"დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისგან გვდიოდეს!"
"გარკვეულწილად, ალბათ, ისიც დაავადებაა, რომ დაივიწყო ვინმე, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ზედმიწევნით კარგად დაიმახსოვრო შვიდი წლის ასაკში ნანახი ბუჩქი და იქვე - ჭიანჭველები. პათოლოგიას ჰგავს - მეხსიერება ერთდროულად გეხმარება კიდეც და ხელსაც გიშლის ცხოვრებაში, თუმცა... მაინც ჯობია, რომ გახსოვდეს. ამიტომ იცხოვრეთ და დაე, მუდამ სიკეთე გქონდეთ ოჯახში, ველოსიპედს კი... მერეც შეიძენთ". - რევაზ (რეზო) გაბრიაძე
ამბობდა, - ყოველივე, რაც ცხოვრებაში გადამხდა, იმიტომ მოხდა, რომ ყველაზე მეტად თავისუფლება მიყვარდა. ყოველთვის გავრბოდი: აქედან - იქით, იქიდან - აქეთ და საკუთარ თავს ილუზიას ვუქმნიდი... მაგრამ ეს ცხოვრებაში წამადგა. როგორც კი რაღაც ვალდებულებად მექცევა, როგორც კი აღმოვაჩენ, რომ გარემოებების ტყვე ვარ, მომენტალურად შემიძლია სხვა საქმეს მოვკიდო ხელი, რათა არ გავაკეთო ის, რასაც მიბრძანებენო. ალბათ, ამიტომაც თქვა მასზე ცნობილმა რუსმა თეატრის კრიტიკოსმა მარინა დმიტრევსკაიამ, - გაბრიაძე ყოველთვის ემიგრანტი იყო. იგი ემიგრაციაში ჟურნალისტიკიდან კინოში წავიდა, კინოდან - ლიტერატურაში, იქიდან - თეატრში; მოსკოვიდან - თბილისში, თბილისიდან - ლენინგრადში; ცხოვრებიდან - თხრობაში, სინამდვილიდან - სიზმარში. მას მართავდა არა მხოლოდ თავისუფლების იდეა, რომელიც სამოციანელებმა გააფეტიშეს, არამედ - უნიკალური, თითქმის "რენესანსული", მრავალმრივი ნიჭიერებაცო.
როდის გავიცანი იგი? - დიდი ხნის წინ... ჩემი საყვარელი ფილმების გმირებით და ფრაზებით, რადგან შინ თუ გარეთ სწორედ იმ ფრაზებით ვლაპარაკობდით. ოღონდ, როგორც ჩვენში იტყვიან, გავიცანი შორიდან, რადგან მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ჩემი ლექსიკის გამდიდრება ვალიკოს ან ერთაოზის, ფეოლას, ხვედელიძის, მიზანას და კიდევ სხვა მრავალი "პერსონის" დამსახურება კი არ იყო, არამედ - ერთი გენიოსი შემოქმედის, რომელსაც რევაზ გაბრიაძე ერქვა. თურმე, სწორედ რევაზ გაბრიაძემ მასწავლა:

რომ "სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი"; რომ ცხოვრების რჩეულად შენს ქალაქში საუკეთესო უნდა შეარჩიო - წყნარი, პატიოსანი, თერაპევტი, ოჯახიშვილი... მაგალითად ისეთი, როგორიც დიმიტრია, გელოვანი; რომ არ უნდა დაივიწყო - "ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში";
რომ თუ ცუდად მოიქცევი, "შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ, ტრიფონიასაც დაიჭერენ";
რომ შეიძლება, კაცი მოკვდეს და "გავიდა გაღმა, მარილზეო" - შეუცხადებლად, მარტივად წარმოთქვა;
რომ ვერ გაერკვე, რაღაც გეჩვენება თუ მართლა ხედავ და შეფიქრიანდე, "ნეტავ, ის შავი კაცი ვინ იყოო";
რომ კაცი თავისი პურმარილით მოიპატიჟო, მაგრამ პატივმოყვარეობა რომ არ შეგელახოს, მიაძახო, "პრასი გვაქვს-თქვა, არ გვინდაო";
და მართლაც რომ - "რა სჯობია ბრეგვაძეებში ქეიფს"...
და კიდევ ვინ მოსთვლის, რამდენი რამ!
ჩვენი "შორიდან ნაცნობობა" კი გაგრძელდა რადიო-ტელევიზიით - "მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტით" (რეზო გაბრიაძის პიესა არმაზ სანებლიძისეული ინსცენირებით, რომელიც რეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა დადგა და რომლის მთავარი - თავად ვანო ფანტიაშვილის როლი მსახიობ ეროსი მანჯგალაძისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა). მერე მეც გავიზარდე, პროფესიად ჟურნალისტობა ავირჩიე და პატარა, მოლაპარაკე ყუთში მოქცეულ რადიოში თავად მოვხვდი. იქ უკვე მისი სახელი და გვარიც "ახლოდან" გავიგე - მწერლის, დრამატურგის, მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, მოქანდაკის, ფერმწერისა და "მარიონეტების დიდოსტატის"! მერე? მერე ანჩისხატის ეკლესიის მრევლი გავხდი. ანჩისხატის გვერდით ბატონი რეზო გაბრიაძის დაარსებული მარიონეტების თეატრი იყო, იქვე კი - კაფე, სადაც ხშირად ვისხედით მეგობრები. შორიახლოს არაერთხელ დამინახავს ბატონი რეზო, მაგრამ ახალ ედა ჟურნალისტი ვიყავი და გასაუბრება ვერ შევბედე... გასაოცარი და კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო თავად მარიონეტების თეატრში პირველი სტუმრობა და მისი პატარა დარბაზიდან დანახული შესანიშნავი სპექტაკლი - "ჩემი გაზაფხულის შემოდგომა". მას შემდეგ რამდენი წელიწადი გავიდა და იმ საღამოს დაუფლებული უცნაური შეგრძნება, განცდა, დღემდე არ გამნელებია! მასთან ინტერვიუ არასდროს ჩამიწერია... ძალიან არ უყვარდა ინტერვიუები, ლამის - კატეგორიულად. თუმცა რამდენიმე წლის წინ პირისპირ მაინც შევხვდი - ერთ პატარა დარბაზში, ქალბატონი მარინა დმიტრევსკაიას მიერ მასზე დაწერილი წიგნის ქართული გამოცემის პრეზენტაციაზე. ამჯერად გაბრიაძისეული ამბების ნაწილი უკვე პირველწყაროდან მოვისმინე და... წიგნის ავტორის ავტოგრაფის გვერდით ბატონი რეზოს მიერ იქვე, პირადად ჩემთვის შესრულებული ნახატი-ექსპრომტიც მივიღე მისგან საჩუქრად - მახსოვს, შეძენილი წიგნით რომ მივუახლოვდი, ბატონმა რეზომ სათვალის ზემოდან ამომხედა, წამიერად დამაკვირდა (მანამდეც მაკვირდებოდა, რადგან საღამოზე დამაგვიანდა, იქვე, მასთან ახლოს მომიხდა ჩამოჯდომა და იმ წუთიდან გაუთავებლად ვაჩხაკუნებდი ფოტოაპარატს), გამეხუმრა, გამიღიმა და... სახელდახელოდ დამხატა კიდეც. ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვიყავი...