ჩარლი ჩაპლინის ოჯახი თბილისში
ქართველმა მაყურებელმა მსახიობი აურელია ტიერი (ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი) 2019 წლის ოქტომბერში თბილისში, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გაიცნო. დაუვიწყარი წარმოდგენა 79 წუთის განმავლობაში, შესვენების გარეშე მიმდინარეობდა. აურელია ტიერი, ჯეიმზ მარტინესთან ერთად, პანტომიმისა და საცირკო ელემენტების სინთეზით კლეპტომანი ქალის ისტორიას აცოცხლებდა. პიესას "ზანზალაკები და ავგაროზი" ჰქვია, სპექტაკლის იდეისა და რეჟისურის ავტორი კი ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილი ვიქტორია ჩაპლინია. ჩაპლინების ოჯახის ერთობლივმა სპექტაკლმა თბილისში ანშლაგით ჩაიარა. აკრობატიკის, პანტომიმისა და ცეკვის ორგანული ერთიანობა ამ ოჯახის შემოქმედებითი ხელწერის განუყოფელი ნაწილია. მალე ჩაპლინების ოჯახი კვლავ წარდგება ქართველი მაყურებლის წინაშე. "რანდე-ვუ" - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელშიც მონაწილეობს ვიქტორია ჩაპლინი მეუღლესა და შვილებთან ერთად, მანამდე კი აურელია ტიერი, ვიქტორია ჩაპლინის ქალიშვილი, ოჯახური სპექტაკლის, ბაბუისა და შემოქმედებით გზის შესახებ გვიამბობს.
აურელია ტიერი: - მე, ფაქტობრივად, ცირკში დავიბადე. სცენაზე პირველად სამი წლისა გავედი. არენაზე ყუთიდან უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ ჩამეძინა. როცა გავიღვიძე, თვალებში სცენის შუქი მანათებდა. ამ დროს ვიგრძენი ის მუხტი, რომელიც დარბაზიდან მოდიოდა. ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, ცეცხლთან ყოფნას ჰგავს მაშინ, როცა გაყინული ხარ. შემდეგი როლი ჩემოდანს უკავშირდება - ყუთიდან ჩემოდანში გადავინაცვლე, საიდანაც მხოლოდ ფეხები მიჩანდა. როცა გავიზარდე, ჩემოდანში ვეღარ ჩავეტიე და სხვა როლი მომცეს - პატარა ცხოველის. ამის შემდეგ გადავიქეცი მწერად, ბოლოს კი - მონსტრად... ჩემი აზრით, მშობლებმა სცენაზე იმისთვის დაგვაყენეს, რომ ჩვენთვის თვალი არ მოეშორებინათ და მთელი ოჯახი ერთად ვყოფილიყავით. ისინი გვასწავლიდნენ წესრიგს, მუშაობას და იუმორსაც. როდესაც ასეთი მგზნებარე ადამიანების გარემოცვაში ხარ, არა აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებ, რადგან დატყვევებული შეჰყურებ, როგორ უყვართ თავიანთი პროფესია... მოზარდს გულმა ახალი თავგადასავლებისკენ გამიწია - მომინდა სკოლაში სიარული, ჩემი ასაკის ბავშვებთან ურთიერთობა, მაგრამ რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ თეატრის სურნელი მომენატრა, ის გარემო, საგრიმიორო, ჩემი ოჯახი და ცირკში დავბრუნდი. ვიქტორიასთან (დედასთან) ერთად მუშაობა რომ დავიწყე, უკვე ზრდასრული ვიყავი. თავიდან ერთად ვმონაწილეობდით წარმოდგენებში. ცირკში დაბრუნების შემდეგ ერთ-ერთი პირველი წარმოდგენა კომოდს უკავშირდება - მახსოვს, როგორ ჩავძვერი შიგ. ეს დეჟა-ვიუ იყო, სახლში დაბრუნებას ჰგავდა.

- ბავშვობის მოგონებებიდან ყველაზე ხშირად რა გახსენდებათ?
- ქარავნებით მოგზაურობა და დილაობით სრულიად განსხვავებულ პეიზაჟებში გაღვიძება, ჩემს ძმასთან თამაში. გვყავდა ბუ ელეონორა, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში ჩვენთან ცხოვრობდა... სოფელში ხშირად ვიშინაურებდით ყვავებს, ისინი გაზაფხულიდან შემოდგომამდე ჩვენთან რჩებოდნენ, შემდეგ კი მიფრინავდნენ. ერთხელ კაფეში ვისხედით, როცა ცაში ყვავების გუნდი შევნიშნეთ. მამამ ხუმრობით იმ ყვავის სახელის ძახილი დაიწყო, რომელიც წლების წინ გვყავდა. ძალიან შეგვრცხვა, მამა კი მთელი ხმით ყვიროდა: "არმან, არმან!" მოულოდნელად ერთი ფრინველი გუნდს გამოეყო, ქვემოთ ჩამოფრინდა და მამას თავზე დააჯდა!..
- ესე იგი, ცირკიდან დაიწყო თქვენი კარიერა.
- ჩემმა მშობლებმა თავდაპირველად ცირკში დაიწყეს მუშაობა, მაგრამ მე პატარა ვიყავი, როდესაც უკვე აღარ ვმუშაობდით ტრადიციულ ცირკში, თუმცა ხშირად დავდიოდით სხვადასხვა ცირკში. ცირკი დისციპლინას მოითხოვს, რეპეტიციას ყველა მთავარ კარავში გადის და შეგიძლია თითოეულისგან ისწავლო. წრე, როგორც ფიზიკური, ისე მეტაფორული, ქმნის ცირკს. ეს მიკროკოსმოსია.

- ვინ არის თქვენი შთაგონების წყარო?
- დღეს ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ ეპოქაში პოპულარულები არ იყვნენ და მუდამ ჩრდილში რჩებოდნენ. ჩემთვის შთაგონების წყაროა ის ნაკლებად ცნობილი ადამიანები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, ცდილობენ საკუთარი ცხოვრების სიღრმისეულ გააზრებას, რჩებიან გამძლენი სირთულეების წინაშე. ეს ყველაფერი ნიჭს, წარმოსახვას, იმედსა და ძალას მოითხოვს. შთაგონების წყარო ჩემთვის არის სიკეთე, ემოციები, იუმორი, უცნობი მასწავლებლები და ექთნები, ადამიანები, რომლებიც კითხვებს სვამენ...
- ბაბუაზე რას გაიხსენებდით?
- იმდენი წიგნი დაიწერა მასზე, რომ არ ვიცი, რისი დამატება შემიძლია. ხშირად მითქვამს და ახლაც ვიტყვი - ის უფრო მაყურებელს, საზოგადოებას ეკუთვნის, ვიდრე ოჯახს. მისი მემკვიდრეობა მისი ფილმებია. მე პატარა ვიყავი და იშვიათად ვნახულობდი, მაგრამ მახსოვს, საღამოობით მარილიანი მიწის თხილის ჭამა უყვარდა. ზოგჯერ ჩემს პატარა ხელს აიღებდა და რამდენიმე მიწის თხილს დამიდებდა ხელისგულზე. დღემდე მიწის თხილი ჩემთვის ჯადოსნურ წუთებთან ასოცირდება.
- თბილისში 2019 წელს იყავით. მე მაშინ დავესწარი თქვენს სპექტაკლს და ეს დაუვიწყარი იყო.
- თბილისში ძალიან თბილი დახვედრა მოგვიწყვეს. თქვენთან ადამიანები, პეიზაჟები, არქიტექტურა, ისტორია - ყველაფერი მდიდარი და შთამბეჭდავია. მახსოვს, სპექტაკლის შემდეგ ღამით სასტუმროსკენ მიმავალმა ქალაქის სუნთქვა ვიგრძენი. მიყვარს ასეთი წუთები და თქვენი სამზარეულოც. იმედია, ისევ ჩამოვალთ.