როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი  ყავა - კვირის პალიტრა

როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი  ყავა

საქართველოში ყავის დეფიციტი ნამდვილად არ იგრძნობა, ვინ იცის, რამდენი დასახელების იყიდება ჩვენს მაღაზიებში, მაგრამ ერთია რაოდენობა და მეორე - პროდუქტის ხარისხი... ქართულ ბაზარზე არსებული ყავის ხარისხზე ვესაუბრეთ სურსათის უვნებლობის სპეციალისტს თორნიკე ცხვედაძეს:

- ყავა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სასმელია. ჩვენს მაღაზიებში ყავის დიდი მრავალფეროვნებაა, მთავარია, მომხმარებელმა გონივრული არჩევანი გააკეთოს. ხსნადი ყავა ბევრს მოსწონს. მისი მომზადება მარტივია, რადგან მხოლოდ ცხელი წყლის დამატება და ინტენსიური შერევა სჭირდება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ყავა ყველაზე მეტად არის დამუშავებული: მას გავლილი აქვს ინდუსტრიული პროცესი, რომელსაც სუბლიმაცია ეწოდება. სუბლიმაცია ყავის წყალხსნარის შრობასა და გაყინვას გულისხმობს. ეს პროცესი კარგია ტენის მოშორებისთვის, თუმცა ამ დროს ყავა თავის ბუნებრივ, სასიამოვნო არომატს კარგავს. სუბლიმაციის პროცესში ის ნივთიერებებიც იკარგება, რაც ამ სასმელს განსაკუთრებულს ხდის. ამიტომ

ყველაზე ავთენტური კატეგორიის ყავად შეიძლება მივიჩნიოთ ყავის მარცვლები ანუ მოხალული და დაფქული ყავა.

- ესე იგი, უმჯობესია მოხალვასა და დაფქვას ვესწრებოდეთ?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ამის საშუალება მომხმარებელს იშვიათად აქვს და თან საქართველოში ფალსიფიცირებული პროდუქტების რეალიზაცია არცთუ იშვიათია. ყავის ფალსიფიცირება კი მთელ მსოფლიოში გავრცელებული მოვლენაა. ამისთვის იყენებენ მოხალულ ქერს, სიმინდს, ერთხელ უკვე გამოყენებულ, დაფქულ და ხელმეორედ გამომშრალ ყავას და ა.შ... გარდა ამისა, არსებობს თეორიული საფრთხეები, რაც მაკონტროლებელმა ორგანომ, ბიზნესოპერატორებმა და მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ. ყველაზე დიდი საფრთხეა ოხრატოქსინი (OTA) - ობის სოკოების ზემოქმედებით მიღებული ტოქსინი, რომელიც ყავის არასწორად შრობის და შენახვის შედეგად წარმოიქმნება. ოხრატოქსინი მომწამლავი ნივთიერებაა, უფრო მეტიც, ის პოტენციური კანცეროგენია. ამიტომ ევროპაში ყავის მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებს ევალებათ სისტემატურად შეამოწმონ ამ ტოქსინის რაოდენობა ადგილზე წარმოებულ თუ იმპორტირებულ ყავის პარტიებში.

- სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. 3/1 ყავის დალევა ხშირად არ ღირს, რატომ?

- თუ ნუტრიციოლოგიის თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, ამ კატეგორიის ყავა ყველაზე საზიანოა ჩვენი ორგანიზმისთვის:

ჩვენთვის კარგად ნაცნობი ერთჯერადი ყავა, რძის ფხვნილის, სუბლიმირებული ყავის და დიდი რაოდენობით შაქრის ნაზავია. ამავე დროს, მას შეიძლება არომატიზატორები და საკვები დანამატებიც ჰქონდეს შერეული. სპეციალისტების აზრით, ამ პაკეტებში დიდი რაოდენობით შაქარია, რომელიც შაქრის დღიურ ნორმას აჭარბებს. ამიტომ ერთჯერადი ყავის დალევით მხოლოდ ხანმოკლე ეფექტს მივიღებთ და არა ხარისხიან, კარგ ყავას.

- ყავის მრავალი ჯიში არსებობს, რომელ მათგანს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა?

- თითოეულ ყავას განსხვავებული გემო და არომატი აქვს, რასაც არა მარტო ჯიშებს შორის სხვაობა, არამედ მათი მოხალვისა და დაფქვის ტექნოლოგია განსაზღვრავს. ამიტომ უმჯობესია, შევიძინოთ ყავის მარცვლები ვაკუუმშეფუთვაში, რადგან ის ყავას თავდაპირველ არომატს და საგემოვნო თვისებებს უნარჩუნებს. ამგვარი შეფუთვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაფქული ყავისთვის, ვინაიდან ჟანგბადი მოხალული ყავის მტერია - სწორედ ის აკარგვინებს ყავას გემოს და არომატს დროთა განმავლობაში.

- რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ყავის შეძენისას?

- სასურველია, შეფუთული ყავა ვიყიდოთ და მისი ეტიკეტი გულდასმით წავიკითხოთ. ნებისმიერი სურსათის, მათ შორის ყავის ეტიკეტი, უნდა მოიცავდეს ისეთ საბაზისო ინფორმაციას, როგორიცაა: წარმოშობის ადგილი და მწარმოებლის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, შენახვის პირობები, ვადა და ა.შ. ამ ინფორმაციის გარდა, ყავის ეტიკეტზე უნდა დავაკვირდეთ დამზადების ტექნოლოგიას - თუ მოხალულ ყავას ვყიდულობთ, მისი მოხალვის დონესა და თარიღს. ეს აუცილებელია, რათა თავი დავიცვათ ფალსიფიკაციისგან. დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ პროდუქტს სად ვყიდულობთ, რადგან ფალსიფიკაციის შემთხვევებს ყველაზე ხშირად ბაზრობებსა და არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილებზე ვხვ­დებით ხოლმე.

- ბევრ ოჯახში ყავას მაცივარში ინახავენ, ეს გამართლებულია?

- არასდროს შეინახოთ დაფქული ყავა მაცივარში, რადგან დაბალი ტემპერატურა და სამაცივრე პირობები ყავის ხარისხს აუარესებს.

რეკომენდაციები, რომელიც ყავის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ:

ყოველთვის შეამოწმეთ მოხალვის და დაფქვის თარიღები ყავის შეძენისას და გაითვალისწინეთ, რომ ახალმოხალულ და დაფქულ ყავაში ყველაზე კარგად იგრძნობა მისი გემო და არომატი.

ერთჯერადი რძიანი ყავის შეძენისას დააკვირდით მის შემადგენლობას, რადგან შესაძლოა მასში ყავის შემცველობა 10%-იც არ იყოს, ასევე ერიდეთ ალერგიის გამომწვევ ინგრედიენტებს, მაგალითად, სოიასა და ლაქტოზას.

შეიძინეთ ყავის მარცვლები ვაკუუმშეფუთვით, იდენტიფიცირებული მწარმოებლისგან, ერიდეთ არაორგანიზებულ სავაჭრო სივრცეებში უეტიკეტო დაფქული ყავის ან ყავის ნარევების შეძენას.

აუცილებლად დააკვირდით მწარმოებელ ქვეყანას, უმჯობესია ყავა მოპოვებული იყოს მხოლოდ ერთი ქვეყნიდან. ეს ერთ-ერთი გზაა, რომ კარგი ხარისხის და კარგი გემოვნური თვისებების ყავა შეიძინოთ.

შეფუთვის გახსნის შემდგომ ყავა შეინახეთ მაქსიმალურად უჰაერო მდგომარეობაში, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით, ოთახის ტემპერატურაზე - დაახლოებით, 20-250C-ზე.

ხათუნა ჩიგოგიძე