ათასობით ადამიანის ევაკუაცია და განგაშის უმაღლესი დონე - ევროპის რამდენიმე ქვეყანას ტყის ხანძრები უტევს
ტყის ხანძრებმა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ათასობით ჰექტარი მცენარეული საფარი გაანადგურა, - ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გუშინ ასობით მეხანძრე ებრძოდა ხანძრებს საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში.
საფრანგეთში, აღმოსავლეთ პირენეის დეპარტამენტში, ქალაქ პერპინიანის მახლობლად გაჩენილ ხანძარს 700-მდე მეხანძრე, 200 ერთეული ტექნიკა და ათამდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი ებრძვის. მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი - მეხანძრე და ადგილობრივი მცხოვრები.
ხელისუფლებამ დეპარტამენტში 5 000 მაცხოვრებლის ევაკუაცია გამოაცხადა.
ხანძრის მაღალი რისკი საფრანგეთის 41 დეპარტამენტში არსებობს, რომელთაგან შვიდში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.
ამასთან, ხანძარი გაჩნდა საბერძნეთის ქალაქ თესალონიკთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში. სქელი შავი კვამლი ქალაქის ცენტრამდე გავრცელდა. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, ტოქსიკური აირების რისკის გამო ფანჯრები დახურონ და სახლში დარჩნენ. ქალაქ ორეოკასტროს ხელისუფლების ცნობით, ცეცხლის განზრახ წაკიდების ბრალდებით 76 წლის მამაკაცი დააკავეს.
მასშტაბური ხანძარია ათენის დასავლეთით. ხანძარს 210 მეხანძრე და მოხალისე სპეციალიზებული ავიატექნიკის გამოყენებით ებრძვის.
ტყის ხანძარი მძვინვარებს ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია ჟირონაშიც. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა თითქმის 2 200 ჰექტარი მოიცვა.
"ინტერპრესნიუსი"