პუტინის კოშმარი - უკრაინული კამიკაძე-დრონების ახალი რეკორდი: აგიზგიზებული ყველაზე დიდი ნავთობქარხანა
რუსეთის სიღრმეში ახალი რეკორდით-უკრაინული კამიკაძეები პუტინის ნამდვილ კოშმარად გადაიქცნენ...
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გულზე დიად არ ეხატებოდა თავისი ქართველი კოლეგა, გვარად შევარდნაძე, მაგრამ ის, რაც გუშინ მოხდა,კრემლის „მუდმივ ბინადარს“ კიდევ უფრო შეაძულებს ძე-ზე დამთავრებულ ქართულ გვარებს, რადგან უკრაინულმა კამიკაძეებმა პირდაპირ რუსეთის „ღრმა“ სიღრმეში „ჩაუფურთხეს“ „პუტინის იმპერიას“...
მაშინ, როდესაც პუტინის „ისკანდერები“ კიევის საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებით „ამაყობდნენ“, 6 ივლისს უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების კამიკაძე-დრონებმა საჰაერო შეტევა მიიტანეს მორიგ რუსულ ნავთობგადამაუშავებელ ქარხანაზე და ეს დარჩებოდა ასევე მორიგ წარმატებულად დაზიანებულ რუსულ მნიშვნელოვან ობიექტად, რომ არა მთავარი სიახლე...
უკრაინულმა დრონებმა ეს საჰაერო დარტყმა განახორციელეს რუსეთის ფედერაციის ქალაქ ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან...2 500 კმ-ზე მეტადაა დაშორებული!
ეს არის საშუალო სიშორის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების მოქმედების არეალი, მაგრამ ასეთი შეიარაღება უკრაინის არმიას ჯერ-ჯერობით არ აქვს, ხოლო უკრაინული თვითმფრინავის კონსტრუქციის კამიკაძე-დრონები აქამდე მხოლოდ 1 800 კმ-მდე თუ აღწევდნენ, მაშინ საიდან გამოუჩნდა კიევს ამ სიშორეზე შემტევი საფრენი აპარატები?
გარკვეულ ინფორმაციებზე დაყრდნობით შეიძლება იმის თქმა, რომ ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო იერიშის მისატანად უკრაინამ გამოიყენა თავისი კარგად ცნობილი FP-1 ტიპის კამიკაძე-დრონები, ოღონდ მოდერნიზებული სახით.
უკრაინული, ისევე როგორც რუსული თვითმფრინავის კონსტრუქციის კამიკაძე-დრონები ახლა დაახლოებით ისეთივე ტექნიკურ ევოლუციას განიცდიან, რაც პირველ და მეორე მსოფლიო ომების პერიოდში გაიარეს მაშინდელმა გამანადგურებელმა და ბომბდამშენმა თვითმფრინავებმა.
კერძოდ, უკრაინულ FP-1 ტიპის კამიკაძე-დრონს ახალი ფრთა დაუყენეს, რომლის მარცხენა და მარჯვენა კონსოლებში განათავსეს საწვავის(ბენზინის) ავზები, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მისი ფრენის სიშორე, სავარაუდოდ 3 400 კმ-მდეც კი,რადგან უკრაინიდან რუსულ ომსკამდე ეს კამიკაძეები პირდაპირი ხაზით არ იფრენდნენ, გვერდს აუვლიდნენ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სტაციონარულ ობიექტებს და შესაბამისად, 2 500 კმ-ზე მეტს გაიფრენდნენ.
ამ მანძილის დასაფარად კი, 150 კმ/სთ საშუალო სიჩქარით მფრენ უკრაინულ კამიკაძეებს რუსეთის საჰაერო სივრცეში 20 სთ ანუ თითქმის ერთი დღე-ღამე (!) მოუწევდათ ყოფნა, რომლის განმავლობაშიც ასე „ნაქებმა“ პუტინის „არწივებმა“ მათი ჩამოგდება ვერ შეძლეს...
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის ფაქტი ასე შეაფასა:
„ ... უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებმა დარტყმა განახორციელეს ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე (ომსკის ოლქი), რომელიც უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან თითქმის 2 500 კილომეტრში მდებარეობს.
ეს რუსეთის 11 უმსხვილესი ბენზინის მწარმოებელი კომპანიისგან უკანასკნელია, რომელსაც უკრაინის ძალები თავს დაესხნენ.
ეს არის რუსეთში ყველაზე მძლავრი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (წელიწადში 21 მილიონ ტონაზე მეტი) და სპეციალიზირებულია საწვავის, საპოხი მასალების და ნავთობქიმიური პროდუქტების ფართო სპექტრის წარმოებაზე. ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ამაყობს რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნავთობგადამუშავების სიღრმით (დაახლოებით 99%).
ქარხანა აწარმოებს მაღალი ოქტანური ძრავის ბენზინს (AI-92, AI-95, G-Drive 100), ევრო-5 დიზელის საწვავს და საავიაციო ნავთს (TS-1 და RT კლასის). ასევე აწარმოებს ბენზოლს, პარაქსილენს და ორთოქსილენს, სპეციალიზებულ პროდუქტებსა და საპოხი მასალებს, ნახშირბადის შავი ფერის ნედლეულს, საავტომობილო და სამრეწველო ზეთებს. ადგილზე დაფიქსირდა დაღვრისა და ხანძრის შესახებ ინფორმაცია; ზარალის მასშტაბები დგინდება.
„წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა ELOU-AVT-11 ნავთობგადამამუშავებელი პირველადი ბლოკი, რომლის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 8.4 მილიონი ტონა ნავთობია“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული დარტყმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული თავდასხმების სერიიდან ყველაზე მძიმე იყო, რამაც რუსეთის ნავთობგადამუშავება 2000-იანი წლების დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონემდე დაწია და კამჩატკიდან კალინინგრადის რეგიონამდე რეგიონები საწვავის კრიზისის წინაშე დააყენა. გასული წლის ოქტომბერში დარტყმა მიაყენეს ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც საზღვრიდან 2000 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო 2026 წლის დასაწყისში - უხტას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას (1750 კილომეტრის დაშორებით).
ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განადგურების შემდეგ, წელს რუსეთის 10 უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან არც ერთი არ გადაურჩა საჰაერო დარტყმებს. მაისში თავს დაესხნენ ლენინგრადის რეგიონში მდებარე „კირიშინეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას (21 მილიონი ტონა სიმძლავრით) და რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას (17 მილიონი ტონა); ივნისში კი თავს დაესხნენ ლუკოილის „ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზს“ (16 მილიონი ტონა) და ნიჟნეკამსკში მდებარე „ტატნეფტის“ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ტანეკოს“ (12,5 მილიონი ტონა).
იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც სიმძლავრით მეექვსე ადგილზეა (15 მილიონი ტონა), თავდასხმა მაისში და კვლავ 6 ივლისს განხორციელდა. ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (15 მილიონი ტონა) 1 ივნისს დრონის თავდასხმის გამო დაიხურა. „პერმნეფტეორგსინტეზის“ ქარხანა აპრილის ბოლოს დაზიანდა და ცნობილი გახდა ობიექტში ხანძრის შემდეგ რეგიონში მოსული ნავთობის წვიმით.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (12 მილიონი ტონა) ივნისში დაიხურა და მისი შეკეთება შესაძლოა 2027 წლამდე გაგრძელდეს.
ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც რუსეთის ათეულში ბოლო ადგილზეა, ყველაზე მეტი დარტყმის რეკორდსმენია, რადგან მას შვიდჯერ დაესხნენ თავს.
ასეთია ის „სანავთობო ტერორი“, რაც უკრაინამ გამოუცხადა აგრესორ რუსეთს,კიევისა და სხვა უკრაინული ქალაქების ბარბაროსული დაბომბვებისთვის, ხოლო 3 ათას და უფრო შორს მფრენი უკრაინული კამიკაძე-დრონების გამოჩენა კი პუტინის დიდ კოშმარად იქცევა, რადგან მათი საშუალებით უკრაინის გენშტაბს შეეძლება საჰაერო ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება რუსეთის მთელ დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში, ასევე ურალის ქედის აღმოსავლეთითაც...