაც კი - არგენტინიდან დაწყებული, ფიჯის კუნძულებით დამთავრებული, სანამ მისი ყურადღება ცენტრალურმა აფრიკამ, კერძოდ კი კონგოს მდინარის აუზმა არ მიიპყრო.

ფილანტროპული ნიღაბი

1870-იან წლებში საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის 80%-ზე მეტს კვლავ ადგილობრივი ტომის ბელადები და მეფეები მართავდნენ. ევროპულ ძალებს შორის იწყებოდა ე.წ. ბრძოლა აფრიკისთვის. ლეოპოლდმა კარგად გააცნობიერა, რომ ძალისმიერი მეთოდებით ის საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს კონკურენციას ვერ გაუწევდა, ამიტომ ეშმაკურ დიპლომატიასა და პროპაგანდას მიმართა - მეფემ მსოფლიოს თავი წარუდგინა, როგორც უდიდესი ფილანტროპი და ჰუმანისტი, რომლის ერთადერთი მიზანი აფრიკაში ქრისტიანული ცივილიზაციის შეტანა, მეცნიერული კვლევების ხელშეწყობა და, რაც მთავარია, არაბი მონათვაჭრების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის ჩაგვრის აღმოფხვრა იყო. 1876 წელს მან ბრიუსელის სამეფო სასახლეში გეოგრაფებისა და მკვლევარების საერთაშორისო კონფერენციაც კი მოაწყო.

მალე ლეოპოლდმა დაიქირავა ცნობილი ამერიკელ-ბრიტანელი მკვლევარი ჰენრი მორტონ სტენლი, რომელიც იმ დროისთვის ნამდვილ გმირად ითვლებოდა. სტენლი ხუთი წლის განმავლობაში მოგზაურობდა კონგოს გაუვალ ტყეებში, აარსებდა საგუშაგოებს და ადგილობრივ, სრულიად გაუნათლებელ ბელადებს ხელშეკრულებებზე ხელს თაღლითური გზით აწერინებდა. ამ დოკუმენტებით ბელადები მიწებზე უფლებასა და სუვერენიტეტს ლეოპოლდის ორგანიზაციას გადასცემდნენ, ხშირად მხოლოდ რამდენიმე მეტრი ქსოვილის ან ალკოჰოლის სანაცვლოდ. ამის შემდეგ ლეოპოლდმა საოცარი დიპლომატიური მანევრი განახორციელა - საჩუქრების, მიღებებისა და პირადი კავშირების წყალობით, დაარწმუნა აშშ-ის პრეზიდენტი ჩესტერ ა. არტური და გერმანიის ძლევამოსილი კანცლერი ოტო ფონ ბისმარკი, მხარი დაეჭირათ მისი გეგმისთვის. ბისმარკის მიერ ორგანი­ზებულ ბერლინის კონფერენციაზე (1884-1885 წწ.), სადაც ევროპელებმა აფრიკა ლამის სახაზავით გადაინაწილეს, ლეოპოლდ II-ს უპრეცედენტო რამ მიენიჭა: კონგოს მდინარის აუზის უზარმაზარი ტერიტორია (თანამედროვე ბელგიაზე 76-ჯერ დიდი) არა ბელგიის კოლონიად, არამედ პირადად მეფე ლეოპოლდის კერძო საკუთრებად გამოცხადდა. ასე იშვა მსოფლიო ისტორიაში ერთადერთი კერძო იმპერია -„კონგოს თავისუფალი სახელმწიფო, რომლის ერთპიროვნული მფლობელი და დიქტატორი ბელგიის მონარქი გახდა. ადმინისტრაციულ ცენტრად ქალაქი ბომა გამოცხადდა.

"კაუჩუკის ტერორი“

ტერიტორიის დაპატრონებისთანავე, მეფემ ფილანტროპული ნიღაბი მყისიერად ჩამოიხსნა. ლეოპოლდის მიზანი უმოკლეს დროში მაქსიმალური მოგების მიღება გახდა. თავდაპირველად სიმდიდრის მთავარი წყარო სპილოს ძვალი იყო - ძალზე ძვირფასი მასალა, რომლისგანაც საყოფაცხოვრებო ნივთებს, სამკაულებსა და ფორტეპიანოს კლავიშებს ამზადებდნენ. თუმცა ნამდვილი ჯოჯოხეთი 1890-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც მსოფლიოში რეზინის (კაუჩუკის) ბუმი ატყდა. ველოსიპედისა და ავტომობილის საბურავების გამოგონებამ, ასევე ტელეგრაფისა და ინდუსტრიული ქამრების წარმოებამ რეზინზე მოთხოვნა არნახულ სიმაღლემდე აიყვანა. სანამ სხვა ქვეყნები კაუჩუკოვანი მცენარეების პლანტაციებს აშენებდნენ, რომელთაც წლები სჭირდებოდა გასაზრდელად, ლეოპოლდი ფლობდა ცენტრალური აფრიკის უზარმაზარ ტროპიკულ ტყეებს, სადაც კაუჩუკოვანი ველური ხე (ლანდოლფია) უხვად იზრდებოდა.

მეფემ შექმნა სპეციალური კერძო არმია და ჟანდარმერია -„"ფორს ფაბლიქი", რომელიც შედგებოდა თეთრკანიანი ოფიცრებისა და მათ მიერ დაქირავებული ადგილობრივი კანიბალური ტომების მეომრებისგან. სტრატეგია საზარელი იყო: მეომრები შედიოდნენ სოფლებში, მძევლად აჰყავდათ ქალები და ბავშვები, მამაკაცებს კი უბრძანებდნენ, ღრმად შესულიყვნენ ჯუნგლებში ველური კაუჩუკის ყოველთვიური კვოტის შესაგროვებლად. თუ კვოტა არ შესრულდებოდა, მძევლებს ხვრეტდნენ ან აწამებდნენ, სოფლებს კი წვავდნენ... ამ სასტიკი სისტემიდან წარმოიშვა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი პრაქტიკა: იმის დასამტკიცებლად, რომ მეომრებს ძვირად ღირებული ტყვიები ტყუილად არ დაუხარჯავთ ან ამბოხებისთვის არ შეუნახავთ, ყოველი გასროლილი ტყვიის სანაცვლოდ მათ ოფიცრებისთვის მოკლული ადამიანების მოკვეთილი მარჯვენა ხელი უნდა წარედგინათ. შესაბამისად, "ფორს ფაბლიქის" ბანაკებში რეგულარულად მიჰქონდათ მოკვეთილი ხელებით სავსე კალათები. თუ ჯარისკაცი ტყვიას ნადირობისთვის გამოიყენებდა ან უბრალოდ ააცილებდა, ის ცოცხალ ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს, აჭრიდა ხელს, რათა ოფიცრის წინაშე ანგარიში გაესწორებინა... ტერორმა, შიმშილმა, დაავადებებმა და შობადობის კატასტროფულმა ვარდნამ გამოიწვია ის, რომ 1880-დან 1920 წლამდე კონგოს მოსახლეობა განახევრდა 20 მილიონიდან 10 მილიონამდე. ეს იყო არნახული გენოციდი.

სამეფო სკანდალები

პირველი განგაში 1890 წელს აფროამერიკელმა ჟურნალისტმა ჯორჯ ვაშინგტონ უილიამსმა ატეხა. მოგვიანებით კი ედუარდ დენს მორელმა, უილიამ შეპარდმა და ბრიტანელმა დიპლომატმა როჯერ კეისმენტმა გამოაქვეყნეს ოფიციალური ანგარიშები, რომლებმაც მსოფლიო შეაძრწუნა. შეიქმნა "კონგოს რეფორმების ასოციაცია". ლეოპოლდმა უზარმაზარი თანხები დახარჯა კონტრპროპაგანდისთვის, თუმცა ამაოდ... ყურადღების გადასატანად მან კონგოს სისხლიანი ფულით ბელგიაში გრანდიოზული სამშენებლო პროექტები წამოიწყო, მათ შორის ბრიუსელის მონუმენტური საიუბილეო თაღი (Aრცადე დუ ჩინქუანტენაირე), რის გამოც მას "მშენებელ მეფესაც" კი უწოდებდნენ. თუმცა სიცოცხლის მიწურულს ლეოპოლდი საკუთარ ქვეყანაში უკიდურესად არაპოპულარული და საძულველი გახდა. საინტერესოა, რომ ბელგიელების აღშფოთებას იწვევდა არა იმდენად მისი სისასტიკე, რამდენადაც მისი პირადი, ამორალური ცხოვრება. მეფე აგდებულად საუბრობდა ბელგიის მცირემიწინობაზე, არ იცოდა გამართული ნიდერლანდური (ჰოლანდიური) ენა, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ლაპარაკობდა, და ზამთრის თვეებს საფრანგეთის რივიერაზე, ფუფუნებაში ატარებდა. მას საბოლოოდ გაუფუჭდა ურთიერთობა საკუთარ ქალიშვილებთან.

1902 წელს დედოფალი მარი-ანრიეტა გარდაიცვალა. კრიტიკის ახალი ტალღა გამოიწვია 65 წლის მეფის რომანმა ახალგაზრდა პარიზელ მეძავთან, კაროლინა დელაკრუასთან (რომელსაც ბარონესა ვონ ვონი შეარქვეს). გოგონამ მას ორი ვაჟი გაუჩინა, რომელთა ლეგიტიმაციასაც ლეოპოლდი სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა, რაც საზოგადოების თვალში სირცხვილი იყო.

დასასრული

საერთაშორისო იზოლაციისა და შიდა პოლიტიკური კრიზისის ფონზე, 1908 წლის 10 აგვისტოს ბელგიის პარლამენტმა ლეოპოლდს ოფიციალურად ჩამოართვა კონგო და იგი სახელმწიფო კოლონიად - "ბელგიურ კონგოდ" გამოაცხადა. სულ რაღაც ერთ წელიწადში, 1909 წლის 17 დეკემბერს, ყველასგან მოძულებული მეფე ლაეკენის სასახლეში გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის პროცესიას ბრიუსელის ქუჩებში ხალხმა სტვენა და ლანძღვა გააყოლა. ვინაიდან მას კანონიერი ვაჟი აღარ ჰყავდა, ტახტზე მისი ძმისშვილი, ალბერტ I ავიდა.

ბელგიაში ლეოპოლდ II-ს დიდხანს იხსენებდნენ მხოლოდ იმ ციხესიმაგრეების გამო (ლიეჟსა და ნამურში), რომლებიც მან ქვეყნის აღმოსავლეთით ააშენა და რამაც 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, მართლაც შეანელა გერმანული ჯარების შემოჭრა. თუმცა, ისტორიის სამსჯავროზე მისი მთავარი მემკვიდრეობა, კონგოში დატრიალებული გენოციდი, ჰუმანიტარული კატასტროფაა. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ევროპის მიერ "კაუჩუკის ტერორის" ასე სწრაფად მივიწყებამ მოგვიანებით ადოლფ ჰიტლერს მისცა იმედი, რომ მასშტაბური ბოროტების ჩამდენ ლიდერებს მომავალი თაობები ადვილად პატიობენ. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კი ლეოპოლდის მიერ დათესილი ქაოსისა და ძალადობის საზარელი გამოძახილი, როგორც ამბობენ, 1960 წლის დამოუკიდებლობის შემდეგაც მწარედ იგრძნობა.

შორენა ბიწაძე