"ანაკლიის პორტი მაგალითია, როგორ აქცია ხელისუფლებამ ეროვნული პროექტი ტყუილების 10-წლიან კასკადად " - ირაკლი კუპრაძე
ანაკლია და ანაკლიის პორტი არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, როგორ შეიძლება ერთმა ხელისუფლებამ აქციოს ქვეყნის ეროვნული პროექტი ტყუილების 10-წლიან კასკადად. ერთმა ივანიშვილმა, ერთმა „ანტიქართულმა ოცნებამ“ 10 წლის განმავლობაში ტყუილების კარუსელში ჩართო საკუთარი თავი - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ანაკლიის პორტის აშენება მიზანმიმართულად არ უნდა ბიძინა ივანიშვილს და მისი ხელისუფლების არსებობის პირობებში შეუძლებელი იქნება პორტის მშენებლობის დასრულება.
„ანაკლია და ანაკლიის პორტი არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, როგორ შეიძლება ერთმა ხელისუფლებამ აქციოს ქვეყნის ეროვნული პროექტი ტყუილების 10-წლიან კასკადად. ერთმა ივანიშვილმა, ერთმა „ანტიქართულმა ოცნებამ“ 10 წლის განმავლობაში ტყუილების კარუსელში ჩართო საკუთარი თავი. ისინი წრეზე ტრიალებენ და ყოველწლიურად, პერიოდულად რამდენიმე თვეში ერთხელ მაშინ, როცა ივანიშვილის ხელისუფლებაში იცვლებიან პრემიერ-მინისტრები, იცვლებიან ეკონომიკის მინისტრები და თანამდებობის პირები, გამოდიან ახალი ტყუილებითა და ახალი დაპირებებით, თუმცა შედეგი ერთია, 10 წლის თავზე ანაკლიის პორტი ჯერ კიდე არ არსებობს.
ჩვენ გვაქვს ერთი მარტივი მოცემულობა. 1 ხელისუფლება 3 განსხვავებული მოდელი და მხოლოდ 1 შედეგი - გაჩერებული ანაკლია. წლების განმავლობაში ჩვენს საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ ივანიშვილის მიზანი არ არის ანაკლიის პორტის აშენება. ივანიშვილის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, პროპაგანდა და საკუთარი მერკანტილური ინტერესებით ვაჭრობა მათ შორის, ჩვენ საგარეო პარტნიორებთან. რომლებსაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველოს დაუბრუნდეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო სატრანზიტო ღირებულება და მნიშვნელობა.
2016 წელს ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ საუკეთესო გამოსავალი იყო ე.წ. „BOT”-ის მოდელი. სწორედ ამ მოდელით და ამ მეთოდით გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც დასავლელი ინვესტორები აშენებდნენ ანაკლიის პორტს, მაგრამ საბოლოოდ 100%-ის მფლობელი აღმოჩნდებოდა ქართული სახელმწიფო. შემდეგ თავადვე ჩამოართვეს დასავლელ პარტნიორებს ინვესტიცია და ჩააგდეს ეს პროექტი. ანაკლიის პორტს პირველი გემი უნდა მიეღო 2020 წელს. 2021 წელს ახალ მოდელზე დაიწყეს საუბარი. მას შემდეგ 2022 წელს ახალი მოდელი შემოიტანეს. ე.წ. „PPP მოდელი“, რომლის მიხედვითაც ქართული სახელმწიფო იქნებოდა 51% საკუთრების მფლობელი ანაკლიის პორტში და 49% ექნებოდა კომუნისტური ჩინეთის ერთ-ერთ სახელმწიფო კომპანიას. ეს პროექტიც ჩააგდეს და ისევ მოატყუეს საზოგადოება. ახლა უკვე 2026 წელს მას შემდეგ, რაც 10 წლის წინ უნდა დაწყებულიყო მშენებლობა, 6 წლის წინ უნდა მიეღო პირველი გემი, უნდა გაკეთებულიყო რკინიგზა და მიეყვანათ შესაბამისი გზა გამოდიან ახალი მოდელით. ე.წ. „ლენდ ლორდის“ მოდელით, თუმცა საზოგადოებას უნდა გვესმოდეს, რომ პრობლემა არც ერთ მოდელში არ არის. ამ სამივე მოდელით შესაძლებელია საერთაშორისო პორტების ოპერირება. პრობლემა არის ხელისუფლებაში, პრობლემა არის ივანიშვილში, რომელსაც არ უნდა და არ არის დაინტერესებული ანაკლიის პორტის აშენებით. მას არ უნდა საქართველომ შეიძინოს უსაფრთხოების ახალი ჩარჩო, არ უნდა გაძლიერდეს ეკონომიკა, არ უნდა საქართველოში შეიქმნას სამუშაო ადგილები. ივანიშვილს უნდა მხოლოდ საკუთარ ბედზე ზრუნვა, მერკანტილური სურვილებისა და მიზნების დაკმაყოფილება და რუსული დავალებების შესრულება. ეს არის ის მოცემულობა რაშიც ივანიშვილი იმყოფება.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ სამი სხვადასხვა მოდელის პირობებში ივანიშვილმა ჯერ გააქცია დასავლელი პარტნიორები, შემდეგ ვერც ერთი სახელმწიფო ან კერძო საერთაშორისო კომპანია ვერ დააინტერესა, ერთი კომპანია და ინვესტორიც ვერ შემოიყვანა და დღეს ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გვარწმუნებს, თითქოს ბევრ ქვეყანას და კომპანიას შემოიყვანს. ეს არის მტკნარი ტყუილი და მოქალაქეებმა უნდა ვუთხრათ ძალიან მარტივი პასუხი, რომ იმ ტყუილებისა და დეზინფორმაციის ატრაქციონზე, რაც მოაწყო ივანიშვილმა 10 წლის განმავლობაში, მოკლა ანაკლიის პროექტი და არაშენდად აქცია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, მხოლოდ ივანიშვილი და მისი მინისტრები იქნებიან.
უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენთვის ანაკლია არასდროს ყოფილა მხოლოდ პორტი ან ბიზნეს პროექტი. ეს არის ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს აქვს შესაძლებლობა დაიბრუნოს ისტორიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რასაც სჭირდება ეროვნული და კარგი ხელისუფალი, რომელიც ვერ იქნება ივანიშვილი. მის პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება. ხელისუფლებიდან წასვლის პირობებში კი ანაკლიის პორტის აშენება არის ძალიან მალე შესაძლებელი. იმიტომ, რომ ივანიშვილს აღარ აქვს საერთაშორისო ნდობა. მან ჩამოართვა ინვესტიცია დასავლელ პარტნიორებს, ვერ დაალაგა ურთიერთობა ჩინეთთანაც კი და დღეს ახალ ზღაპრებს სთავაზობს საზოგადოებას."
"ინტერპრესნიუსი"