უკრაინელებისთვის ის ლეგენდარული ქართველი იყო, ქართველებისთვის - საიმედო თანამებრძოლი
დავით ქუქჩიშვილი ურთულესი პოზიციიდან დაჭრილი და დაღუპული თანამებრძოლების გამოყვანას ცდილობდა, როდესაც მისი საბრძოლო ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა. ხარკოვის მიმართულებაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული დაზიანებები სასიკვდილო აღმოჩნდა. იმავე დღეს, 26 ივნისს, აღმოსავლეთის ფრონტზე კიდევ ორი ქართველი მებრძოლი - 30 წლის გიორგი დამენია და იგორ ბეკურაშვილი დაიღუპნენ. გიორგი დამენიასა და იგორ ბეკურაშვილის შესახებ ამ ეტაპზე მწირი ინფორმაცია ვრცელდება. ორივე უკრაინის მოქალაქე იყო და უკრაინის თავდაცვის ძალების რიგებში იბრძოდა. ქართველი მოხალისეების თქმით, მათ შესახებ დეტალური ცნობები არა აქვთ, რადგან სხვადასხვა სამხედრო დანაყოფში მსახურობდნენ. რაც შეეხება დავით ქუქჩიშვილს, ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა. ამ წლების განმავლობაში მონაწილეობდა არაერთ მძიმე საბრძოლო ოპერაციაში, მათ შორის სუმისა და კურსკის მიმართულებებზე. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი სამხედრო დაჯგუფება "ქართველი პარტიზანების" მეთაური გახდა და უკრაინაში დარჩა, სადაც ფრონტის ურთულ მონაკვეთებზე იბრძოდა.
"ეს გმირი ბიჭი უკრაინამ და საქართველომ დაკარგეს"
მიკოლა ჟურავლიოვი, პოლკოვნიკი:
- ბევრისთვის დავითი ლეგენდარული ქართველი მოხალისე იყო, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე წლებიდან უკრაინის დასაცავად გვერდით დაგვიდგა. ჩემთვის კი ის, პირველ რიგში, მეგობარი იყო, ადამიანი, რომელიც არასდროს ღალატობდა საკუთარ პრინციპებს. ჩვენ ერთმანეთს პირადად ვიცნობდით. ვეხმარებოდით მის ქვედანაყოფს ავტომობილებით, ვუჭერდით მხარს თანამებრძოლებს, ბევრს ვსაუბრობდით და საერთო გეგმებს ვაწყობდით.
დავითი იბრძოდა იქ, სადაც ყველაზე რთული იყო, მას არასდროს ეშინოდა სიკვდილის. ცხოვრობდა ღირსებით, უყვარდა თავისუფლება და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოდა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.
ჩვენ მომავალზეც ვოცნებობდით, გამარჯვების შემდეგ გვინდოდა შეგვექმნა ერთობლივი უკრაინულ-ქართული ვეტერანთა რეაბილიტაციის ცენტრი. ვგეგმავდით, რომ დაჭრილი და შშმ უკრაინელი დამცველები რეაბილიტაციას არა მხოლოდ უკრაინის კარპატებში, არამედ დიდი ყაზბეგის მთის ძირას, სტეფანწმინდაშიც გაივლიდნენ. გვჯეროდა, რომ მთებს შეუძლია არა მხოლოდ სხეულის, არამედ სულის განკურნებაც.
ცალკე მიმართულება უნდა ყოფილიყო ვეტერანთა სოციალური ადაპტაცია. ვგეგმავდით უკრაინულ-ქართულ ერთობლივ პროექტს მაღალმთიანი მეცხვარეობის განვითარების შესახებ იმიერკარპატებში ქართული მთის თემების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების გამოყენებით. დავითს სურდა ვეტერანებს რეაბილიტაციის შემდეგ ახალი საქმის დაწყების შესაძლებლობაც ჰქონოდათ - ემუშავათ საკუთარ მიწაზე, შეექმნათ მეურნეობები და დაბრუნებოდნენ სრულფასოვან ცხოვრებას. ასეთი იყო დავითი, ის არ ფიქრობდა მხოლოდ იმაზე, როგორ ებრძოლა დღეს, არამედ იმაზეც, როგორ დახმარებოდა თანამებრძოლებს ომის შემდეგ ცხოვრებაში. გული მწყდება, რომ მისი ბედისწერა არ ყოფილა ამ ჩანაფიქრების ხორცშესხმა. ეს გმირი ბიჭი უკრაინამ და საქართველომ დაკარგეს.
"უკრაინელები მასზე არაკებს ჰყვებოდნენ, ტყვია არ ეკარებაო"
გიგა მაქარაშვილი, მეგობარი:
- დავითი სიცოცხლეშივე ლეგენდად გადაიქცა. უკრაინელები მასზე არაკებს ჰყვებოდნენ, ტყვია არ ეკარებაო, მტერი ახლოს ვერ მიდისო. ერთ-ერთი ასეთი ისტორია უკავშირდება აღმოსავლეთის მიმართულებას 2022 წლის ბოლოს, როდესაც ერთ-ერთი უკრაინული ქვედანაყოფი ალყაში მოექცა, რუსულ ძალებს გადაკეტილი ჰქონდათ მისასვლელი გზები და დაახლოებით 55-60 მებრძოლი პრაქტიკულად განწირული იყო. ვითარება იმდენად კრიტიკული შეიქნა, მათი გამოყვანის ოპერაციის დაგეგმვა უმაღლეს დონეზე მიმდინარეობდა, თუმცა გამოსავალს ვერ პოულობდნენ, რუსების შეტევის დაწყება კი ნებისმიერ მომენტში იყო მოსალოდნელი. მაშინ, როდესაც თითქოს ყველა გზა ჩაკეტილი იყო, დავითი რამდენიმე მასავით თავზე ხელაღებულ მებრძოლთან ერთად მძიმე ჯავშანმანქანით მოულოდნელად შევარდა აღნიშნულ მიმართულებაზე. ეს იმდენად მოულოდნელი იყო თავად რუსებისთვის, რომ დაიბნენ. ტერიტორია სრულად მათ კონტროლში იყო, გონზე ვერ მოვიდნენ, რა მოხდა. სამხედრო თვალსაზრისით ასეთი მანევრი გაუმართლებელიც კი იყო, მაგრამ დავითმა ეს შეძლო. მისმა მოქმედებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ბიჭების გადარჩენაში. ჯგუფი ნულოვანი დანაკარგით გამოიყვანეს ალყიდან. მოგვიანებით კი ის გადარჩენილი მებრძოლები, რომლებიც მას მაშინ არც იცნობდნენ, წლების განმავლობაში მის გვერდით იბრძოდნენ ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის კიევის. დათო ფრონტის ხაზიდან სწორედ იმ ბიჭებმა გამოიყვანეს და უკანასკნელ გზაზე - კიევიდან საქართველოშიც მათ გამოაცილეს.
გოროზი, საქმიანი, სიტყვაძუნწი დადიოდა, ახლოს მისვლა მოგერიდებოდა. ერთ დღეს კიევში ჩემს პატარა სახლში მოხვდა, ბედად თბილი წყალი მოდიოდა, იბანავა, სპორტული ტანსაცმელი ჩაიცვა. მე სამზარეულოში შემოსულს კონიაკის ბოთლი დავახვედრე, მაშინ ერთადერთხელ ვნახე გაღიმებული. ხელიც მაშინ ჩავარტყით და ძმობაც ვთქვით. იმის მერე 4 წელი გავიდა და კვირა არ გასულა, ერთმანეთი არ მოგვეკითხა. ყველა დარბევის შემდეგ მესიჯი მომდიოდა: "ვერან, გადარჩი თუ დაგილეწეს ბებერი ძვლები ძაღლისშვილებმა?"
- როგორც ვიცი, ის უკრაინის მოქალაქე იყო, საქართველოში რატომ გადაწყდა მისი დაკრძალვა?
- რამდენიმე ათასი ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში მასთან ერთად იბრძოდა, ერთხმად ამბობდა, რომ არც ერთი დღე არ გასულა, დათოს საქართველოზე არ ელაპარაკა. ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ უკრაინაში საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა. მისი მთავარი აზრი იყო, რომ უკრაინის და საქართველოს საერთო მტრის - რუსეთის დასუსტებაში წვლილი შეეტანა.
კითხვაც არავის გასჩენია, სად უნდა დაეკრძალათ მისი ცხედარი. ყველამ ისედაც იცოდა, რომ ის მშობლიურ მიწას უნდა ჩახუტებოდა.
"არაერთხელ დაიჭრა, არაერთხელ ჩახედა სიკვდილს თვალებში, მაგრამ არასდროს მინახავს შემკრთალი"
ვაკო სულაძე, "შავი არწივის" მეთაური:
- დავითი ბრძოლის ველზე გავიცანი და გარწმუნებთ, რასაც მასზე ჰყვებიან, ლეგენდები არ არის. ის მართლაც უშიშარი და გაუტეხელი მეომარი იყო. არაერთხელ დაიჭრა, არაერთხელ ჩახედა სიკვდილს თვალებში, მაგრამ ის არასდროს მინახავს შემკრთალი. მართლაც წარმოუდგენლად უშიშარი და უტეხი მეომარი იყო.
მის დანაყოფში, "ქართველ პარტიზანებში", 2015 წელს მივედი. 3 წელზე მეტხანს ვიყავი მის გვერდით. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო და ასევე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეთაური იყო. დავითს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს უკრაინაში ქართველი მებრძოლის სახელი საამაყოა.
2015 წლის ზაფხული იყო. დასახლება ზაიცევოში ვიყავით, დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებაზე, გორლოვკასა და ბახმუტს შორის მდებარე მონაკვეთზე. სამნი ვიყავით, სამივე ქართველი: დათო ქუქჩიშვილი, მე და კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობასაც მიზეზთა გამო ვერ დავასახელებ. სიტუაცია მუდმივად დაძაბული იყო, მაგრამ იმ დღეს განსაკუთრებულად მძიმე შეტევა იყო. მოწინააღმდეგე პოზიციებიდან ინტენსიური ნაღმსატყორცნებისა და არტილერიის ცეცხლი მოდიოდა. ერთ-ერთი აფეთქების დროს დათო ფეხში დაიჭრა, ხოლო ჩვენი მეორე თანამებრძოლი - ზურგის არეში. მდგომარეობა სწრაფად გართულდა, ხოლო ინტენსიური დაბომბვის გამო გადაადგილება თითქმის შეუძლებელი გახდა. ვერც უკრაინულმა სამხედროებმა მოახერხეს ჩვენი პოზიციებიდან ევაკუაცია, რადგან ცეცხლი არ წყდებოდა. იმ მძიმე ვითარებაში დათო მაინც ინარჩუნებდა სიმშვიდესა და სიმტკიცეს. მითხრა, გადავეფაროთ ერთმანეთს და რაც იქნება, იქნებაო; ან უნდა გადავრჩენილიყავით, ან ერთად დავხოცილიყავით. მადლობა ღმერთს, მაშინ გადავრჩით და პოზიციიდან გამოსვლა შევძელით. ასეთი ხასიათის ადამიანი იყო, კრიტიკულ სიტუაციებშიც არ კარგავდა სიმშვიდეს და ყოველთვის ცდილობდა გვერდით მდგომის დაცვასაც. მისი სამხედრო გზა შემდგომშიც გაგრძელდა და არაერთ მნიშვნელოვან ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. მას მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდო, მათ შორის ბოგდან ხმელნიცკის მესამე და მეორე ხარისხის ორდენები, რაც ერთ-ერთი მაღალი სამხედრო აღიარებაა. ასევე დაჯილდოებულია უკრაინის ორი პრეზიდენტის მიერ. ის მართლაც ის მებრძოლი იყო, რომელიც ერთდროულად დააკლდა უკრაინას და საქართველოს.
ხათუნა ბახტურიძე