"ცხენმა ტლინკები აყარა და უფსკრულში ჩამაგდო... ჯოხიც კი არ მქონდა, რომ კიბესავით რამე გამომეჩიჩქნა და ამოვყოლოდი" - რას ჰყვება გომბორელი ელიბო, რომელიც ორი დღე ტყეში იყო "დატყვევებული"
როცა ამბობენ, მამაცად ვინც იბადება, სიკვდილამდეც გაჰყვება ვაჟკაცობაო, დარწმუნებით ვიცი, რომ მართალია! თუ არადა, აგერ 77 წლის ელიბო ელიზბარაშვილის ამბავს უნდა მოვყვე და თავად განსაჯეთ, მართალი ვარ თუ არა. ელიბო სოფელ გომბორში ცხოვრობს, აქაურობას არასოდეს მოშორებია და მამაცი გული სიბერეშიც შერჩა. როგორ? როგორ და ასე: 77 წლის კაცი ცხენზე შეჯდა და ტყეში წავიდა სოკოს საკრეფად, იქიდან კი ცხენი მარტო დაბრუნდა. ამის შემდეგ ელიბოს ძებნა გამოცხადდა. მის ცოლს, ნანული ელიზბარაშვილს, ორი დღე არ უხსნიდა დანა კბილს, არც სოფელს, რადგანაც უკვე მკვდარი ეგონათ, მაგრამ ორი დღის შემდეგ ელიბო შინ დაბრუნდა და დაამტკიცა, რომ მამაცი გული სიბერემდე მამაცია, რაზეც გემრიელად ვისაუბრეთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ელიბომ სამედიცინო ჩარევაზე უარი განაცხადა.
- კარგად ვარ და არაფერიც არა მჭირდება. როცა მიპოვეს, თავიდან კი ვიყავი სუსტადა, ადამიანი ვარ, რკინა ხო არა, რომ ორი დღის უსმელ-უჭმელობა არ დამტყობოდა, მაგრამა ახლა კარგად ვარ და ექიმი არა მჭირდება. მოდი, ჯერ იმას მოგიყვებით, ცხენით რათ წავედი სოკოს საკრეფადა. სულ ეგრე დავდივარ, ჩემს ლურჯას სოკოც მოაქვს და თანაც მე მოვყავარ დაღლილი. მა გომბორის ტყეს რომ მოივლი სოკოს საკრეფად, დაიღლები, აბა არ დაიღლები?! აქ ძალიანაც დიდძალი სოკო იცის. ტრასაზე ყიდიან ჩვენი ბიჭები, რო ცოტათი ფული მეურნეობაში დაიხმარონ. რაც შეეხება სოკოს სანდოობასა, გომბორელები სუ მაგას ვკრეფთ ბალღობიდან და აბა, სოკოს ცნობა როგორ შეგვეშლება! ეს იქით იყოს და, ჩვენი სოკო ძალიან გემრიელია და შინ კოხტად ვამზადებთ ხოლმე. იმ დღესა ცოლს ვუთხარი კიდეცა, სოკოზე მივდივარ და რომ მოვალ, აბა, შენ იცი-მეთქი. ძალიან გემრიელად ამზადებს და ძალიანაც გვიყვარს ჩვენ ორსა.
- მარტო ცხოვრობთ?
- ეგრე გამოდის, შვილ-რძალი ესპანეთში გვყავ, არ აპირებენ იქ სამუდამოდ დარჩენასა, მარა დღეს ხო იქ არიან... მაგრამა ჩემი დედაკაცი ძალიან ყოჩაღია. ტყეში რო დავიკარგე, სულ იმაზე ვფიქრობდი, ცხენი უჩემოდ რო მიუვა, დედაკაცი ყველაფერს მიხვდება და მთელ სოფელს შეყრის-მეთქი. ეგრეც ქნა. მარტო ცხენი რო დაუნახავს, ეგრევ დაუწყია სოფლის შემოვლა, მიშველეთო. სოფელიც შეიკრიბა და მიშველეს. აგე, ცოცხალი ვარ და შინა ვარ.
- ანუ რა მოხდა, რომ ორი დღე-ღამე გაქრით?
- რა მოხდა და, ცხენი დამიფრთხა და უფსკრულში ჩავვარდი. არადა, ჩემი ცხენი იმდენად მოყვარულია, ისეთი ერთგულებით დამყვება გვერდითა, უმისოდ არსად წასვლა არ მინდა. თანაცა ტყიდან ხო სოკოც უნდა წამოვიღო და მაგაშიც მეშველება.
- ჩანს, ცხენზე გაბრაზებული არა ხართ, რომ მიგატოვათ.
- გაბრაზებული როგორ ვიქნები, როდესაც მიზეზი ჰქონდა, თანაც ძალიან სერიოზული. მოკლედა, სოკოთი რო ორი ვედრო ავავსე, ცხენს გადავკიდე და მერე თავადაც ზურგზე მოვკალათდი, მაშინ მოხდა ისეთი უბედურება, რამაც ჩემი ცხენი დააფრთხო. ის ქნა, რაც აქამდე არ უქნია. თუ არ ვცდები, წინ დათვის ბელმა გადაირბინა, თავად ჩვენგან შეშინებულმა, მაგრამ ამან დაინახა და დაფრთხა. მე მაგისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ცხენს ვკაზმავდი, მაგრამ ჩამოვარდნისას მოვლანდე, რო დათვის ბელი უნდა ყოფილიყო. მტაცებლის დანახვაზე კიდე ცხენი ისე ხტება, როგორც ზამბარა. რო დაფრთხა, უკანა ტლინკები აყარა და გადმომაგდო. კიდევ ვამბობ, ჩემს ცხენს ეგ არასოდეს უქნია, თორემა მეც ხომ მუდამ მზად ვიქნებოდი და ეგრე თავისუფლად არ გადმოვეგდევინებოდი.
- ანუ მიწაზე დავარდით. ასე ხომ ძალიან დამტვრეული იქნებით. თქვენ კიდევ ამბობთ, სრულიად ჯანმრთელი ვარო.
- დამტვრეული რომ ვყოფილიყავი, ხო ფეხზე ვეღარ წამოვდგებოდი და ცხენს არ გამოვეკიდებოდი. იმიტომაც მივდევდი, ვიფიქრე, დავუყვავებ და ისევ დაბრუნდება-მეთქი, მაგრამა ისე იყო დამფრთხალი, აღარც მისმენდა. ვერაფრით მივხვდი, ეგ უფსკრული მანდ რად იყო, თანაც ლამის ხუთი მეტრი, კიდევაც რომ მეცადა, უკან ვერ ამოვიდოდი. ჯოხიც კი არ მქონდა, რომ კიბესავით რამე გამომეჩიჩქნა და ამოვყოლოდი.
- რას აკეთებდით, როდესაც მზე ჩადიოდა, ტყეში კი ნადირ-ფრინველის ხმიანი იმატებდა.
- ეგ ეგრე არ არის. მგლები უმიზეზოდ არ ყმუიან, თუ არ შიათ ან სხვა რაიმე ხიფათი არ დაემართათ. ეტყობა, იმ დროს არა შიოდათ, თორე ეგ არც ჩემთვის იქნებოდა კარგი. მხოლოდ ტურის კივილი მესმოდა, წამოვჯდებოდი და ყურს ვუგდებდი.
- ძალიან მამაცი ყოფილხართ, რომ ამას გაუძელით და არ შეშინდით.
- რომ არ გამეძლო, მა რა მექნა?! გიჟად რომ მოვქცეულიყავ, განა ამითვინ დააჩქარებდა ვინმე ჩემ საშველად მოსვლასა? ვიცოდი, ისედაც მეძებდნენ და ჩემ თავს ვუთხარი, აბა, შენ იცი, ელიბო, მაგრად იყავი, უსათუოდ მოვლენ და გიშველიან-მეთქი.
- ასეთი დარწმუნებული რად იყავით?
- იმად, რო კაცი იმედითა ცოცხლობს, თანაც ვიცოდი, ჩემი დედაკაცი ცხენს უჩემოდ რომ დაინახავდა, მთელ სოფელს შეყრიდა. მაშველებიც იყვნენ, მაგრამა მაგათ ჩვენი ტყე ჩვენი სოფელივით კარგად არ იციან. ვინც იცის, ისევ იმათ მომაგნეს, ჩვენებურმა აზერბაიჯანელებმა.
- იმ აზერბაიჯანელებმა, გომბორში 100 წელიწადია რომ ცხოვრობენ.
- დიახ, მაგათმა. მათი წინაპრები დიდი ხნის წინ აქ დასახლდნენ. პირველი მსოფლიო ომი რომ დაიწყო, საქართველოში იყვნენ სავაჭროდ, ჩაკეტილი საზღვრებიდან ვეღარ გავიდნენ და დარჩნენ. ჩემს გადასარჩენად დარჩენილან, ასე გამოდის. ოჯახის მამამ მომაგნო, რომ დაიძახა, ელიბოო და მე გავეპასუხე, იმანაც გახარებულმა შვილებს დაურეკა, რომლებიც ასევე ტყეში მეძებდნენ, შვილებო, აქ მოდით, ვიპოვე ელიბოიო. ისინიც მოვიდნენ და ამომიყვანეს, თანაცა ორი კილო სოკო დამიკრიფეს, ელიბო, შენი დაკრეფილი სოკო გაფუჭდა, ჩვენით ისიამოვნე, მოგიმზადებს დედაკაციო.
- დედაკაცი როგორ შეგხვდათ?
- როგორ და, კერპადა! გულში ქვა და ლოდი მედოო, მითხრა. ედებოდა, მა რა იქნებოდა, 54 წელიწადია ცოლ-ქმარი ვართ და ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს, თვალებითაც გვესმის ერთმანეთისა.
მადლობა ღმერთსა და თქვენცა და ჩემ მაშველებსაცა, რო ისევ ცოცხალი ვარ და ჯერ კიდევ დიდხანს არ ვაპირებ სიკვდილსა.