ქართული კვალი სომხეთში - ამბერდის ციხესიმაგრეში არქეოლოგებმა თამარ მეფის მონეტა აღმოაჩინეს
"სომხეთის შუა საუკუნეების ამბერდის ციხესიმაგრეში არქეოლოგებმა მნიშვნელოვანი ექსპონატები აღმოაჩინეს, მათ შორის განსაკუთრებული ღირებულებისაა კავკასიის გავლენიანი მმართველის, თამარ მეფის მონეტა...", - სომხეთის მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ათასობით მომხმარებლის გამოხმაურება მოჰყვა. როგორ შეიძლება მოხვედრილიყო ქართული ფული სომხურ ციხესიმაგრეში, ამის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, მონეტების ცნობილი მკვლევარი მაია პატარიძე გვიამბობს:
- ქალბატონო მაია, ერთ-ერთი საუკეთესო ნუმიზმატი ბრძანდებით, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მონეტების "მოგზაურობასაც" იცნობს. როგორ შეიძლება მოხვედრილიყო თამარ მეფის დროინდელი მონეტა ამბერდის ციხესიმაგრეში, როდესაც სომხებს საკუთარი მონეტა ჰქონდათ?
- ამ პერიოდის ქართული მონეტები (და არა მხოლოდ ამ პერიოდის) მთელ კავკასიაშია ნაპოვნი, რაც კავკასიურ ეკონომიკაში მის დომინანტურ როლს ადასტურებს. სომხეთის ამბერდის ციხესიმაგრეშიც მისი პოვნა არ არის გასაკვირი. მონეტების აღმოჩენა თავისთავად არა მხოლოდ სავაჭრო, არამედ პოლიტიკურ და ადამიანურ ურთიერთობებზეც მეტყველებს, რაც სომხეთთან ყოველთვის მჭიდრო იყო. თუმცა მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესია აღმოჩენის კონტექსტიც - არეალი, რომელშიც ის აღმოჩნდა, მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა, მოგვითხრობს, თუ რა აკავშირებდა ამ ციხესიმაგრესთან საქართველოს. ამბერდის ციხე უნიკალური ნაგებობაა, რომელიც ზღვის დონიდან 2300 მეტრზე დგას და თავის დროზე სომხეთის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიულ-თავდაცვითი ძეგლი იყო. თამარის დროს კი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწეების: ზაქარია და ივანე მხარგრძელების ხელში გადავიდა და ასე დარჩა ათეული წლების განმავლობაში, ვიდრე მონღოლები დაარბევდნენ...
მხარგრძელები ქართული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ. რაც შეეხება ამბერდის ციხესიმაგრეს, ამ მართლაც უნიკალური კომპლექსის მშენებლობა სომხებმა VII საუკუნეში დაიწყეს და დიდი თავდაცვითი და სტრატეგიული მნიშვნელობაც მიენიჭა. კომპლექსს XI საუკუნეში უნიკალური ეკლესიაც დაემატა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, თუმცა მშენებლობებიც და ქვეყნის განვითარებაც ბარბაროსი თურქ-სელჩუკების თავდასხმებმა შეაჩერა, რომლებმაც 1070 წელს სომხეთს ამბერდი წაართვეს და თავიანთ სტრატეგიულ ბაზად აქციეს. ამბერდის მითვისებიდან 126 წლის შემდეგ თურქ-სელჩუკებს ეს ძვირფასი ნადავლი საქართველომ წაართვა. ბრძოლაში ქართველთა გაერთიანებული ჯარი ძმები მხარგრძელების მეთაურობით იბრძოდა და თურქ-სელჩუკები განდევნა. აი, სწორედ იმ დროიდან გახდა ამბერდი მხარგრძელთა საკუთრება. მხარგრძელებმა ციხე გაამაგრეს და კეთილმოაწყვეს. ასე რომ, ქართული მონეტა საქართველოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოღვაწეების რეზიდენციაში რომ აღმოჩნდა, გასაკვირი არ არის.
- გასაკვირია, რატომ იჭრებოდა სპილენძის და არა ოქროს ფული, როდესაც საქართველო ასე მდიდარი იყო?
- მონეტა იჭრება ისეთი, როგორსაც ბაზარი მოითხოვს. სხვათა შორის, იმ პერიოდის აღმოსავლეთის ქვეყნები მოიცვა ე.წ. ვერცხლის კრიზისმა. დღეს ნაკლებად ვიცით, ეს ვერცხლის საბადოების დახურვით იყო განპირობებული, თუ სპილენძის ფული სრულიად სხვა მიზნებით შემოვიდა მიმოქცევაში, მაგრამ იმდროინდელი ქართული მონეტები უმეტესად სპილენძისაა. ამბერდში ნაპოვნი თამარ-დავითის მონეტაა და მას დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს: იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი წყვილის, თამარისა და მისი მეუღლე-თანამოსაყდრის, დავითის პატივსაცემად მოჭრეს. თამარი რომ მეფეთ მეფეა, დავითი კი თანამოსაყდრე, მონეტის შუბლშივე იკითხება, სადაც პირველად თამარის სახელია ამოტვიფრული, შემდეგ კი დავითის, მონეტის ზურგზე კი არაბული წარწერა თამარს დედოფალთა დედოფალს უწოდებს.
- თუკი სომხეთშია ქართული მონეტები, რატომ არ უნდა იყოს ის თურქეთში, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში?
- იქ უნდა იყოს ყველაზე მეტად, მაგრამ, სამწუხაროდ, თურქეთში მუშაობის უფლება ვერ მოვიპოვეთ. თუმცა მონეტებისა და სხვა ექსპონატების აღმოჩენა მალე შესაძლოა საქართველოშიც შეუძლებელი გახდეს თავაშვებული შავი არქეოლოგიის გამო, ადამიანები უკვე აშკარად, დღისით დადიან ჩვენი ისტორიის საჩიჩქნად და გასაქრობად, მათი შემჩერებელი კი არ ჩანს. ვერავინ დაითვლის, შავი არქეოლოგიით რამდენი ძვირფასი ისტორიული ექსპონატია მოპოვებული, მათ შორის მონეტებიც, რომელთაც თან მიჰყვება ქართული ისტორია. თქვენ წამოიდგინეთ, სწორედ შავი არქეოლოგიის გზით მოიპოვა ქართულმა მეცნიერებამ ერთ-ერთი უნიკალური დავით აღმაშენებლის მონეტა წარწერით: "დავით, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა", და რომელიც ინგლისის მუზეუმში ინახებოდა 1878 წლიდან. მუზეუმმა მონეტა შეიძინა ლორდ უილიამ ქოულისგან, რომელიც პალეონტოლოგი იყო და ნამარხებს სწავლობდა. მართალია, ლორდი საქართველოში არ ყოფილა, მაგრამ იყო თურქეთში, სადაც ისტორიული ტაო-კლარჯეთია და შეიძლება დავითის მონეტა იქ ნახა, ჩვენ კი შავი არქეოლოგიის გზით გადმოგვეცა. ასე დაიკარგა მონეტის კონტექსტი, ანუ იმ არეალის ისტორია, სადაც ის აღმოჩნდა.
ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც მადლიერი უნდა ვიყოთ ამ ადამიანის, რომელიც რაღაც კავშირში აღმოჩნდა შავ არქეოლოგებთან, მაგრამ მოისაზრა და მონეტა საქართველოს დაუბრუნა. ცხადია, ყოველთვის ასე ვერ იქნება. ამიტომაც მისაღებია მკაცრი ზომები შავი არქეოლოგიის აღსაკვეთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ისტორიის ამსახველ ბევრ არტეფაქტს დავკარგავთ.