პროექტი "ბაბილონი" ანუ სუპექვემეხი სადამ ჰუსეინისთვის - კვირის პალიტრა

პროექტი "ბაბილონი" ანუ სუპექვემეხი სადამ ჰუსეინისთვის

ორი ივლისიდან მოყოლებული პუტინი განუწყვეტლივ უტევს შეუდრეკელი და თავისუფლების მოყვარე უკრაინის დედაქალაქ კიევს: სარაკეტო დარტყმები და დრონებით შეტევები საცხოვრებელი კორპუსების ნგრევასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს იწვევს.

რა თქმა უნდა, არც უკრაინელი და არც რუსი მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა საქართველოში არავის გვიხარია და რუსეთის ამ აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მომხრენი ვართ, თუმცა ამგვარი ლეგიტიმური კითხვის დასმის საჭიროება ნამდვილად არსებობს: როგორ ფიქრობთ, უკრაინელებსაც რომ გააჩნდეთ შესაბამისი შეიარაღება და მოსკოვიც იგივე დღეში იყოს, როგორც დღეს კიევი გამოიყურება, იქნება თუ არა ეს სამართლიანი? შეაჩერებდა თუ არა ეს პუტინის აგრესიას?

შეიძლება მკითხველმა არ იცის, თუმცა საუკუნეზე მეტი ხნის წინ, პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, გერმანიის არმიის გენერლებმა წაგების პირას მისული საომარი მდგომარეობის შემობრუნება პარიზის შორეული დაბობვებით სცადეს. ბუნებრივია, ამ ფაქტის დღევანდელ ვითარებასთან შედარება მხოლოდ სამხედრო – ტაქტიკური ანალოგიაა და არა შინაარსობრივ/იდეოლოგიური.

ბავშვობაში ალბათ, ბევრს წაუკითხავს ჟიულ ვერნის სამეცნიერო–ფანტასტიკური რომანი “დედამიწიდან მთვარემდე”, რომელშიც საარტილერიო ჭურვით კოსმოსში მოგზაურობა საკმაოდ დამაჯერებლადაა მოთხრობილი. ამის შემდეგ ბევრი მეცნიერის, გამომგონებლისა თუ დიქტატორისთვის გახდა გიგანტური ქვემეხის შექმნა ოცნებისა და უძილო ღამეების მიზეზი. “სუპერქვემეხების” “ბებია” კი “დიდი ბერტა” გახლდათ. გენერლებმა პარიზის შორი მანძილიდან დაბობვები გადაწყვიტეს და სპეციალურად ამისთვის 1918 წელს მსოფლიოში პირველი “სუპერქვემეხი” დაამზადეს, რომელსაც ოფიციალურად ძალზე ამბიციური სახელი - “კოლოსალი” უწოდეს. ამ გიგანტური ქვემეხის სიგრძე 34 მეტრი იყო, ხოლო ლულის კედლების სისქე 40 სმ-ს შეადგენდა. თავად ქვემეხი 260 ტონამდე, ხოლო 1მ სიგრძის ჭურვი, 120კგ-ს იწონიდა. ქვემეხი მოძრავ სარკინიგზო პლატფორმაზე იყო დამონტაჟებული. სროლა წარმოებდა 52 გრადუსიანი კუთხით, ჭურვი უმაღლეს წერტილს 40 კმ-ს სიმაღლეზე სტრატოსფეროში აღწევდა და შემდეგ ძირს ვარდებოდა. პარიზამდე მანძილს ანუ 115 კმ-ს, ჭურვი 3,5 წუთში ფარავდა. პირველი გასროლა 1918 წლის 23 მარტს 115 კმ-ის მანძილიდან

picture1-1783413695.jpg

ფოტო: „კოლოსალი“ და მისი ეკიპაჟი

განხორციელდა, სულ კი გერმანელებმა პარიზის მიმართულებით 300–ზე მეტი ჭურვი ისროლე, რის შედეგადაც გარდაიცვალა 250 და დაიჭრა 800 ადამიანზე მეტი. გიგანტურმა ქვემეხმა გერმანელებს ვერ უშველა და ისინი ომში მაინც სამარცხვინოდ დამარცხდნენ.

ამის შემდეგ წლების მანძილზე მეცნიერები და ავანტურისტები ბევრჯერ ცდილობდნენ გიგანტური ქვემეხის აგებას და ამ გზით მთვარეზე მოგზაურობის რეალურობა ბევრჯერ “მეცნიერულად” დასაბუთეს კიდეც. ცნობილია, რომ ისტორია ხშირად მეორდება - ხან ტრაგედიად, ხან კი ფარსად. ისიც კარგადაა ცნობილი, რომ: “ყოველივე ახალი, კარგად დავიწყებულია ძველია”. 1942 წლის ბოლოს გერმანიის ჯარებს ძალზე გაუჭირდათ, მარცხი – მარცხს მოსდევდა. გაცოფებულმა ჰიტლერმა მეცნიერებსა და კონსტრუქტორებს სასწრაფოდ ახალი იარაღის შექმნა მოსთხოვა, რის საშუალებითაც მოსკოვის “კრემლს” თუ ვერა, არანაკლებ საძულველ ლონდონს მაინც აქცევდა ნანგრევებად. არაა გამორიცხული, რომ ადოლფ ჰიტლერს, რომელიც პირველ მსოფლიო ომში

picture2-1783413720.jpg

ფოტო: „კოლოსალი“ მოქმედებაში

კაპრალის ჩინით გერმანიის არმიაში იბრძოდა, ახსოვდა “დიდი ბერტას” შვილიშვილის – „კოლოსალის“ “ცუღლუტობანი”. ამიტომ, როდესაც გერმანელმა ინჟინერ–კონსტრუქტორმა ვალტერ კენდერსმა გიგანტური ქვემეხის პროქტი და ტექნიკური გათვლები წარმოადგინა, ფიურერი უყოყმანოდ დათანხმდა. ვ. კენდერსის პროექტით ომში “გამარჯვების იარაღი” უნდა ყოფილიყო სპეციალურ, 50 გრადუსიანი კუთხით გათხრილ 250 მ სიგრძის შახტაში მოთავსებული “სუპერქვემეხი”, რომელიც უძრავ მიზანს (ამ შემთხვევაში ლონდონს) 150-160 კმ მანძილიდან განუწყვეტლივ დაბომბავდა. ამ განსაკუთრებით საიდუმლო გამოკვლევას “პროექტ 51”-ის კოდური სახელწოდება მიანიჭეს. მოფერებით კი, ალბათ გიგანტური ზომების გამო, “ათასფეხას” ეძახდნენ. ჰიტლერი აღფრთოვანებული იყო. 1943 წლის მაისის ბოლოს იმპერიის შეიარაღებისა და სამხედრო მრეწველობის მინისტრმა ალბერტ შპეერმა, რომელიც ამ პროექტის საერთო ხელმძღვანელი იყო, ფიურერს მოახსენა, რომ მხოლოდ 50 ამგვარი, მრავალჯერადი გამოყენების ქვემეხით შეძლებდნენ საათში 600 ჭურვის გაშვებას ლონდონის მიმართულებით. შახტებში მოთავსებულ “ათასფეხებს” კი ინგლისის ავიაცია ვერაფერს დააკლებდა. ჰიტლერმა ბრძანება გასცა სასწრაფოდ დაეწყოთ ამგვარი შახტების მშენებლობა ოკუპირებული საფრანგეთის ტერიტორიაზე, კალესთან ახლოს, საიდანაც ლონდონის ცენტრამდე სულ რაღაც 150 კმ იყო. პარალელურად დაიწყეს “ათასფეხას” ექსპერიმენტალური გამოცდები. მისმა, ოდნავ მცირე ზომის მოდელმა შესძლო 125 კგ-იანი ჭურვის 93 კმ-ზე გასროლა. რჩებოდა მთავარი - დიდი “ათასფეხას” დამზადება და გამოცდა, მაგრამ გერმანელებს ეს აღარ დასცალდათ. 1944 წლის ივნისში მოკავშირეების მიერ საფრანგეთის სანაპიროზე დესანტის გადმოსხმამ “პროექტი 51” მხოლოდ ისტორიის კუთვნილება გახადა და ლონდონიც „ათასფეხას“ დაბომბვებს გადაურჩა.

picture3-1783413771.jpg

ფოტო: ადოლფ ჰიტლერი „ათასფეხას“ უმცროს „ძმას“ – თვითმავალ საარტილერიო

დანადგარ „მონსტრს“ ათვალიერებს

ყველა დიქტატორი ოცნებობს რაიმე განსაკუთრებული შექმნას და კაცობრიობას „საჩუქრად“ დაუტოვოს. გამონაკლისი არც ერაყელი დიქტატორი სადამ ჰუსეინი გახლდათ. სანამ მის „გიგანტურ იდეებზე“ მოგითხრობთ, ერთი კანადელი მეცნიერ–ავანტიურისტის ცხოვრების ისტორია მინდა გავიხსენო.

კანადის პროვინცია ონტარიოში მცხოვრებ ჯორჯ და ჰერტრუდა ბულების მრავალშვილიან ოჯახში 1928 წლის 9 მარტს მეცხრე შვილი – ჯერალდ ბული დაიბადა. ბავშვობიდანვე მისი გატაცება თვითმფრინავები იყო.

22 წლისამ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მოიპოვა ტორონტოს უნივერსიტეტში. 1961 წლიდან იყო მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 1964 წლიდან კანადის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი. იმ წლებში ბული აშშ-კანადის ერთობლივ სამთავრობო პროექტზე მუშაობდა, რომლის მიზანი იყო მცირე თანამგზავრების კოსმოსში გაშვება გიგანტური ქვემეხის საშუალებით. ბულმა სამი გიგანტური ქვემეხი დაამზადა, ერთ-ერთს 50მ-ზე მეტი სიგრძე ქონდა, ხოლო ლულის დიამეტრი 40,6 სმ იყო. ამ ქვემეხებით მან შეძლო ჭურვის 180 კმ სიმაღლეზე გასროლა. კოსმოსური გამოკვლევებისთვის ბულს 1968 წელს კანადის უმაღლესი სამეცნიერო ჯილდო - მაკარტის პრემია მიენიჭა. ამ დროიდან ბული მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურების მუდმივი ოპერატიული მეთვალყურეობის ობიექტი გახდა. შემდეგ წლებში ბული მუშაობდა სამხრეთ აფრიკაში, ისრაელში, ესპანეთში, ჩინეთში. ის ამ ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში საარტილერიო დანადგარების გაუმჯობესებას და სრულყოფას ახორციელებდა.

picture4-1783413826.jpg

ფოტო: საბედისწერო თანამშრომლობა: ჯერალდ ბული და სადამ ჰუსეინი

1982 წლიდან ჯერალდ ბული ბელგიაში ცხოვრობდა, სადაც კერძო “კოსმოსური კვლევების კორპორაცია” შექმნა. კვლევის ძირითადი მიმართულება ტრადიციული საარტილერიო ტექნიკის გაუმჯობესება იყო. სულ მალე ამ კორპორაციის სამხრეთ ამერიკის ფილიალმა დაიწყო 20,3 სმ კალიბრის ჰაუბიცების მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ექსპორტირება. ბულის ამ მოღვაწეობას, როგორც შემდგომ გაირკვა, ბევრი ადევნებდა შორიდან თვალყურს. 1985 წელს ბული ერაყელი დიქტატორის სადამ ჰუსეინის გარემოცვაში ჩნდება და ახალ “სუპერ ქვემეხზე” იწყებს მუშაობას. ერაყს ამ ახალი იარაღით სურდა არა მარტო მეზობელი ირანის დაბომბვა (რომელთანაც უკვე ომი ჰქონდა), არამედ ისრაელის ქალაქების განადგურებაც. ჯერალდ ბულს უკვე ჰქონდა დამზადებული ქვემეხი, რომელიც ჭურვებს 400 კმ-ზე ისროდა. ჰუსეინს სურდა ათას კმ-სთვის მიეღწია. ამ კვლევებს “პროექტი ბაბილონი” უწოდეს. ეჭვი რომ არ აეღოთ, ქვემეხისთვის საჭირო მოწყობილობების დამზადება ბულმა ევროპის რამდენიმე ქვეყნის ფირმას შეუკვეთა. საბერძნეთის, იტალიის, შვეიცარიის, გერმანიის და ბელგიის კომპანიები გიგანტური ქვემეხის სხვადასხვა კომპონენტებს ამზადებდნენ. 50 მეტრი სიგრძის და 1 მ დიამეტრის მილების დამზადება კი ინგლისის ერთ-ერთ კომპანიას შეუკვეთეს. კონტრაქტებში მილის დანიშნულებად ნავთობსადენის მშენებლობა იყო მითითებული.

picture5-1783413885.jpg

ფოტო: „ბაბილონი“ ერაყელი დიქტატორის სამსახურში

ამ ქვემეხის სროლის პოტენციური ნაბძილი 1000 კმ, ჭურვის წონა 10 ტონა, ხოლო ლულის სიგრძე 160-180 მეტრი უნდა ყოფილიყო. თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. 1989 წელს ჯერალდ ბულმა გერმანიაში „შემთხვევით“ წარმოშობით ირანელი ჟურნალისტი ფარზად ბაზოფთი გაიცნო. რამდენიმე თვეში ბაზოფთი ბაღდადთან ახლოს ერაყის კონტრდაზვერვამ დააკავა და ისრაელის დაზვერვების აგენტობის ბრალდება წაუყენა. ერაყის სასამართლომ ბაზოფთს სიკვდილი მიუსაჯა. მიუხედავად მრავალრიცხოვანი, მათ შორის გაეროს გენერალური მდივნის, პერეს დე კუელიერის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ მარგარეტ თეტჩერის თხოვნისა, სადამ ჰუსეინმა სასიკვდილი განაჩენი მაინც დაამტკიცა და ბაზოფთი 1990 წლის 15 მარტს ჩამოახრჩვეს. ძნელია სათქმელია ბაზოფთი “სუფთა” ჟურნალისტი იყო თუ ისრაელის სპეცსამსახურებსაც “ეხმარებოდა”, თუმცა ამ ორ სპეციალობას იმდენი რამ აქვს საერთო, რომ ეს “წვრილმანი” უკვე მნიშვნელოვანი აღარ არის. ამ

შემთხვევის შემდეგ სადამ ჰუსეინმა, რომელიც თვლიდა, რომ ბაზოფთი ბულს ისრაელის დაზვერვის დავალებით დაუახლოვდა, კანადელ ინჟინერს ორი მცველი მიუჩინა, რომლებიც მუდმივად თან დაჰყვებოდნენ კონსტრუქტორს. სავარაუდოდ ერაყელი „მცველები“ თან მეთვალყურეობასაც უწევდნენ ბულს, რათა თავიდან აეცილებინათ მისი კონტაქტი სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან. 1990 წლის დასაწყისში ბული ბრიუსელში ჩავიდა და სასტუმრო “მინერვაში” დაბინავდა ჟილტერის გვარით. 22 მარტს საღამოს ერაყელი მცველები რატომღაც არ ჩანდნენ, მაგრამ ბულმა ამ ფაქტს ყურადღება არ მიაქცია, “მარკეტში” ფუნთუშები იყიდა და სასტუმროს ვესტიბიულში შევიდა. მეექვსე სართულზე ლიფტიდან გამოვიდა და საკუთარი ნომრისკენ გაეშურა. სწორედ ამ დროს უკანიდან სამჯერ ესროლეს, ხოლო ორი საკონტროლო ტყვია თავში დაახალეს. მაყუჩიანი იარაღიდან გასროლების ხმა ვერავინ გაიგო და ბულის გვამი მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ აღმოაჩინა მისმა მდივანმა. როდესაც ბელგიის პოლიცია მოვიდა, აღმოჩნდა, რომ ბულს თანხაც (რამდენიმე ათასი დოლარი) ჯიბეში ჰქონდა და ძვირფასი საათიც ხელზე ეკეთა. თავდამსხმელები უბრალო მძარცველები ნამდვილად არ იყვნენ. მაშინ ჯერალდ ბულის შვილი მიშელი და მასმედია დარწმუნებით აცხადებდენ, რომ ეს ისრაელის დაზვერვის - “მოსადის” ჩადენილი იყო. ებრაელები ჩუმად იყვნენ, რადგანაც ეს შედეგი ყველაზე

picture6-1783413936.jpg

ფოტო: გიგანტური ქვემეხის „დაპატიმრებული“ კომპონენტები

მეტად მათ აძლევდა ხელს. 1990 წლის 11 აპრილს დიდი ბრიტანეთის საბაჟომ დააკავა ერაყში გასაგზავნად გამზადებული მაღალხარისხოვანი ფოლადისგან დამზადებული, ერთი მეტრი დიამეტრის რვა მილი. ეს მილები გიგანტური ქვემეხის ერთ უზარმაზარ ლულად იწყობოდა.

picture7-1783413957.jpg

ფოტო: „ბაბილონის“ ცალკეული კომპონენტები ამჟამად დიდი ბრიტანეთის მუზეუმში ინახება

ვინ იყო ჯერალდ ბული - დიდი მეცნიერი თუ დიდი ავანტურისტი? ალბათ ორივე ერთად. ასე რომ “ სუპერქვემეხის” აგების მესამე ცდაც წარუმატებლად დასრულდა.