დატბორილი თბილისის დილემა: "თუ ყოველი წვიმა ასეთ შედეგს იწვევს, შეიძლება ქალაქი და კონკრეტული უბნები სხვა პრობლემების წინაშეც დადგეს" - კვირის პალიტრა

დატბორილი თბილისის დილემა: "თუ ყოველი წვიმა ასეთ შედეგს იწვევს, შეიძლება ქალაქი და კონკრეტული უბნები სხვა პრობლემების წინაშეც დადგეს"

„თუ ყოველი წვიმის დროს ქალაქი ასე იტბორება, ეს მოსახლეობას არა მხოლოდ დისკომფორტს უქმნის, შეიძლება ქალაქი და კონკრეტული უბნები სხვა პრობლემების წინაშეც დადგეს” - ამის შესახებ მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, უხვი ნალექის პერიოდში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ორგანიზაციაში ასეულობით შეტყობინება შევიდა მოქალაქეებისგან.

როგორც გიორგი ჯაფარიძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ წვიმამ დედაქალაქს დამატებითი პრობლემები აღარ შეუქმნას, პრევენციის მიზნით საჭიროა სიღრმისეული კვლევა და კომპლექსური მიდგომა.

„1 საათის განმავლობაში დაახლოებით რამდენიმე ასეული შეტყობინება შემოვიდა. რეალურად, პრობლემები ვიდეოებშიც ჩანს, თუმცა აღმაშენებლის ხეივანზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ასევე დიდი დიღომი დატბორილია, ავტობუსებში წყალი შედის. ვაჟა-ფშაველას გამზირზეც მიწა ჩამოიშალა. აღმაშენებლის ხეივანზე ხე მოტყდა და მოძრაობა გაჩერებული იყო.

რეალურად, არსებული მონაცემებით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა ქალაქში წვიმიდან გამომდინარე, რაც, ალბათ, გამოწვეულია სანიაღვრე სისტემის პრობლემით ან უხვი ნალექით. ამას სჭირდება სისტემატური ყურადღება, იმიტომ რომ ყოველი წვიმის დროს ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი დიღომი იტბორება და ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა, რომ არ მოხდეს მსგავსი შემთხვევები, რაც ახლა ხდება.

პირველ რიგში, ამას სჭირდება სანიაღვრე სისტემების მონიტორინგი. მეორე, მარტო სანიაღვრე სისტემაც არ არის. დიდი დიღმის მაგალითი რომ ავიღოთ, იქ არის ქაოტური განაშენიანება. იმდენი კორპუსია ჩადგმული, შეიძლება ვეღარც იტევდეს ის სანიაღვრე სისტემა ამხელა კორპუსებსა და წყლის ნაკადს, რამაც შეიძლება არსებული პრობლემები გამოიწვია. ამას სჭირდება სიღრმისეული კვლევა.

თუ სანიაღვრე სისტემის პრობლემაა, რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს გაწმენდილი, რომ არ მივიღოთ ის მდგომარეობა, რაც გვაქვს - ავტობუსებში წყალი შედიოდა და ავტომობილები იტბორებოდა. ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა, ინდივიდუალურად კონკრეტული ადგილების შესწავლა, თუ რაშია პრობლემა.

თუ ვამბობთ, რომ სანიაღვრე სისტემებია პრობლემა, რა თქმა უნდა, რაღაც უნდა მოხერხდეს, იმიტომ რომ ყოველი წვიმის დროს თუ ასე დაიტბორა ქალაქი, არაფერში არ ჯდება. რაღაც შესაცვლელია, რაღაცები გამოსასწორებელია.

განაგრძე კითხვა