რა "ასწავლა" ფეხბურთმა ნატო-ს გენერალურ მდივანს?!
რადგან მსოფლიო ჩემპიონატის შუაგულში ვართ, ნება მომეცით, პატარა საფეხბურთო ანალოგიით დავიწყო. მიმაჩნია, რომ ფეხბურთი რაღაცას გვასწავლის. არცერთი გუნდი არ იმარჯვებს მხოლოდ ერთი ბრწყინვალე მოთამაშის გამო. საჭიროა მეკარე, მცველები, ნახევარმცველები, თავდამსხმელები, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ანკარაში, ნატო-ს სამიტის თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე განაცხადა.
„დიახ, ყველა ამჩნევს მოთამაშეს, რომელსაც გამარჯვების გოლი გააქვს, მაგრამ მოედანზე მყოფი ყველა წარმატებული მოთამაშისა და გუნდის უკან ბევრი სხვა დგას სათადარიგოთა სკამსა და კულისებში. მწვრთნელები, ანალიტიკოსები, ადამიანები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ყველაფერი კარგად იყოს. ყველა მნიშვნელოვანია. არავინ იმარჯვებს მარტო. თითქმის იგივეა ნატო-ს შემთხვევაშიც - ყველაზე ეფექტური შეკავებისა თავდაცვისთვის მთელი გუნდია საჭირო. ჩვენი პოლიტიკური ლიდერები განსაზღვრავენ მიმართულებას. ჩვენი შეიარაღებული ძალები ყოველდღე არიან მოედანზე. თქვენ, ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია, უზრუნველყოფთ გუნდის სიძლიერეს. აღჭურვილობა, ინოვაცია, წარმოების მოცულობა. იმისათვის, რომ გვქონდეს ძალა, მდგრადობა და გამძლეობა, ყველანი სრულად უნდა ვიყოთ ჩართულები თამაშში. ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის ერთად მუშაობაა საჭიროა“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, გასულ წელს, ჰააგაში ნატო-ს სამიტზე, მოკავშირეებმა მნიშვნელოვანი ვალდებულებები აიღეს - თავდაცვაში მშპ-ს 5%-ის ინვესტირება, წარმოებისა და ინოვაციების დაჩქარება.
„ერთი წლის შემდეგ, ჩვენ უკვე ვხედავთ შედეგებს. მხოლოდ გასულ წელს, ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ თავდაცვაში თითქმის 20%-ით მეტი დახარჯეს, ვიდრე წინა წელს. დამატებით 139 მილიარდი დოლარი“, - აღნიშნა რუტემ.
მისი თქმით, ალიანსი სწორი მიმართულებით მიდის, თუმცა საჭიროა კიდევ მეტის და კიდევ უფრო სწრაფად გაკეთება, რადგან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია ამას მოითხოვს.
„სწორი მიმართულებით მივდივართ. სტრატეგია ნათელია. თუმცა, მატჩი ჯერ კიდევ შორს არის დასასრულისგან და მის მოსაგებად, გუნდის ყველა წევრმა უნდა გამოიყენოს თავისი ძალა. გავაკეთოთ მეტი, უფრო სწრაფად, ერთად. დროის ფუფუნება არ გვაქვს. გვჭირდება შესაძლებლობები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მზად ვიყოთ. უსაფრთხოების სიტუაცია ამას მოითხოვს. რუსეთი თავისი ეროვნული ბიუჯეტის თითქმის ნახევარს ომის მანქანაში დებს. წარმოგიდგენიათ? რუსეთის მიერ დახარჯული თანხების თითქმის 50% ომის მანქანაში იხარჯება. მისი თავდაცვის ინდუსტრია 24 საათის განმავლობაში მუშაობს და არა მხოლოდ თავდაცვის ინდუსტრია, არამედ რუსეთის დანარჩენი სამრეწველო ბაზაც მხარს უჭერს საომარ ძალისხმევას. ჩინეთი აგრძელებს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას და ბირთვული შესაძლებლობების გაფართოებას გამჭვირვალობის გარეშე. ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს თავისი ბირთვული პროგრამის გაფართოებას და რუსეთის მომარაგებას და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ბოლოდროინდელმა ქმედებებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამები, ფხიზლად უნდა ვიყოთ. ეს ქვეყნები სულ უფრო მეტად თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ეს ყველას უნდა გვაღელვებდეს. რადგან გარწმუნებთ, მათ ჩვენი ინტერესები არ აქვთ მხედველობაში. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ. გამოწვევის დასაძლევად, ჩვენ გვჭირდება ტრანსატლანტიკური თავდაცვის ინდუსტრიული რევოლუცია. მანქანების გუგუნი ღრიალში უნდა გადაიზარდოს“, - აღნიშნა რუტემ.
"ინტერპრესნიუსი"