ვინ არის გიორგი ბახუაშვილი, რომელიც სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა?! - ტატა ხვედელიანის განცხადება - კვირის პალიტრა

ვინ არის გიორგი ბახუაშვილი, რომელიც სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა?! - ტატა ხვედელიანის განცხადება

„გახარია საქართველოსთვის” დეპუტატის, ტატა ხვედელიანის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილის დანიშვნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან მოდის, “ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გელა გელაძე და მისი საქმიანობა გაკონტროლდება”.

როგორც ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, საკადრო ცვლილებები ემსახურება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის კომფორტს და „ოცნების“ მხრიდან ძალაუფლების გახანგრძლივებას.

„მთავრობაში ბოლო წლებში მომხდარი გადაადგილებები არ ემსახურება მთავარს - ჩვენი მოსახლეობის ინტერესს. ეს ემსახურება კონკრეტულად ერთი ადამიანის კომფორტს და „ოცნების“ მხრიდან ძალაუფლების გახანგრძლივებას. შესაბამისად, ეს გადადგილება არის კონკრეტული მიზნებისთვის. ეს გადაადგილება არ გვაუწყებს იმას, რომ ჩვენი მთავრობისთვის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი. ეს გადაადგილებები და არსაიდან მოსული ადამიანებიც ამიტომ ინიშნებიან ასეთ საკვანძო, უმნიშვნელოვანეს თანამდებობებზე მაშინ, როდესაც სუს-ის უფროსის მოადგილეობა არის ერთ-ერთი საკვანძო და მნიშვნელოვანი თანამდებობა. ამ პოსტზე ინიშნება ადამიანი, რომელიც ივანიშვილის მხრიდან პირადი ნდობის ფაქტორით არის შერჩეული და მისი დანიშნული არის ფაქტობრივად.

ეს საკადრო ცვლილება ნიშნავს იმას, რომ გაკონტროლდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გელა გელაძე და მისი საქმიანობა. ქვეყანაში ყველა და ყველაფერი კონტროლდება, რადგან ივანიშვილს სურს, რომ მთელი სისტემა მასთან დაქვემდებარებული იყოს.

დღეს ჩვენს ქვეყანაში არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი ხალხს არ ემსახურება, ემსახურება მხოლოდ ამ ადამიანის კომფორტს. ემსახურება „ოცნების“ ძალაუფლების და ძალადობრივი რეჟიმის გახანგრძლივებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა. წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუს-ს მართავდა ივანიშვილის დაცვის წევრი ვახტანგ გომელაური, რომელიც როგორც კი არ დასჭირდა, რაში გამოიყენა? ვახტანგ გომელაურმა გაამყარა შეთითხნილი ბრალდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას წინააღმდეგ და მოწმე არის ამ საქმეში.

ბიძინა ივანიშვილს, როგორც კი არ დასჭირდება ხოლმე რომელიმე მაღალჩინოსანი, მაშინვე თანამდებობიდან ათავისუფლებს, როგორც ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის, ზვიად ხარაზიშვილი (მეტსახელად „ხარება“) შემთხვევაში გააკეთა.

რას დაამსგავსეს დღეს სამართალდამცავი სტრუქტურა. ჩვეულებრივად მოძალადეების ხელშია“, - განაცხადა ხვედელიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა